24 საათი. 2003წ. 27 დეკემბერი. გვ.1-7.  

 

 

 

საარჩევნო სიებში რეგისტრაცია გრძელდება

        

წინა არჩევნების პრობლემა მოიხსნა და საარჩევნო რეგისტრაციები გრძელდება. ამომრჩევლებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს 25 დეკემბრამდე სარჩევნო სიებში საკუთარი გვარის დაფიქსირება, შეუძლიათ საარჩევნო უბნებს კვლავ მიაკითხონ. ,,ვარდების რევოლუციის” საბაბი ამომრჩევლისთვის კონსტიტუციური უფლების ანუ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალების წართმევა გახდა. როგორც კომპეტენტური პირები აღნიშნავენ,საარჩევნო კანონმდებლობაში წინა ხელისუფლების მიერ იმდენი ბარიერი იყო ჩადებული, რომ მათი ბოლომდე აღმოფხვრა, ფაქტობრივად ვერ მოხერხდა. ამიტომ, არსებული ხარვეზების გამოსწორება სხვადასხვა მექანიზმებით დღესაც მიმდინარეობს.

           

იმისათვის, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდეს, ყველა ამომრჩეველს შეეძლოს საკუთარი ნების დაფიქსირება და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, გუშინ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა მოიხსნა.

           

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო კანონმდებლობით, ამომრჩეველს უფლება აქვს საარჩევნო სიებში მხოლოდ არჩევნებამდე ათი დღით ადრე მოხვდეს, რის შემდეგაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სიებს დაამტკიცებს. წინა არჩევნებისას, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქალაქე ამ სიაში ვერ მოხვდებოდა, მას სასამართლოს გზით უნდა მოეპოვებინა საკუთარი კონსტიტუციური უფლება, რაც, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტური იყო და რისი შედეგიც ყველამ ვიხილეთ. ანალოგიური პრობლემა მომავალ არჩევნებსაც ემუქრებოდა, რომ არა მოქალაქე ირაკლი კოტეტიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი.

           

დაახლოებით ხუთი დღის წინ კოტეტიშვილმა უმაღლეს სასამართლო ორგანოს მიმართა და ,,საარჩევნო კოდექსის” მე-9 და მე-10 მუხლებისვ რამდენიმე პუნქტის გაუქმება მოითხოვა.

           

,,ერთ-ერთისადავო პუნქტის თანახმად, თუ ამომრჩეველი 25 დეკემბრამდე ვერ მოასწრებდა რეგისტრაციაში გავლას, ამასთან, იგი არის შეყვანილი უკვე არსებულ საარჩევნო სიაში, რომლის უზუსტობაც უკვე დადგენილია, ამომრჩეველი ავტომატურად კარგავს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”, - განაცხადა ჩვენთან საუბარში სარჩელის ავტორმა.

           

კოტეტიშვილის თქმით, საარჩევნო სიებში ვერ მოხვდებოდა ის ამომრჩეველიც, რომელსაც არჩევნებამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში 18 წელი შეუსრულდა, ეს კი საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

           

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში სწორედ ამ საკითხებს განიხილავდა. საბოლოოდ კი სასამართლო კოლეგიამ, მოსამართლე ზოიძის თავმჯდომარეობით, განჩინება გამოიტანა და კოტეტიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

           

,,სასამართლოს განჩინებით, შეჩერდა საარჩევნო სიებში რეგისტრაციის ვადები, რაც ჩემი უმთავრესი მოთხოვნა იყო. თუ რა ფორმით მოხდება პროცესუალური ნორმების განსაზღვრა, ანუ რეგისტრაციაში გავლის პროცედურა, ამაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს მომავალში იმსჯელებს”, - ამბობს კოტეტიშვილი.

           

ერთი სიტყვით, წინა საარჩევნო პრობლემა მოიხსნა და საარჩევნო რეგისტრაციები გრძელდება. ამომრჩევლებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს 25 დეკემბრამდე საარჩევნო სიებში საკუთარი გვარის დაფიქსირება, შეუძლიათ საარჩევნო უბნებს კვლავ მიაკითხონ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად ლეგიტიმირება მოხდა დამატებითი სიებისაც, რასაც საზოგადოების ერთ ნაწილში მითქმა – მოთქმა მოჰყვა.