თეა თოფურია

”ახალი ვერსია”, 2003 წლის 24 – 30 ნოემბერი, გვ. 17.

 

 

 

ზაზა შენგელიას გადადგომა – პირველი ლურსმანი დიქტატურის კუბოზე

როგორ მიიყვანა შევარდნაძე საკუთარმა გარემოცვამ გადადგომამდე

 

სახელმწიფო ტელევიზია, ანუ პირველი არხი” სხვა ტელეარხებისაგან აშკარა სახელისუფლო მხარდაჭერით გამოირჩევა და ხალხში ნაკლებად პოპულარულია. რამდენიმე დღის წინ კი თავად ედუარდ შევარდნაძემაც განაცხადა, რომ პირველი არხი თურმე არც მას მოსწონს. ”მე მათ მადლობას არ ვეუბნები” – თქვა შევარდნაძემ. თუმცა, მადლობას ვინ ჩიოდა, როცა კვირას უკვე კრწანისის რეზიდენციაში გამოკეტილმა პრეზიდენტმა ”პირველ არხს” ლამის ”უყვირა” – ”თქვენ ხართ სახლემწიფო ტელევიზია და სახელმწიფოს ინტერესები უნდა გაატაროთ!”

 

შევარდნაძის არცთუ მოულოდნელი გამოსვლის შემდეგ ”პირველი არხის” ხელმძღვანელი, ზაზა შენგელია თანამდებობიდან გადადგა. იმავე დღეს გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა მისმა მეუღლემ კულტურის მინისტრმა სესილი გოგიბერიძემ. თუმცა, რამდენად ნაუცბათევი იყო მიღებული გადაწყვეტილება, ამაზე ”ახალ ვერსიას”თვითონ ზაზა შენგელია პასუხობს.

- თქვენი გადადგომა მხოლოდ უცაბედი პასუხი იყო პრეზიდენტის განცხადებაზე, თუ ეტაპობრივად მიდიოდით ამ დასკვნამდე?

 

- ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო აფექტის მდგომარეობაში გაკეთებული განცხადება. რამდენჯერმე მქონდა სურვილი, დამეტოვებინა თანამდებობა, - ბოლო პრიოდში, როდესაც მე უფრო მეტ და მეტ შენიშვნას ვიღებდი, რომ არა საკმარისად ვაშუქებდი სახელისუფლო პოზიციებს. თუმცა, არ მინდა ეს აღქმული იყოს, როგორც ჩემი და პრეზიდენტის დაპირისპირება. პრეზიდენტი ყოველთვის მხარში მედგა და ბევრი რამ ამ ტელევიზიაში სწორედ მისი ხელშეწყობით გაკეთდა. მე აქცენტს უფრო მის გარემოცვაზე ვაკეთებ.

 

- ბოლო პერიოდში დროის კერძოდ რა მონაკვეთს გულისხმობთ?

 

 - განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების პერიოდს.

 

- კერძოდ, ვისგან მოდიოდა და რა სახის იყო ეს შენიშვნები?

 

- მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. უბრალოდ, სურვილების დონეზე შენიშვნები იყო გამოთქმული ხალხისგან, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ტელევიზიის სპეციფიკაში. ტელევიზია ხელოვნებისა და ბიზნესის დარგია. მას თავისი წესები აქვს. მე მაქვს პრეტენზია, რომ რაღაც მესმის ამ სფეროში, ამიტომ მასეთ ადამიანებს ვეუბნებოდი, რომ ჩვენი თვალსაზრისით მენტალურად განსხვავდება; ძალიან შორს ვდგავართ ერთმანეთისგან; კი, მე პატივს ვცემ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენი აზრი შეინახეთ თქვენთვის.

 

- კერძოდ რას გთავაზობდნენ ისინი?

 

- ხელისუფლების პოზიცია უფრო მეტად, უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო გამოხატული. უფრო აქტიურები უნდა ვყოფილიყავით ამ პოზიციებთან მიმართებაში. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, ნათელია. ეს შეიძლება ასეც იყოს. ეს ნორმალურადაც შეიძლება ჩაითვალოს თუ იქნება მეორე, განსხვავებული აზრიც. ტელევიზორს მაყურებელი რთავს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პულტს არც სახელმწიფო ტელევიზია აწერია და არც ”რუსთავი 2”. ადამიანი უყურებს იმ არხს, რომელიც მისთვის მიმზიდველი და საინტერესოა. თუ ინტერესი დაიკარგა და მარტო მონოლოგები იქნა, ეს არაფერს კარგს არ მოიტანს.

 

- უფრო მეტად ვინ გიკავშირდებოდათ, გვარებს თუ დაასახელებთ?

- არა.

 

- ყოველი შემთხვევისთვის ისინი პრეზიდენტის გარემოცვიდან იყვნენ?

