არჩილ II: გვამისა რვათა ასოთა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 
კიდევ ესეც ვთქვა თვალსა და ცხვირსა და ორსავ ყურებსა,
ენა, პირს, ხელსა და ფერხსა - რა ზნე სჭირს, რას უყურებსა,
გული - ხელმწიფე გვამისა, ვის როგორ იმსახურებსა.
და მოკლედ ვთქვა, არ გავაგძელო, ვაამო ნაბახურებსა.

თვალი რა ნახავს საყვარელს, მოხედვას აღარ ინებსა,
მის გამო წყალსა მოიცემს, სიხარულს მოიგუნებსა;
ცხვირსა მისი ფშვა სწადიან, იყნოსებს, მას უსუნებსა,
თუ წამს მოსცილდეს, მრჩობლთავე ხშირ-ხშირად არუდუნებსა.

თვალს ესე სჭირს ზნედა, მაგრამ აწ ჩვენ საქმე გაუსინჯოთ,
ცუდსა რასმე შემხედვარობს, ტრფიალია თუ უსინჯოთ;
შევიტყოთ და მას ნუ ვეტყვით, დავიდუმოთ, დავიმუნჯოთ,
ამად რომე არ დაიჯერს, რაზომ სიტყვით გაუგონჯოთ.

ყური კარია სიტყვისა შესვლისა, განსვენებისა,
ზოგი სიბრძნისად ღიაა, ცუდზედან არ იხსნებისა,
მეორე კარზედ დახშულა და ავზედ მალ იხსნებისა.
სადაც ამბობენ სიცრუვეს, მას მისდევს, არ ეხსნებისა.

რა ქნას სიტყვამ მჭევრმან, სრულმან, თუ კარი შინ არ შეუშვებს,
გარ დარჩება, შესცივდება, ათრთოლდება, წუხს და უშვებს;
ძალუძს მისი შესაფერიც, მისებრ ნამუსს თუ გაუშვებს,
მაგრამ როგორ შევადარო, ვინ კარგს ისმენს, ავს გარდუშვებს?

მაშ, უნდა სიტყვა უპოვნო მათ-მათი შესაგვანეო,
ბრძენს საბრძნო, უცებს საუცბო, მის-მის დროს მოუპოვნეო;
სრულს სრული საზრდო და ჩჩვილთა ვითა სძე მოაწოვნეო.
ვინც დაგიწუნოს ეს სიტყვა, შენ პავლე მოაგონეო.

ერთი ბრძენი ასრეც იტყვის მრჩობლს ყურსა და ერთს ენასა,
ეს შეიქნა სამი კარი, ნუ მომიწყენ მოსმენასა;
ორით ბევრი გაიგონო და არ აჰყვე შესმენასა,
ენას ცოტა ათქმევინო, მოუხდენდე წარდენასა.

ენაა კარგი წამალი ბრძნისა მის ხელოვანისა,
მის ალაგს კაცმან იცოდეს, უთხრას მგზავს-შესაგვანისა,
სხვა ბერის, სხვა ჭაბუკისა, ვით ყმაწვილს სააკვანისა.
ვერ გააგონო ყოველთა ერთი „ხი" ბრიყვი სვანისა.

ყოველს სენს ერთი წამალი ვერ ჰკურნებს, ვერ უშველისა,
ამას შაქარი ულხენს და, ჰე, იმას შხამი გველისა,
სხვასა ჰაერის სიხმელე და სხვასა მწვე სისველისა,
ბერთ იაგუნდის მაჯუნი, ჭაბუკთ კაჭკაჭი ველისა.

ენას არ უხამს სიმწარე ბუნებით ჰქონდეს შე რთულად,
ბევრი სხვაც უნდა იცოდეს, სრულ არ უბნობდეს ქართულად;
თუ სხვისად გვიხმდეს სარგებლად სიმქისეზედან დართულად,
მსწრაფლ უნდა მოუშოვოთცა, ასრე სჯობს, იყოს მორთულად.

