შორენა მარსაგიშვილი

"ახალი თაობა "  10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 5.

 

 

 

"რაც რუსთაველზე ხდება, სამოქალაქო ომის წინაპირობაა"

ინტერვიუ სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის

თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ფირცხელანთან

- ბატონო ბადრი, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თქვენ სამტრედიაში საარჩევნო ყუთები გაიტაცეთ და მათ დასაბრუნებლად ითხოვდით გარკვეულ თანხას. მართალია ეს ამბავი?

- ეს უკვე დიდი აბსურდია. ყუთი სამტრედიაში არავის მოუტაცებია და, რომც მოგვეტაცებინა ან მე ან სხვას, რატომ დავურეკავდით ნაციონალებს და რატომ დავუბრუნებდით ამ ყუთებს? სააკაშვილი ყოველთვის ძალიან ბევრს იღებდა თავის თავზე. მას საკუთარი თავი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი ჰგონია და უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, რა თქვას და რა - არა. ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ უსირცხვილოდ გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, ვიღაც ფირცხელანმა ყუთი მოიტაცაო. მართალია, მე და ჩემი მეგობრები წაგებული ომის ჯარისკაცები ვართ, მაგრამ ის ხალხი ვართ, რომელზეც თბილისის საკრებულოს თავკაცს სიტყვის თქმის უფლებაც კი არა აქვს. მისგან განსხვავებით, მე ვიღაცა არა ვარ. მართალია, წაგებული ომის ჯარისკაცი ვარ, მაგრამ კაცი ვარ. ისე კი, იმ განცხადებით თბილისის საკრებულოს თავკაცმა მაგარი პიარი გამიკეთა და დღეს სხვადასხვა პარტიები ცდილობენ ჩემთან კონტრაქტის გაფორმებას.

- რა კონტრაქტის, ბატონო ბადრი?

- რა კონტრაქტის? სააკაშვილმა ხომ თქვა, ფირცხელანმა მოიტაცა საარჩევნო ყუთებიო. ეს თითქმის ყველამ მოისმინა. მას შემდეგ ჩემს სახლში სატელეფონო ზარები არ წყდება, მეორე ტურში გასული დეპუტატები მთხოვენ, კონტრაქტს დაგიდებთ და ყუთები მოგვატაცებინეო, თანაც სოლიდურ ანაზღაურებას მთავაზობენ. მე მიშას ამისთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, ძალიან კარგი სამსახური მაშოვნინა. უკვე რამდენიმე კანდიდატთან გავაფორმე კონტრაქტი.

- ამას ალბათ ხუმრობთ, არა?

- რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ბადრი ფირცხელანი ის კაცი არ არის, ყუთები მოიტაცოს. ყუთების მომტაცებლები საკუთარ ბანაკში მოიკითხონ.

- კარგით, ყუთები არ მოგიტაცებიათ, მაგრამ იყავით თუ არა არჩევნების დღეს სამტრედიაში?

- ჩვენ არჩევნების დღეს მართლაც ვიყავით დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში და სამტრედიაში. ჩვენ იქ ჩავედით იმიტომ, რომ ნაომარი ბიჭებისთვის გვეთქვა, მათ ხმა მიეცათ იმისათვის, ვინც ეს დაიმსახურა. სამტრედიაში ძალიან ბევრია აფხაზეთის ომის მონაწილე და ჩვენ ვალდებული ვიყავით, მათთვის ეს გვეთქვა. სიმართლე თუ გინდათ, მათ ჩვენი მოწოდება ისედაც არ სჭირდებოდათ, რადგანაც მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ხმა არ უნდა მიეცათ ნაციონალების ზვიად ძიძიგურისთვის.

- საინტერესოა, რატომ აქვს მხედრიონს ზვიად ძიძიგურის მიმართ ასეთი განწყობა?

- მის მიმართ მართლაც ცუდად ვართ განწყობილები. ჩვენ მას ვერ ვიტანთ, იმის მიუხედავად, რომ ის ყოფილი მხედრიონელია და როცა სააკაშვილი გამოდის და ამბობს, ყოფილი მხედრიონელებიო, ასეთი გვერდში ჰყავს, ზვიად ძიძიგური. ეს ის ადამიანია, რომელიც სამტრედიის პრეფექტად ყოფნის დროს სიებს აგროვებდა ხალხის დახვრეტის მოთხოვნით. როგორ ფიქრობთ, ასეთ კაცს ვინმე დაუჭერდა მხარს?!

- სხვათა შორის, ზვიად ძიძიგურმა ისიც ითქვა, რომ თქვენ სამტრედიაში სპეცრაზმი ჩაიყვანეთ.

- ძიძიგურმა მართლაც დიდი კივილი ატეხა, ფირცხელანმა სპეცრაზმი ჩამოიყვანაო. სპეცრაზმები და ზონდერ-კამანდები მაგათ დაჰყვება. ისინი იმ დროს შექმნეს, როცა ვიღაც მიშა იუსტიციის მინისტრი იყო. ჩემი დახმარება იქ არავის სჭირდება. ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ მოიტაცა ყუთები, გია მიქელაძის მომხრეებმა თუ ძიძიგურის. გია მიქელაძეს ეგ არაფერში სჭირდებოდა, ძიძიგურს კი ეს ნამდვილად სჭირდება.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს გაურიგდნენ?

