|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ. 2.
ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,LINKS”-მა 4 იანვრის პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგი განახორციელა და გუშინ საკუთარი დასკვნა ჟურნალისტებს სასტუმრო ,,მარიოტში” წარუდგინა. ,,LINKS”-ის დამკვირვებელთა ჯგუფის დასკვნით, 2004 წლის პრეზიდენტის არჩევნების შედეგად, ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების ცვლილებიდან გამომდინარე, დიდი იმედი მიეცა, თუმცა ,,ეს იმედი მხოლოდ დემოკრატიის კონსოლიდაციის შემთხვევაში ხორციელდება”. ,,LINKS” – ის დამკვირვებელთა დასკვნით საქართველოში სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს პარლამენტის არჩევნები, რათა ქვეყანა ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოთი იქნას უზრუნველყოფილი. ამასთან, როგორც ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელთა ჯგუფი ირწმუნება, გამორიცხულია საქართველოში პარლამენტის არჩევნების ჩატარება,თუ არ მოგვარდება ზუსტი საარჩევნო სიების ფორმირების პრობლემა. მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველა საარჩევნო პროცესი კონტროლის სისტემის დახვეწას მოითხოვს და იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდეს, საქართველომ სრული შეუწყნარებლობა უნდა გამოუცხადოს საარჩევნო პროცესებით მანიპულაციას. ,,LINKS”-ის დასკვნით, საქართველო შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად, ,,თუ ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლების ცვლილება საარჩევნო ყუთებთან გადაწყდება, ეს არის ტესტი საქართველოსთვის, რომელიც მან ჯერ კიდევ უნდა ჩააბაროს”. |