ძიება გვერდზე


შეიტანე საძიებო სიტყვა


გიორგი ლეონიძე: ყივჩაღის პაემანი
პროექტი:ბიბლიოთეკა სკოლას

 

ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს  ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც
ბადგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, 
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები
კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, 
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
 
    ყივჩაღი ანუ ყივჩაყი - თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენები. გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი დავით IV აღმაშენებელმა 1118 წელს საქართველოში 40 ათასი ყივჩაყი გადმოასახლა. აღმაშენებელმა ცოლად შეირთო ყოვჩაყთა ერთ-ერთი მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი. ყორღანი (თურქ. kurgan, რუს. курга́н, პოლ. kurhan) — გორასამარხის, უმეტესად ხის ოთახი, რომელიც შემდგომ მიწის ბორცვით იფარებოდა. სიტყვა ნაწარმოებია თურქული კურგანიდან რომელიც ითარგმნება როგორც ნაყარი, ბორცვი.  ყორღანი წარმოაგენს ქვების და მიწის მთას, რომელიც ერთ ან რამდენიმე საფლავზე აღიმართება.  ყაბარდო – დგილი ჩრდილო კავკასიაში. ხოდაბუნი – საბატონო დიდი ყანა. თავთუხი – ხორბლის ერთ-ერთი სახეობა. მისი ფქვილისგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი.  ბადაგი – ყურძნის წვენი. აქ: საუკეთესო ღვინო.

 

 

 

კელაპტარი – სასანთლე