|
|
|
24 საათი. 2003წ. 22 დეკემბერი. გვ. 2.
,,წლის პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აკრედიტებულმა უცხოური მასმედიის წარმომადგენლებმა ,,წლის პოლიტიკოსად” დაასახელეს.
საქართველოს საერთაშორისო პრეს-ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრადიციულ წინასაახალწლო გამოკითხვაში 23 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც 21 დეკემბერს 36 წელი შეუსრულდა, 13 ხმა მიიღო.
,,ნაცმოძრაობის” ლიდერს მხარი დაუჭირეს: მარგარიტა ანთიძემ და ნიკო მჭედლიშვილმა (ორივე როიტერი), ირინა ბარამიძემ (,,კომსომოლსკაია პრავდა”), მიხეილ ჯინჯიხაშვილმა (,,ასოშეიტედ პრესს”), აკაკი მიქანაძემ (,,მოსკოვსკიე კომსომოლეც”), მაია თოფურიამ (,,ფრანს-პრესს”), თამარ ჩიქოვანმა (რადიო ,,სვობოდა”), თენგიზ აბლოთიამ (,,ბი ბი სი”), ნუგზარ კერესელიძემ (,,ნტვ”), ია ბერსენაძემ (,,რტრ”), ალბერტ ერემიანმა(,,გაზეტა”) და ვანო შლამოვმა (,,რენ-ტვ”).
ექვსი ხმა მიიღო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ.
მას მხარი დაუჭირეს: ქეთი ბოჭორიშვილმა და სულეიმან სულეიმანოვმა (ორივე - ,,ბი ბი სი”), მიხეილ რობაქიძემ (,,ორტ”), მიხეილ ვიგრანსკიმ (,,ვრემია ნოვოსტეი”, ,,ეფე”), ვერა წერეთელმა (,,კულტურა”), და ეთერ კაკაბაძემ (,,ნეზავისიმაია გაზეტა”).
ორი ხმა მიიღო ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდმაძემ. მას მხარი დაუჭირეს პაატა ყურაშვილმა (,,აიფ-ნოვოსტი”) და მარინა კვარაცხელიამ (,,რია ნოვოსტი”).
ვახტანგ ლომთაძემ (,,ინტერფაქსი”) მხარი დაუჭირა საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ მაილსს.
ირინა ჯორბენაძე (,,რბკ”) თვლის, რომ არავინაა ღირსეული ,,წლის პოლიტიკოსის” წოდებისათვის. გამოკითხვა მეექვსედ ჩატარდა. ,,წლის პოლიტიკოსად” ორჯერ, 1998 და 1999 წლებში ედუარდ შევარდნაძე დასახელდა, ხოლო 2000, 2001 და 2002 წლებში, საქართველოში აკრედიტებული უცხოური მასმედიის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ,,წლის პოლიტიკოსად” აღიარებისათვის ღირსეული ფიგურა არ ყოფილა. |