|
”24 საათი”, 2003 წელი, 19 ნოემბერი, გვ. A7.
”რუსთავი 2”-ს მაყურებლები გამოექომაგნენ
გუშინ საოლქო სასამრთლოში გიორგი ცერცვაძის სარჩელი განიხილებოდა. სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გულშემატკივარმა მაყურებელმა სცადა, სასამართლოს გზით დაეცვა ტელეკომპანიისა და საკუთარი ინტერესები.
”მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ”რუსტავი-2”-ის ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუწყვიტა, არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერარ ვიღებდი, რითაც ჩემი, როგორც მაყურებლის, უფლებები შეილახა, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ცერცვაძემ.
უფლებაშელახული მაყურებელი მართლმსაჯულებისაგან მოითხოვდა, სახდელი დაკისრებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის მოხსნას. თუმცა, საოლქო სასამართლომ გუშინ ამ საკითხზე ვერ იმსჯელა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობდა სადავო აქტი, ანუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ”რუსთავი-2”-ის ჟურნალისტებს სააკრედიტაციო ბარათები სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე გაუუქმა და ამისათვის ოფიციალური დოკუმენტი არ შეუდგენია. ამავე მიზეზის გამო თავის დროზე სასამართლოში სარჩელი არც ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს შეუტანია. დღეს კი ამის აუცილებლობაც აღარ არსებობს, რადგან ”რუსთავი-2”-ის ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ”სასჯელი” მოეხსნათ და შენობაში შესვლის უფლება აღუდგათ. |