შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 2.

 

 

 

ხელისუფლება ვალდებულია ხალხზე იფიქროს

დღეს გია ყარყარაშვილი შესაძლოა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შეუერთდეს. დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელმაც საკუთარ მხრებზე გამოსცადა სამოქალაქო ომის სიმძიმე, შეეცდება დაარწმუნოს ოპოზიცია, რომ რადიკალური ზომებისაგან თავი შეიკავონ. რადიკალური ზომა მათ უკვე მიიღეს და გუშინ საღამოს ცხრა საათიდან შიმშილობის აქცია დაიწყეს, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ასლან აბაშიძემ და ედუარდ შევარდნაძემ ერთმანეთთან ბათუმში ტკბილად წაიჭუკჭუკეს.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ამგვარი მოქმედებები საზოგადოებას კარგს არაფერს მოუტანს. ნათქვამია, ჭირი გამონაცადს ჰკითხეო და ყარყარაშვილმა ალბათ სხვაზე უკეთესად იცის ის სიმწარე, რასაც სამოქალაქო ომი ჰქვია.

 

მართალია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევას არავინ აპირებს, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურები გარკვეულ მზადყოფნაში იმყოფებიან. მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი ზღვისპირა ქალაქში თავის ახალ მარჯვენა ხელს ასლან აბაშიძეს უზიარებდა გულისნადებს, სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრა-შეხვედრაზე ეწყობოდა. იქ თავს იყრიდნენ როგორც ძალოვნები, ასევე სახელისუფლებო ბლოკის წევრებიც. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მივიდა გია ყარყარაშვილიც და ისეთი განცხადება გააკეთა, რომელმაც სამთავრობო ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი კინაღამ შოკში ჩააგდო. თუმცა მას ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც ნორმალური ადამიანი უნდა გაეოცებინა.

 

"მე არ მაინტერესებს, რას საუბრობენ პოლიტიკური ლიდერები. მე ვიცი ის, რომ მიტინგზე ზის ხალხი, რომელთაც აქვთ პრობლემები და ისინი ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ხელისუფლება კი ვალდებულია მათი პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს", - აღნიშნა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

 

მისი აზრით, დაუშვებელია ხელისუფლებამ მომიტინგეების მიმართ გულგრილობა გამოიჩინოს. მით უმეტეს, რომ ის ადამიანები წვიმაში სხედან და დაშლას არ აპირებენ. ყარყარაშვილი არც იმით არის გაკვირვებული, რომ ის ადამიანები საკუთარ არჩევანს იცავენ. მას სჯერა, რომ ხელისუფლება რაღაც ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს, რომელიც არსებულ დაპირისპირებას გაანეიტრალებს.

 

მართალია ოპოზიციამ შიმშილობის აქცია უკვე დაიწყო, მაგრამ ისინი დიალოგზე უარს ნამდვილად არ ამბობენ და თუ საქმე-საქმეზე მიდგა, მაშინ შეიძლება დათმობაზეც კი წავიდნენ, თუკი, რა თქმა უნდა, ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გია ყარყარაშვილი შესაძლოა ახლო მომავალში მომიტინგეებთან მოლაპარაკებაზე მივიდეს. ამ მიტინგზე კი სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლებს სტვენით ხვდებიან. თუმცა ყარყარაშვილს ალბათ აღარავინ დაუსტვენს, მით უფრო, რომ მომიტინგეთა ბელადმა ანუ მიხეილ სააკაშვილმა ბედნიერი სახით აუწყა მომხრეებს, რომ გია ყარყარაშვილი მათ აქციას იწონებს. სააკაშვილმა, სხვათა შორის, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი აფხაზეთის ომის გმირია. თუმცა იმავე სააკაშვილს საკმაოდ ხშირად ავიწყდებოდა ხოლმე ყარყარაშვილის წარსული, მაგრამ ახლა ალბათ ასეთ წვრილმანებზე გამოკიდების დრო არ არის, რადგანაც თუ ვითარება არ გამოსწორდა, საქმე შესაძლოა სისხლისღვრამდე მივიდეს. ეს კი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

 

მართალია გუშინ გია ყარყარაშვილს უცნაური არაფერი უთქვამს, მაგრამ თბილისში მაშინვე გაჩნდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ის სახელისუფლებო ბლოკს გაემიჯნა. "მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამ ბლოკს გავემიჯნე. მე ამ ბლოკის შემადგენლობაში ვრჩები, მაგრამ ვაცხადებ, რომ ხალხის მოთხოვნა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს", - აღნიშნა ყარყარაშვილმა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი მართლაც ასე იქნება.