|
|
ავტ. შორენა კოწოწაშვილი,,ახალი თაობა”. 2003წ. 19 ნოემბერი. გვ. 5
ქუჩის აქციები საქართველოში ცუდად მთავრდება კავკასიის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო, გუშინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს შეხვდა. ლინ პასკო თბილისიდან ერევანში გაემგზავრება, მანამდე კი შეხვდება როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან საუბრის შემდეგ, ლინ პასკომ ფაქტობრივად უკომენტაროდ დატოვა ლეიბორისტული პარტიის ოფისი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელმა არჩია პრეზიდენტთან შეხვედრამდე რაიმე კომენტარისგან თავი შეეკავებინა და ეს არც დაუმალია ჟურნალისტებისათვის.
რაც შეეხება შეხვედრის შემდგომ შალვა ნათელაშვილის კომენტარებს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, მან ამერიკელ სტუმარს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც რეალურად საქართველოში ხდება. შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებას სხვაგვარად ხედავს და ეს ხედვა გააცნო სწორედ ნათელაშვილმა ლინ პასკოს.
-ეს არის სახელისუფლო ძალებში ატეხილი სასახლის დაპირისპირება, - ასე აფასებს ოპოზიციის გამოსვლებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და იქვე მიუთითებს, რომ ამ დაპირისპირებამ შეაშფოთა არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ მთელი მსოფლიო. მათ შორის ამერიკა, რომელსაც გააჩნია თავისი სერიოზული სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ნათელაშვილის თქმით, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრია დღეს პასუხისმგებლობა, რომ არსებული ვითარება უმტკივნეულოდ მოგვარდეს.
-მე ამგამოსვლებს ვაფასებ არა ბრძოლად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, არამედ, ბრძოლად პრეზიდენტს, ქვეყნის ყოფილ მეორე პირს და ყოფილ მესამე პირებს შორის. მათ უნდათ ხალხი ისევ შეცდომაში შეიყვანონ. უნდათ, რომ პარლამენტში შეიყვანონ 5 ადამიანი ლეიბორისტული პარტიის ხარჯზე, რასაც უკვე მიაღწიეს მარნეულისა და ქვემო ქართლის ხარჯზე, - დააკონკრეტა შალვა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება შევარდნაძის სისტემის შეცვლას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი თვლის, რომ შევარდნაძის სისტემის შეცვლას თავისი ჟვანია-სააკაშვილით არანაერი ალტერნატივა არ გააჩნია და ეს უნდა მოხდეს მიტენგების, გამოსვლების და ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე.
- ბ-ნო შალვა, ქუჩის აქციებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
- ქუჩის აქციებით საკითხების გადაწყვეტა საქართველოში ძალიან ტარგიკული და ცუდი შედეგებით მთავრდებოდა. ვურჩევ სააკაშვილს და ჟვანიას, თავიანთ კონტიდირებულ სახლებში შევიდნენ.
ასე რომ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციის მანტიამოსხმული ჟვანია-სააკაშვილი ისევ ის ხელისუფლებაა, რომელსაც ამდენი დანაშაული მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე შევარდნაძესთან ერთად.
- ეს არის ერთი ხელისუფლება, ერთი მენტალიტეტი, ერთი ბიოგრაფია და ერთი ოლიგარქია. ეს მოვახსენე სტუმარს. ეს ხელისუფლება უნდა შეეგუოს ამ ეპოქის დასასრულს, - აღნიშნა ბოლოს შალვა ნათელაშვილმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს იმისათვის, რომ არ აჰყვა ,,ამ სამეფო კამარინის აცუნდრუკებას”.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ,,აღორძინების” შეკრებას შეუერთდებოდნან ,,ლეიბორისტები” და ,,მრეწველები”, შალვა ნათელაშვილმა ამას ტყუილი და ჭორი უწოდა.
- მე არავის შევუერთდები. არჩევნების შედეგებზე კი კომენტარს შედეგების გამოცხადების შემდეგ გავაკეთებ, - აცხადებს ნათელაშვილი. |