მოგესალმებით მარადიულ მდუმარებაში,
ძვირფასო ბატონო გალაკტიონ!
მოგმართავთ ხაზგასმული თავაზიანობით, რადგან თქვენ ჩემზე
დიდი ბრძანდებით როგორც ასაკით, ისე პოეზიის მნიშვნელობით!
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ! ღამეები მიტეხია თქვენი
ლექსების კითხვაში. თქვენ იმაზე ახლოს ხართ ჩემს სულთან,
ვიდრე წარმოიდგენდით ოდესღაც, რომ სრულიად უცნობ ადამიანს
ასე შეაყვარებდით თავს.
ვერასოდეს გავკადნიერდები და ვერ გაგიტოლებთ ჩემს
ნაწერ-ნაფიქრალს… თუმცა გამიგონია თითო-ოროლა ადამიანის
„კომპლიმენტი“ – გალაკტიონის ლექსებს გვაგონებს შენი
ლექსებიო…
თქვენ 1959 წლის მარტში გაფრინდით საუკუნო სასუფეველში!
იმავე წლის 30 აპრილს მოვევლინე ამ რთულ ყოფიერებას მე –
ჩემი არანაკლებ რთული და მგრძნობიარე ხასიათით!.. ამ ,
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თარიღთა ოდნავ მსგავსებას,
გავკადნიერდი და ლექსი მივუძღვენი… მხოლოდ ჩემთვის ვთქვი,
არავისთვის გამიზიარებია, ახლა კი გაგიმხელთ. თუ რა თქმა
უნდა არ დამცინებთ თქვენთვის დამახასიათებელი მსუბუქი
ირონიით. აი ისიც:
ცივ ქვაფენილზე როს გლოვის ზარს
რეკდნენ სიონი,
ჩემში ჩასახლდა პაწაწინა
გალაკტიონი.
„ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო“… იტყოდით ხოლმე ამაყად და
გაუყვებოდით თბილისის ქუჩებს იმაზე მეტად ნიჭიერი და
ფიქრით დატვირთული, ვიდრე აჩვენებდით გარშემომყოფებს.
მუდამ მტკივნეულად განიცდიდით ადამიანთა მზაკვრობას,
ქედმაღლობას, უნიჭობას, უმადურობას…
რამდენმა წელმა ჩაიარა თქვენს მერე და არაფერი, სულ
არაფერი შეცვლილა. ისევ ისე შურთ, ისევ ისე ქიშპობენ, ისევ
ძველებურად უთხრიან ძირს ერთმანეთს… არარა ხდება
გასაოცარი თითქოს, მაგრამ მე საშინლად მტკივა ეს ყოფა…
ისევე, როგორც თქვენ გტკიოდათ. ოღონდ თქვენ ღირსეული
სიმტკიცით აბიჯებდით მსგავს უმსგავსობებს. მერე რა თუ
მავანთათვის არ ჩანდა ყოველთვის მისაბაძი და
აღმაფრთოვანებელი თქვენი ქმედებები…
ჩემი ბარათის მიზანი არ არის თქვენი ზღვა – შემოქმედების
შექება – შეფასება. ამას ჩემზე უკეთ სხვები იტყვიან. მე
მინდა გაგიზიაროთ ის, რასაც გაგიზიარებდით უწინ ან ახლა,
ერთად რომ გვევლო მზისქვეშეთში.
არ დამიმალავს ჩემი ასაკი. მე უკვე იმდენი წლის ვარ, რომ
წესით და რიგით აღარაფერი უნდა მიკვირდეს… მაგრამ
გამოგიტყდებით, რომ ძალზედ სუსტი და მშიშარა გახლავართ. კი
დავიქადნე ერთ ლექსში – დროს მეამბოხე ქალად შევრჩები –
თქო, მაგრამ არ შემიძლია ვკითხო მავანს და მავანს: რატომ
ხარ ასეთი უტიფარი?.. რატომ გშურს სხვისი ნიჭი?.. რად
გენანება კეთილი სიტყვა შენივე მსგავსი ადამიანისთვის?…რად
უფრთხილდები და ზოგავ ღიმილს?..
არ ვიცი, სიბრიყვეა თუ ღირსება, როცა გიხარია სხვათა
წარმატება? როდესაც სიხარულით დაფრინავ სხვისი კარგი
ლექსის წაკითხვისას? როდესაც გასცემ უსაზღვრო რაოდენობით
სითბოს და ღიმილს, სანაცვლოდ კი პირქუშ, ამაყ, ამპარტავან
სახეებს ირეკლავს თვალთა გუგები?
მე ახლა სწორედ თქვენს ჭრილობას ვეხები, მაგრამ არა იმიტომ
რომ ტკივილი მოგაყენოთ… უფრო იმ იმედით, რომ თქვენ ჩემზე
ადრე გაიარეთ ეს ყველაფერი და ეგებ წამალიც იცოდეთ,
გათოშილ ი სულის სასალბუნოდ???
მიკიჟინებენ – სევდიანი ხარო!.. მე კი არ ვიცი, როგორ
დავმალო განცდები.
არცერთი პოეტი და მხატვარი, არცერთი ხელოვანი – რომლებიც
სიკვდილის მერე აღიარეს, მდიდარი და დალხენილი არ ყოფილა.
არავის ვეტოლები, მაგრამ შემინიშნავს – ხშირად უნიჭოებს
მეტად წყალობენ, ვიდრე ნიჭიერებს. რამდენი გენიოსი გავიდა
ამ ცხოვრებიდან ღარიბი, მშიერი, გულნატკენი… სიყვარულის
მაძიებელი… არავის დავასახელებ, რომ არავინ გამომრჩეს.
დიდი ხანია წერილი არავისთვის მიმიწერია… არადა ბავშვობაში
ძალიან მიყვარდა. როდესაც წერ, უფრო გულწრფელი ხარ
ადამიანი…ან იქნებ ვცდები? იქნებ ეს გულწრფელობა ისევ
შინაგანი სისუფთავიდან მოდის?.. „კოკასა შიგან მდგარი“
გადმოედინება „შავით – თეთრზე“??? აურაცხელი შეკითხვა
მაქვს დაგროვილი – ღმერთთან, ადამიანთან, სიცოცხლესთან და
ვშიშობ, ისე წამოვალ თქვენთან, ბატონო გალაკტიონ, რომ
ვერასოდეს ვიპოვნი პასუხებს!..
სხვა სხვანაირად მოგწერთ წერილს, თუ სურვილი ექნება… ალბათ
მეც შემეძლო სულ სხვა რამის თქმა თქვენთვის…
სათქმელ-გასამხელს რა დალევს ადამის ძისთვის? მითუფრო ისეთ
ბუმბერაზ პიროვნებასთან, როგორიც თქვენ ბრძანდებით.
კვირები, თვეები არ ეყოფა თქვენს მიერ დატოვილ საგანძურზე
საუბარს… მე კი ავდექი და ჩემი ამქვეყნიური სადარდელი
გაგიმხილეთ. სულგრძელად მომიტევეთ, ძვირფასო ბატონო
გალაკტიონ, თუ დაგირღვიეთ ღვთიური სიმშვიდე და მდუმარება.
გემშვიდობებით იმ იმედით, რომ ოდესმე, სადმე ,ცათა
უსაზღვროებაში წამით მაინც შეხვდებიან ჩვენი მთრთოლვარე
სულები.
კრძალვიანი სიყვარულით და პატივისცემით – მარიამი.
|