შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 5-6.

 

 

საქართველოში ცეკას მდივნების გაპრეზიდენტების ეპოქა დამთავრდა

ინტერვიუ აღორძინების წევრ ანზორ აბრალავასთან

- რამდენიმე დღის წინ ბურჯანაძე-დემოკრატებმა გააკეთეს განცხადება იმის თაობაზენ, რომ ისინი ბოიკოტს

 

უცხადებენ ახალ პარლამენტს. თქვენ ამ ფაქტს რა შეფასებას აძლევთ?

- მათ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

 

- გამოდის, თქვენც თვლით, რომ ეს არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა?

 

- მე სხვა მიზეზის გამო მივესალმები მათ ამ გადაწყვეტილებას. მშვენიერი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ. ნეტავი ოთხი წლის წინაც არ შემოსულიყვნენ პარლამენტში, მაშინ ქვეყანა მშვიდად იცხოვრებდა. სხვათა შორის, 1999 წლის არჩევნების დროს მათ იმდენი ხმა მოაგროვეს, რამდენიც გარეთ დატოვებდა პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ მაშინ მოქალაქეთა კავშირმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა და არჩევნები ასე მოიგო. მართალია ისინი უმრავლესობაში იყვნენ, მაგრამ მე ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ დიდი დრო არ რჩებოდა იმ დრომდე, როცა ჟვანიას პარლამენტში მოწვეული სპეციალისტის საშვით მოუწევდა შემოსვლა. მე ეს ჯერ კიდკევ მაშინ ვთქვი, როცა ჟვანია სპიკერი იყო, ახლა თითქმის აუხდა ჩემი ნათქვამი. მე პირადად ბედნიერი ვიქნები, თუ მათ საშვისთვის რიგში დავინახავ.

 

- თქვენ, მართალია, ეს ფაქტი მოგწონთ, მაგრამ ხომ შეიძლება ბურჯანაძე-დემოკრატებს მხარი სხვა პარტიებმაც აუბან?

 

- არა მგონია, რომ ეს ასე მოხდეს. ვერ ხედავთ, რა მოთხოვნით აწყობენ მიტინგებს პარტიები? ისინი იმაზე კივიან, პარლამენტში შეგვიშვითო და არა იმაზე, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოვუცხადოთო. ასეთი მიტინგები საქართველოს კარგ ფინალამდე არ მიიყვანს. ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, ეს არის მიუღებელი.

 

- რატომ არის მიუღებელი ის ფაქტორი, რომ მოსახლეობა საკუთარი ხმების დაცვას ცდილობს?

 

- არავინაც არ ცდილობს საკუთარი ხმების დაცვას. ის, რაც პარლამენტის წინ და, საერთოდ, რუსთაველზე ხდება, არის სიყალბე და თამაში. ამას შესაძლოა ძალიან ცუდი დასასრული ჰქონდეს.

 

- რატომ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ცუდი დასასრული ჰქონდეს?

 

- თქვენი აზრით, კარგ შედეგს გამოიღებს ის მოწოდებები, რომელიც ნაციონალების მხრიდან გაისმის? ისინი მასობრივ შეტევას

 

ახორციელებენ აჭარის ავტონომიაზე და სისტემატიურად ლანძღავენ ამ კუთხეს. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება.

 

თავისუფლების ინსტიტუტი, კმარა, სამართლიანი არჩევნები, ჟვანია, სააკაშვილი და მათი მეგობარი ჟურნალისტები შეიკრნენ და საშინელ ამბებს ატრიალებენ. ვერ ნახეთ, რა მოხდა ორ ნოემბერს? არჩევნები ჯერ ჩატარებულიც კი არ იყო, რომ მოსახლეობაზე დაიწყო ფსიქოლოგიური შეტევა. სისტემატიურად გვესმოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ აი, ჟვანია და სააკაშვილი პირველ ადგილზე არიან და აღორძინება დამარცხდაო. ერთი გამაგებინეთ, რა იყო ეს? ეს იყო სიცრუე და სიყალბე, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. საზოგადოებამ დაინახა, ვინ ვინ არის. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჟვანიობის პერიოდი. თუ ჭკვიანად არ იქნება, სააკაშვილსაც ეს დღე დაადგება.

 

- თუმცა ფაქტია, რომ სააკაშვილს დღეს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს?

 

- ეს ასე არ არის. სააკაშვილს მხარს არავინ უჭერს. გავიდეს ცოტა დრო და ისიც ჟვანიას მიჰყვება.

 

- დარჩენით ვის დარჩება სამთავრობო ბლოკი?

 

- რას ჰქვია სამთავრობო ბლოკი? ვინა თქვა, რომ მათ რეიტინგი აქვთ და ისინი ხალხის ნდობას იმსახურებენ. ისინიც ჟვანია-სააკაშვილის ბედის მოზიარენი გახდებიან.

 

- თქვენ ამას გულწრფელად ამბობთ?

 

- აბსოლუტურად გულწრფელად ანდა რა მაქვს დასამალი. თუ ეს ხელისუფლება თავის ჟვანია-სააკაშვილიანად დროზე არ დათმობს ქვეყნის სადავეებს, საქმე ცუდად დამთავრდება.

 

- თქვენი აზრით, ხელისუფლებამ თავის ჟვანია-სააკაშვილიანად ვის სასარგებლოდ უნდა დათმოს პოზიციები?

- რა თქმა უნდა, იმ ძალის სასარგებლოდ, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყანა ააშენა.

