|
|
|
24 საათი.2003წ. 25 დეკემბერი. გვ. 1-3.
,,სამართლიანი არჩევნები” მონიტორინგს აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის პირველ შედეგებს აქვეყნებს. მას მერე, რაც ორგანიზაციის პირველმა პირებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაღალი თანამდებობები დაიკავეს, ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ხათუნა ხვიჩიამ დაიკავა. თავად ,,სამართლიანი არჩევნები” კი კვლავ განაგრძობს საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობის კონტროლს.
როგორც ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, ,,სამართლიანი არჩევნები” განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ამომჩეველთა სიის ფორმირებაზე. ორგანიზაცია მოიძიებს ინფორმაციას რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით. პარალელურად, ,,სამართლიანი არჩევნების” წევრები ამომრჩევლებს გააცნობენ წინასწარი რეგისტრაციის წესებს და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას გაუწევენ მათ.
,,არჩევნების დღეს ,,სამართლიანი არჩევნები” მიუკერძოებელ და სათანადოდ მომზადებულ დამკვირვებლებს მიავლენს ყველა საარჩევნო უბანსა და საოლქო საარჩვნო კომისიაში. კენჭისყრის მიმდინარეობის პერიოდში დამკვირვებლები აღრიცხავენ საარჩევნო უბანში მისულ თითოეულ ამომრჩეველს და ორგანიზაცია დღის მანძილზე მასმედიის საშუალებით გაავრცელებს ინფორმაციას ამომჩეველთა აქტივობის შესახებ. საარჩევნო უბანში ხმის დათვლის დასრულების შემდეგ ,,სამართლიანი არჩევნები”, უმოკლეს ვადაში, უბნის შედეგების საფუძველზე, განახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას და არჩევნების მომდევნო დღეს, 5 იანვარს, საზოგადოებას გააცნობს არჩევნების შედეგებს. საარჩვნო პროცესების შეფასების საფუძველზე ,,სამართლიანი არჩევნები” საქართველოს ხელისუფლებას წარუდგენს რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება წინასაარჩევნო მზადების მონიტორინგს: ,,სამართლიანი არჩევნების” გუშინდელი ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, საარჩევნო პროცესები საქართველოში მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა, ბუნებრივია, ბევრია დარღვევებიც. ასე, მაგალითად, საარჩევნო უბნები დათქმულ ვადებში არ გახსნილა ცაგერში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, სენაკში. ამის მიზეზად ორგანიზაციების დამკვირვებლები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ამ უბნებზე ჯერ არ დანიშნულან კომისიების თავმჯდომარეები. დიდი დაგვიანებით გაიხსნა საარჩევნო უბნები აბაშასა და ონში.
ცაგერში, ლანჩხუთში, ოზურგეთში კი გაჭიანურდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის პროცესი.
ვანში, ცაგერში, ონში, ხობში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, თიანეთში, ბოლნისში, დმანისში, ახალგორში, ხაშურში, გლდანში, ისანში, ჩუღურეთში, სამგორში საოლქო საარჩევნო კომისიებმა დააგვიანეს საარჩევნო უბნების საზღვრებისა და მასში შემავალი შენობა – ნაგებობების ნუსხის გამოქვეყნება, ხოლო სენაკში ძველი მონაცემები დატოვეს.
რაც შეეხება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის დაწყების პროცესს, ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა საკმაოდ ბევრ რაიონში. თუმცა ცაგერში, ონში, ჩხოროწყუში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, სენაკში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, დმანისში, ხაშურში, ნაძალადევში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია რამდენიმე დღის დაგვიანებით დაიწყო. |