ძიება გვერდზე


შეიტანე საძიებო სიტყვა


დავით გურამიშვილი: სწავლა მოსწავლეთა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

 

1. ისმინე, სწავლის მძებნელო!  მოყევ დავითის მცნებასა,   
ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;  
თავს  სინანული სჯობია  ბოლოჟამ   დანანებასა,  -
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა. 
    სწავლის მძებნელი - ცოდნის მაძიებელი, სწავლისმოყვარე. დავითის მცნება
- დავითის შეგონება, დარიგება; აქ პოეტთან ერთად ბიბლიური დავით წინასწარმეტყველი, ფსალმუნთა ავტორი, უნდა იგულისხმებოდეს.  გემოვნება - გემო, სიამოვნება. ტაეპის აზრია: სწავლის პროცესი რთულია, მაგრამ შედეგი - სასიამოვნო, სასიხარულო. თავს - თავიდან, დასაწყისში. ბოლოჟამ - ბოლო დროს, ბოლოს. დანანება - აქ: სინანული. შვება - სიხარული. მიითვლი - ჩათვლი, მიიღებ. ვნება - აქ: ტანჯვა. შვებად მიითვლი ვნებასა - ტანჯვას სიხარულად ჩათვლი.
 

 

დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;
მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.  
 
რა შვასას - როცა გააჩენს. ჭირთ აღარ მოიხსენებსა - გასაჭირი აღარ გაახსენდება.
ძის სიხარული - შვილის გაჩენის სიხარული. ილაო - დაავადება, ნაწლავების
გადანასკვა, რასაც ახლავს გაუსაძლისი ტკივილი. მწიდნავი - მევენახე, რომელიც დამაგინებით (ვაზის ტოტის გადაწვენითა და მიწაში ჩაფლვით) აღმოაცენებს, ამრავლებს ახალ ვაზს. მოისთვლის - მოიწევს. ეგრეთ – ასევე, აგრეთვე. განისვენებს – მოისვენებს.
სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების   მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი. 
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.  
 
სიკვდიმდე - სიკვდილამდე.
მას გეცილების ვერავინ - მას ვერავინ წაგართმევს. არ არის გასაყოფელი -
არ გაიყოფა. თავისა გასაყოფელი - თავის გასაბმელი [მახეში].
გასტანჯავს წუთისოფელი - ცხოვრება დატანჯავს, გააწამებს.
   
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!
 
რაზომსაც დაეტარების - სადაც უნდა წავიდეს. ტაეპის აზრია: ცოდნა თან
დაჰყვება მცოდნეს ყველგან (სადაც კი დადის, სადაც უნდა წავიდეს).
უხილავი საუნჯე - აქ: ცოდნა. ხელი არ შაეკარების - ხელით ვერ შეეხები.
არც ცხადით ძალით წაერთმის - ვერც აშკარა ძალმომრეობით წაართმევ.
უხმარ არს - მოუხმარებელია, გამოუსადეგარია, გამოუყენებელია. ჭკუვა,
ჭკვა - ჭკუა. ტაეპის აზრია: თანდაყოლილი ნიჭი, ჭკუა უსარგებლოა განსწავლის,
ცოდნის გარეშე.
   
ჩემის უცებით შევატყევ,  ბრიყვთათვის რაც შემიტყვია:  
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!
ჩემის უცებით – ჩემი უვიცობით, განუსწავლელობით, უმეცრებით. შევატყევ
– შევატყვე, შევამჩნიე. ტაეპის აზრია: ჩემმა უმეცრებამ მომცა საშუალება, მივმხვდარიყავი, რა დღეში არიან სხვა უვიცებიც.
გარჩევით - გარჩეული, ერთმანეთისგან გამიჯნული.
სწავლის სიმოკლე – არასაკმარისი ცოდნა. ცალ-ცალკე ვერ გამიყვია
ერთმანეთისაგან ვერ გამირჩევია. ტაეპების აზრია: ავიც თვალწინ მაქვს და
კარგიც, მაგრამ მცირე ცოდნის გამო მათი გარჩევა არ შემიძლია. სიკეთისა და
ბოროტების გასამიჯნავად ცოდნა არ მყოფნის.
ჭკვიანი კაცი ბრიყვია – კაცი, რომელსაც ბუნებრივად, უფლისგან ბოძებული
ჭკუა აქვს, მაგრამ უსწავლელია.
   
