24 საათი. 2003წ. 20 დეკემბერი. გვ. 3.

 

 

როივ რივი: ,,დემოკრატიული არჩევნები თქვენ უნდა ჩაატაროთ

ეუთო- წევრი ქვეყნები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, საქართველოს ექვს მილიონ ევროს გამოუყოფენ. აქედან ოთხ მილიონს უშუალოდ ეუთო მოიზიდავს, დანარჩენ ორ მილიონს ევროკავშირი და ევროკომისია გაიღებს.

           

საქართველოში ეუთო-ს მისიის წარმომადგენლებმა როივ რივიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა უკვე არსებობს და ახლა მთავარია, იგი მიზანმიმართულად გამოვიყენოთ არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად. ვინაიდან საარჩევნო სამზადისისთვის ვადები საკმაოდ მცირეა, ეუთო-მ გაზარდა თავისი მისიის წარმომადგენლობა საქართველოში.

           

,,ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, რათა თანხები რეალურად იქნეს გამოყენებული”, - რივის თქმით, ფინანსთა სამინისტროსა და ეუთო-ს შორის გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება ამ უკანასკნელს დაეხმარება არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, იქნება ეს ხმების პარალელური დათვლა თუ ტრენინგები, ნორმალურად ჩაატაროს.

           

რივის განცხადებით, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისას სიების კომპიუტერული ვერსია აღარ იქნება. ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ დროის სიმცირის გამო? – რივიმ შეკითხვითვე უპასუხა: ,,რას დავეყრდნოთ, რისი ელექტრონული სისტემა შევქმნათ?

        

კითხვაზე: რა მოხდება, თუ აჭარის რეგიონი არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას? – რივიმ პასუხის გაცემა ვერ შეძლო. პრესა იმითაც დაინტერესდა, თუ ოდესმე ყოფილა ბატონი რივის პრაქტიკაში, მთლიანად რომელიმე რეგიონს არ მიეღოს არჩევნებში მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ეუთო-ს მისიის წარმომადგენელს მსგავსი ინფორმაცია არ მოეპოვება. უფრო ადრე ჟურნალისტმა 2 ნოემბრის არჩევნებში მარკირებისას გამოყენებული სითხის უხარისხობაზე მიუთითა. ,,ეს არის საერთაშორისო სტანდარტული სითხე. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მსმენია”, - გაკვირვება ვერ დაფარა რივიმ. ყველაფერ ამის შემდეგ როივ რივი იძულებული გახდა, კეთილი ირონიით ეხუმრა: ,,საქართველო მრავალმხრივ უნიკალური ქვეყანაა”.

        

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ეუთო საქართველოში 450 გრძელვადიან დამკვირვებელს გამოგზავნის. დამკვირვებელთა დელეგაციაში შევლენ ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.

           

,,ჩვენ ყველა პირობას შეგიქმნით იმისთვის, რომ 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურად ჩაატაროთ, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, დემოკრატიული არჩევნები თქვენ უნდა ჩაატაროთ”, - განაცხადა რივიმ.