|
ირაკლი გოგორიშვილი. ახალი თაობა. 2003.15 დეკემბერი. გვ.7.
როგორ გავიაროთ საარჩევნო რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის პრეზენტაცია გამართა საზოგადოების წინაშე. მაშ ასე, საზოგადოებისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ რას გულისხმობს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. ის ორ ნაწილად იყოფა. პირველი ეტაპი არის ამომრჩეველთა რეგისტრაცია, რომელიც 15 დეკემბრიდან 21 დეკემბრამედე შედგება და მეორე ეტაპი – ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება 21-დან 27 დეკემბრამდე.
კომისიის დადგენილებით, არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, გათვალისწინებულია ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გადაცემა საოლქო-საარჩევნო კომისიისთვის. კერძოდ, შსს-ს ტერიტორიული ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მონაცემებს საოლქო-საარჩევნო კომისიას გადასცემენ. ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება 15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, კერძოდ, ამომრჩეველი მოდის საუბნო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ იგი ავსებს მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადის ფორმას. განაცხადი ხელმოწერით უნდა დაამოწმოს საუბნო საარჩევნო იმ წევრმა, რომელიც პირის რეგისტრაციას ახორციელებს.
რეგისტრაციის ფორმის შევსებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას: ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა; საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა; სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი; დევნილობის მოწმობა პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად; სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქისთვის ასევე ამომრჩევლის მოწმობა.
ამომრჩეველი ავსებს მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადს, რომლის მიხედვით, განაცხადი რჩება საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამომრჩევლის ბარათი ეზლევა ამომრჩეველს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, განაცხადში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამომრჩევლის მონაცემები შეაქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რომლის მიხედვით არჩევნების დღეს ამომრჩეველს მოძებნიან სიაში.
ამომრჩეველთა ერთიანი სიების დადგენა ხორციელდება საუბნო და საოლქო კომისიაში, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის ხელმოწერით; მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრის ხელმოწერით; საოლქო-საარჩევნო კომისიის ბეჭდით; საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით; კომისიის მდივნის ხელმოწერით; შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ან შინაგან საქამეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი ორგანოს პირის ხელმოწერით.
21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ხდება ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება საუბნო საარჩევნო კომისიაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენიტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის დეპარტამენტის, სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე.
საოლქო-საარჩევნო კომისაში ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამთავრების შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისია ავსებს კენჭისყრის დღისთვის საჭირო ამომრჩეველთა შესაბამისი სიის ფორმებს. არაუგვიანეს 29 დეკემბრისა საოლქო-საარჩევნო კომისია ვალდებულია ცსკ-ს მიაწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის შესახებ. ასევე არაუგვიენეს 29 დეკემბრისა საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია შეადგინოს საჯარო გაცნობისათვის უბანში გამოსაკრავი ამომრჩეველთა სია. 29 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ პირს უფლება აქვს, გაეცნოს ამომრჩეველთა სიებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიის კანონი არ დაურღვევია, რადგან საარჩევნო კანონმდებლობაში არის ხარვეზები, რაც იძლევა საშუალებას, რომ ცსკ-ს მიეღო დადგენილება ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის განსაზღვრის შესახებ. როგორც ცნობილია, პარლამენტსი იხილებოდა კომისიის თავმჯდომარის აღნიშნული ინიციატივა, თუმცა პარლამენტში ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ ცსკ-მ თავისი უფლებამოსილება პარლამენტის დონეზე აიყვანა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება დადგენილების სახით მიიღო. |