24 საათი. 17 დეკემბერი. 2003წ. გვ. 2.    

 

 

საარჩევნო კამპანიების დაფინანსების გამჭვირვალობა იგნორირებულია

ევროსაბჭოს დელეგაცია, მათიას იორშის ხელმძღვანელობით, რომელიც გუშინ თბილისში ჩამოვიდა და პირველი შეხვედრები ,,დროებით ხელისუფლებასთანუკვე გამართა, დღეს მონაწილეობას მიიღებს გასული არჩევნების წინ ანტიკორუფციულ ბიუროსთან შექმნილი საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონიტორინგის ჯგუფის სხდომაში. საარჩევნო ფინანსების გამჭვირვალობა კვლავაც რჩება თემად, რომელიც განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს.

           

დასკვნაში, რომელიც რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდამდე საქართველოში საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისა და ანგარიშების გამჭვირვალობის საკითხი იგნორირებულია და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან მას მინიმალური და მხოლოდ ფორმალური ყურადღება ექცევა... აღნიშნულ საკითხს არასოდეს ექცეოდა სათანადო ყურადღება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საერთოდ – ელექტორატის მხრიდან, ანუ მათგან, ვინც, პირველ რიგში, უნდა იყოს დაინტერესებული ამ საკითხით.

           

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილია ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის არასრულყოფილება.

           

პირველ რიგში, ძალიან სუსტია ის ნორმატიული ბაზა, რომელიც არეგულირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიისას მოზიდული ფინანსური წყაროების წარმოშობასა და გაწეული დანახარჯების შესახებ ინფორმაციის გახსნას. საარჩევნო კოდექსში რამდენიმე მუხლი მხოლოდ ზოგადად ეხება ამ საკითხს. არ არსებობს სხვა ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც ოდნავ მაინც შეავსებს ვაკუუმს ზემოაღნისნულ საკითხში. ამასთანავე, არასწორი ფინანსური ანგარიშების შედგენის შემთხვევაში არ არის განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტის მიმართ დასაკისრებელი სანქციები. საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ზოგიერთი წესი ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოცაა. დასახვეწია ანონიმური შემოწირულობების განკარგვის წესი.

           

არ არის მკვეთრად გამიჯნული, თუ რომელი ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური გაერთიანებების ფონდიდან გაწეულად და რომელი – საარჩევნო ფონდიდან. დღევანდელი კანონმდებლობით, პოლიტიკურ გაერთიანებებს ისე შეუძლიათ მართონ თავიანთი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ანგარიშებიდან, რომ ის საერთოდ არ მოხვდეს საარჩევნო ფონდში.

           

დახვეწილია ამომრჩეველთა მოსყიდვასთან დაკავშირებით არსებული ნორმები. დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევების მტკიცების შესაძლებლობას.

           

ასეთია ძირითადი სურათი, რომლის გამოსასწორებლადაც ჯგუფი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებს ამზადებს. ევროსაბჭოს ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, სავარაუდოა, რომ ეს რეკომენდაციები ევროსაბჭოს ეგიდით წარედგინებათ ქართველ კანონმდებლებს.