- სააკაშვილი, სხვათა შორის, ჩვენი უმაღლესი პირის აღმოჩენილია და კარგად მახსოვს, როგორ ურტყამდა მას 1999 წელს შევარდნაძე ბეჭებზე ხელს და როგორ ეუბნებოდა ვაკელებს, აი, თქვენი მაჟორიტარი დეპუტატიო. ჩემი აზრით, ორ ნოემბერს არჩევნები სერიოზულად გაყალბდა. არჩევნებს ყველა მხარე აყალბებდა. ამიტომაც ხმების დაცვაზე საუბარი ცოტა ზედმეტია და ახლა ძალიან ძნელია იმის გაგება, ვინ მართალია და ვინ - მტყუანი. მე ნამდვილად არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ამბავი, სამაგიეროდ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, მე იმ საქართველოში ვერ ვიქნები, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ხართ?

- როგორ გეკადრებათ. მე ოპოზიციაში გაცილებით ბევრი მეგობარი მყავს, ვიდრე ხელისუფლებაში. ესეც რომ არ იყოს, მაინც არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ხელისუფლების ადვოკატი. ანდა, როგორ უნდა ვიყო ადვოკატი, როცა ვერ გამირკვევია, ვინ არის ოპოზიცია და ვინ - არა. სააკაშვილიც თავად ხელისუფლებაა და ცოტა ხნის წინ ისინი ერთად იდგნენ. ორივე მათგანს ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ, სისხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიღვაროს. ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, უკვე სამოქალაქო ომის წინაპირობაა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აქციები შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს?

- ამ ქვეყანაში ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ხალხის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის შეცდომას არ დაუშვებს. დღეს ჩვენი მოსახლეობა გონს უნდა მოეგოს და უნდა გაახსენდეს, რომ ცოტა ხნის წინ ისინი ერთი გუნდი იყვნენ, დღეს კი სკამების გადანაწილების გამო წეწავენ ერთმანეთს, თუმცა იმაზე არ ვდაობ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. უამრავი სიყალბე იყო, ამიტომაც ადგნენ და ხელახალი არჩევნები დანიშნონ. მომხდარი გაყალბების გამო კი ყველამ უნდა აგოს პასუხი. დემოკრატია იმას არ ნიშნავს, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. რადგანაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ერთი რამ გამახსენდა - სააკაშვილი ყველა დონეზე ამტკიცებს, დემოკრატი ვარ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებო. საინტერესოა, მაშინ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ იყო, როცა ის იუსტიციის მინისტრი გახლდათ და როცა რეგისტრაციაში არ გაატარა პატრიოტთა კავშირი? მერე ესეც არ იკმარა და ომგამოვლილ ბიჭებს სულ ნარკომანები და ყაჩაღები ეძახა. ამ უნამუსობის შემდეგ უსირცხვილოდ ადგა და გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭების მემორიალი გახსნა. მემორიალზე კი იმ ბიჭების სახელები და გვარები იყო ამოტვიფრული, რომლებსაც სააკაშვილი ყაჩაღებს ეძახდა.

- სააკაშვილი საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს ყველას, მაგრამ მისთვის პასუხის გაცემას ვერავინ ბედავს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი სიმართლეს ამბობს?

- სააკაშვილი მართლაც ყველას ლანძღავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართალია. მე მართლა მიკვირს, რატომ ითმენენ მის ლანძღვას ასე ჩუმად ადამიანები. შესაძლოა, მათზე სააკაშვილმა რაიმე იცის. რაც შემეხება მე, არავის მივცემ უფლებას, ცილი დამწამოს. როცა ადამიანებს ლანძღავ, ნუ დაგავიწყდება, რომ ამ ადამიანებს ოჯახები ჰყავთ. თავად რომ თავისი ოჯახის ქებაშია, მასზე უკეთესი ოჯახები გვყავს. ეგ კაცი იმდენს იზამს, რომ ქვეყანას უბედურებამდე მიიყვანს, მაგრამ მოსახლეობამ ყველაფერი უნდა იღონოს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს.

- თქვენი აზრით, გამოსავალი რა არის?

- სიტუაცია, მართალია, ძალიან გართულდა, მაგრამ გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. ამ შემთხვევაშიც მოსაძებნია გამოსავალი და, რადგანაც დღეს ჩვენი საზოგადოება ორად არის გაყოფილი, ჩვენ მომლოდინეს პოზიციაში არ უნდა დავრჩეთ, ან ერთ მხარეს უნდა დავდგეთ, ან - მეორე. ერთხელ საბერძნეთში მოხდა შიდა დაპირისპირება, სადაც ერთი მხარე დამარცხდა, მეორემ გაიმარჯვა. ამის მერე ისინი შერიგდნენ, მაგრამ, ვისაც იმ დროს ნეიტრალური ეჭირა, ისინი ქვეყნიდან გააძევეს.

- ამით რისი თქმა გინდათ?

- იმის თქმა მინდა, რომ დღეს ნეიტრალური პოზიციის დაჭერა ქვეყნის დამღუპველია. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდეს. ამას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. ერთი მუჭა ხალხი ვართ, შევიკრიბოთ და გავარკვიოთ, საით არის სიმართლე. სააკაშვილი კი ბევრს ყვირის, მაგრამ ის სიმართლე არ არის.

- ზემოთ თქვენ თქვით, რომ ნეიტრალურები არ უნდა ვიყოთ. თქვენ და პატრიოტთა კავშირი რომელ მხარეს აირჩევთ?

- უკვე გითხარით, რომ ვერაფრით გავარკვიეთ, რომელია პოზიცია და რომელი - ოპოზიცია. ეს, მგონი, უკვე თავადაც აღარ იციან. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, დავდგებით იქ, სადაც საქართველო და სიმართლეა. მე ბევრს დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება სააკაშვილს, მის გვერდით ვერასდროს დავდგები. ამ ადამიანს არც ბრძოლაში გავყვები და არც დაზვერვაში. ანდა რას ვლაპარაკობ, ომში სააკაშვილს რა უნდა. ეგ მხოლოდ წივილ-კივილშია მაგარი, ომში მაგისი ადგილი არ არის.