,,24 საათი” 2003 წ. 22 ნოემბერი. გვ.  A3.

 

 

 

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადება

 

ჩემი  დღევანდელი განცხადებით მსურს მივმართოთ მთელ ქართულ საზოგადოებას და, განსაკუთრებით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ყველა აქტიურ მონაწილეს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

           

უკანასკნელი თვეების მანძილზე მე შეგნებულად ვარიდებდი თავს ჟურნალისტებთან ურთიერთობას, მაგრამ დღეს შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც გაჩუმება, თავის შეფარება და სიტუაციისაგან იზოლირება მორალური დანაშაულია ჩემი ქვეყნისა და თანამოქალაქეების წინაშე.

           

ალბათ ყველას კარგად მოეხსენება, რომ მე არ ვიყავი ჩართული საპარლამენტო არჩევნების მზადებისა და ჩატარების პროცესში თუმცა, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და ქვეყნის ძალოვანი უწყებების კოორდინატორი, სრულად ვფლობ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა დიდი ხარვეზებით ჩაიარა, ადგილი ჰქონდა ხმის მიცემისა და დათვლის გაყალბების ფაქტებს. ამასთან, გაყალბებაში, ურთიერთგარიგებების გზით, შეძლების ფარგლებში ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა.

           

სამწუხაროდ, ამ არჩევნების მთავარ ,,მიღწევადშეიძლება ჩაითვალოს ტრანსპარენტულობის უპრეცედენტო დონე, რაც გამოიხატება სწორედ იმაში, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები დაუფარავად საუბრობენ გარიგებების გზით არჩევნების შედეგების შეცვლის მექანიზმებსა და მოდელებზე. ქვეყნის პრეზიდენტის ზურგს უკან ინტენსიურად წარმოებდა მოლაპარაკებები ვითომდა შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად, სინამდვილეში კი ყველა იღვწიოდა საკუთარი ვიწრო, ხშირად უკანონო ინტერესების დაკმაყოფილებისა და დაცვისათვის.

           

ყოველივე ამით ილახება საქართველოს სახეუკვე გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ქვეყნის, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის წევრის რეპუტაციას. შეიძლება დაიკარგოს ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ყველამ, და პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტმა, უმძიმესი შრომისა და წვალების ფასად ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ საერთაშორისო არენაზე. უფრო მეტიცუკვე სერიოზული საფრთხე შეექმნა ისეთი საციცოცხლოდ აუცილებელი სამომავლო პერსპექტივის რეალიზებას, როგორიცაა საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვნად ამოქმედება. ილახება საქართველოს პრეზიდენტის პირადი იმიჯი და მისი, როგორც ქვეყნის ყველა მოქალაქის კონსტიტუციური გარანტის როლი.

           

საპარლამენტო არჩევნები გადაიზარდა დაუფარავ ბრძოლაში თანამდებობების, სკამების შენარჩუნებისა და მოპოვებისათვის. რაც განსაკუთღებით საგანგაშოა, არსებობს როგორც ქართული სპეცსამსახურების, ასევე ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მიერ მოწოდებული და უტყუარი ინფორმაციები, რომ ამ ბრძოლაში რეალურად არსებობს სისხლის დაღვრის პერსპექტივა. საგანგაშო სიგნალები უკვე დიდ ხანია არსებობს და გროვდება, მაგრამ იმან, რაც უკანასკნელ დღეებში ხდება, ყველა ზღვარს გადააჭარბა. პრეზიდენტის ზურგს უკან წარმოებული გარიგებების შედეგად ქვეყანაში იქმნება ,,ყველა ყველასწინააღმდეგ სიტუაცია და ეს ყველაფერი, რაც საქართველოს წინააღმდეგ შექმნილი დიდი გეგმის ნაწილი შეიძლება იყოს, ხდება ქართველების მონაწილეობით, ქართველების ხელით და ქართველების სისხლის ფასად.

