ვერიკო თევზაძე.

,,24 საათი” 2003. 7 აგვისტო. გვ. A1-A3.

 

 

 

 

ხელისუფლება ცემა-ტყეპაზე გადადის

 

პოლიციის მიერ ნაცემი ,,კმარასაქტივისტი საავადმყოფოში მოათავსეს

    

- გაზულუქებულებო, მუქთახორებო, ჟანდარმებო... თქვენ გგონიათ, ყველგან და ყოველთვის თქვენ უნდა იბოგინოთ?

           

- თქვენი დედა... იმათი დედაც... ვინც თქვენ მხარს გიჭერთ!

           

- თქვენ გგონიათ, ის სასახლეები თქვენ გეკუთვნით... უბრალო ხალხის ზურგზე მოიწყეთ ცხოვრება!

           

- იმათი დედა... ვინც თქვენს გვერდით დგას!

           

- გარეცხილები ხართ სინდის ნამუსისაგან, ასე გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ ამ ქვეყანაში...

 

უსირცხვილოებო, ჯერ ქალს სცემეთ, მერე ადამიანს თავზე გადაუარეთ, თქვენ მთელ საქართველოს გადაუარეთ!

           

- უარესის ღირსები ხართ, თქვენი დედა...

           

- ქალებს მაინც მოერიდეთ, კაცებთან შარვლებს ივსებთ...

           

- თქვენი დედა... იმათი დედა... ყველას დედა, ვინც ვერ ისვენებს...

           

- უსირცხვილოებოოოო!

           

ეს ,,დიალოგი გუშინ მაჩაბლის ქუჩაზე შედგა. ერთ მხარეს ფორმიანი და ,,უფორმო პოლიციელები იდგნენ, მეორე მხარეს ,,კმარას მხარდამჭერები, რომლებიც მაჩაბელზე პოლიციის მიერ ნაცემ ახალგაზრდებს გამოექომაგნენ. რომ არა დათო ტურაშვილი, მაია ნადირაძე, ლაშა ბუღაძე და კიდევ რამდენიმე პიროვნება (მოგვიანებით მათ ნოდარ ნათაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ნოდარ ეფრემიძეც შემოუერთდნენ), რომელთაც პოლიციამ ანგარიში გაუწია, შესაძლოა, წესრიგის ,,დამცველებს ერთ ერთი ,,კმარელი გოჩა ჩხეტია ხელში სემოკვდომოდათ. პროფესიულ სამოსში გამოწყობილი პოლიციელების გვერდით მრავლად იყო სამოქალაქო ტანსაცმლიანი, გამორჩეულად კუნთმაგარი ახალგაზრდობა. ქალაქის ადმინისტრაციული პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ სალაძე უმცროს კოლეგებს გაკავებული ჰყავდათ, ამაოდ მოუწოდებდნენ სიმშვიდისაკენ. ,,თქვენ მასწავლით, თქვე ჩემა როგორ უნდა მოვიქცე”, - ყვიროდა გაცხარებული სალაძე.

           

პროცესმა, რომელიც მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტით დასრულდა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან აიღო სათავე. ,,კმარას აქტივისტებისგან შემდგარი გრძელი, ცოცხალი მწკრივი სადენზე ასხმული ნათურებით იტო გაფორმებული, რაც იმას გვაუწყებდა, რომ საპროტესტო აქცია ,,თელას-რაოეს-ის თემას ეძღვნებოდა. თითოეულ ,,კმარელს გულზე სასტვენი ეკიდა. კოლექტიური სტვენის გამაყრუებელ ხმას დროდადრო საყვირი და დაფდაფი ენაცვლებოდა. ხმაურს პროცესიაში შემთხვევით მოხვედრილი მანქანების საყვირები კიდევ უფრო აძლიერებდა. ტროტუარზე გამოფენილ მოქალაქეებს ერთ-ერთი ,,კმარელი გაოცებას არ აცლიდა: იგი ცელულოიდის მოზრდილი პარკიდან პატარა საინფორმაციო ფურცლებს არიგებდა და თვალებგაფართოებულ ადამიანებს ანონსის სახით მოკლე ინფორმაციას აწვდიდა.

           

პარლამენტის შენობის წინ ,,კმარელებმა შავად შეღებილი ფანერის კუბო დაასვენეს. კუბო ასვატიანი ნათურებით აავსეს და შემდეგ მიწა მიაყარეს: ,,საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა დასამარდა,” ამგვარ კომენტარს იძლეოდნენ ღონისძიების ორგანიზატორები.

           

კანცელარიასთან აქციის მონაწილეებს რიცხობრივად მათზე უფრო მეტი პოლიციელი დაუხვდათ. პოლიციელთა კორდონმა ,,კმარელებს გასაქანი არ მისცა. კორდონის ოდნავ გარღვევა მაინც მოხერხდა, ,,კმარელები ბორდიულზე ჩამოსხდნენ. ,,ფრთხილად, გოგოებო, საკვერცხეები არ გაგეყინოთ”, - პოლიციელებმა აგრესიის გამოვლენა ლაზღანდარობით დაიწყეს. აგრესიამ თანდათანობით იმატა: კანცელარიიდან ლეონიძის ქუჩაზე რომ გადაინაცვლეს ,,კმარას აქციის მონაწილეებს პოლიცია მუქარით აცილებდა: ,,ყველანი უნდა გაგჭყლიტოთ კაცმა, უნდა გაგსრისოთ, ამის ღირსები ხართ თქვენ!” შემდეგ მოხდა ინცინდენტი მაჩაბლის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე აქტივისტი სცემეს. ბოლო გოჩა ჩხეტია, რომელიც ნაცემ გოგონას მიეშველა, გაჭყლეტას ბეწვზე გადაურჩა. შეიძლება ითქვას, რომ იგი სიკვდილისაგან დათო ტურაშვილის თავგამოდებამ იხსნა. ,,კმარას ორგანიზატორთა ინფორმაციით, ჩხეტია ქალაქის პირველ საავადმყოფოში მოათავსეს.

           

,,კმარა”, - წამიერად დაიგრუხუნა ბოლოს თბილისის მოღრუბლულმა ცამ და წვიმამ წამოუშინა წმიმამ ერთდღიანი ვნებათაღელვა ჩააცხრო, საერთო პოლიტიკური ამინდი კი უცვლელი რჩება: საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება დღითიდღე იძაბება. გუშინდელმა ინცინდენტმა ცხადყო, რომ საარჩევნო ციებ-ცხელებაში ხელისუფლება იმდენად კარგავს წონასწორობას, რომ მოჩვენებით ცივილურობასაც ვერ ინარჩუნებს. შერყეული ძალაუფლების განმტკიცებას ხელისუფლება პოლიციურად აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თამაშის არანაირი წესების დაცვა არ სურს და, თუ საზოგადოება ამის ნებას დართავს, ყველაფერზე წამსვლელია.