თამარ ხორბალაძე

,,24 საათი”. 2003 წ. 8 ნოემბერი. გვ. A1-A2

 

 

 

 

ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს

სახელისუფლებო ბლოკში სიტუაცია    არ შეცვლილაგუშინ ბლოკის ლიდერები სახელმწიფო კანცელარიაში დილიდან შეიკრიბნენ და მომავალი მოქმედების სტრატეგიასთან დაკავშირებით, დახურულ კარს მიღმა, საკმაოდ ცხარე დისკუსიებიც გამართეს.

,,24 საათი” უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ბლოკის შიგნით პოზიცია ორად გაიყო: უფრო ,,ლიბერალურად” განწყობილი ფრთა, როგორც ამბობენ, თანაბლოკელებს პარლამენტში თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზული პარტიის ,,შეშვებას” სთავაზობდა. მათი ლოგიკით, ბარიერის გადალახვის საშუალება, ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, უნდა მიეცათ არა მხოლოდ ,,აღორძინების”, ,,ლეიბორისტების” და ,,ნაციონალებისათვის”, როგორც ამას უფრო რადიკალური ფრთა მოითხოვს, არამედ მათთან ერთად ,,ბურჯანაძე-დემოკრატების”, ,,ახლების” და ,,მრეწველებისათვის”.

           

ამ ჯგუფის აზრით, საკუთარი ანუ ხელისუფლების პოზიციის ლობირება პარლამენტსშიდა გარიგების წყალობით უნდა მოხერხდეს, რის საშუალებასაც ზემოთ მოხსენიებული ,,ყველა პოლიტიკური ძალის მომცველი” პარლამენტი უდავოდ მისცემთ.

           

ამთავითვე ცხადია, რომ პირველობას არ თმობს სახელისუფლებო ბლოკი – ეს განწყობა ბლოკში საერთოა, მიუხედავად სხვა საკითხებში აზრთა სხვაობისა. მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში ,,აღორძინებაც”. როგორც კანცელარიის კულუარებში ამბობენ, ,,გაბერილი” ციფრების წარმოდგენაზე ,,ვიზა” ასლან აბაშიძეს თავად ედუარდ შევარდნაძემ მისცა. უკვე ეს ორი ძალა, მაჟორიტარების გათვალისწინებით, სახელისუფლებო ,,გათვლით” შედგენილ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაგვარებლად, სავარაუდოდ, საკმარისი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ არც პრეზიდენტის მესამე და შემდგომი ვადებით არჩევა, არც მისი გაპრემიერმინისტრება და არც თანამდებობის შთამომავლობით გადაცემა საქართველოში გამორიცხული არ იქნება.

           

ნათელი ხდება, რომ დაპირისპირება სახელისუფლებო ბლოკში უფრო შიდაბლოკური ინტრიგის სახეს ატარებს, ვიდრე – გონივრული გადაწყვეტილების სურვილით განპირობებული კამათისა.

           

,,რბილი პოზიციის ,,მატარებელი” სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაჟა ლორთქიფანიძის ფიგურა, რომელიც პარლამენტში ზემოთ მოხსენიებული ძალთა ბალანსის მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის რეალური კანდიდატია. სწორედ მან განაცხადა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ ,,არავითარი გარიგებები ოპოზიციასთან არ მიმდინარეობს და პარლამენტში 10-მდე პოლიტიკური პარტია მოხვდება.”

        

შემთხვევითი არ არის, რომ აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს და განსაკუთრებულად მწვავედ რეაგირებს შექმნილ სიტუაციაზე ლევან მამალაძე, რომელსაც ასევე აქვს პარლამენტის სათავეში მოსვლის სურვილი და რომელსაც მის შანსი მით უფრო უმცირდება, რაც უფრო მეტი სუბიექტი შევა პარლამენტში.

           

სწორედ ამიტომ, იგი ორი დღეა, პრაქტიკულად აღარ მალავს თავის პოზიციას და ბლოკის სიების გადახედვის მომხრეა.

           

,,ისეთი ადამიანები, ვინც შანტაჟის ქვეშ ექცევა და რაღაც შიშის გრძნობა აქვს, ჩვენს რიგებში არ უნდა იდგნენ. ასეთი ადამიანები კი, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ბლოკის სიებშიც არიან,” – აღნიშნა მამალაძემ, თუმცა მან კონკრეტული სახელების ხმამაღლა წარმოთქმისაგან თავი შეიკავა.

           

და ბოლოს: ,,24 საათის” ინფორმაციით, ორი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეკრებილმა უშიშროების საბჭომ ძალოვნებს ოპოზიციის წინააღმდეგ რადიკალური ქმედების განხორციელების სანქცია თითქმის ერთხმად მისცა.