 

- დიახ. მე მინდა აქვე დავძინო, რომ თავად პრეზიდენტი განსხვავებულად ფიქრობდა. მას ყველაზე ნორმალურად ესმოდა და ესმის მასმედიის როლი. დღეს დამოუკიდებელი მედია რომ გვაქვს, ეს პრეზიდენტის დამსახურებაა. ამის არ დანახვა, უბრალოდ, ტენდენციურობა იქნება.

 

- მაშინ რამ მიიყვანა ბატონი ედუარდი იმ განცხადებამდე, რომელიც მან ტელევიზიით გააკეთა?

- გარემოცვამ. აი, იმ გარემოცვამ. ეს იყო საინფორმაციო ვაკუუმის შედეგი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არა აქვს დრო და არც არის ვალდებული, ყველა არხს უყუროს.

 

- ხომ არ გადაგიციათ ტელევიზიით რაიმე ისეთი, რამაც პრეზიდენტის გაბრაზება გამოიწვია?

 

- რა თქმა უნდა, მაგალითები კონკრეტულია, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი არ მსურს, რადგან, როცა გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე, გაცილებით გლობალურად შევხედე ამ ყველაფერს.

 

- ბატონო ზაზა, რა განწყობით გააკეტა შევარდნაძემ ეს განცხადება. ხომ არ იყო ეს მისი მხრიდან მინიშნება, რომ მას აქვს ”იმედი”, ”მზე” (თუმცა, მან ვერ გაიხსენა, ”მზე” ერქვა ტელევიზიას თუ ”მზერა”) და ”პირველი არხი” არაფერში სჭირდება. შესაბამისად უკვე შეუძლია მუშტებით ილაპარაკოს.

 

- არ მინდა, რომ ამ კითხვას ვუპასუხო.

 

- რამდენადაც ცნობილია, ”ღამის მზერას” წამყვენი ინგა გრიგოლია თავდაც განაწყენებული დარჩა პრეზიდენტის ამგვარი გამოსვლით. დაკიგავშირდათ იგი თქვენ?

 

- ინგა იყო აქ. საერთოდ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ბევრმა გაიზიარა ჩემი თვალსაზრისი. პრინციპში, ჩემი ნაბიჯი ადეკვატურად და კანონზომიერად იქნა აღქმული. თუმცა, მე არ მიძებნია და არც ვეძებ არანაირ გმირობას. ეს არც ყოფილა პროტესტი. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი გადადგომა ერთგვარი ზვარაკი იქნება იმისთვის, რომ ეს ტელევიზია მართლაც გახდეს საზოგადოებრივი. ამ ტელევიზიის ხსნა მხოლოდ საზოგადოებრივ სტატუსშია. ეს დაახლოებით იმ რანგის გარდაქმნაა, როგორიც სიკვდილით დასჯის გაუქმება, მიწის და სასამართლოს რეფორმა იყო.

 

- გაჩნდა აზრი, რომ ზაზა შენგელიამ და მისმა მეუღლმ, სესილი გოგიბერიძემ უბრალოდ არ ისურვეს, შევარდნაძის რეჟიმს გადაჰყოლოდნენ.

 

- კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. რამდენჯერმე დავაპირე წასვლა, მაგრამ მაინც ვრჩებოდი – ზოგჯერ პირადად პრეზიდენტისა და ზოგჯერ სხვის გამო. თანაც მე სულაც არ ვაპირებ პასუხისმგებლობას გავექცე. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. მართალია, არ ვფაპირებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში შესვლას, მაგრამ ყველაფერს ვიღონებ, რომ დღეს განვითარებული პროცესები ომამდე არ მივიდეს. ჩვენ თუნდაც ”პირველი არხის” სტუდიაში კიდევ უფრო მეტი დიალოგი რომ გვქონოდა, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

 

- ქალბატონმდა სესილიმ ”რუსთავი2”-ის ეთერით განაცხადა, რომ შესაძლოა გადადგომის შემდეგ სამეცნიერო მოღვაწეობას დაუბრუნდეს და უცხო უნივერსიტეტებთან ითანამშრომლოს. საზღვარგარეთ წასვლას ხომ არ აპირებთ?

 

- არა, მე ნამდვილად არსად მივდივარ. რაც შეეხება სესილის, მისი სადისერტაციო ნაშრომი ”ვეფხისტყაოსნის” ინგლისურ თარგმანებს ეხება და ინგლისის რამდენიმე უნივერსიტეტთან აქამდეც თანამშრომლობდა.

 

- თქვენ უკვე თქვით, რას არ აპირებთ, შეგიძლიათ ისიც თქვათ, თუ რას აპირებთ?

 

- ნამდვილად მინდა ოდესმე ჩემი საქმე გავაკეთო.

 

- კერძო ტელევიზია?

 

- დიახ, ალბათ.

 

- რა სახის იქნება ეს ახალი ტელევიზია?

 

- ვნახოთ, მე ახლა კონკრეტულად მზად არა ვარ. არც რაიმე შემოთავაზება მქონია. უბრალოდ, მე ჩემს თავს იმავე ამ სფეროს მივაკუთვნებ.