ოთარ ჭილაძე:  როდესაც ასე ახლოა გრემი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



როდესაც ასე ახლოა გრემი, 

მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი, 

რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით   

რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.


და თუმცა გრემი არის დაღლილი, 

არის ბებერი და დანგრეული, 

მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი, 

როგორც საყვარელ ქალის სხეული.

   

გრემი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში.  ის XIV-XVI სს-ში კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. 1466 წ-ს იგი კახეთის დედაქალაქი გახდა. აშენდა კახეთის სამეფო რეზიდენცია, რომელშიც იყო რამდენიმე სასახლე და შადრევნიანი შენობები. აქვე იყო დიდი სავაჭრო ცენტრი - ქარვასლა - ბაზარი 30-მდე ქულბაქითა (დუქნით) და სასტუმროთი, რომელიც ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. ქალაქი მარაგდებოდა წყლით, რაზეც მეტყველებს უძველესი აბანოს ნანგრევები და წყალგაყვანილობის სისტემა. მტრისაგან თავის დასაცავად გრემი შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. მთავარანგელოზის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომელსაც ეს ლექსი ეძღვნება, 1565 წ. ააგო კახთა მეფე ლევანმა. აქ, ამ ქალაქში, მოღვაწეობდნენ მეფე-პოეტი თეიმურაზ I და ქართული ეკლესიის
მიერ შემდგომში წმინდა ნად შერაცხილი დედოფალი ქეთევანი.

   

მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს 

სახეგაპობილ ტაძრის ალმური,  

და ვიცი ახლა რად მიყვარს ასე 

ვაზიც, ჩუქურთმა და სალამურიც.


მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს, 

და ყველაფერი მგონია ჩემი 

როდესაც ასე ახლოა გრემი, 

როდესაც ასე ახლოა გრემი.

ალმური - ბუღი, სიმხურვალე.