,,24 საათი”. 2003 წ. 30 დეკემბერი. A3.

 

 

 

ვარდებს რა დალევს საქართველოში...

"ჩვენ, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეები, აუცილებლად მივიჩნევთ საზოგადოების როლის გაძლიერებას ქვეყნის განვითარების პროცესში. ნებისმიერ განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება არის კანონიერებისა და დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი.

ვაფუძნებთ რა საზოგადოება "დარბაზს", ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში შექმნილ ნებისმიერ ვითარებაში ვიქნებით სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად საჯაროობის, კანონის უზენაესობისა და პიროვნების თავისუფლების ერთგული დამცველები, ვინაიდან ეს მოქალაქეობრივი კატეგორიები ადამიანთა თავისუფალი საზოგადოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს," - 9 დეკემბერს ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლების მიერ დაარსებულმა სამოქალაქო საზოგადოება "დარბაზმა" გუშინ აღნიშნული დეკლარაციის ტექსტი ერთხმად მიიღო.

"დარბაზის" წევრთა შეკრება ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში შედგა.

"4 იანვარს, სულ რომ საუკუნის თოვლმა დაფაროს ეს მადლიანი მიწა, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ. ოთხ რიცხვში სახლში ჯდომა დიდი დანაშაულია," - შეხვედრაზე ამგვარი სულისკვეთება სუფევდა. ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ ახალი ქვეყნის მშენებლობაში.

"საქართველოში ვარდების მეტი რა არის, უკვე არსებობს იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ამიტომ ნებისმიერმა მინისტრმა თუ სხვა თანამდებობის პირმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მუდამ ფხიზლად ვიქნებით," - აღნიშნა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა ვანო კიღურაძემ.

გუშინდელ შეკრებას წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებული ელდარ კურტანიძე და ნინო სალუქვაძეც ესწრებოდნენ.

"დარბაზმა" უკვე აირჩია მთავარი საბჭო: ნანა ალექსანდრია, მსახიობი ნინო ბურდული, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი, მოქანდაკე გოგი ოჩიაური, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე, რეჟისორი გიორგი შენგელაია, აკადემიკოსი ვანო კიღურაძე, მწერალი ვახუშტი კოტეტიშვილი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი, იურისტი დავით უსუფაშვილი და პოეტი დათო მაღრაძე. "დარბაზის" საპატიო პრეზიდენტად მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე აირჩიეს.