|
შორენა კოწოწაშვილი "ახალი თაობა " 20 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.
ზაზა შენგელია პრეზიდენტს დაუპირისპირდა ბოლო მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ სახელმწიფო ტელევიზიის მისამართით გამოთქმულ უკმაყოფილებას "ტელერადიოკორპორაციის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ გადადგომით უპასუხა. შენგელიას გადადგომა უხმაურო და შეუმჩნეველი ნამდვილად არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ განცხადებას თავისებური სამართლიანი ახსნაც მოუძებნა, ტელევიზიის თანამშრომლები მაინც უკმაყოფილების ტალღამ მოიცვა და მათი მხრიდან შენგელიას მისამართით საკმაოდ მკვეთრი ბრალდებებიც გაისმა. და მაინც, რა გახდა ზაზა შენგელიას გადადგომის მიზეზი? - ფაქტია, სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის მისამართით პრეზიდენტ შევარდნაძეს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება. მაგრამ ბოლო ფრაზებმა, როგორც ჩანს, ზაზა შენგელია აიძულა სახელმწიფო ტელევიზიას საბოლოოდ ჩამოშორებოდა. შევარდნაძისთვის კარგადაა ცნობილი, რომ შენგელიას გარკვეული წილი აქვს ტელეკომპანია "მზეში", რომელიც თურმე უფრო უკეთესად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვიდრე პირველი არხი. - ერთი არხი ხელისუფლებაზე მაინც უნდა მუშაობდეს. არ შეიძლება იქითაც იყოთ და აქეთაც. პირველ არხს მადლობას ვერ ვეტყვი. კეთილი ინებეთ და ისე იმუშავეთ, როგორც ეს სახელმწიფოს ინტერესებშია. განა ვერ ვხვდები, ვის როგორ დააჯენენ. ყველაფერი ეს ჩაფიქრებულია... - ასეთია შევარდნაძის პოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, არ ეთანხმება სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია, რომელიც აღიარებს, რომ მისვლის დღიდან ტელევიზიის რეფორმირებას ცდილობს. მართალია, ამ მიმართულებით გარკვეული დადებითი ცვლილებები არის, მაგრამ, შენგელიას თქმით, ეს არის მცირე, ამას თანხები სჭირდება და საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უწუნებს შენგელიას ნამუშევარს, ანუ ღიად უცხადებს, პირველი არხი ღიად არ მუშაობს სამთავრობო გუნდზეო. - არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები პრეზიდენტ შევარდნაძეს იმაში, რომ სახელმწიფო ტელევიზია არ არის სამთავრობო ტელევიზია. არხს განახლება სჭირდება. მე ვერ დავუშვებ, რომ ვუხელმძღვანელო ტელევიზიას, სადაც მარტო ცალმხრივი ინფორმაცია იქნება და არ იჭაჭანებს ოპოზიციური აზრი, - აღნიშნა ზაზა შენგელიამ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე. ზაზა შენგელია შორს არის იმ აზრისგან, რომ რაც მთავრობის სხდომაზე ითქვა, არის შემთხვევითი მოვლენა. მისი თქმით, ხშირად პრეზიდენტი გარკვეულ ვაკუუმშია. - პრეზიდენტის ირგვლივ არის გარკვეული ხალხი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრეზიდენტს ხშირ შემთხვევაში სწორი ინფორმაცია არ ჰქონდეს, - აცხადებს ზაზა შენგელია, თუმცა არც იმათ უკარგავს კარგ სამსახურს, ვინც შევარდნაძის გარშემო პატიოსნად და ობიექტურად მუშაობს. სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელმა ცალსახად დააფიქსირა, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში მხოლოდ სანახევროდ მოხერხდა სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივად გარდაქმნა. არადა, ამ პროცესის დასრულება შენგელიას მნიშვნელოვნად მიაჩნია და არც იმას მალავს, რომ დიდი სიამოვნებით იქნება კონსულტანტი ახალი ხელმძღვანელისთვის. - მხოლოდ საზოგადოებრივი ტელევიზია არის ჩვენი ხვალინდელი დღე, - აცხადებს პირველი პირის გასაგონად ზაზა შეგელია და იქვე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე ცხოვრობს. რაც შეეხება იმათ, ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ტელევიზია მოწოდების სიმაღლეზე არ არის და არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, მათ გასაგონად