|
|
|
ეთერ ბალაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ. 6-10.
ხელისუფლებამ მკვდარი სულებით მოიგო არჩევნები ინტერვიუ ბესო ჯუღელთან - ბატონო ბესო, არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა, მანამდე კი ოპოზიცია შეტევაზე გადადის და ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას. რა არის ამის მიზეზი, ის ხომ არა, რომ ოპოზიციამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ზეწოლით სურს ამის გაკეთება? - დავიწყოთ იმით, რომ ჯერ არ დამთავრებულა ხმების გადათვლა, ოქმების მიხედვით, პარალელური დათვლებითა და ეგზითპოლების მიხედვით ნაციონალური მოძრაობა პირველ ადგილზეა, მიუხედავად უზარმაზარი გაყალბებისა, რომელიც ხელისუფლებამ მოახდინა, დაახლოებით 7-8%-ია ცდომილება, ნაციონალური მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ დათმობს პირველ ადგილს. - თქვენ მოითხოვთ პირველ ადგილს? - კი არ მოვითხოვთ, ჩვენ გვინდა დაფიქსირდეს ობიექტური რეალობა, გარდა ამისა, ჩვენ სხვა ოპოზიციური ძალებისთვის, ბურჯანაძე-დემოკრატებისათვის, ერთობისათვის და სხვა ძალებისთვის სამართლიანობის აღსადგენად ვიღებთ პასუხისმგებლობას, წესრიგი დავამყაროთ საქართველოში. - ეგზითპოლების გათვლები სხვა შედეგებს აჩვენებს, ხოლო ცესკო კი - სხვა შედეგებს, მიგაჩნიათ, რომ ცესკოზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა? - ზეწოლა არის არა მარტო ცესკოზე, არამედ ბევრ პოლიტიკურ პარტიაზე, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, ხელისუფლება ზეწოლას ახდენს თითოეულ ადამიანზე, რომელსაც მან ხმა მიაცემინა ზეწოლის შედეგად. - თქვენ ამბობთ, რომ თქვენ სხვა ოპოზიციური ძალებისათვისაც იბრძვით, მაგრამ სხვა ოპოზიციური ძალები არ არიან ერთიანი და არ არიან თქვენთან ერთად, თუნდაც ლეიბორისტები და ახალი მემარჯვენეები? - გეთანხმებით, ჩვენდა სამწუხაროდ, ახლა გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არის სამი ძლიერი ოპოზიციური ძალა - ნაციონალები, ბურჯანაძე-დემოკრატები და ერთობა. ჩვენ ამ ოპოზიციურ ძალებს არ დავტოვებთ მარტო ბრძოლის ველზე. - თვლით, რომ ამ ზეწოლის შედეგად არჩევნების შედეგებს შეცვლით, არჩევნებზე, რომელიც არაორგანიზებული იყო, ათასობით ადამიანი დარჩა ხმის უფლების გარეშე, თავიდან თქვენ მოითხოვდით, რომ არჩევნების შედეგები იქნეს ბათილად ცნობილი, ახლა კი თქვენ არჩევნების შედეგების თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას მოითხოვთ? - ჩვენ უნდა მივაღწიოთ სამართლიანობას ამ უსამართლობაში, ხელისუფლებამ ჩაატარა ეს არჩევნები არასამართლიანად, ახლა ჩვენ ჯერ ვითხოვთ ჩვენი წილი სამართლიანობის დადგენას, ხოლო მერე კი ჩვენ მოვითხოვთ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ნაციონალები ვართ პირველ ადგილზე, რომ გადალახა 7%-იანი ბარიერი ბურჯანაძე-დემოკრატებმა, ასევე ჯუმბერ პატიაშვილს მისცენ ის ხმები, რაც მოიპოვა, როცა ჩვენ ამას საზოგადოებას დავუმტკიცებთ, ამის შემდეგ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან, დემოკრატიული არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ამის შემდეგ ქვეყანა შვებით ამოისუნთქავს, ამის შემდეგ იქნება საუბარი ძალთა გადანაწილებაზე, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, დემოკრატიულად რომ ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება აიღებს 2,6 %-ს. - თქვენ დაგეგმილი გაქვთ კვლავ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ დადგინდეს ზუსტი მონაცემები; თუ თქვენ ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს, მაშინ რა მოხდება, დღეს შს მინისტრი აცხადებდა, რომ თუ საჭირო იქნება, ოპოზიციის წინააღმდეგ ძალასაც გამოიყენებს. - ხელისუფლებას რომ ჰქონდეს იმის იმედი, რომ მას მხარს უჭერს საზოგადოების 10% მაინც, ჩვენ მაშინ, რასაკვირველია, შიშის გრძნობაც გაგვიჩნდებოდა, შიშის გრძნობა, მოგეხსენებათ, ცხოველური გრძნობაა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების 97% მხარს არ უჭერს ხელისუფლებას, ჩვენ კი მთელი საქართველო გვიჭერს მხარს, ეს გვიქარვებს შიშის გრძნობას. დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება პროვოკაციის გარდა ვერაფერს მიაღწევს, შეიძლება რამდენიმე პიროვნებამ გამოიყენოს იარაღი, მაგრამ არც რიგითი პოლიციელი, არც სხვა ძალოვანი ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, დესტაბილიზაცია, რომელსაც ქადაგებს ხელისუფლება, გამოწვეულია იმით, რომ შეაშინოს ხალხი, მაგრამ ქართველმა ერმა გამოიღვიძა, მას აქვს ღირსების გრძნობა და ერი ამ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, ეს იმ ხროვისათვის არის საშიში. - მაინც რა ძალით აიძულებთ ხელისუფლებას დათმობაზე წავიდეს? - ხელისუფლებამ ბოლო მონაცემებით მოიპარა დაახლოებით 22%, მაგრამ ამას არ ვედავებით, ჩვენ ვედავებით ოპოზიციის მიერ აღებულ ხმებს, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციას ხმები მოპარა, ის დააბრუნოს. - ბატონო ბესო, თქვენ იყავით ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც დიდი წინააღმდეგობები გქონდათ. - საშუალოდ თითოეულ უბანზე ვიგებდი 240-250 ხმას, რომელიც აბსოლუტურად საკმარისი იყო პირველივე ტურში, ხელისუფლების ბლოკის წარმომადგენელი საშუალოდ ერთ უბანზე 30-დან 40 ხმამდე ღებულობდა, 27 უბანში მე ვაჯობე ხელისუფლების წარმომადგენელს უზარმაზარი უპირატესობით, 28-ე დახურულ უბანში სამთავრობო ბლოკის წარმომადგენელმა 439 ხმა მიიღო, ხოლო მე კი - 41 ხმა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს ალოგიკურია, ნებისმიერი ოქმი ნახეთ, სამთავრობო ბლოკის ღუღუნიშვილს რომ არ მიეთვისებინა 439 ხმა, მაშინ მე პირველივე ტურში გავიდოდი, მან ჩემი ხმები მიითვისა. - მკვდარი სულები მრავლად იყო? - რასაკვირველია, იყო, 1500 ხმა იყო მკვდარი სული, ხელისუფლებამ მკვდარი სულებით, ჯარისკაცებითა და ათასგვარი უზნეობით აიღო 1900 ხმა, ხელისუფლება მაინც საშინლად დამარცხდა ჩუღურეთში, მიუხედავად უამრავი გაყალბებისა. - ნაციონალებმა ამ არჩევნებში წარმატება მოიპოვეთ, ძალა, რომელთანაც არჩევნების წინ ვერ გამონახეთ საერთო ენა, არჩევნების შემდეგ გაერთიანდით, რამ გაიძულათ, თქვენ ამის გაჭირვება არ გქონდათ, თქვენ შეიცოდეთ ბურჯანაძე-დემოკრატები? - გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან გავაკეთებდით ალიანსს თუ იქნებოდა იმ საკითხებზე თანხმობა, ეს არის დაუსაბუთებელი ქონების უკან დაბრუნება, პენსიების გაორმაგება და მესამე მცირე ბიზნესის ორი წლით გათავისუფლება გადასახადებისაგან, მაშინ ჩვენ ვერ შევთანხმდით ამ საკითხებში და სამწუხაროდ, ვერ მოხდა ჩვენი გაერთიანება, ახლა ჩვენ გვინდა დავიცვათ შედარებით სუსტების ინტერესები, რომ არ დაიჩაგრონ ისინი და საერთოდ გვინდა დავიცვათ დაჩაგრული პარტიები, ჩვენ ერთად ვიქნებით პარლამენტში. - ასე რომ, გეგმავთ საპარლამენტო უმრავლესობად ჩამოყალიბდეთ ბურჯანაძე-დემოკრატებთან? - რასაკვირველია, ამაზეც არის საუბარი. - ცესკოს ვადა ხვალამდე აქვს მიცემული, თუ არ შესრულდება პირობა, რა მოხდება მაშინ? - ცესკო მოეგოს გონს, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, ცესკოს შეეძლოს თვალებში შეხედოს არა მარტო ნაციონალებს, არამედ ქართველ ერს რომ ჩახედოს თვალებში, ეს თხოვნა კი არ არის, არამედ ეს არის მოთხოვნა. |