|
საქართველოს რესპუბლიკა.2004წ. 7 იანვარი. გვ. 2.
,,სამართლიანი არჩევნების” წინასწარი განცხადება 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 5 იანვარი, თბილისი – საქართველოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები 2550-ზე მეტ საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ.
ჩვენ გსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა დამკვირვებელს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ,,სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისიაში და უზრუნველყვეს არჩევნების თვისობრივი და შედეგობრივი შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთა საქმიანობის ხელისშემშლელი ცალკეული ფაქტების მიუხედავად სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა დაკვირვება ყველა საარჩევნო პროცედურაზე, რითაც ხელი შეუწყო არჩევნებში მონაწილე საქართველოს თითოული მოქალაქის ხმისა და არჩევნების სამართლიანობის დაცვას. ჩვენ მადლობას ვუხდით მთლიანად საზოგადოებას, რომლის ერთობლივმა ძალისხმევამ და ნებამ უზრუნველყო საარჩევნო პროცესის ნორმალურ პირობებში წარმართვა.
,,სამართლიანი არჩენების” მიერ არჩევნების დღის წინასწარი შეფასება ეფუძნება დამკვირვებელთა მიერ მოწვდილ ინფორმაციას. ჩვენი დაკვირვების შედეგები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ 4 იანვარს არ დაფიქსირებულა ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების განხორციელების შეზღუდვის ფაქტები. ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესის – საარჩევნო რეგისტრაციის შედეგად – 4 იანვრის არჩევნებზე არ შექმნილა საქართველოს საარჩევნო გამოცდილებაში თითქმის ტრადიციად ქცეული გაყალბებულ სიებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
თუმცა, გაურკვეველი ვითარება შეიქმნა აჭარის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით. აჭარაში წინასაარჩევნო რეგისტრაცია არ ჩატარებულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ითვლება არჩევნების დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა. დამკვირვებელთა ინფორმაციით აჭარის საუბნო საარჩევნო კომისიები ხელმძღვანელობდნენ როგორც არჩევნების დღეს რეგისტრირებული ამომრჩევლების, ისე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის აჭრაში არსებული სიებით. შესაბამისად, ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალელურად დათვლილი აქტივობის მაჩვენებლები არ მოიცავს მონაცემებს აჭარიდან.
არჩევნების სწორად ადმინისტრირება და შესაბამისად საარჩევნო კომისიების საქმიანობა გახდა მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი. ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციების უშუალო პასუხისმგებლობას ექვემდებარებოდა როგორც ამომრჩეველთა საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი. ასევე, არჩევნების დღის ყველა სხვა საარჩევნო პროცედურის კანონის დაცვით წარმართვა.
შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციებმა შეძლეს კანონის შესაბამისად მოქმედება. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიების ადმინისტრაციული შეცდომები, რომლებიც ძირითადად კომისიის წევრთა არაორგანიზებულობითა და არაკომპეტენტურობით იყო გამოწვეული.
ერთეულ შემთხვევებში, სახეზე გვქონდა საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტებიც, რომლებიც არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის შედეგი, მაგალითად, ბიულეტენების ჩაყრა, მარკირების პროცედურის განუხორციელებლობა, დამკვირვებელთა გამოძევება უბნიდან, მათ მიერ დაწერილი საჩივრების მიუღებლობა. თუმცა ასეთი სახის დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.
,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ შეგროვილი მონაცემები გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, ზოგადად ხელისუფლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოვლინდა ნება და მზაობა არჩევნების სამართლიანობისა და კანონის შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. ხშირ შემთხვევაში სწრაფად და ეფექტურად ხდებოდა რეაგირება ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე არა მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიების, არამედ უშუალოდ საუბნო კომისიების წევრების მიერაც, რაც კონკრეტულად გამოიხატებოდა დამკვირვებელთა მიერ მითითებული დარღვევების გამოსწორებაში.
,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ შეგროვებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. დღის განმავლობაში ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ არჩევნებში მონაწილეთა პარალელური დათვლის შედეგებით 12 საათისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ს, ხოლო 17 საათისთვის დაახლოებით 70%-ს უტოლდებოდა (აჭარის მონაცემების გამოკლებით). საბოლოოდ ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალელური დათვლის შედეგად დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი – 85,3%-ზე მეტი (აჭარის მონაცემების გამოკლებით). ,,სამართლიან არჩევნებს” შეუძლია განაცხადოს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლა იძლევა არა მხოლოდ ხარისხობრივ, არამედ სტატისტიკურად ზუსტ რაოდენიობრივ შედეგებს, რომლებიც ასახავს ქართველი ამომრჩევლის მიერ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ნებას. ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:
როინ ლიპარტელიანი – 00,24%;
ქართლოს ღარიბაშვილი – 00,16%;
ზურაბ ქელეხსაშვილი – 00,07%;
თემურ შაშიაშვილი – 01,93%;
მიხეილ სააკაშვილი – 96,41%;
ზაზა სიხარულიძე – 00,22%;
ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა – 00,32%. ,,სამართლიანი არჩევნები” განაგრძობს საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მიერ ხმების დათვლის, საჩივრების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას, რათა რეაგირება მოხდეს ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე და ზუსტად აისახოს საოქმო მონაცემებში 4 იანვარს ამომრჩევლების მიერ გამოხატული ნება. ,,სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შეინარჩუნოს ნდობა, რომელიც მას საზოგადოებამ გამოუცხადა, რისთვისაც აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადაგმა:
საარჩევნო ადმინისტრაციებში წარდგენილი საჩივრები განხილულ უნდა იქნას ობიექტურად და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება;
ხმის დათვლისა და შეჯამების პროცედურები უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ პროცესის გამჭვირვალობა;
საბოლოო შედეგები უნდა ასახავდეს ქართველი ამომრჩევლის ნებას იმ სახით, როგორითაც იგი გამოვლინდა 4 იანვარს. |