შენგელია აცხადებს, რომ ისინი ძალიან ცდებიან. "თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ეს ტელევიზია არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ძალია ცდება. მაგრამ ამ ტელევიზიას აუცილებლად სჭირდება გარკვეული კათარზისი", -აღნიშნა შენგელიამ და არ გამორიცხავს, რომ მისმა წასვლამ შეიძლება ეს პროცესი დააჩქაროს კიდეც. - ბ-ნო ზაზა, პრეზიდენტს შენიშვნა ადრეც გაუკეთებია თქვენი მისამართით. გადადგომის გადაწყვეტილება კი მხოლოდ ახლა მიიღეთ... - მართალია, ეს პირველი შენიშვნა არ არის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სახელმწიფო ტელევიზიის მიზნები არის სულ სხვა. ტელევიზიაში აუცილებელია განსხვავებული აზრის დაფიქსირება. მით უმეტეს, ამდენი ტელევიზიაა. ზუსტად ამ გზამ მიიყვანა 1991-92 წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომამდე. დღეს უკვე სხვა სიტუაციაა. უამრავი კონკურენტი არხია, რომლებიც ძალიან მდიდრები არიან და ტექნიკურად ბევრად უკეთესად აღჭურვილები. მათ შეუძლიათ უფრო მეტი აკეთონ. დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ განსხვავებული აზრი არ ჟღერდეს სახელმწიფო არხზე შეუძლებელია, ეს არის დროის სვლა და ამას ვერავინ შეაჩერებს. - სახელმწიფო მინისტრის ტელევიზიაში ვიზიტი რას უკავშირდება? - სახელმწიფო მინისტრი მოვიდა იმისათვის, რომ აზრი შევიცვალო. მაგრამ მინდა იცოდეს, რომ ეს არ არის ემოციისა და აფექტის პირობებში მიღებული გადაწყვეტილება. - თანამდებობიდან წასვლის შემდგომ სად აპირებთ მუშაობას? - არ ვიცი. (ელჩად, გუბერნატორად... - გაისმა დარბაზში ტელევიზიის თანამშრომლების მხრიდან). - ბ-ნო ზაზა, თქვენი ეს გადაწყვეტილება გარკვეული პროტესტია? - არა, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის პროტესტი. ეს არ ჯდება სახელმწიფო ტელევიზიის წესებში. მე აბსოლუტურად სხვაგვარად ვხედავ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ტელევიზიის როლს. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს დიალოგი გაგრძელებულიყო ტელევიზიაში. ახლაც მწამს, რომ ხვალ-ზეგ ამ პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა შეიძლება მოხდეს დიალოგით. გადატეხა მარტო ტელევიზიაზე არ უნდა მოხდეს. - პრეზიდენტმა თუ იცის თქვენი გადაწყვეტილება? - როგორც ვიცი, იცის. მე უბრალოდ მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამ ადამიანთან მომიწია მუშაობა. მიმაჩნია, რომ იგი დიდი პოლიტიკოსია. - პრეზიდენტს როგორ წარმოუდგენია სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობა? - პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს გარკვეულწილად არის სამთავრობო არხი. ასე რომ, სახელმწიფო ტლევიზიის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი მნიშვნელოვანწილად პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი ის რეაქციული ადამიანები არაიან, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ამ ეტაპზე ზაზა შენგელია ამ პიროვნებების გვარებს არ აკონკრეტებს. რაც შეეხება შენგელიას პოლიტიკურ ორიენტაციას, შენგელია აცხადებს, რომ არცერთი პარტიის წევრი არ არის, სრულიად აპოლიტიკურია და პირობას დებს, რომ აარცერთ პარტიაში არ შევა სიცოცხლის ბოლომდე. სახელმწიფო ტელევიზიის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელის საგანგებო ბრიფინგს ტელევიზიის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ შენგელიას გადაწყვეტილების გამო. - რა გააკეთეთ მოსვლის დღიდან ტელევიზიისთვის? ასე წასვლა არ შეიძლება! ისე არ წახვიდეთ, რომ რამდენიმე კითხვა დატოვოთ ისევ უპასუხოდ! - აცხადებდნენ თანამშრომლები, თუმცა მათ მოთხოვნებსა და უკმაყოფილების მიზეზებს შორის ყველაზე მეტ უკმაყოფილებას 12 მლნ-ის საკითხი იწვევდა, რომლის შეჭმასაც ტელემუშაკები შენგელიას აბრალებენ. - ეს ტელევიზია არის ხალხის გადასახადებით მომუშავე და ხალხის