გიორგი ასანიშვილი

,,24 საათი”. 4 ნოემბერი. 2003 წ. გვ A1-A3.

 

 

 

მიხეილ სააკაშვილი  ედუარდ შევარდნაძის  იაფასიან შულერობაზე საუბრობს

2 ნოემბრის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, ,,ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები თავს უკვე     გამარჯვებულად მიიჩნევენ და პარტნიორი ოპზიციური პარტიების ,,უფლებების დაცვაზეიწყებენ ზრუნვას. მიხეილ სააკაშვილი არც მალავს, რომ           ამას ის, გარკვეულწილად, პრაგმატული მოსაზრებით აკეთებს. ,,ხელისუფლებას უნდა პარლამენტში მარტო დაგვტოვოს და, ამ მიზნით, ოქმების შეცვლის გზით, 2 ნოემბრის შედეგების გაყალბებას ცდილობს. ჩვენ კი საკანონმდებლო ორგანოში სხვა  ოპზიციური ძალების შემოსვლა ზალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია”, - განაცხადა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალებისლიდერმა. მით უმეტეს, იგი დარწმუნებულია, რომ ,,ბურჯანაძე-დემოკრატებმა”, ისევე როგორც ,,ახალმა მემარჯვენეებმა”, შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

,,რეალურად, ჩვენ მივიღეთ ამომრჩეველთა ხმების  26 პროცენტი, მთავრობამ – 18. ეს არჩევნები ჩვენთვის სასურველი შედეგებით დასრულდა, მაგრამ შევარდნაძეს არ უნდა, თავისი დამარცხება აღიაროს. დღეს პრეზიდენტმა უტიფრად იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ბლოკი ,,ახალი საქართველოსთვის” იმარჯვებს. არ შეიძლება      პრეზიდენტი იქცეოდეს, როგორც იაფფასიანი შულერი. შულერი პრეზიდენტი დემოკრატიულ  ქვეყანას ვერ მართავს,” – აღშფოთაბას ვერ მალავს სააკაშვილი, რომლის მტკიცებითაც, პრეზიდენტმა შევარდნაძემ გასცა განკარგულება, რომ სახელისუფლებო ბლოკის დამარცხება არავითარ შემთხვევაში  არ დაფიქსირდეს.

 

ასეთ ვითარებაში, ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთელი საზოგადოების კონსოლიდაციას. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს საბოლოო მონაცემები ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ ხმების პარალელური გადათვლის მონაცემებს არ დაემთხვევა, სააკაშვილის თქმით, ის საკუთარი გამარჯვების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს და ამას მშვიდობიანი, კანონიერი მეთოდებით გააკეთებს. ამასთან, ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს ხაზგასმით, რომ პოლიტიკურ პარტნიორებს არ ივიწყებს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები ,,ბურჯანაძე-დემოკრატებისათვის” არასახარბიელოა, ,,ნაციოანალები” მაინც საციცოხლოდ არიან დაინტერესებულნი ახალ პარლამენტში ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” შესვლით.

 

,,მე ვალდებული ვარ  დავიცვა არა მარტო ჩვენი გუნდის გამარჯვება, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების ინტერესებიც,” – აცხადებს სააკაშვილი.

 

გუშინ დაახლოებით ამავე თემაზე საუბრობდნენ მისი თანაგუნდელები – დავით ბერძენიშვილი და მაია ნადირაძე. მათ მოუწოდეს ,,ბურჯანაძე-დემოკრატებსა” და ,,ახალ მემარჯვენეებს”, დაიცვან საკუთარი უფლებები,  რათა პარლამენტს გარეთ არ აღმოჩნდნენ.” ნაციონალების ქარმომადგენელთა თქმით, ასეთი საფრთხე რეალურად იქცევა, თუ აჭარიდან წამოსული ასეული ათასობით ყალბი ხმა ლეგიტიმურად ჩაითვლება.

 

დავით ბერძენიშვილი მოითხოვს, რომ, როგორც მინიმუმუ, ცესკო-მ გააუქმოს ბათუმსა და ქობულეთში ფაქტობრივად არშემდგარი არჩევნების შედეგები. ,,აჭარაში 250-280 ათასი ამომრჩეველი არ არის და ამდენი ხმა ასლან აბაშიძეს ვერ უნდა მიეღო. იქ არავითარი არჩევნები არ ჩატარებულა. ჩემი მონაცემებით, ბათუმში დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ისეთივე სტანდარტული შედეგები დაფიქსირდა, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. იგივე სურათია ქობულეთშიც, თუმცა, ასლან აბაშიძის ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები 97-98 პროცენტით მოიგო,” –აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტნიორების გარეშე ,,ნაციონალებს” არ ექნებათ ბერკეტები, ამომრჩევლებისათვის მიცემული ისეთი დაპირებების შესასრულებლად, როგორიც არის კორუფციასთან ბრძოლა, უკანონო ქონების ნაციონალიზება, პენსიების გაზრდა და სხვა.

 

,,ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტნიორი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა ასე სათუოა. ამიტომ, როგორც არ უნდა გვითხრას ხელისუფლებამ, საკმარისი ხმები გაქვთ და ამით დაკმაყოფილდითო, უკან არ დავიხევთ. საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და, თუნდაც რამდენიმე ზედმეტი სავარძლის მიღების საფასურად, არ ვაპირებთ, ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბება ვაპატიოთ,” – მაია ნადირაძე და მისი პარტიული მეგობრები ოპოზიციასთან დამოკიდებულებაში ერთსულოვანნი არიან.

 

პოლიტსაარჩევნო თემატიკაზე საუბრობის გარდა, ,,ნაციონალებს” გუშინ კრიმინალურ საკითხებზეც მოუწიათ კომენტარის გაკეთება. ამის მიზეზი გახდა საღამოს შვიდ საათზე მიხელ სააკაშვილის მძღოლის მიმართულებით  ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული შვიდი გასროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელი, ვინმე ელდარ არღვლიანი, სააკაშვილის დაცვამ დააკავა და პოლიციაში ჩაბარებამდე, თავადაც კარგად ,,დაამუშავა”.

 

მომხდარში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს და ვარაუდობს, პოლიცია ამჯერად მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას და საქმეს გამოიძიებს.