|
24 საათი. 2003წ. 16 დეკემბერი. გვ.1-3.
გუშინ საქართველოში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანში თავად გააკონტროლა ამ პროცესის მიმდინარეობა და შემოვლის შემდეგ განაცხადა, რომ ,, პროცესი დაწყებულია და მიუხედავად გარკვეული სიძნელეებისა, იგი წარმატებით დასრულდება”.
საგულისხმოა, რომ გუშინ არ გახსნილა ყველა საუბნო საარჩევნო კომისიები. ეს ეხება როგორც თბილისს, ასევე რეგიონებსაც. ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესის შეფერხება იმანაც გამოიწვია, რომ გუშინ ბევრმა საუბნო საარჩევნო კომისიამ, დაკომპლექტების შემდგომ, პირველი სხდომა გამართა, რამაც რეგისტრაციის პროცესის შეფერხება გამოიწვია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეამოწმა საბურთალოსა და კრწანისის რაიონის რამდენიმე საარჩევნო უბანი. საერთო სურათით თუ ვიმსჯელებთ, გუშინ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი აშკარა შეფერხებებით მიმდინარეობდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამის მიუხედავად, ამომრჩევლები საარჩევნო სიაში ყველა წესის დაცვით გაატარეს.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, აუცილებელია, საუბნო საარჩევნო კომისიებმა დღეიდან სრულფასოვანი მუშაობა დაიწყონ. მისივე თქმით, ასევე საჭიროა, რომ ამომრჩეველმა თავისი სარეგისტრაციო ნომერი დაიმახსოვროს, რათა არჩევნებზე სიაში საკუთარი თავის პოვნა ამ ნომრის მიხედვით კომისიის წევრებს გაუადვილდეთ.
საკმაოდ რთულია დღეს იმის თქმა, ამომრჩეველთა რა რაოდენობა მივა საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის გასავლელად, თუმცა ისიც ცხადია, რომ მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა ამჟამად საკმაოდ მაღალია. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ,, 24 საათს” განუცხადეს, აქტიურია არა მხოლოდ დედაქალაქისა და დიდი ქალაქების ამომრჩეველი, ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რაიონში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, კომისიაში მიაჩნიათ, რომ წინასწარი რეგისტრაციის პროცედურას ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი პროცენტი გაივლის.
შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების მიზნით, მოქალაქეთა რეგისტრაციას 150-დან 21 დფეკემბრის ჩათვლით განახორციელებენ, 21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით კი სიების დაზუსტება მოხდება. |