           

მინდა საჯაროდ მივმართო ყველას, ვის გეგმაშიც შედის სისხლიანი დაპირისპირებათუ ქვეყანა აირევა, თუ სისხლი დაიღვრება, ნურავინ იფიქრებთ, რომ რომელიმე თქვენგანი მიაღწევს დასახულ მიზანს და ვინმეს შერჩება უდანაშაულო ხალხის სისხლის ფასად მოპოვებული ძალაუფლება. არანაირი თანამდებობა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. მით უმეტეს ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მოხერხდება დაწყებული სისხლისღვრის სწრაფად შეჩერებათუ დაპირისპირება დაიწყო ეს იქნება ყოვლისმომცველი და ბევრად უფრო საშიში, ვიდრე იყო 10 წლის წინ. ჩვენ ყველას გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში კრიმინალურმა ძალებმა ერთხელ უკვე მოახერხეს პოლიტიკური პროცესების თავის სასარგებლოდ გამოყენება და ქვეყნის განუკითხაობაში ჩაძირვა. ასეთი ძალები და ამის ნიშნები უკვე არისამჯერადაც აქტიურად მუშაობენ ასპარეზის ხელში ჩასაგდებად.

           

ძალზე მაშფოთებს უკანასკნელ ხანს სულ უფრო ძლიერად გამოკვეთილი ტენდენციაც, როდესაც ქვეყნის მართავ და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა კონსტიტუციურად ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოების, არამედ პარტიული ნიშნით შექმნილი ჯგუფების თუ შტატების მიერ და, რაც განსაკუთრებით საშიშია, ეს ხდება პრეზიდენტის ზურგს უკან და მისი დეზინფორმირების გზით. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველო არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ან თანამდებობის პირს, საქართველო ეკუთვნის ხალხს, ჩვენს შვილებს და მათ შვილებს.

           

ასევე მიუღებელია ჩემთვის ეს ანტაგონიზმი, რომელსაც ამ უკანასკნელ ხანს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იჩენს პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ყველა კონკრეტული თანამდებობის პირის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ რიგითი პიროვნების შეფასება უნდა ხდებოდეს მისი ნამოღვაწარის და ქვეყნის საკეთილდღეოდ გაკეთებული საქმეების, და არა პარტიული კუთვნილების ან პირადი სიმპათიების საფუძველზე. პოლიტიკური მტრების ძებნამ და ,,კუდიანებზე ნადირობამშეიძლება დაგვაკარგინოს ის, რაც დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს და მისი პრეზიდენტის ძირითად მონაპოვრადსიტყვის თქმის უფლება. ვფიქრობ, ყველამ უნდა ისწავლოს ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელიც მუდმივად იძლევა კარგ მაგალითს, თუ როგორ უნდა სიტყვის თავისუფლებისა და პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემა.

           

აგრეთვე უკიდურესად შემაშფოთებელი და მიუღებელია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ეთნიკური თუ კულტურული ნიშნით მანიპულირება, იმის პროპაგანდა, რომ საქართველოში ქართველები უპირისპირდებიან რომელიმე სხვა ეროვნებასსაქართველო აბსოლუტურად თანაბრად ეკუთვნის მის ყველა მოქალაქეს, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური პოზიციის თავისუფლად გამოხატვის უფლება.

           

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მუშაობა შექმნილი ვითარების განსამუხტავად, რეალური პოლიტიკური დიალოგის დაწყება ყველასათვის მისაღები პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, იმ ხალხის დასჯა, ვისმა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ქმედებებმაც ამ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა, მისი პრეზიდენტი და არა ფსევდოპატრიოტული შეძახილები, ვითომდაც წინმჭვრეტი პოლიტიკური პროგნოზები და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივდება.

           

ქვეყანაში უნდა დამყარდეს სრული კონსტიტუციური წესრიგი. ხალხმა, ჩვენმა მოსახლეობამ, უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ქვეყანაში წესრიგის დამყარებისათვის. ამისათვის კი აუცილებელი წინაპირობაა, რომ ხელისუფლებამ, მისმა სამივე შტომ, მთელმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ბოლომდე გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და ყველამ გადადგას ადეკვატური ნაბიჯები.

