ერი კახიანი (ვენიდან)

,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A4

 

 

 

ქართველი ელჩები ,,ვარდების რევოლუციის შესახებ

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიასა და პოლონეთში კოტე გაბაშვილი:

,,საქართველოში გაიმარჯვეს იმ ძალებმა, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციაზე არიან ორიენტირებულნი და ჩვენ, ყველანი, ძალიან ბედნიერები ვართ. გაიმარჯვა სიმართლემ და ხალხის ზეწოლამ უნამუსობის, უსინდისობის, უზნეობის წინააღმდეგ. ედუარდ შევარდნაძემ მაღალი ზნეობით დაასრულა კრიზისი საქართველოში, კონფლიქტი, რომელიც, რომ არა მისი გამბედაობა და ადამიანური ვაჟკაცობა, ალბათ საშინელ ურთიერთდაპირისპირებამდე მიგვიყვანდა. საქართველოს მომავალს სიხარულით და ბედნიერებით ვუყურებ. შევარდნაძე თბილისში დარჩება და თავისი გამოცდილებით საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრიობის განვითარებას დაეხმარება. ეს არის ჩემთვის ღირსებისა და სიამაყის დღე!” – აცხადებს ,,24 საათთან” სატელეფონო საუბარში კოტე გაბაშვილი, რომელთანაც დაკავშირება მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობებისა მხოლოდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

საქართველოს სრულეფლებიანი და საგანგებო ელჩი ავსტრიაში გია არსენიშვილი:

,,ჩვენი მხრივ, განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიყავით დღეს. საქართველოს საელჩოს კარი დღეს ღია იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის. საელჩოში საკმაოდ ბევრი ქართველი სტუდენტი მოვიდა, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ქართული არხების მიერ გადმოცემულ რეპორტაჟებს. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ საზოგადოებამ შეძლო ასე ერთად დგომა. გათიშულობა, რომელიც ყოველთვის ჩვენი ძირითადი ხელშემშლელი იყო, დღევანდელი მოვლენების ფონზე აღარ არსებობს. მე მივესალმები ოპოზიციური ლიდერების კომენტარებს, ცივილიზებულ დამოკიდებულებას და ადამიანურ შეფასებებს შევარდნაძის გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იმედს მაძლევს, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ელის. ჩვენი მომავალი ჩვენი ერთიანობით განისაზღვრება. რაც შეეხება შევარდნაძის გადადგომის ფაქტს, მე არ მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკური სცენიდან წავიდა. დიდი პოლიტიკოსები პოსტების დატოვების შემდეგაც ისევ აქტიურ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. შევარდნაძე კი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება.”

 

საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეუთო-ში გიორგი ბურდული:

,,როცა ხაზარაძეების, მამალაძეების, კაკო ჩხაიძეების გვერდით იდგა ამხელა ბუმბერაზი კაცი – ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მსოფლიოში ხელისგულზე სატარებელი პიროვნება იყო, ნამდვილად არ ეკადრებოდა.”