მიხეილ ბასილაძე: დაუმარცხებელი ასეული (შემოკლებით) იუნკერთა გმირობაზე ლეგენდები დადის

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს: ბიბლიოთეკარი ნინო კიკნაძე


  მეფის რუსეთის დროს თბილისში პლეხანოვის გამზირზე იუნკერთა  სასწავლებელი იყო, სადაც არმიისთვის ოფიცრებს ამზადებდნენ. ქართველ ოფიცერთა უმეტესობას სწორედ თბილისის იუნკერთა სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი ქართველ  იუნკერთა სასწავლებლად გადაკეთდა.     იუნკერი - საშუალო სამხედრო სასწავლებლის მოსწავლე, რომელიც ოფიცრობისათვის ემზადება.
         
  სასწავლებლის გახსნის ინიციატორი გენერალი გიორგი კვინიტაძე  იყო. 1919 წლის აგვისტოში იგი იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა. მასვე დაავალეს პედაგოგების შერჩევა და მსმენელთა ჩარიცხვა.      
         
  პირველ მიღებაზე, დაახლოებით 110 მსურველი გამოცხადდა. იუნკერთა საშუალო ასაკი 20-23 წელი იყო. ბევრ მათგანს საბრძოლო გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მათი უმრავლესობა კავკასიის ფრონტზე რუსეთის არმიის შემადგენლობაში ირიცხებოდა…      
         
  მომავალი ოფიცრები სკოლაში ცხოვრობდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკერებს ასწავლიდნენ როგორც სამხედრო, ისე საერო საგნებსაც, ამასთანავე, ავარჯიშებდნენ სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში.      
         
 

პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობა ნამდვილი პატრიოტი იყო. მათ იმდენად მცირე ხელფასს უხდიდნენ, რომ ფული ტრამვაის ბილეთისთვისაც კი არ ჰყოფნიდათ, მაგრამ სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ.

იუნკრებს ქართულ არმიაში გამორჩეული ადგილი ეკავათ. ეს იყო ყველაზე მოწესრიგებული და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი. ლამაზ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კურსანტები  საზოგადოებას უყვარდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სკოლის ჯარისკაცს სადმე წესრიგი დაერღვიოს. უცხოური დელეგაციის ჩამოსვლისას იუნკრებს, როგორც საჩვენებელ ნაწილს, საპატიო ყარაულში აყენებდნენ.

     

 

კურსანტი - სამხედრო სასწავლებლის მოსწავლე.

       

1920 წლის აპრილის მიწურულს, აზერბაიჯანის ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს გასაბჭოებაც გადაწყვიტა. 30 აპრილს XI არმიის მოწინავე ნაწილები საქართველოს საზღვარს მოადგნენ. პირველი შეტაკება ფოილოს სარკინიგზო ხიდთან მოხდა.

1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს სამხრეთში მდებარე ლორეს რაიონში ბოლშევიკებმა შეიარაღებული პროვოკაცია მოაწყვეს, რომელიც სახალხო აჯანყებად მონათლეს. "აჯანყებულებს" დახმარება სომხეთში დაბანაკებულმა XI წითელი არმიის ნაწილებმა გაუწიეს. ბოლშევიკებმა სწრაფად დაიკავეს ბორჩალოს მაზრა და შულავერი  აიღეს. წითლებმა საქართველოს აზერბაიჯანის მხარიდანაც შეუტიეს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

    XI არმია - წითელი არმია, რომელიც 1921 წ-ის თებერვალში შემოიჭრა საქართველოში, მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს ოკუპირება და გასაბჭოება. ფოილო - ადგილის სახელწოდებაა.

ბორჩალო - ადგილის სახელწოდებაა. მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მეფის რუსეთში. შულავერი - ადგილის სახელწოდებაა.

     
ომის პირველსავე დღეებში იუნკერებმა ფრონტზე გაგზავნა მოითხოვეს, მაგრამ თავდაპირველად უარი მიიღეს. კურსანტები სასწავლებლის უფროსის სახელზე პატაკებს ყოველდღე წერდნენ. შინაარსი ერთი და იგივე იყო: "ვინაიდან სკოლას ფრონტზედ არა ჰგზავნიან, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმავლინოთ მოქმედ ნაწილში".    
 
       
17 თებერვალს, დილის 5 საათზე, მოვიდა ბრძანება: "სამხედრო სკოლა საჩქაროდ გამოვიდეს ტაბახმელის პოზიციებზე". სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდა.    
     
იუნკერებს ფრონტზე მთელი ქალაქი აცილებდა. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა - ყველა გარეთ გამოსულიყო. მოქალაქეები მებრძოლებს ხილს, თუთუნს, ნამცხვარს და ტკბილეულს აწვდიდნენ. სკოლის კოლონას ცხენით გენერალი ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღოდნენ.    
     