           

ცხადია, ეს პირველ რიგში შეეხება ხელისუფლებას და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, მაგრამ მე ასევე მივმართავ იმ ხალხს, იმ პოლიტიკოსებს, საზოგადოების ძირითად ნაწილს, რომელიც დღეს, უბრალოდ, დაბნეულია და არ იცის, რა გზას დაადგესქვეყნის უსაფრთხოების მდგრადობა შერყეულია და დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები, იურისტები ერთად დასხდნენ და მოიფიქრონ სამართლებრივად გამართლებული გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან. აუცილებელია გავითვალისწინოთ იმ ათასობით და ათიათასობით ადამიანის ნება, ვინც შეურაცხყოფილია საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევებით და მათი ძირითადი კონსტიტუციური უფლების იგნორირებით, მაგრამ არ აკეთებს რადიკალურ განცხადებებს და არ მონაწილეობს ქუჩის აქციებში სამოქალაქო დაპირისპირებისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

           

ამ კუთხით, მივესალმები და მხარს ვუჭერ სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან გუშინ გაჟღერებულ წინადადებას, რომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა აუცილებლად დაიწყოს მუშაობა და იფუნქციონეროს მხოლოდ დროებით, ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე.

           

მინდა ასევე ხაზგასმით დავაფიქსირო, რომ მიუღებლად მიმაჩნია არაკონსტიტუციური გზით პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნა. აქ საქმე პიროვნებაში არ არის ლეგიტიმურობის წყვეტა უმძიმეს შედეგებს მოუტანს ქვეყანას. საქართველომ ჯერ კიდევ ვერ დაძლია ბოლომდე პირველი პრეზიდენტის არაკონსტიტუციური შეცვლის შედეგები. თუ იგივე განმეორდება ახლაც, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემაში უახლოეს 20-30 წლის მანძილზე მყარად დამკვიდრდება კონსტიტუციური უკანონობის სინდრომი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის .. ”ბანანის რესპუბლიკადგადაქცევა.

           

ვიცი, რომ პრეზიდენტი დღეს მძიმე ვითარებაშია და ინფორმაციულად იზოლირებული გარკვეულ პირთა ძალისხმევის შედეგად. ისიც ვიცი, რომ ხშირ შემთხვევაში შეგნებულად ხდება პრეზიდენტის რთულ მდგომარეობაში ჩაყენება. კატეგორიულად და მიუღებლად მესახება ნებისმიერი ძალის მხრიდან პრეზიდენტის შანტაჟირების მცდელობა და მისი დაყენება ისეთი დილემის წინაშე, როდესაც რაიმე პოლიტიკურმა კომპრომისმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს დაშლა მისი ერთ-ერთი ძირძველი კუთხის ჩამოშორების გზით.

           

მინდა მივმართო ყველა ჩემს მეგობარს ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, რუმინეთში, უზბეკეთში, ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანაშიშექმნილ კრიტიკულ ვითარებაში სწორედ თქვენი პოზიცია, თქვენი მონაწილეობა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი შექმნილი კრიზისის დაძლევაში. საქართველო არ უნდა იყოს არც პროამერიკული, არც პრორუსული და არც პროავსტრალიური საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს პროქართული და ემსახურებოდეს აქ მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანს.

           

ამ განცხადებით მე არ მაქვს იმის სურვილი, რომ ერის სულიერ ან პოლიტიკურ ლიდერობაზე გამოვთქვა პრეტენზია და ხმამაღალი მოწოდებები ვაკეთო. ჩემი ნაბიჯი არის იმ რიგითი ქართველი ადამიანის, რიგითი თბილისელის განგაშის ზარი, საზოგადოების ყურადღების მიქცევის მცდელობა არსებულ ვითარებაზე, რომელსაც ამ მომენტისათვის გარკვეული თანამდებობა უკავია და ფლობს ადეკვატურ ინფორმაციას. მე მინდა ვიყო მართალი ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის, ჩემი სინდისისა და ჩემი ოჯახის წინაშე.