ძიება გვერდზე


შეიტანე საძიებო სიტყვა


სოლომონ ლიონიძ: სამგლოვიარო სიტყვა ერეკლე მეფის დასაფლავებაზე
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

 

დღეს ქვეყანა აღსრული გულის წყრომისა ტახტსა ზედა იცხებს ყოვლად უფასოსა სისხლსა  - სახსარსა ქართველთა გვარისასა. ცამან მისტაცა ქვეყანას სიმდიდრე, ძლიერთა  - ძალი, ბრძენთა  - გონიერება, ერთა  - გვირგვინი, მხედართმთავართა და თვითმპყრობელთა  - სახელმწიფო ზრდილობა. დიდნო მეფენო! სტიროდეთ ახლად ქვეყნისა დიდებასა, სტიროდეთ ცუდად სოფლისა დიდებასა. ისმინეთ ესე სახსოვრად სასმინარი. მოკვდა უძლეველი მეფე  - და მზესა ქვეშე, იხილეთ, რამეთუ ყოველი ამაოა...

 

ადიდა გვარი თვისი, ადიდა სიმხნე თქვენ ქართველთა ცათამდე და აწ აღვიდა ანგელოსთა ღვთისა თანა. გარნა აქაც და მუნ ცხოველ არს იგი, რად სტირით, ძენო ობოლნო მამისაგანო?..

 

რად სტირი, სადავითოვ სახლო?!  როდესაც მეფის ირაკლის ბედნიერი ტახტზე ჯდომა გეღირსა, ყველა წინა საუკუნეზე უფრო იდიდე, უფრო ამაღლდი. უფრო გაბედნიერდი. ცანი ქუხილით გრგვინვიდენ ძალსა შენსა. სფერა ქვეყნისა გეძრწოდა ფერხთა ქვეშე. ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მხსოვარნი არიან. მზე და მთოვარე იმის ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან. დღისით მზე იყო მეწინავე სარდალი და ღამით  - მთოვარე. მეფის ერეკლეს გამარჯვებულს დროშას წინა უძღოდა. მტერთა სისხლით შეღებილი მთა და მინდორი მეფე ერეკლეს მოუთხრობდენ: ვის შეუძლიან დავიწყება. ვის მოსვლია კეისართაგან ტახტი, გვირგვინი, პორფირი?
მაგრამ, ხელმწიფევ, რად გვიხაროდა შენი ხელმწიფედ ცხებულება, თუკი სამკვდროს ზეთს იცხებდი. რად გინდოდა სახელმწიფო გვირგვინი  - პორფირი, თუკი დასამიწებელსა სუდარს გარს მოიხვევდი. რად გინდოდა ქვეყნის მაჩრდილობელი დროშა, თუკი მტერზედ გარდახურვილს შენის შიშის ფარდას ახდიდი, რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუკი დასამიწებელს საფლავს იშენებდი.
 

იგლოვდი, ქვეყანავ, რომელიცა უძვირფასესითა სპეკალი ამდიდრებ სიტყვიერთა, გარნა სიმდიდრე გრძნობათა და საცნაურთა, მეფე ერეკლე, შენსა სიღრმეში დაჰფარე, განკრთი, განკვირდი; სტიროდე, ცაო, რომ შენის სითალხისა და ვარსკვლავთაცა აბრაამისებრ განკვირვებით მხედველი მეფის ერეკლეს უმაღლესი თვალები საუკუნოდ დაბნელდა.

 

დაბნელდი, მზევ, რომელსა გაქვს მოსწავებული დაბნელებით ჭირის უფლობა, რომ მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა, მეფე ერეკლე, შენს ბრწყინვალებას ვეღარ ხედავს. ზეციურნო ძალნო,  აქამდის თქვენი დღესასწაულობით მასპინძელი, ახლა თქვენი სამღთო სტუმარი მეფე ერეკლე გესტუმრათ, თუმცა სამეფოს დიდებით ვეღარ ნახავთ, საფლავს ტუსაღი გევედრებათ, მაგრამ თქვენ, როგორც ქეთევან დედოფლის სისხლი,სისხლი ისე შეიწყნარეთ, ისე ისტუმრეთ, როგორც დიდს კონსტანტინეს,ისე მოეგებენით.

 

მაღალო და ძლიერო ღმერთო, დავაკლდით დავაკლდით ერნი ქრისტიანენი მემკვიდრესა პატრონსა და საზოგადოსა მამასა ძლიერსა და მხნესა მამაკაცსა, ჩვენ ვსტირით და მეფე ერეკლე, თავი განმგებელი ერისა, ხელი მზრდელი ობოლთა, მკლავი მომგერებელი მტერთა და გვამი შრომისა მოყვარე მისი საფლავში ირღვევა.

 

შენ გევედრები, იესო, სისხლით ცხებულს მეფის ერეკლეს კაცთმოყვარეს სულს ნუ შეაწუხებ, იმისაგან დაობლებულს საქართველოს მოხედე... რად გაათამამე გული ლომებრთა მემკვიდრეთა, თუკი სიმყარე უძლეველი მოეშლებოდი, რად გვასწავლე ზრდილობა მხედრობისა ვაჟკაცობითურთ, თუკი შენს წინ სისხლს არ დაგვაქცევინებდი?!

 

მე უღირსი შენგან მოწყალებით გაზრდილი, შენის კარგის ბატონყმობის ტრფიალი  სოლომონ, აქამდის რად მაცოცხლე, თუ ასე ოხრად დამაგდებდი?!
 

     

 

 

 

სადავითო სახლი  - დავით წინასწარმეტყველის მოდგმა, ბაგრატიონთა დინასტია. (ბაგრატიონები, ქართველთა რწმენით, დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად მიიჩნეოდნენ).

 

 

 

სპეკალი  - თვალი პატიოსანი, ძვირფასი ქვების საერთო სახელწოდება.
აბრაამი  - (= მამა მრავალთა), აბრაამისებრ  - ბიბლიური მამამთავრის აბრაამის მსგავსად.
 

ზეციურნი ძალნი  - ანგელოზები.


ქეთევან დედოფალი (1570-1624)  -  ქართველი წმინდანი. შაჰ-აბასის ბრძანებით აწამეს სპარსეთში. დიდი კონსტანტინე (285-337)  -  რომის იმპერატორი, კონსტანტინოპოლის დამაარსებელი.  გვამი - სხეული.
 

 

 

შენის კარგიდ  ბატონყმობის ტრფიალი - შენს ქვეშევრდომად ყოფნის მსურველი.