მიერ უნდა იმართებოდეს, - აცხადებს ზაზა შენგელია, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზიის ხსნად მხოლოდ მისი ტრანსფორმირება მიაჩნია. პრესკონფერენციის შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც ერთი მხრივ, 12 მლნ-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, მეორეს მხრივ, შენგელიასგან ითხოვდნენ იმ კითხვაზე პასუხს - თუ რატომ არ გადადგა იგი მაშინ, როცა ამას ტელევიზიის თანამშრომლები ითხოვდნენ. გადადგომის განცხადების გაკეთების შემდეგ შენგელიასთან პოლიტიკოსებისგან პირველი გიგი წერეთელი გამოჩნდა: - ზაზა შენგელია არის ჩემი მეგობარი. ის არის პროფესიონალი. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, საითკენ მიჰყავს პრეზიდენტს და მის გუნდს ეს ქვეყანა. არსებობს პოლიტიკა და არსებობს მეგობრობა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ორივე ერთადაა. - ბ-ნო გიგი, შენგელია აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური შეხედულებების მიზეზი არ არის... - შენგელია რას აცხადებს, ეს ერთი საკითხია. მე მიმაჩნია, რომ შევარდნაძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ... გასაგებია, სახელისუფლო ტელევიზია ვერ იქნება, ეს არის სახელმწიფო ტელევიზია და სახელმწიფო არ არის მარტო არც პრეზიდენტის და არც მარტო ერთი მუჭა მისი გუნდის. ინგა გრიგოლია - ყოფილი პირველი არხის ჟურნალისტი: - ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა და ეს არის შევარდნაძის გაგებით საერთოდ მედია და პრესა თავისუფლების გარეშე. პრეზიდენტის განცხადებამ, ვფიქრობ, თვალნათლივ აჩვენა, რამდენად არის ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან საერთოდ მედიაზე. იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია და რას ნიშნავს სამთავრობო არხი. მე ამ არხზე ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რასაც ნიშნავს ეს ზეწოლა. ეს არის ხალხის ფულით, გადასახადებით გაკეთებული ტელევიზია. პრეზიდენტს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ეს არ არის მართლა მისი ჯიბის ტელევიზია. როგორც ჩანს, პრეზიდენტი მაინცდამაინც ადეკვატურად ვერ გაერკვა ამ ბოლო დღეებში ტელევიზიაში განვითარებული მოვლენებით. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის გამაოგნებელი იყო სახელმწიფო ტელევიზიაზე ასეთი პრეტენზიის გამოთქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს განსხვავებული აზრი არ სჭირდება. დანარჩენ არხებს უბრალოდ ვერ აკონტროლებს, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით გააკონტროლებდა. ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების მთავარმა რედაქტორმა ანა აბრალავამ თავი ვერ შეიკავა შენგელიას განცხადების შემდეგ და ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება პრეზიდენტისადმი: "სად იყავით, ბ-ნო პრეზიდენტო, მაშინ, როდესაც ტელევიზიამ არაერთხელ მოგმართათ განცხადებით: მოგვაშორეთ ეს მუწუკი, რომელმაც შეჭამა პირველი არხის მთელი დაფინანსება"?! აბრალავა არც ოპოზიციის პოზიციით არის კმაყოფილი. მისი თქმით, წელიწადზე მეტია ბურჯანაძესთან დევს ტელევიზიის თანამშრომელთა განცხადება იმის თაობაზე, რომ დანიშნოს საპარლამენტო კომისია, ის დარღვევები და ის კრიმინალი, რაც ტელევიზიაში ხედბა, მხედველობის მიღმა არ დარჩეს. - სამწუხაროდ, მაშინ არც ოპოზიცია არ დაგვიდგა მხარში და არც პოზიცია", - აღნიშნა აბრალავამ. - ბინძურ ხალხს არ უნდა ჰქონდეს მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლება და ზაზა შენგელიამ არ დაიმსახურა ის, რომ აქედან როგორც გმირი, ისე წავიდეს. ეს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია გააკეთოს: ჩვენ ვიქნებით პატიოსანი ჟურნალისტები და არა სამთავრობოები, პატიოსანი ჟურნალისტები, რომლებიც სიმართლეს გადასცემენ, მაგრამ ბინძურმა ხალხმა დაანებოს ამაში მონაწილეობას თავი |