ვით უსაჭურვლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, -
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.
უსაჭურვლოდ – უიარაღოდ. მამაცი - აქ: მებრძოლი. ომშიგან გულად ლომობდეს – ომში ლომივით, უშიშრად იბრძოდეს. გულ-ბრაზად – ბრაზიანად, გაშმაგებით. საწადი – სურვილი, საწადელი. ღონობდეს – დაღონდეს, დადარდიანდეს. ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს – ვერ აისრულოს, რაც უნდა. ვერ აისრულოს საწადელი.
   
ვსძებნე და ვერა ჰვპოე  რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს, დარჩების,  საუნჯე თან ექნებისა:
ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!
 
ჰვპოე - ვიპოვე. მჯობი ამ სწავლა-მცნებისა - ამ დამოძღვრაზე, სწავლებაზე,
დარიგებაზე უკეთესი.
ნებისა - ნებისად, ნებისამებრ. ტაეპის აზრია: ბრძენს შეუძლია თავის ნებაზე,
თავისუფლად იცხოვროს წუთისოფელში.
დარჩების - თავს ირჩენს, თავს შეინახავს. საუნჯე - აქ: ცოდნა, სიბრძნე.
მუხლთ არვის მოექნებისა - მუხლებზე არავის მოეხვევა (სამათხოვროდ
საქმეს არ გაიხდის).
   
ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა,
მოლაშქრე სისხლის ქცევითა,   მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა? 
ბრძენი სიტყვითა დარჩების – ბრძენი თავისი განსწავლულობით, ცონით ირ-
ჩენს თავს. მოლაშქრე სისხლის ქცევითა – მეომარი სისხლის ღვრით (ირჩენს თავს). შენა გწადს აწ რომელითა? – შენ რომელი ხელობით, რა გზით გინდა თავი
ირჩინო, შეინახო?
   
კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!  
სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან   ახია. 
ცუდის, ტყუილის მოზღაპრე  სიცრუის კანანახია, 
სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია.
კარგს საქმეზედა - სასიკეთო საქმისთვის. დასაძრახი - გასაკილავი, სამარცხვინო.
მოძებარი - მძებნელი. ახია - შესაფერისია, ჯეროვანია, სამართლიანია. ტაეპის
აზრია:
სწავლის მსურველი უნდა ეძიებდეს ცოდნას, (მას მასწავლებლის, მოძღვრის) მოსმენა, ცოდნის განმტკიცება შეეფერება. ტყუილის მოზღაპრე - ტყუილის, სიცრუის მთქმელი. კანანახი - გალობის დამწყები. სიცრუის კანანახი - სიცრუის წამომწყები. ტაეპის აზრია: მორცხვი - აქ: ზარმაცი. სწავლაზე ურჩი და მორცხვი - ვინც სწავლას თავს არიდებს.
   
 ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,
მალ გამთელდების უწამლოდ მისიწყლურების   ტკივილი,
რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექმნას ყივილი, -
უფთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი. 

ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი – სტროფი ეხმიანება ებრაელთა ბრძენი მეფის, სოლომონის, სწავლებას: ,,რომელი ერიდებოდის
კუერთხითა ძესა თვისსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ
სწავლინ" (იგავი 13, 24). ,,ნუ განაყენებ ჩჩვილთა ყრმათა სწავლასა; უკეთუ სცე მას
კუერთხითა, არა მოკუდეს. შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იხსნე სიკუდილისაგან" (იგავი 23, 13-14). ამავე აზრისაა წმინდა ბასილი დიდიც, რომელიც
თვლის, რომ ფიზიკური სასჯელის გამოყენება განსაკუთრებით იმ ყრმათა მიმარ-
თაა აუცილებელი, რომელნიც სწავლისას სულმოკლეობასა და უგულისყურობას
იჩენენ.  წყლურები - წყლულები, ჭრილობები. მოყვინჩლდეს – მოიზარდოს. ყვინჩილა - ზრდადაუმთავრებელი მამალი, მამლაყინწა.  ტაეპის აზრია: ფრთხილად იყავი, რომ [მერე] დასაჩივლი არ გაგიხდეს მისგან წყენა.

   
უწვრთელი ძაღლი მიხვდების  გარეთ სიცივით თრთოლასა, 
საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად   დაიწყებს წრწოლასა;
გასწავლებული   პატივით შტაქუნზე   შეიქს წოლასა,
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.
მიხვდების - მოუწევს. თრთოლა - ცახცახი.
პილწად - ბილწად. წრწოლა - ძრწოლა (დაძრწის), წოწიალი.
გასწავლებული - გაწვრთნილი. შტაქუნი - ლეიბი.
   