17 თებერვლის ღამემ მშვიდად ჩაიარა. რუსების მაგივრად კურსანტებს სიცივე აწუხებდათ. ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა. იუნკერი მათიკაშვილი: "გვეცვა საზაფხულო სამოსზე თხელი, სითბოს მოკლებული პალტოები. დღისით ტანსაცმელი წყლით იჟღინთებოდა, ღამით ფიცარივით იყინებოდა და იარაღის ხმარებას გვიშლიდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საომარი სული მაღალი იყო. სანგრებში დამალვის ნაცვლად ხშირად სანგრების ნაპირზე ვდგებოდით ხოლმე. ხანდახან წრეს შევკრავდით და სიმღერა და ცეკვა წამოგვიწყია. ვმღეროდით: "ქართველო, ხელი ხმალს იკარ", "მუმლი მუხასაო", "გაფრინდი, შავო მერცხალო".    
       
ბოლშევიკებს ტაბახმელის პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათ.    
     

იუნკერები სანგარში იცვლებოდნენ, იარაღს წმენდნენ და ისვენებდნენ… 18 თებერვალს XI არმია ტაბახმელის ნაცვლად დედაქალაქის დაცვის ცენტრს - სოღანლუღთან გამაგრებულ ნაწილებს - უტევდა. თუმცა რუსებმა ფრონტის გარღვევა ვერ შეძლეს - კონტრიერიშზე გადასულმა ქართველებმა წითლების მთელი დივიზია გაანადგურეს და ტყვედ 1 600 რუსი ჯარისკაცი აიყვანეს.

    დივიზია - სამხედრო შენაერთი.
     
იუნკერთა პოზიციებზე პირველი შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. როდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან დაცვა ვერ გაარღვიეს, მთელი ძალები ტაბახმელისკენ მიმართეს. იერიში დილის 8 საათზე მიიტანეს. იუნკერთა რიგებში პირველი მსხვერპლი გამოჩნდა - მოკლეს მაიორი ანანიაშვილი. რუსები საარტილერიო შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა ამას კურსანტებში შიში არ გამოუწვევია. იუნკერთა მეთაური პოლკოვნიკი ჩხეიძე: "ჩვენს სანგრებთან მოწინააღმდეგის არიერგარდი გამოჩნდა. მცირე სროლის შემდეგ ისინი თვალს მოეფარნენ. თუმცა მტრის არტილერია უკვე უშენდა ყუმბარებს ჩვენს პოზიციებს. იუნკერთა მოსანახულებლად სანგრებში ჩავედი. არავითარი შიში. ერთ იუნკერს რაღაც ვკითხე, იგი, სროლის მიუხედავად, ფეხზე წამოდგა და გაჭიმული მპასუხობდა".    

 

 

არიერგარდი - ჯარის ნაწილი, რომელიც უკან დახევისას მთავარ ძალებს ბოლოში მიჰყვება და იცავს. არტილერია - ჯარის ნაწილი, რომელიც მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით იბრძვის.

     

12 საათისთვის მოწინააღმდეგე ხიშტით შეტევაზე გადმოვიდა, მაგრამ სანგრებამდე ვერ მიაღწია. იუნკერთა ტყვიამფრქვევმა მტერი შეაჩერა. რამდენიმე საათში მდგომარეობა გართულდა. რუსებმა იუნკერების მახლობლად სახალხო გვარდია უკუაქციეს და სოფელი წავკისი დაიკავეს. კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე კონტრიერიშზე გადავიდა. მიუხედავად მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლისა, არც ერთი იუნკერი არ დაწოლილა. ხელჩართულ ბრძოლაში 23-მა იუნკერმა მოწინააღმდეგის ასეული დაამარცხა. მტერი უკუიქცა და ბრძოლის ველზე უამრავი მოკლული დატოვა. იუნკერთა მხრიდან 8 კაცი დაიღუპა.

იუნკერებთან ერთად 19 თებერვალს დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც.

იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო, ცნობილი პოეტის - კოტე მაყაშვილის - შვილი, ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის სამშობლო ყველაფერზე წინ იდგა. საქართველოს ყველა ომი და უბედურება მისი პირადი სატკივარი ხდებოდა. დღიურშიც კი, სადაც გოგოები ძირითადად რომანტიკული ხასიათის ჩანაწერებს აკეთებენ, მარო საქართველოს სატკივარზე წერდა. როდესაც ომი დაიწყო, მარო წითელი ჯვრის რაზმში ჩაეწერა. მშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს. ბოლო წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გააგზავნა. როდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღეს, მარო უკვე ცოცხალი აღარ იყო: "ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკერებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვთ. მტერი ძალიან შორს არის. ძალიან სცხებენ
ჩვენები… აქ კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით... ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა, ტაბახმელაში. გკოცნით ბევრს. ცოტა თბილი, თუ შესაძლებელია, და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო."

მარო მაყაშვილი 23 თებერვალს ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებთან ერთად თბილისში - რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანში - დაასაფლავეს.

ბოლშევიკების გააფთრებული იერიშის მიუხედავად, იუნკერებმა უკან არ დაიხიეს. კურსანტთა მცირე რაზმს რუსების თითქმის მთელი დივიზია უტევდა.

ქართველი მებრძოლები ყოველდღე მტრის სამ შეტევას მაინც იგერიებდნენ…

24 თებერვალს იუნკერთა 152 მებრძოლიდან მხოლოდ 85 იყო დარჩენილი.

