ლეონტი მროველი:  „მოქცევაი ქართლისაი“. ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარის ნინოსი. მირიანის ნადირობა და მზის დაბნელება (შემოკლებით)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 
  I.

მოხედა ღმერთმან წყალობით ქუეყანასა ამას და მოგჳვლინა ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ ნინო, დედუფალი ჩუენი, ვითარცა ბნელსა შინა მთიები რაჲ აღმოჰხდის და ცის კარი აღიღის, და მისა შემდგომად აღმოვალნ დიდი იგი მფლობელი დღისაჲ.
    ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ – ჭეშმარიტი რჯულის (ქრისტიანობის) მქადაგებელი. [შენიშვნა: მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში წმ. ნინოს შემოსვლის დღეს 1 ივნისს აღნიშნავს. წმ. ნინო საქართველოში ბიძის, იერუსალიმის პატრიარქის, იობენალის, ლოცვა-კურთხევით წამოვიდა]; მთიები – ცისკრის ვარსკვლავი, აისი, მარიხი. აღმოჰხდის – ამოდის. ცის კარი აღიღის – ცის კარი იღება. აღმოვალნ – ამოდის. დიდი იგი მფლობელი დღისაჲ – დღის დიდებული მეუფე, მზე. იგულისხმება, რომ წმინდა ნინო ცისკრის ვარსკვლავივით შემოუძღვა ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტ მზეს – იესო ქრისტეს მოძღვრებას. „მზე სიმართლისა“, „ჭეშმარიტი მზე“ ქრისტეს სახესიმბოლოებია სასულიერო მწერლობაში.
  წმიდაჲ ნინო იყო მამით კაბადოკიელი და დედით კოლასელი. და ვითარცა იქმნა იგი წლისა ათორმეტისა, ღმრთისმოშიშთა მშობელთა მისთა – ზაბილონ და სოსანა – განყიდეს ყოველი მონაგები მათი და განუყვეს გლახაკთა და ასული თჳსი ღმერთსა შეჰვედრეს და მონაზონებისა ცხორებაჲ აღირჩიეს.      კაბადოკიელი – კაბადოკიის მკვიდრი. კაბადოკია – მცირე აზიის ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი მხარე. იმხანად შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში. კოლასელი – კოლასის (კოლოსის) მკვიდრი. კოლასი (კოლოსი) – ფრიგიის ქალაქი, მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მონაგები – მონაგარი, ქონება, შრომით მოპოვებული; „გარჯით ნაშოვარი“ (საბა). განუყვეს – დაურიგეს. გლახაკი – ღატაკი. შეჰვედრეს – შეავედრეს, მიაბარეს. მონაზონებისა ცხორება აღირჩიეს – მონაზვნური ცხოვრება აირჩიეს. მონაზონება – წუთისოფლისაგან განდგომა, ასკეტური, ბერმონაზვნური ცხოვრება. [ცნობისათვის: წმ. ნინოს მშობლები – ზაბილონი (ზაბულონი) და სოსანა (სუსანა) მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულნი].
  სასომან ჩუენმან წმიდამან ღმრთისმშობელმან მოიჴსენა წილხუდომაჲ მისი ქართველთა ნათესავისაჲ. ამისთჳსცა განჰმზადა წმიდაჲ ნინო მოციქულად და გამოუჩნდა ღირსსა მას ძილსა შინა და ჰრქუა:     მოიხსენა – გაიხსენა, მოიგონა. მოიხსენა წილხუდომაი მის ქართველთა ნათესავისაი – გაიხსენა, რომ მას წილად ხვდა ქართველთა მოდგმა. [ცნობისათვის: გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულნი წარემართნენ ქრისტეს სახარებლად და თითოეულს ქვეყნის ერთ-ერთი კუთხე ერგო სამოღვაწეოდ, ღვთისმშობელს წილად ხვდა ქართველთა მფარველობა]. განჰმზადა – შეამზადა.
  წარვედ ქუეყანად ჩრდილოეთისა და უქადაგე სახარებაჲ ძისა ჩემისაჲ, და ჰპოო შენ მადლი წინაშე ღმრთისა, და მე ვიყო მფარველი და ჴელისამპყრობელი შენი.

