“24 საათი”2003წ.20 დეკემბერი. გვ.A2

 

 

საკონსტიტუციო საჩივარი ასლან აბაშიძის წინააღმდეგ

როგორც ,,24 საათისთვის” გახდა ცნობილი, გუშინ საკონსტიტუციო სასმართლოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, სარჩელი შევიდა. სარჩელის ადრესატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური გახლავთ, ავტორი კი – ბათუმელი თამაზ დიასამიძე. სხვათა შორის, დიასამიძე აჭარის უზენაესი საბჭოსა და საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი გახლავთ.

 

მე გამოვიყენე საქართველოს კონსტიტუციით ჩემთვის მინიჭებული უფლება. ის, რაც არ გააკეთეს იმ სახელისუფლებო ორგანოებმა, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და აჭარის ტერიტორიაზე 23 ნოემბრიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნის უფლება ჰქონდა, მე გავაკეთე,” – განაცხადა “24 საათთან” საუბრისას თამაზ დიასამიძემ. ჩვენი ინფორმაციით, მისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად უკვე მიიღო.

           

ჩემი სარჩელით, ვითხოვ, აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის მეთაურმა სასწრაფოდ გააუქმოს საკუთარი ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ამ ბრძანებულებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რომელიც მე, ისევე, როგორც აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, თავისუფალი გადაადგილების,  თავისუფლაი სიტყვისა და მიტინგის მოწყობის უფლებას მართმევს. აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დაბლოკვის დატვირთვა აქვს. რადგანაც ასლან აბაშიძესთან პოლიტიკურ საუბარს აზრი არ აქვს, მე მივმართე სამართლებრივ ნორმებს და ვაპირებ როგორც საკუთარი, ასევე აჭარაში მცხოვრები საქართველოს სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომელიც ასლან აბაშიძის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით უხეშად ილახება,” – აცხადებს თამაზ დიასამიძე და საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლებს იშველიებს, რომელთა მიხედვითაც, აბაშიძეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება არ ჰქონდა. თანაც, კონსტიტუციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მის გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში დაამტკიცებს.