ეკა კვესიტაძე

,,24 საათი”. 2003წ. 11 ნოემბერი. გვ. A5

 

 

 

ყურის აწევის მცდელობა თავისუფალი მასმედიისთვის

გუშინ ,,ლეიბორისტულმა პარტიამ”, ,,მრეწველებმადა ,,აღორძინებამ” ,,რუსთავი-2”- ერთსულოვნად გამოუცხადეს ბოიკოტი და განაცხადეს, რომ ამიერიდან ამ ტელეკომპანიის ეთერში გამოსვლაზე უარს ამბობენ. ამ ბოიკოტს არ შეერთებიან ხელისუფლება და ,,ახალი მემარჯვენეები”, თუმცა იგულისხმება, რომ ისინიც მათთან არიან.

           

,,რუსთავი-2”-ის მაყურებლისთვის ეს ბოიკოტი, შესაძლოა, ერთგვარი დროებითი შვება და არასრულფასოვანი ქვეყნის მოქალაქის კომპლექსისაგან გათავისუფლებაც კი აღმოჩნდეს, რადგან ყოველდღე ცოტნე ბაკურიას, რჩეულიშვილის, შარაძის და მათი მსგავსების ყურება არ მოუწევს. თუმცა, ეს ბედნიერება, საეჭვოა, დიდხანს გაგრძელდეს, რადგან დღეს ხელისუფლებასთან ღიად შეკრულ ,,ლეიბორისტებს”, ,,მრეწველებს”, ,,აღორძინებასდა მისთანებს ერთ დღეს ისევ მოუნდებათ ოპოზიციონერობანას თამაში და შევარდნაძის წინააღმდეგ ,,რუსთავი 2”-ის ეთერით განცხადებების გაკეთება.

           

თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მთავარი არ არის. მთავარი არის ის, ხელისუფლებას და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას თავისუფალი მედიისთვის უკვე ყურის აწევა მოუნდა. პირდაპირი მნიშვნელობით ამის დემონსტრირება გუშინ სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთმა რიგითმა ვინმე თამაზ გიორგაძემაც მოახდინა, როცა ,,რუსთავი-2”-ის ჟურნალისტის ყური აუწია და შემდეგ პანღური ამოჰკრა.

           

სახელისუფლებო ბლოკს და მის მეგობარ პარტიებს თავისუფალი მედიისთვის ყურის აწევის მცდელობა გუშინ გადატანითი მნიშვნელობითაც ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს, რომ ,,რუსთავი-2”-ის ეთერით გამოსვლაზე უარი ეთქვათ და ამით ტელეკომპანიის სანდოობისთვის დარტყმა მიეყენებინათ. რამდენად გამოუვიდათ მათ ეს მცდელობა, მაყურებლის გადასაწყვეტია.

           

რაც შეეხება თავისუფალი მედიისთვის პანღურის ამოკვრას, ამ სიამოვნებას ხელისუფლება, თავის მეგობრებთან ერთად, უკვე დიდი ხანია, ელოდება. ელოდება, რომ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ნანატრი დღე მაინც დადგებადღე, რომელიც ,,რუსთავი-2”-ის გარეშე გათენდება. მაგრამ მანამ, სანამ საქართველოში ხალხი ქუჩაში თავისუფალი სიტყვის და საკუთარი არჩევანის დასაცავად გამოდის, ნურავის ექნება იმედი, რომ ბოთლიდან ამომძვრალი ჯინის უკან ჩაბრუნება ასე იოლად მოხერხდება.