თამარ ხორბალაძე

,,24 საათი”. 2003წ. 7 ნოემბერი. გვ  A1-A3

 

 

 

საპროტესტო აქციების მოლიდინში

სახელისუფლებო ბლოკი გაიხლიჩა

 

,,ახალი საქართველოსთვის” გუშინ დაპირისპირებულ ჯგუფად გაიხლიჩა. ბლოკის ერთი ნაწილი ოპოზიციასთან კომპრომისზე წასვლას ითხოვს, ანუ ფიქრობს, რომ დღეს შექმნილი სიტუაციისა და ოპოზიციისადმი ხალხის აშკარა მხარდაჭერის ფონზე, გონივრული იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის მათ მიერ მოპოვებული ხმების ,,შერჩენა”, რაც ტოტალურ გაყალბებაზე ნაწილობრივ მაინ უარის ტქას ნიშნავს.

 

სახელისუფლებო ბლოკის მეორე ნაწილი მოითხოვს ,,ქმედითი ღონისძიებების” განხორციელებას, სააკაშვილის, ბურჯანაძისა და ჟვანიას დასჯას, კანონის გამკაცრებას, დემონსტრაციების აკრძალვას, ყველა შესაძლო ზომის გამოყენებას...

საქართველოს სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებიგუშინ დილიდან სრულ პანიკაში იყვნენ. დერ ირინა სარიშვილმა, შემდეგ კი ვახტანგ რჩეულიშვილმა ღიად გაახმოვანეს სახელისუფლებო ბლოკის შიგნით დაწყებული წინააღმდეგობა და სახელისუფლებო ბლოკის დატოვებითდაიმუქრნენ”, ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალების გარიგების მოტივით.

უკვე საღამოს, ანუ იმ დროისთვის, როცა ,,აღორძინებიდან” ჩამოსული ხმების რაოდენობა გახმოვანდა და როცა ითქვა, რომ პირველ-მეორე ადგილებს რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლება ,,იყოფს”, სახელისუფლებო ბლოკის პირველმა პირებმა  კანცელარიაში დაიწყეს შეკრება.

           

კანცელარიაში გამოჩნდა ირინა სარიშვილიც, რომელმაც ,,დააზუსტა”, რომ ბლოკს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ხელისუფლება გარიგებაზე წავა.

           

ბელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ,,უზნეო გარიგების” არსებობა დაადასტურა ირაკლი ბათიაშვილმაც და თქვა, რომ ,,ნაციონალებთან” და ,,ბურჯანაძე-დემოკრატებთან” ხელისუფლების კომპრომისზე წასვლის კატეგორიული წინააღმდეგია. ლევან მამალაძემ კი ბლოკის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ ,,აღმასრულებელი ხელისუფლების ის პირები, რომლებსაც ოპოზიციის გამოსვლების შეეშინდათ, უნდა გადადგნენ.”

        

შედარებით გაწონასწორებული იყო ბლოკის გენერალური მდივანი გიორგი ზურაბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ: ,,სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს არ გამოაცხადებს, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა თავისი ემოციები უნდა მოთოკოს”.

        

ზურაბაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარიგების არსებობა უარყო. ამასთან, მისი თქმით, ,,ორივე მხარემ უნდა აღიაროს ამ არჩევნებში იმ ძალის გამარჯვება, რომელსაც ცეესკო გამოაცხადებს, რადგან დასათმობი არც ერთ მხარეს დასათმობი არაფერი აქვს”.

        

სახელისუფლებო ბლოკის წევრმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა კი აღნიშნა, რომ სარიშვილს გუშინდელი განცხადება ბლოკის სხვა წევრებთან არ შეუთანხმებია. ,,ხელისუფლება ოპოზიციასტან გარიგებას არ აპირებს, თუმცა შეეცდება, არჩევნების დროს დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს,” – თქვა მან.    

           

ჟურნალისტებისთვის გუშინდელი დღის განმავლობაში გაკეთებული ეს კომენტარები ცხადყოფს იმ დაპირისპირებას, რომელმაც, როგორც ,,24 საათისთვის” გახდა ცნობილი, კანცელარიაში საღამოს გამართულ ბლოკის შეხვედრაზე საკმაოდ სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მეძმარიაშვილის მიერ გამოთქმულ პოზიციას იზიარებს, როგორც ბლოკში სიის პირველი ნომერი ვაჟა ლორთქიფანიძე, ისე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯორბენაძე, რაც გახდა კიდეც ლევან მამალაძის, ვახტანგ რჩეულიშვილის, ირინა სარიშვილის და სხვების გაღიზიანების მიზეზი.

           

საინტერესოა, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სხდომიდან გამოსულმა საკმაოდ აღელვებულმა ლევან მამალაძემ დაპირისპირების არსებობა კი უარყო, თუმცა ყურადღება ისევ ,,შეშინებულების გაყრის” აუცილებლობაზე გაამახვილა.

           

ირინა სარიშვილი ჟურნალისტებს საერთოდ გაეპარა.

           

ვახტანგ რჩეულიშვალმა კი სხდომაზე სერიოზული კამათის ფაქტი არ უარყო, თუმცა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: სახელისუფლებო ბლოკმა გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ხვალისთვის და ზეგისთვის დაგეგმილ აქციებს წინ აღუდგება.