,,24 საათი”. 2003 წ. 18 ნოემბერი. გვ. B3.

 

სამოქალაქო პროტესტის და არა ძალმომრეობის შესახებ

დიდი სულიმაჰათმა განდი

პროტესტი ძალმომრეობის გარეშე არის ადამიანთა თავყლირობა თუ ნებისმიერი სხვა აქცია, რომელიც წინასწარაა გამოცხადებული რეჟიმის, მთავრობის თუ რომელიმე ლიდერის წინააღმდეგ. პროტესტის გამოხატვა ხდება ძალადობის გამოყენების გარეშე, მშვიდობიანი დემონსტრაციების, პეტიციების, გზების დროებითი გადაკეტვის, გამლელთათვის პროკლამაციების დარიგების, გაფიცვებისა თუ სამუშაოს მოკლევადიანი შეწყვეტის, ასევე კედლებსა და ხიდებზე საპროტესტო ლოზუნგების დაწერის სახით.

 

           

უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოში დატრიალებული ამბები, ალბათ, მრავალს გაახსენებდა მაჰათმა განდის, ,,დიად სულს”, რომელიც სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში დისკრიმინაციის წინააღმდეგ არაძალმომრეობითი მეთოდის გამოყენებისა და თავის ჰუმანიტარულ-მებრძოლი სწავლების გამო მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს პიროვნებადაა აღიარებული. მან მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანის, მათ შორის მარტინ ლუთერ კინგის შთაგონებაც შეძლო.

           

მისი დოქტრინის წყალობით ინდოეთის 410 მილიონი მოქალაქე, ყველა ერთსულოვნად – 281 მილიონი ჰინდუ, 115 მილიონი მუსულმანი, 7 მილიონი ქრისტიანი და 6 მილიონი სიქჰა ბრიტანელების წინააღმდეგ აღიმართა. მათ ძალადობაზე უარი თქვეს და გაიმარჯვეს. თავად განდის შესხებ კი ალბერტ აინშტაინი წერდა: ,,შესაძლოა მომავლმა თაობებმა არც კი დაიჯეროს, რომ ასეთი ადამიანი ამქვეყნად არსებობდა.”

 

... ისინი, ვინც ძალადობის ზღვაში არაძალმომრეობის კანონი აღმოაჩინეს, ნიუტონზე გაცილებით გენიალურნი იყვნენ. ისინი უფრო დიდი მეომრებიც იყვნენ, ვიდრე ველინგტონი იყო. მათ იცოდნენ, როგორ უნდა მოეხმარათ იარაღი, ისინი მათ შესანიშნავად ფლობდნენ, და მის ფუჭობას მიხვდნენ და დატანჯულ მსოფლიოს ასწავლეს, რომ მისი გადარჩენის გზა ძალმომრეობაზე უარის თქმაა...

           

... არაძალმომრეობა ბოროტმოქმედების ნების მორჩილებას როდი ნიშნავს. ეს უმალ იმას გულისხმობს, რომ ტირანის ბოროტი ნების მიერ ჩაგრულთა ყველა სულიერი ძალა ერთიანდება. არაძალმომრეობა სილაჩრე კი არა, გმირობაა. არაძალმომრეობა ადამიანისგან მეტ ოსტატობას მოითხოვს, ვიდრე ხმლით ხელში მებრძოლი მოფარიკავისაგან. ადამიანი, რომელიც არაძალმომრეობის ხერხს ფლობს, უსამართლო მმართველობის მთელ ძლევამოსილებას იწვევს ბრძოლაში, და მას თავისი პატივისა და ღირსების დაცვის უნარიც შესწევს...

           

... ჩემთვის ეროვნული ღირსებები იმას ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს, რომ თუ საჭიროა, ჩემი ქვეყანა მოკვდეს – დანარჩენი კაცობრიობის გადასარჩენად...

           

... მე მიმაჩნია, არაძალმომრეობა ძალადობაზე ბევრად უფრო ამაღლებულია, და რომ პატიების უნარი ბევრად უფრო კეთილშობილურია, ვიდრე დასჯის სურვილი. მოწყალება ჯარისკაცს ამშვენებს. მაგრამ ძალადობისაგან თავშეკავება მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა დასჯის ძალაც შეგვწევს. ის უაზროა, როცა უსუსური არსების მიერაა სიმულირებული. მაგრამ მე ჩემი ქვეყანა უსუსურად არ მიმაჩნია, მე არ მიმაჩნია, რომ უსუსური ვარ...