 

ხოლო იგი ეტყოდა შეძრწუნებული:

    წარვედ – წადი! ქუეყანა ჩრდილოეთისა – აქ: სიმბოლურად ცოდვით დაბნელებული, სულიერი ნათლისაგან განძარცვული მხარე იგულისხმება; საქართველო. სახარება – სასიხარულო ამბის უწყება (შეტყობინება). სახარება სახელწოდებაა ბიბლიის (საღვთო წერილის), კერძოდ, ახალი აღთქმის ოთხი წიგნისა. მათში გადმოცემულია ხარება ქრისტეს შესახებ. ეკლესიამ აღიარა ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. ოთხივეს ერთად ეწოდება ოთხთავი. მათე და იოანე მახარებლები მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ, მარკოზი – პეტრე მოციქულისა, ლუკა კი პავლე მოციქულის მოწაფე იყო. მე ვიყო ... ხელისამპყრობელი შენი – მე ვიქნები შენი შემწე; მე დაგიფარავ, დაგიცავ, დაგეხმარები. ხელისამპყრობელი – მფარველი, დამხმარე, შემწე, მშველელი, დამცველი.
  – დედოფალო, ვითარ შესაძლებელ არს ეგე ჩემ მიერ? რამეთუ მე დედაკაცი ვარ უნდოჲ და უსწავლელი, ანუ რაჲ იყოს სასწაულად საქმისა ამის?     ვითარ შესაძლებელ არს ესე ჩემ მიერ – როგორ შევძლებ, აღვასრულებ მე ამას. უნდოი – გამოუყენებელი, არაფრის შემძლე (ვისთვისაც ესოდენ ძნელი საქმის მინდობა არ შეიძლება). უსწავლელი – უცოდინარი, აქ: გამოუცდელი. რაი იყოს სასწაულად საქმისა ამის – რა სასწაულით გამოჩნდეს ეს საქმე, რა სასწაული მიგვანიშნებს ამაზე.
  მაშინ წმიდამან მარიამ ჴელი მიჰყო ზედა კერძო ცხედარისა მისისასა მყოფსა მას რტოსა ვაზისასა და მოჰკუეთა და მისგან შექმნა ჯუარი და მისცა ჴელთა ქალწულსა მას და ჰრქუა:

 
    ხელი მიჰყო – ხელი შეახო, ხელი ახლო, დაადო. ზედა კერძო ცხედარისა – საწოლის ზედა მხარეს, ზემოთ. ცხედარი – ძვ. საწოლი, სარეცელი. მოჰკუეთა – მოკვეთა, მოჭრა. შექმნა ჯუარი – ჯვარი გააკეთა. [ცნობისათვის: 1801 წელს ნინოს ჯვარი ბაქარის შვილიშვილმა გიორგი ალექსანდრეს ძემ იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა. რუსეთის ხელმწიფემ იმავე წლის 15 ოქტომბერს სპეციალური რესკრიპტით (=მადლობის წერილით) საქართველოს დაუბრუნა იგი, როგორც უწმინდესი სალოცავი. ნინოს ჯვარი სიონის საკათედრო ტაძარში წააბრძანეს და საზეიმო ვითარებაში დააბინავეს ვერცხლის სახატეში. მას შემდეგ იგი სიონის ტაძარში ინახება. წმ. ნინოს ხსენების დღეს მას სახატედან გამოასვენებენ და ანალოგიაზე (...) დააბრძანებენ, ვითარცა ქართველთა უძველესსა და უწმინდეს სალოცავს, რომელსაც მართლმორწმუნენი სასოებით ემთხვევიან /მ. კელენჯერიძე, საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია,1993წ., გვ.270/].
  ესე იყოს მცველი შენი, და ამით სძლო ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, და წარემართოს ქადაგებაჲ შენი, და მე ვიყო შენ თანა და არა დაგიტეო შენ.     ესე იყოს მცველი შენი – ეს იყოს შენი მცველი, მფარველი, დამხსნელი; სძლო – დასძლევ, მოერევი, დაამარცხებ. წინააღმდგომი – მოწინააღმდეგე, მტერი, მებრძოლი. წარემართოს ქადაგებაი შენი – წარმატებული იყოს შენი ქადაგება. არა დაგიტეო შენ – არ მიგატოვებ, შენთან ვიქნები.
  ესე რაჲ იხილა, განიღჳძა და აქუნდა ჯუარი ჴელთა მისთა.

