24 საათი. 2003წ 1დეკემბერი. გვ. 1-3.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ცსკ-ის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

ახალი შემადგენლობის ცესკო- პირველი სხდომა

 

,,სამართლიანი არჩევნებისაწ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი გუშინვე შეუდგა საქმიანობას პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჭიაბერაშვილიმა ცესკო- პირველი სხდომა მოიწვია.

           

გუშინვე საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. მან უფლებამოსილება შეუწყვიტა კომისიის იმ ხუთ წევრს, რომელიც, თავის დროზე, პრეზიდენტმა ცესკო-ში მიავლინა და მათ ნაცვლად ახალი წევრები დანიშნა – ლევან სამხარაული, ზურაბ ნონიკაშვილი, ზაზა გოროზია, კარლო კვიტაიშვილი და ცესკო-ს ყოფილი იურისტი ელზა გულიაშვილი (სწორედ ელზა გულიაშვილი წარმოადგენდა ცესკო-ს მხარეს უზენაეს სასამართლოში გამართულ იმ პროცესზე, როდესაც ,,სამართლიანი არჩევნების” სარჩელი იხილებოდა. სასამართლო კოლეგიამ სრულიად დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი და ორი ნოემბრის პროპორციული არჩევნების შედეგები გააუქმა. სარჩელი სამართლიანად ცნო თავად ელზა გულიაშვილმაც. მას ცესკო-ს დასაცავად არც ერთი არგუმენტი არ წამოუყენებია).  

           

საგულისხმოა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ წევრთა უმრავლესობა, ელზა გულიაშვილის გარდა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდებიან და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები არიან. აქედან გამომდინარე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სრულ უპირატესობას ამჯერად უკვე ყოფილი ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები ფლობენ.

           

გუშინვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ცსკო-ს მდივნის თანამდებობაზე, ,,მოქკავსირელი” გიორგი მიქანაძის ნაცვლად, ,,ნაციონალი” დიმიტრი ქიტოშვილი დანიშნა.

           

სხვათა შორის, ცესკო-ს გუშინდელ სხდომაზე პოლიტიკური დაპირისპირების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. ამის ინიციატორი კი ,,აღორძინების” წარმომადგენელი გივი კომახიძე აღმოჩნდა.

           

საქმე ის არის, რომ ცესკო-ში ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს გადადგომის თაობაზე განცხადებები არ დაუწერიათ. როგორც გივი კომახიძე ამტკიცებდა, ამით დარღვეულია საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის თანახმად, კომისიის წევრთა უფლებამოსილება მას მერე წყდება, რაც კომისია მათ პირად განცხადებებს დააკამაყოფილებს.

           

გივი კომახიძის ამ მოსაზრებას დაეთანხმა ,,ახალი მემარჯვენეების” ახალი წარმომადგენელი ელდარ გოგიაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ,, ამ პრობლემის აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა მოხერხდეს, რომ ეჭვქვეშ არ დადგეს ახალი კომისიისა და შემდგომ, მის მიერ გამოქვეყნებული არცევნების ლეგიტიმურობის საკითხი. “

        

თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ელზა გულიაშვილი აცხადებს, მოქმედმა პრეზიდენტმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უფლებამოსილება შეუჩერა იმ პირებს, რომლის დანშვნის უფლება კანონმა მას მიანიჭა.

           

და კიდევ: გუშინ ცენტრალურმა სააჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ორი დღით გააგრძელა. დღეისათვის კი ცესკო-ში განაცხადი 13 კანდიდატს აქვს შეტანილი.

           

მათ შორის არიან: მიხეილ სააკაშვილი, როინ ლიპარტელიანი, გიორგი ყორღანაშვილი, იგორ გიორგაძე, ზურაბ ქელეხსაშვილი, ქართლოს ღარიბაშვილი, ბიძინა ხარიბეგაშვილი, ვაჟა ჩხაიძე, გია ჩხიკვაძე, სერგო აქსენტიევი, ხახა სიხარულიძე, ელენე ტეფნაზე, თემურ შაშიაშვილი.