თბილისი, 2003წლის 24 ნოემბერი

საქართველოს რესპუბლიკა, 2003წ. 25 ნოემბერი. გვ. 2

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

2003 წლის 2 ნოემბრის პარლამენტის არჩევნების დროს დარღვევებით გამოწვეული მასობრივი, მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე 23 ნოემბერს გადადგა თანამდებობიდან.

        

საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრა პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს.

           

საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება 45 დღის ვადაში.

           

ადასტურებს რა ერთგულებას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა და საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპებისადმი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას და აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. მის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავაც რჩება ევროპული სივრცისაკენ სწრაფვა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია. საქართველო მის მიერ ნაკისრი ყველა საერთაშორისო ვალდებულების და შეთანხმების ერთგულია, დაინტერესებულია მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული, ურთიერთსასარგებლო, თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებით. იგი კვლავაც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან. საქართველო არ გადაუხვევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების გზიდან, ქვეყნისათვის უმთავრეს ფასეულობად კვლავაც რჩება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა, მშვიდობა მსოფლიოში, სამართლიანობა და კეთილდღეობა.

           

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ მეგობარი ქვეყნების ხალხები და მთავრობები გაგებით მოეკიდებიან საქართველოში შექმნილ ვითარებას და ქვეყნის განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე აქტიური მხარდაჭერით დაეხმარებიან საქართველოს სწრაფად და ღირსეულად დასძლიოს მის წინაშე მდგარი ამოცანები.