|
|
|
24 საათი. 2004წ. 5 იანვარი. გვ.1 ,,გაბრაზებულმა ხალხმა” თავისი მრისხანება ,,ვარდების რევოლუციის” დროს, ეტყობა, ბოლომდე დახარჯვა და 4 იანვრის საპრეზიდნტო არჩევნებზე პოლიტიკური ნება უკვე მშვიდად, უემოციოდ, გააზრებულად გამოხატა. ამით რევოლუცია ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, - გუშინ ქვეყნის მოსახლეობამ საქართველოს პრეზიდენტად ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აირჩია.
არჩევნების შედეგების ,,კანონიზებისთვის” ძალიან დიდი მნიშვნელობა ქავს დამკვირვებლების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებსა და შეფასებებს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ თითქმის ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. თითქმის ყველა ერთხმად აღიარებს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას, მართალია, დარღვევბი იყო, მაგრამ, - არა არსებითი ხასიათის.
,,რაიმე სერიოზულ ინციდენტსა და ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც უპრეცენდენტო ამბავია საქართველოს უახლეს ისტორიაშიდარღვევების უმეტესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან დაუდევრობისა და არაორგანიზებულობის შედეგია, - აცხადებს ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი თამარ ჟვანია.
დაახლოებით იგივე მოსაზრება გააჩნიათ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრებსაც. ქეთი ხუციშვილის თქმით, 4 იანვრის არჩევნები მაქსიმალურად კანონის დაცვით ჩატარდა. ტექნიკური ხასიათის ხარვეზების ჩამოთვლასთან ერთად, იგი ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები და დამკვირვებლები კარგად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა, ზოგიერთი დარღვევა თავიდან ყოფილიყო აცილებული.
გუშინდელი არჩევნებით ცესკოს თავმჯდომარეც კმაყოფილია. ,,არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდა. მასობრივ, ორგანიზებულ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია,” – აღნიშნა გუშინ გვიან ღამით “არჩევნების მედია ცენტრში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პოლიტოლოგი გია ნოდია კი საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე დიდ ,,ნაკლად” იმას მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კონკურენცია, ფაქტობრივად, არ არსებობდა. რაც შეეხება არჩევნების ხარისხს, ნოდია აცხადებს, რომ არსებობდა სკეპტიციზმი, თითქოს შედარებით მოკლე დროში მაღალ დონეზე მისი ორგანიზება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა. |