 

- იქნებ ეს ძალაც დაასახელოთ?

 

- რა დასახელება უნდა, ეს არის აღორძინება, რომელმაც ერთი კუთხის მაგალითზე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია შენება. ამიტომაც მოხდა, რომ ამ ძალამ გაიმარჯვა. აღორძინება არის ის ძალა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს ხელისუფლებაში.

 

- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ აღორძინება და სახელისუფლებო ბლოკი ერთმანეთს ჩაეხუტაო, მართალია ეს ამბავი?

 

- ჯერ ის გამაგებინეთ, რატომ არის ან ჟვანია, ანდა სააკაშვილი ოპოზიცია? ოპოზიცია არის აღორძინება, რომელიც მართლა დაუპირისპირდა ამ ხელისუფლებას მათ შორის შევარდნაძესაც. როცა ჩვენ ხელისუფლებას ვებრძოდით, ეგენი შევარდნაძის მზეს ფიცულობდნენ. ახლა შევარდნაძე დაბერდა და მაშინვე პატარა შევარდნაძეები გამოჩნდნენ. ეგენი ხომ კივიან საქართველო შევარდნაძის გარეშეო, ჩვენ ვიძახით - საქართველო შევარდნაძეების გარეშე. უკვე წავიდა ის დრო, როცა ესენი ხალხს ატყუებდნენ. ან რას ჰგავს ეს გამუდმებული მიტინგები. გამოდიან და ყვირიან, ხმას ვიცავთო, ან რა ხმებს იცავენ, რაც არ მიუღიათ? ან ვინ არის ეს სამართლიანი არჩევნები და ზურაბ ჭიაბერაშვილი ამდენს რომ იღებს საკუთარ თავზე?!

- სამართლიან არჩევნებს და ზურაბ ჭიაბერაშვილს რაღას ერჩით?

 

- როგორ თუ რას ვერჩი, ვინ მისცა მაგ ჭიაბერაშვილს იმის უფლება, რომ გამოდის და გაიძახის ჰაერზე, ამან ამდენი ხმა მიიღო, იმან იმდენიო. თუ ყველაფერი ასე კარგად და წინასწარ იცის, რაღას გვახოცინებს ამ პარტიებს ერთმანეთს გამოვიყვანოთ ოთხ წელიწადში ერთხელ და გვითხრას, ვის რამდენი ხმა ექნება მიღებული. ეს იქნება 15 წუთიანი არჩევნები, დროც დაიზოგება, თანხებიც და ნერვებიც. ამას კი ვხუმრობ, მაგრამ სახუმაროდ საქმე ნამდვილად არა გვაქვს, იმიტომ, რომ მეშინია, აქ სერიოზული რამე არ მოხდეს. მე .. ოპოზიციის გვერდზე ვხედავ იმ სახეებს, რომლებიც 1991 წელს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ებრძოდნენ. ან რა უნდა მათ გვერდზე ჯუმბერ პატიაშვილს, მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვიტყვი, თუგინდ ეს ძალიანაც ეწყინოს პატიაშვილს. საქართველოში ცეკას მდივნების გაპრეზიდენტების ეპოქა დამთავრდა.

 

- ვინ გითხრათ, რომ დამთავრდა, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ყოფილი ცეკას მდივანი არ არის?

 

- კი არის, მაგრამ ძალიან მალე აღარ იქნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოება დაუშვებს კარიკატურული ფაშიზმის დამკვიდრებას.

 

- თუმცა ფაქტია, რომ იმ მოძრაობას, რომელსაც თქვენ კარიკატურულ ფაშიზმს უწოდებთ, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს?

 

- ჩემი აზრით კი, მათ მხარს არავინ უჭერს. მე ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რატომ იყო ცხონებული ვახტანგ ბოჭორიშვილი ჟვანიასა და სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი. მე კი ვპასუხობდი, რომ ის მათ მიმართ კეთილგანწყობილი კი არ იყო, არამედ მათ ისე უყურებდა, როგორც ექიმი პაციენტებს. და ეს ხალხი უსინდისოდ იტყუება რაღაც-რაღაცეებს. მართალია ბევრს გაჰყვირიან, მაგრამ არავინ არ დაიჯერებს, რომ აღორძინება ხელისუფლებას გაურიგდა.

 

- ცენტრალური ხელისუფლების და ავტონომიის ხელისუფლების პირველი პირების მიერ გაკეთებული განცხადებები კი აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის გარიგება მოხდა?

 

- რა გარიგება, არ გადამრიოთ ახლა! როგორ გაგვირიგდა ჩვენ ცენტრალური ხელისუფლება, როცა მან საკუთარი ხმები ბურჯანაძე-დემოკრატებს მისცა. როცა საარჩევნო ყუთები გაიხსნადა გამოჩნდა, რომ ჟვანიას გუნდს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვაც არ შეეძლო, საკუთარი ხმები მისცეს. ამ ყველაფრის მერე კი გამოდიან და ამტკიცებენ, აღორძინება და ხელისუფლება ერთმანეთს გაურიგდნენო. ეგენი ერთმანეთთან შეკრულები რომ არ იყვნენ, როგორ გგონიათ, შევარდნაძე ამდენი ლანძღვა-გინების შემდეგ მთავრობაში დატოვებდა ჟვანიას გუნდის წევრებს? ასეთი კი დღევანდელ მთავრობაში უამრავია. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან არიან ჩახუტებული.