ძაღლი უწვრთელი  პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,
რომ  შვილი ბრიყვი, უცები, დედ-მამას განათავებსა?
უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,
გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა.
 უწვრთელი - გაუწვრთნელი.
რომ - როგორც. უცები - უმეცარი, უცოდინარი. განათავებს - ბოლოს მოუღებს, დაღუპავს. საქმეებსა იქს ავებსა - ცუდ საქმეებს ჩაიდენს.
   
პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერას ჰკადრებს წყენასა: 
ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა;
მშობელთა შვილი უწვრთელი   აროდეს მისცემს ლხენასა,
სულთა წარწყმენდას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა.
ჰკადრებს წყენასა - გაუბედავს საწყენს; აწყენინებს.
შვილი უწვრთელი - აღუზრდელი, უცოდინარი, განუსწავლელი შვილი. ლხენა - აქ: შვება, მოსვენება, სიხარული.
ტაეპის აზრია: (უმეცარი, აღუზრდელი შვილი) მშობლებს ამოაგდებს,
დააქცევს, სულიან-ხორციანად დაღუპავს.
   
უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და გარეშამოს ჰფარავს, 
ნადირს აფთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოპარავს; 
ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს!
თვით იქნების გასაკმარი,  ვინც ამ სწავლას გამიკმარავს. 
გარეშამოს ჰფარავს - გარემოს ყეფით იკლებს.
ძნელად რასმე მას მოპარავს - (ქურდს) გაუჭირდება რამე მოიპაროს.
მისჯარავს - დაკეტავს, მიხურავს.
გასაკმარი - დასაცინი. გაკმარვა - დაცინვა. ვინც ამ სწავლას გამიკმარავს -
ვინც ამ სწავლებას, დამოძღვრას არ მომიწონებს.
   
ყრმა სწავლაში მომშვიდდების,   რკინა ცეცხლში გარბილდების,
უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების; 
რიკ-ფაინის   დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების, 
სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!

მომშვიდდების - დადინჯდება, დამშვიდდება.

გაწბილდების - შერცხვება. აქ: გაიტანჯება, გაწამდება.

რიკ-ფაინა - რიკტაფელა, ჩილიკაობა (ბავშვთა თამაშობა ჯოხით). ჩაჰბილდების
- (ჯოხს) ააცდენს, დააცილებს, ვერ მოახვედრებს (თამაშის დროს). ტაეპის
აზრია:
ადამიანმა ყრმობის ასაკში უნდა ისწავლოს, თორემ შემდეგ გაუძნელდება.

   
ვით ძნიად  სწორი ბერფუყი  დაიგრიხების წნელადა,
ეგრეთვე კაცი მხცოვანი  განისწავლების ძნელადა,
ვით ახალმორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,  
ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს - გასაწვრთნელადა.

ძნიად - ძნელად. ბერფუყი - ბებერი, დაფუტუროებული (ხე).
მხცოვანი - ასაკოვანი, ჭაღაროსანი. მხცე - ჭაღარა.
ახალმორჩი ვაზისა - ვაზის ყლორტი, ახალამონაყარი შტო. საფურჩნელადა -
გასაფურჩვნელად. გაფურჩვნა - ზედმეტი რქისა და ფოთლების საჭიროებისამებრ
მოცილება.

   
 ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: 
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?
ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?
ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?

საცნობლად თავისადაო - საკუთარი თავის შესაცნობად, საკუთარი თავის
შესამეცნებლად. ტაეპის აზრია: რათა გააცნობიეროს, რომ უფლის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, გაიაზროს, რა არის მისი მისია ამ წარმავალ წუთისოფელში.
ტაეპის აზრია: ვინც (ღმერთმა) მიწისგან ადამიანის სხეული შექმნა და სული
შთაბერა, რას მიაგებს მას (ადამიანს) ამქვეყნიური ცხოვრების სანაცვლოდ.
რემა - აქ: `გაუხედნელი ცხენი~ (საბა). ხნარცვი - ორმო. ტაეპის აზრია:
გაუხედნავი, უმართავი ცხენივით ორმოში რომ არ ჩავარდეს; განუსწავლელი ადამიანი ცხოვრებისეულ დაბრკოლებებსა და საცდურებს ვერ გაუმკლავდება.