პრაიმ-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ.  8.

 

 

"ვირქი" რადიკალურ ოპოზიციას ურჩევს, თავი შეიკავონ

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი პარტია "ვირქის" ლიდერი დავით რსტაკიანი "ამაზრზენს" უწოდებს დემოკრატიის გადარჩენისა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვის ლოზუნგებით ეროვნული უმცირესობების თემის წამოწევას, რომლებსაც, მისი თქმით, გარკვეული ძალები ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში ითრევენ.

მისი თქმით, შეიძლება ვინმე მართლაც ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას საკუთარი მიზნებისათვის, მაგრამ რეგიონის მოსახლეობა პროვოკატორების არ აყვება. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში აბსოლუტურად მშვიდი სიტუაციაა. ამავე დროს, როგორც დავით რსტაკიანმა აღნიშნა, იგი ეთანხმება ოპოზიციას იმაში, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და ამომრჩეველთა ძალიან დიდმა ნაწილმა არასწორი სიების გამო ხმის მიცემა ვერ შეძლო, მაგრამ ამჟამად საჭიროა შეცდომების გამოსწორების ცივილიზებული მეთოდების ძებნა და არა სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება.

"ვირქის" ლიდერი სამართლიანად მიიჩნევს ხელახალი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, მაგრამ, მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდ ფინანსებს უკავშირდება, რისი საშუალებაც შეიძლება სახელმწიფოს არ გააჩნდეს. მისივე თქმით, თუ ოპოზიციას სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის სერიოზული განზრახვა აქვს, ამის გაკეთება 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტშიც შეიძლება, სადაც მათ არც თუ ისე ცოტა მანდატები ერგოთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე "პანიკაშია და ამიტომ ხელისუფლების აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძისთვის გადაცემას აპირებს".ტელეკომპანია "მზეს" პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია "სეპარატიზმის გაღვივება" ეროვნული უმცირესობების კომპაქტურად განსახლების ადგილებში.

მისი თქმით, სეპარატისტული განწყობების გაღვივება იგეგმება ქვემო ქართლში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს, და სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში, სადაც 62- რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. ხელისუფლებას განზრახული აქვს ამ ბაზის სამხედროების თბილისში გადმოსროლა და იგი უკვე შესაბამის მუშაობას ეწევა სამცხე-ჯავახეთის სომხურ მოსახლეობასა და რუს ოფიცრებში, თქვა მან.