|
24 საათი. 2003წ. 22 დეკემბერი. გვ. 3.
წინასწარი რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის პროცესმა 25 დეკემბრამდე გადაიწია. ,,მოსახლეობის აქტივობა ძალზე მაღალია და ყველამ რეგისტრაციის გავლა უნდა შეძლოს. ამასთან, ამის საშუალება იმ ამომრჩეველსაც უნდა მივცეთ, ვისაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჯერაც არ აქვთ აღებული,” – ეს ის მიზეზებია, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილს ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ უბიძგებს.
ასე რომ, დღეიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი ე.წ. პარალელურ რეჟიმში წარიმართება. ამომრჩეველთა უბნებზე მისვლას დაემატება კარდაკარ სიარულის პრინციპი, მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადაამოწმებენ. სიების ფორმირებაში ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და პოლიციის რაიონული განყოფილებების წარმომადგენლები.
,,დღეისთვის წინასწარი რეგისტრაცია900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა. თბილისში საარჩევნო უბნებთან რიგშიც კი დგას. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილება, წინასწარი რეგისტრაციის ტაობაზე, მართებული იყო,” – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ბუნებრივია, წინასწარ რეგისტრაციას რეგიონებშიც გადიან. გშინ ცესკო-ს თავმჯდომარე ამ პროცესის მიმდინარეობას რამდენიმე რაიონში გაეცნო.
ყველაზე აქტიური გორელი ამომრჩეველი აღმოჩნდა. დაახლოებით 55 000 ამომრჩევლიდან, რეგისტრაცია 32 000-მა გაიარა. ნაკლებად აქტიურობდნენ ქუთაისელები. როგორც გუშინ გაირკვა, საარჩევნო უბნებს მხოლოდ 25 000-მა ამომრჩეველმა მიაკითხა. არადა, სხვადასხვა მონაცემებით, ქვეყნის მეორე ქალაქში ამომრჩეველთა რაოდენობა 80-დან 166 000-მდე მერყეობს.
ამომრჩეველთა რაოდენობის თითქმის ნახევარმა საარჩევნო უბნებს უკვე მიაკითხა ხაშურსა და ზესტაფონში.
ხვალ ზურაბ ჭიაბერაშვილი აჭარაში მიემგზავრება. მართალია, აჭარის ხელისუფლებას ოფიციალურად ჯერაც არ გამოცხადებია საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ცესკო-ს ტვმჯდომარე მაინც ამბობს, რომ ადგილზე ჩასვლა აუცილებელია.
,,ამ გადაწყვეტილებას იურიდიული არგუმენტებით გამაგრება არ სჭირდება, მაგრამ მე გვითვალისწინე დღეს შექმნილი პოლიტიკური ფონი და, აქედან გამომდინარე, საქმის კურსში ჩავაყენე ცესკო-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი და რეგიონის ხელმძღვანელობა,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.
და კიდევ,როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ,,24 საათს” განუცხადა, 4 იანვარს იგი 75-ვე საარჩევნო ოლქში ე.წ. კომისრებს მიავლენს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იქნებიან. ,,ისინი ჩემი სპეციალური წარმომადგენლების სტატუსით ისარგებლებენ და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას ბოლომდე გულმოდგინედ გააკონტროლებენ,”- ასეთია საარჩევნო პროცესის მონიტორინგის კიდევ ერთი სიახლე. |