   
     

XI არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ტაბახმელაზე გადაისროლეს ბაქოს წითელ კურსანტთა ბრიგადა  იგი  კომკავშირლებისგან  შედგებოდა. მომავალი წითელი ოფიცრები უკან არასდროს იხევდნენ, მიღებულ დავალებას თითქმის ყოველთვის ასრულებდნენ. პოლკის  მეთაური ქართველი კომკავშირელი, საქართველოდან კომუნისტური პროპაგანდისთვის გაძევებული ბორის ძნელაძე იყო.

…1921 წლის 24 თებერვალს იუნკერებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა მებრძოლთა თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი იყო იუნკერთა შორისაც - იმ დღეს დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35-ს მიაღწია. ამის მიუხედავად, პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. 8 დღის განმავლობაში იუნკერებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს.

უმაგალითო გმირობა გამოიჩინა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმა. მისმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისაგან შედგებოდა, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყო. ამის შემხედვარე ყიფიანმა მკერდში ოთხი ტყვია დაიხალა. იგი ძლივს გამოიყვანეს სანგრიდან. საბედნიეროდ, ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხა, თუ რატომ მოიქცა ასე, ყიფიანმა უპასუხა: "მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება.

ახლა ყველას შეუძლია თქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!"

    ბრიგადა - სამხედრო ქვედანაყოფის ერთ-ერთი სახე.
კომკავშირელი
- ახალგაზრდობის კომუნისტური გაერთიანების წევრი.
პოლკი
- სამხედრო ქვედანაყოფის ერთ-ერთი სახე. პროპაგანდა - რამე იდეის, მოძღვრების გავრცელება.
     
ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელა ვერ აიღეს, სამაგიეროდ, სოღანლუღის და ლილოს მონაკვეთზე ქართული ნაწილები შეავიწროვეს. თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა. მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლის და მთავრობის  ევაკუაციის  გადაწყვეტილება მიიღო.      

ევაკუაცია - მოსახლეობის ორგანიზებული გაყვანა იმ ადგილიდან, რომელსაც რამე საფრთხე მოელის.

     
 

იუნკერებს პოზიციების დატოვების ბრძანება 24 თებერვალს ღამის 12 საათზე მიუვიდათ. კურსანტები ქალაქს ყველაზე ბოლოს ტოვებდნენ. იუნკერი მათიკაშვილი: „კოჯრიდან თბილისისკენ მოკლე ბილიკებით დავეშვით. თენდებოდა, სოლოლაკში რომ შევედით. ქალაქის ქუჩებში სიჩუმე სუფევდა. შენობები ლილისფერი ჯანღით იყო მოსილი. რომელიღაც ეზოდან ცოცხიანი მეეზოვე გამობარბაცდა.

შეკითხვაზე: ჯარებს ხომ არ გაუვლიათო, გვიპასუხა: კარგა ხანია, რაც ჩაიარესო..."

იუნკერთა სკოლას სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალა, რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა. გზაზე სრული ქაოსი იყო. თბილისიდან გამოქცეული ქართული არმია გაშლილ მინდვრებში ფარასავით მიდიოდა. იუნკერი თოხაძე: "გზაზე გავედით. ყველგან მიტოვებული ტექნიკა ეყარა: საკეტმოხსნილი ზარბაზნები, საბარგულები, მანქანები. გზა-გზა ვგებულობდით, რომ სოფელსოფელ ბოლშევიკთა ჯაშუშები დაძვრებოდნენ, ხალხს აჯანყებდნენ და მემამულეთა და შეძლებულ გლეხთა დარბევაზე აქეზებდნენ".

25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიც.

კურსანტები პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდნენ.

იუნკერები კი ამ დროს უკვე ბათუმში იყვნენ. ნოე ჟორდანიას მთავრობა საქართველოს ტოვებდა. იუნკერებს გამოუცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში მათ სამშობლოს დატოვება შეეძლოთ. იუნკერი მათიკაშვილი: "ორ ნავში მოვთავსდით და რამდენიმე წუთში გემბანზე აღვმოჩნდით. თქვენთვის უკანა ნაწილის სარდაფებია დანიშნულიო," - გამოგვიცხადეს, მაგრამ არავინ ჩასულა. დავრჩით გემბანზე და, მოაჯირს მიყრდნობილნი, ბათუმს გავცქეროდით. იქიდან ზარბაზნების გრგვინვა და ტყვიამფრქვევთა კაკანი ისმოდა. აქა-იქ რაღაცა იწვოდა. მეზღვაურები გემზე რაღაცას ტვირთავდნენ. არავის გვიტირია, მაგრამ გულს მოწოლილი სევდა გვახრჩობდა. შუაღამემდის ვიდექით გემბანზე, ვიდრე მეზღვაურებმა არ დაამთავრეს გემზე ხალხისა და ბარგის მიღება.
ღუზები ხრიალით ამოყარეს წყლიდან და მანქანები ამუშავდნენ. შეტოკდა გემი.

ნელ-ნელა მოსწყდა ადგილს და თანდათანობით აჩქარებით წყვდიადს შეერია..."

გაზეთი „24 საათი", 20. 03 .20