ტიციან ტაბიძე:  ანანურთან (თამუნია წერეთელს) 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს: იურისტი, ახალგაზრდული საკითხების ექსპერტი, ბლოგერი მაია თარგამაძე

შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვისს
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს  ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

 
    ანანური – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე (XVI-XVII სს.) დუშეთის რაიონში. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ციხესიმაგრე არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. იგი კეტავდა ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას. 1743 წ-ს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ციხესიმაგრე სამეფო ხელისუფლებას  დაუქვემდებარა. თამუნია წერეთელი – პოეტის მუზა, აკაკი წერეთლის მეგობრის შვილი, აკაკის
ნათლული. თავის დროზე წარჩინებული ოჯახის შვილი XX ს-ის 20-იან წლებში ულუკმაპუროდ დარჩა. ამ დროს თბილისში ერთ-ერთმა მეცენატმა და კომერსანტმა (ქებაძემ) გახსნა მინერალური წყლების პავილიონი, სადაც თამუნიამ წყლის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. მთელი ქალაქი მის უჩვეულო სილამაზეზე ალაპარაკდა. ტიციანი გაცნობისთანავე მოიხიბლა თამუნიას მშვენებით და მრავალი ლექსი უძღვნა ამ ულამაზეს ასულს. ტიციანის გრძნობა არ განელებულა თამუნიას გათხოვების შემდეგაც, ხოლო ქალის ტრაგედიამ (სამშობიარო ტრავმის შედეგად ფეხი მოჰკვეთეს) შეძრა პოეტი და ეს ტკივილი მის ლექსებშიც აისახა. თეთრი და შავი არაგვი – მდინარეები, რომლებიც ანანურთან ერთმანეთს ერთვიან.
   
არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
 ისე გხატავდა თამარს ვრუბელი  .
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“, 
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

"ისე გხატავდა თამარს ვრუბელი" – ტიციანი გულისხმობს მიხაილ ლერმონტოვის "დემონის" ვრუბელისეულ  (მიხაილ ვრუბელი – რუსი ფერმწერი (1856-1910 წწ.).  )ილუსტრაციებს, რომლებშიც გამოსახულია აღნიშნული ნაწარმოების პერსონაჟი – ქართველი ქალი ტამარა (თამარი). მოდი-ნახე – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე იმერეთში (XVIII ს.), ერთ დროს ზვიადი და მტკიცე კედლები ახლა ჩამოშლილ-ჩამონგრეულია. მოდინახეს ციხე აკაკის პოეზიაშიც გვხვდება, როგორც სიმბოლო ეროვნული სულისა. პოემა "ნათელას" მთავარი პერსონაჟი, ულამაზესი, უსათნოესი ნათელა "ქალია ქველი წ ე რ ე თ ლ ი ს, პატრონი მ ო დ ი ნ ა ხ ი ს ა". თამუნიას გვარმა (წერეთელი) ტიციანს აკაკის უმშვენიერესი პერსონაჟი და მისი საგვარეულო ციხესიმაგრე მოაგონა, რაც ლექსს ისტორიულ-ლიტერატურული ასოციაციებით ამდიდრებს და შეფარვით წარმოაჩენს ულამაზესი ქალის არისტოკრატიზმს – გვაროვნულს, სულიერს...

   
ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის   ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური..

დემონი – სატანური, ბნელი, ბოროტი ძალაა, მაგრამ ხელოვნებაში ხშირად წარ¬მოდგენილია როგორც იდუმალი, ამოუხსნელი, მისტიკური ფენომენი, რომელიც შე-მოქმედებით იმპულსს აძლიერებს (შდრ. "გალაკტიონში არის არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია", ტერენტი გრანელი).