|
|
|
შორენა მარსაგიშვილი "ახალი თაობა " 17 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.
სააკაშვილი შეცდომაშია შეყვანილი ოპოზიციის ხევისბერი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს მორიგი გრანდიოზული მიტინგის ჩატარებას აპირებს. არავინ იცის, რა სიურპრიზს შესთავაზებს ის ხელისუფლებას. მიხეილის სიურპრიზი ნამეტანი მწარე და მოულოდნელი რომ არ იყოს, მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გაჯიქებულ ოპოზიციასთან დიალოგის გამართვა გია ყარყარაშვილმაც სცადა. მართალია, სააკაშვილმა თქვა, რომ ის სამთავრობო ძალის არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვდებოდა, მაგრამ გია ყარყარაშვილის წარსულის პატივისცემის ნიშნად სააკაშვილმა მასთან დიალოგი გამართა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყარყარაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე მივიდა, არა როგორც სამთავრობო ძალის წარმომადგენელი, არამედ, როგორც პიროვნება, რომელსაც არ სურს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება. ამ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ყარყარაშვილის უშუალო თაოსნობით ის ადამიანებიც კი შეიკრიბნენ, რომლებიც 11 წლის წინ სამოქალაქო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღით ხელში იდგნენ. ერთ დროს მოწინააღმდეგენი ახლა გაერთიანდნენ და დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისა და გონივრული კომპრომისის მიღწევისკენ მოუწოდებდნენ. მეომრების შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად მისაღები უნდა ყოფილიყო სააკაშვილისთვის. თუმცა მან საკმაოდ უცნაური კომენტარი გააკეთა, ისიც კი თქვა, რომ იქ შეკრებილი ხალხი, ყარყარაშვილის გარდა, ბანდიტები არიან და ყველა დასაჭერია. მიხეილ სააკაშვილის კომენტარმა გია ყარყარაშვილი გააოცა. "მე მეჩვენება, მიხეილ სააკაშვილთან არასწორი ინფორმაცია მიდის. როგორც ჩანს, გარკვეული ადამიანები დაინტერესებული არიან, რომ მეომრებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გარკვეული კონფრონტაცია მოხდეს", - განუცხადა "ახალ თაობას" ყარყარაშვილმა, რომელიც სააკაშვილს უფრო მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და ურჩევს, კარგად გააანალიზოს ყველაფერი და ამის შემდგომღა გააკეთოს განცხადებები. "კარგი იქნება, თუ ბატონი მიხეილი სწორად გააანალიზებს ინფორმაციას, ყურადღებას მიაქცევს ინფორმაციის წყაროს და, უფრო კარგი იქნება, თუ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მეომრებს ერთ-ერთ სუბიექტად არ აქცევს", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. სააკაშვილი კი თავისას არ იშლის და ახალ-ახალ განცხადებებს აკეთებს. ყარყარაშვილი კი მაინც დარწმუნებულია, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი. "მისი განცხადებები სასიამოვნო მოსასმენი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ მიხეილი შეცდომაშია შეყვანილი. მაგრამ მის მხარდამჭერთა შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ჩემთან და სხვა მეომრებთან მეგობრობენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი პოზიცია. მე მართლა მაინტერესებს, გოგა ხაინდრავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი მართლა ასე ფიქრობს, რომ ყველა ის ადამიანი დასაჭერია, რომლებიც 14 ნოემბერს ფილარმონიაში შეიკრიბნენ და სამოქალაქო ომი დაგმეს?" - კითხულობს ყარყარაშვილი. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის მხარდამჭერების უმეტესობა ასე ფიქრობს, ყარყარაშვილს ასეთი მოსაზრება ებადება: "თუ მათი უმეტესობა ასე ფიქრობს, მაშინ მხოლოდ საქართველოს დაცვაზე კი არა, საკუთარი პოზიციების გამაგრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. სააკაშვილის კომენტარები ნამდვილად არ იყო ადეკვატური ჩვენი განწყობისა მის მიერ მოწყობილი აქციების მიმართ". სააკაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ, წესით, ყარყარაშვილმა აღარ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რათა ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისამდე მიიყვანოს. ჯერჯერობით ყარყარაშვილს შუამავლის ფუნქციაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ, თუ სააკაშვილი და მისი მომხრეები ასე გააგრძელებენ, შესაძლოა, ყარყარაშვილი და მისი მეგობრები განზე გადგნენ. თავად ყარყარაშვილს ამ საკითხზე ასეთი პასუხი აქვს: "მე არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა დიალოგს ოპოზიციასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მე არც ხელისუფლებისგან მიმიღია იმის რწმუნება, რომ დიალოგი გავმართო. მე, პირადად, ზედმეტი აქტიურობის მომხრე არა ვარ. დიალოგზე მზადყოფნა უკვე დააფიქსირეს მეომრებმა, ხარისხიანმა ადამიანებმა, რომლებიც 14 ნოემბერს ფილარმონიაში შეიკრიბნენ. მართალია, სააკაშვილის მიერ გამართულ მიტინგზე მყოფი ადამიანების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ფილარმონიაში შეკრებილ ადამიანებს, მაგრამ ხარისხი რაოდენობით არ განისაზღვრება. იმ ხარისხიანმა ადამიანებმა კი უკვე გამოხატეს მზადყოფნა, ეთამაშათ პოზიტიური როლი ამ დაპირისპირებაში. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი ამ პოზიტიურ როლს კარგად გააანალიზებს, თუ არადა, ყველას აქვს უფლება, კარგად იყოს". ამის მიუხედავად, ყარყარაშვილი ალბათ მაინც გააგრძელებს დიალოგს ოპოზიციასთან და, როგორც უკვე არაერთხელ თქვა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დაპირისპირება არ მოხდეს. თუმცა, იქნება თუ არა ყარყარაშვილი შუამავალი, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმ განცხადებებზე, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან წამოვა. გაიზიარებს თუ არა სააკაშვილი მეომრების პოზიციას, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ. თუმცა, თუ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, მას ამის სურვილი ამ ეტაპზე ნამდვილად არა აქვს. ეს მის მიერ გაკეთებულმა კიდევ ერთმა განცხადებამაც დაადასტურა. ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული მისი მომხრეების წინააღმდეგ გარკვეული პროვოკაციის მოწყობას აპირებს. სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ დღეებში კვიციანმა კოდორის ხეობიდან თავისი მეომრები უნდა ჩამოიყვანოს. საუბარია კოდორის მოსახლეობისგან დაკომპლექტებულ ბატალიონ "მონადირეზე", რომლის მთავარი დანიშნულება ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. როგორც ჩანს, სააკაშვილი ამ შემთხვევაშიც შეცდომაშია შეყვანილი, რადგანაც კვიციანი თავისი მებრძოლების ჩამოყვანას თბილისში არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ გეგმავს, რომ ისინი სააკაშვილს და მის მომხრეებს დაუპირისპიროს. რამდენიმე დღის წინ კოდორის და მესტიის მოსახლეობამ თბილისში პატარა მიტინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ არ დაუშვებს სამოქალაქო ომს. სწორედ მაშინ თქვა ემზარ კვიციანმა, თუ სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, ის თავისი მებრძოლებით შეიარაღებულ თავდასხმებს მოაწყობდა იმ ძალაზე, რომელმაც ომის პროვოცირება მოახდინა. კვიციანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მხედველობაში უცხო ქვეყნის ძალა ჰყავდა და არამც და არამც - ნაციონალური მოძრაობა. |