ეთერ ბალაძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 4

 

 

 

უცხოეთის სახელმწიფოებმა დახმარებები შეგვიწყვიტეს

ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისს ხელოვნურად იწვევს

არასტაბილურმა სიტუაციამ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ეს განსაკუთრებით პურის ფასის გაზრდასა და ლარის კურსის დაცემაში გამოიხატება. მაგრამ ამ ფაქტს არ ადასტურებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს ხელისუფლებისაგან ხელოვნურად გამოწვეულს უწოდებს.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არანაირად არ ახდენს გავლენას ეკონომიკაზე. არაფერი ლარის კურსს არ ემუქრება. ლარის კურსი მუდამ სტაბილური იყო.

რეზერვები ქვეყანაში არსებობს. საუბარი იყო პურის გაძვირებასთან დაკავშირებით. ეს არასწორია, რადგან გვაქვს ამერიკული ხორბლის რეზერვი, რასაც შეუძლია დაარეგულიროს ფასები შიდა ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა და ცუდი ფსიქოლოგიური ფონია, დღეს ეკონომიკური დარგის მინისტრებმა ატეხეს განგაში. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა საშუალებას, დაიბეგროს მაღაზიები. მთავრობამ წარუმატებლობა ეკონომიკის სფეროში მიტინგებს დააბრალა, არადა, ოქტომბრის ბიუჯეტში 15 მილიონი იყო გარღვევა. იმისათვის, რომ საქართველოში დავარიგოთ ერთი წლის პენსია, საჭიროა 180 მილიონი ლარი. დაურიგებელია ოქტომბრის პენსია. ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ არის, რეგიონებში სექტემბრის პენსიაც არ არის დარიგებული. საქართველოს მთავრობამ თავისი პოლიტიკით ხალხს დაუკარგა 72 მილიონი ლარი, ასევე საქართველოს უარი უთხრეს ამის გამო სავაჭრო ორგანიზაციებმა. დარჩენილ ორ თვეში არ შემოვა არც ერთი დახმარება ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან. ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში. საქართველოში საბიუჯეტო ორგანიზაციებში 131 ათასი ადამიანია დასაქმებული. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების 50% ღებულობს 150 ლარს, რაც შეადგენს 72 მილიონ ლარს, მაგრამ ამასაც ვერ ღებულობენ. დაიკარგა ასევე მრავალი გრანტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვაძლევდა. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიდან მიღებული გრანტი, 40 მილიონი, ასევე არამიზნობრივად დაიკარგა, 16 მილიონი ჰოლანდიის გრანტი შეჩერებულ იქნა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბოლოოდ საქართველოს მთავრობამ დაგვაკარგვინა 150 მილიონი დახმარება. ის, რაც ეკუთვნოდა ხალხს, მთავრობამ დააკარგვინა.

- ბატონო რომან, ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკური კრიზისი? პურის ფასი უკვე გაიზარდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ისარგებლა დემონსტრაციებით და ახლა სურს, ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, დააბრალოს დემონსტრაციებს. საქართველოში შემოსული 30 მილიონი გრანტი დაიკარგა. 150 მილიონი დოლარის დახმარება მთავრობამ დააკარგვინა ხალხს. დასავლეთის სახელმწიფოები და სავალუტო ფონდი იმიტომ ეხმარებოდნენ საქართველოს (საერთო დახმარება 250 მილიონს შეადგენდა), რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარებულიყო და არა იმიტომ, რომ სამთავრობო ბლოკს გაემარჯვებინა. საქართველოში უამრავი დახმარება შემოდის დღესაც, დედაქალაქის შემოსასვლელები ორი კვირაა დაკეტილია და არ ატარებენ სურსათს. ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისს ხელოვნურად იწვევს.

- ამჯერად შეწყვეტილია სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებები?

როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ის მაინც თავს ვერ იმართლებს. მას არ შემოაქვს საქონელი დედაქალაქში, რათა ხელოვნური კრიზისი გამოიწვიოს. მთავრობის უნიათობის გამო საქართველოს ყველა მეგობარმა სახელმწიფომ ბოიკოტი გამოუცხადა.

დახმარებები შეწყვეტილია არა იმიტომ, რომ ქვეყანაში არის არასტაბილური სიტუაცია, არამედ იმიტომ, რომ სავალუტო ფონდი და საერთაშორისო ორგანიზაციები დარწმუნდნენ, საქართველოში არის კორუფცია, მათი დახმარებები არ მიდის მოსახლეობამდე და არ არის შესრულებული ის სოციალური პროგრამები, რომელიც უნდა შესრულებულიყო. არამიზნობრივად არის მოხმარებული ასევე შემოსული გრანტებიც. ახლა ხელისუფლება ხელოვნურად აძვირებს პურს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ორი თვის ხორბლის მარაგი მაინც არის. არც ერთი უცხოეთის სახელმწიფოს დახმარება არ შემოვა. მათ გამოგვიცხადეს ბოიკოტი, რადგანაც ქვეყანაში სრული განუკითხაობაა და არც ეკონომიკური პოლიტიკა არსებობს.