,მარიკა მჭედლიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. 8.

 

 

 

 

ზურაბ ჟვანიას პროტესტი ხელისუფლებისაგან თავის დაცვაა

 ზოგიერთი ადამიანი, უბრალოდ, ცხოვრებით არის უკმაყოფილო და იმიტომ შეუერთდა აქციას

ინტერვიუ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საერთაშორისო მდივან პაატა შეშელიძესთან

- ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები რამდენად იქნება ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევის საშუალება?

- სიტუაცია მართლაც ძალიან რთული და კრიზისულია, მაგრამ, არა მგონია, რომ ამ სიტუაციაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში არის ხსნა. არჩევნები საერთოდ არ არის გამოსავალი ნებისმიერი შემთხვევაში, მით უმეტეს, საქართველოში ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. მოთხოვნები ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ დასაბუთებული არ არის. თუ საარჩევნო დარღვევები მოხდა, მაშინ აუცილებელია ამის შესწავლა და გამოსწორება, თანაც, არჩევნები ყოველთვის უკეთესობისკენ სვლას არ ნიშნავს, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგად (ეს არჩევნები სამართლიანადაც რომ ჩატარდეს) შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ კომუნისტები ან ფაშისტები. მათ ყოველთვის რეალურად ჰყავთ ხოლმე მხარდამჭერები. არსებობს ფრიდრიხ ფონ ხაიეკის ნაშრომი ფაშიზმის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ დემაგოგი პოლიტიკოსისათვის ადამიანთა შეკრების მთავარი კრიტერიუმია გაერთიანება ნეგატიური პროგრამის გარშემო. ეს პროგრამა შეიძლება იყოს, მაგალითად, სიძულვილი წარმატებული მეზობლის ან სხვა ერისადმი. ყოველი ლიდერი, რომელიც მასებისგან უბრალოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას კი არა, არამედ უსიტყვო ერთგულებას ითხოვს, აუცილებლად იყენებს ადამიანთა შორის დაპირისპირებას და მტრის ხატს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოლშევიკებს, რომლებმაც 1917 წლის რევოლუცია მოახდინეს რუსეთში, მასების დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.

- თქვენ ფაშიზმი ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ოპოზიციასთან მიმართებაში ახსენეთ, მაგრამ ამ ოპოზიციასთან დაპირისპირებული ხელისუფლება, სახელისუფლებო ბლოკი და მათთან დამეგობრებული "აღორძინება" ქსენოფობიურ და არანაკლებ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ მისი მისამართით, როცა მასონობასა და არაქართველობაზე საუბრობენ.

- სამწუხაროდ, ეს ნამდვილად ასეა. "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო ბლოკში შევედით, კატეგორიულად ვგმობთ ასეთ მიდგომებს თუ განცხადებებს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგიით და დემოკრატიული ფასეულობებით ვხელმძღვანელობთ და წინააღმდეგი ვართ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის დაპირისპირებისა.

- ქუჩის აქციის მთავარი მიზანი რაში მდგომარეობს?

- პოლიტიკოსების მხრიდან ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაა, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან - ხმების დაცვა. ზოგიერთი ადამიანი, უბრალოდ, ცხოვრებით არის უკმაყოფილო და იმიტომ შეუერთდა აქციას. შეიძლება მათი ზოგიერთი ლოზუნგი სამართლიანიც იყოს, მაგრამ აქციის მონაწილეებს არა აქვთ ერის სახელით საუბრის უფლება. ჩვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დემურ გიორხელიძემ, ამას წინათ განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი გულწრფელია თავის პოზიციაში. ისინი არ იმსახურებენ ასეთ პირობებში ცხოვრებას და იყენებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, გამოაცხადონ თავისი პოზიცია, მაგრამ საქმე უფრო რთულად არის და ამ პროცესების მთავარი ორგანიზატორები არ ჩანან.

- ჟვანია და სააკაშვილი რამდენად შეთანხმებულად მოქმედებენ?

- ვფიქრობ, არსებული განსხვავებების თუ კონკურენციის მიუხედავად, ისინი გაერთიანდებიან. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს. ისინი ალბათ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც შემოიკრებენ.

- რომელ ძალებს გულისხმობთ?

- იგივე პატიაშვილის "ერთობას", სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებს, დამოუკიდებელ ადამიანებს. მათ გვერდით დგანან უშიშროებისა თუ პოლიციის გარკვეული ძალებიც. ძალიან ცუდია, რომ მიტინგის მონაწილეებს ალკოჰოლური სასმელებით ამარაგებენ და მათ ეგზალტაციას იწვევენ (საჭმელი დაურიგონ, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს). ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ასეთმა ეგზალტირებულმა ადამიანებმა მაღაზიის ვიტირინა ჩაამტვრიეს. მაღაზიის მეპატრონემ გაჩუმება არჩია, იმიტომ, რომ შეეშინდა. პარადოქსია, რომ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე და მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მართავენ პერმანენტულ საპროტესტო აქციას. მიტინგის მომწყობების ძირითადი ბირთვი ხელისუფლებაა. პოლიტიკურ ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატებსაც" მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ხელისუფლებასთან. არჩევნებისას მათ შორის მომხდარი გარიგებები ამის დადასტურებაა.

- რომელი გარიგებები გაქვთ მხედველობაში?

- ქუთაისში სახელისუფლებო ძალები აქტიურად მუშაობდნენ ნინო ბურჯანაძის გადეპუტატებაზე. "ბურჯანაძე-დემოკრატებმა" საარჩევნო ბარიერი ქვემო ქართლის ხმების ხარჯზე გადალახეს. აქაც, რა თქმა უნდა, ეს ორი ძალა შეთანხმდა. ამ გაერთიანებას რეალურად არ გააჩნია რეიტინგი. მიღებული ხმებიც მხოლოდ ნინო ბურჯანაძის დამსახურებაა. არჩევნებამდე "ბურჯანაძე-დემოკრატები" მოსახლეობას და პარლამენტის თავმჯდომარეს უქმნიდნენ იმის ილუზიას, რომ ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" პირველ-მეორე ადგილზეა.

- თუ ზურაბ ჟვანია ხელისუფლებასთან ასეთი გარიგებულია, რა მიზანი აქვს მის პროტესტს?

- არა მგონია, მას პრეზიდენტის ვადამდე გადაყენება სურდეს. შეიძლება მას თავისი გარიგებების მამხილებელი მასალების გამომზეურება აღელვებს და თავს იცავს.

- თქვენ, "ქრისტიან-დემოკრატები", დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოთ სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანებით.

- ეს ასეა. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ ჩვენი პრინციპების და იდეების განხორციელების შესაძლებლობის პირობა მივიღეთ, თუმცა უკვე ბევრი წანააღმდეგობა შეგვხვდა. იყო სხვა ლიდერების მხრიდან ჩვენი ლიდერის, ვაჟა ლორთქიფანიძის, ჩრდილში მოქცევის მცდელობაც.