           

... ჩემს ხალხს არაძალმომრეობის პრაქტიკას იმიტომ როდი ვთხოვ, რომ ის სუსტია. მე მინდა, არაძალმომრეობის პრაქტიკის დროს მან თავისი ძალისა და ძლევამოსილების შესახებ იცოდეს. მისი ძალის რეალიზაციისთვის არანაირი იარაღი არაა საჭირო. ჩვენ გვგონია, რომ იარაღი გვჭირდება, რადგან თავი ხორციელებად მიგვაჩნია. მე მინდა, რომ იცოდეთ, რომ ჩვენ სული გვაქვს, რომელიც არასოდეს დაიღუპება, რომელიც ნებისმიერ სისუსტეზე მაღლა დგას და მთელი მსოფლიოს მატერიალურ სტრუქტურებს გამოიწვევს და დაამარცხებს...

           

... თუკი არაძალმომრეობა გამარჯვებას არ მოგვიტანს – არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ სათანადო გამოძახილს ვერ ჰპოვებს – ნამდვილი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც აღარ შეუძლიათ ეროვნულ დამცირებასთან შერიგება, აღშფოთებას ვეღარ დაფარავენ და ძალადობას მიართავენ. ჩემი რწმენით, ისინი დაიღუპებიან, ისე, რომ ვერც საკუთარ თავს იხსნიან და ვერც თავიანთ სამშობლოს. ,,მახვილის დოქტრინა” დროებით გამარჯვებას მოიტანს. მაგრამ მაშინ ჩემი ქვეყანა ჩემი გულის სიამაყე აღარ იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ქვეყანას განსაკუთრებული მისია აკისრია...

           

... სწორედ არაძალმომრეობაა ყველაზე დიდი პროტესტი. განსხვავება ისაა, რომ მუშტების ქნევისა და სისხლისღვრის ნაცვლად ადამიანის ნება სტოიკურად უპირისპირდება ბოროტმოქმედის ნებას, ან სახელმწიფოს უსამართლობას, მთელს მის მმართველობით მანქანებს: ჯარს, პოლიციას, ციხეს...

           

მასობრივ სამოქალაქო და ინდივიდულაურ წინააღმდეგობას შორის განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი სრულიად დამოუკიდებელი სუბიექტია და მისი მარცხი სხვებს არ ეხება. მასობრივი კამპანიის დროს კი ერთის მარცხი ყველას მარცხი ხდება...

           

... ჩვენ ყოველდღიურად ძვირად გვიჯდება ის გაუცნობიერებელი შეცდომა, რომ პასიურ წინააღმდეგობას არაძალმომრეობაში ვურევდით. მე რომ თავად არ დამეშვა ეს შეცდომა, მრავლი დამამცირებელი და არაადამიანური სისხლისღვრის მოწმენი არ გავხდებოდით.

           

ჩვენს მტერს, რომელიც ზოგჯერ წარმოსახვითია, ასევე გააჩნია თავისი ადამიანური ღირსება, მას ისევე უყვარს სიცოცხლე, როგორც ჩვენ.

           

ბოლო წლების არაძალმომრეობა სუსტების არაძალმომრეობა იყო. ჩვენ ჯერ არ გვქონია ძლიერთა წინააღმდეგ არაძალმომრეობის გამოცდილება...

           

... მე მინდა, რომ ყველა ქვეყნის ქარმა თავისუფლად იქროლოს ჩემ სახლთან. მაგრამ არ მინდა, რომ ამ ქარმა წამაქციოს. მე არ მინდა ჩემ სახლში ცხოვრება ისე, თითქოს დაუპატიჟებელი სტუმარი ვიყო, მათხოვარი ან მონა...

           

... ჩემთვის სამშობლოს სიყვარული მთელი კაცობრიობის სიყვარულს ნიშნავს. პატრიოტი იმიტომ ვარ, რომ ადამიანი და ადამიანური ვარ. ჩემი სამშობლოს მსახურების სურვილით ზიანს არავის ვაყენებ. პატრიოტი პატრიოტი ვერ იქნება, თუ მთელი კაცობრიობის მსახურება არ სურს.