ბრძენმან ენამ მაშინ რა ქნას, კაცი შეხვდეს რა ასეთი,
ტკბილი უთხარ შაქრის უფრო, მერმე ლახვრებ მოსაკვეთი,
ვერც ერთი ვერ შეაგონო, ვერც სთქვა თუ, ეს შევიკვეთი?
იმას რაღა გაეწყობა, საზდოთ თუა ანაკვეთი?

პირია გემოს შემტყობი სანოვაგისა კაისა,
ტკბილისა, მწარის, მჟავისა, ცხარისა, დია მწვავისა;
ვის რა ნებს, იმას მიიღებს და არვინ შეაგინისა.
ნუ დაუწუნებთ, ნუ ეტყვით: ეგ ავია და კა ისა.

ფერხნი არ ვარგა ასეთი, სადა გინდ წაეკვეთოდეს,
ასეთს რაზედმე წავიდეს, იმ საქმით მოეკვეთოდეს;
ან სად გინდ ჩაჰკრას ავს ალაგს, მერმე „ფუი, მე" ფინთობდეს.
სწორად ხამს მიაბიჯებდეს, მრუდად სავალზედ უთრთოდეს.

ფერხთა დიდება ეს არი, ფიცხობდეს, მერმე მალობდეს,
მალ მიაშუროს კარგს საქმეს და ავსა დაემალოდეს,
ღვთის სამსახურზედ მტკიცედ დგეს, მოშიშრად მოეკრძალოდეს,
არ იწიხლოდეს ჯორულად, უბრალოდ არ იძალოდეს.

ხელს ძალუც ბევრი სიკეთე ზნეობისა თუ საქმისა,
ხელოვნებისა კაისა, კალმითა ტკბილადა თქმისა,
მშრომელი მოღვაწებისა, ზეცად ამპყრობი აღთქმისა,
დაფარვით ქველი საქმისა, მიმცემი ცოდვის დანთქმისა.

ის ხელი სანატრელია, ვინ სხვის მოცემას კრძალობდეს,
თვით მიცემასა მრავალთას ისწრაფდეს, მაზედ მალობდეს,
კეთილს გონებას ამონოს, ფსალმუნებდეს თუ გალობდეს,
ღმერთს აღუპყრობდეს დღე და ღამ, სიმართლით ცოდვას სწამლობდეს.

გულია მეფე მთავარი გვამისა ყოვლთა ასოთა,
უმისოდ ყველა ცუდია მრავალ ნაწერად ასოთა;
ვის რა აამოთ, თუ არ მას, რაზომც რამ ტკბილ[ი] ასოთა?
ის უნდა ღმერთსა მიუპყრათ, შემსჭვალოთ, მაგრა ასოთა.

დაღაცა თუ გულსა ასო დააკლდება ყველა რამე,
ხელსა ფერხად ვერ მოიხმარს, უთვალ-ყუროდ მას რა ამე?
თუცა რამე მოიგვაროს უამათოთ, უარამე!
ვეჭვ ასრეა, დაიჯეროთ, მოგახსენო ყველა რამე.

ყოველი ასო გულისა მსახურია და მონა და,
გარე მოისხა საშრომლად, ამუშავებს და მონადა.
რა ის არ მიჰყვეს სიმართლით, ღმერთს ვინ რა მოაწონა და?
ვინ შექმნა პირველ სიბრძნითა, მან ასრე მოიგონა და.

თუ თვალი ხატსა შემსჭვალოს და ფერხი უდგეს სულ ზეზე,
ენა არ დაშვრეს ლოცვითა, სხვა რამე არ იმიზეზე;
ხელი სამუდმოდ განიპყრა არ ხანდახანა, სულ ზეზე,
უმისოდ ყველა ცუდია, ჭოთ-მუთი ვერ გაიზეზე.