წმიდამან ნინო მიიღო კურთხევაჲ და დაიწერა ჯუარი და წარმოემართა.
    ესე რაი იხილა – ეს რომ იხილა.
კურთხევაი
– დალოცვა.დაიწერა ჯუარი – პირჯვარი გადაისახა, გადაიწერა.
         
  და ვითარცა მოიწია ეფესოდ, შეემთხჳა დედაკაცსა ვისმე პატიოსანსა და წარ ჩინებულსა, სახელით რიფსიმე, და განმზრდელსა მისსა – გაიანე. და კეთილად ჰმოძღურიდა და ასწავებდა მათ მცნებათა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა.     მოიწია ეფესოდ – მოვიდა ეფესოში. ეფესო – ქალაქი ძველ საბერძნეთში. შეემთხვია – შეხვდა, შეეყარა. დედაკაცი ვინმე პატიოსანი და წარჩინებული – ვინმე პატივსაცემი ქალი,სეფექალი, მეფეთა ევდაგი (=შთამომავალი). კეთილად – კარგად. ჰმოძღურიდა – მოძღვრავდა, შეაგონებდა, არიგებდა. ასწავებდა – ასწავლიდა. მცნება – მოძღვრება, რჯული.
  წარმოემართნეს იგინი და მოიწინეს არეთა სომხითისათა, სადა-იგი რიფსიმე და გაიანე იწამნეს სახელისათჳს ქრისტჱსა თრდატ მეფისაგან.     სომხითი – სამხრეთ საქართველოს ნაწილი, ესაზღვრება სომხეთს. სომხითი ქართული პროვინციაა. სწორედ ამ ტერმინის გავლენით ეწოდა ქართულ ენაზე ჩვენს მეზობელ ქვეყანას სომხეთი. იწამნეს – ეწამნენ. თრდატ მეფე – სომეხთა მეფე თრდატ III (298-330 წწ.).
  ხოლო ჟამსა წამებისა მათისასა იხილა ნეტარმან ნინო კუამლი სურნელოვანი, რომელი დაჰფარვიდა ცასა, და ერი ზეცისაჲ, რომელი შეიერთებდეს სულთა მათ წმიდათასა. და თქუა წმიდამან ნინო:
 
    ჟამსა წამებისა მათისასა – მათი წამების დროს. [შენიშვნა: რიფსიმე და გაიანე სომეხთა მეფე თრდატ III-მ (298-330წ.წ.) სიკვდილით დასაჯა 303 წლის, ახალი კალენდრით, 3 მაისს]. დაჰფარვიდა – ფარავდა; აქ: აბნელებდა. ერი ზეცისაი – ანგელოზთა გუნდი, დასი. შეიერთებდეს – შეიერთებდნენ, თავისთან ამყოფებდნენ.
  – იგინი იმარტჳლნეს, ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა.

და ესმა მას ჴმაჲ, რომელი ეტყოდა:
    იმარტვილნეს – ეწამნენ. დავშთი – დავრჩი. დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა – თავი შევაფარე ეკლიან ვარდის ბუჩქს. [შენიშვნა: აქ ეკალი ცოდვის სიმბოლოა, ვარდი – სიწმინდისა, ე.ი. უფლის ანგელოზი აღუთქვამს წმ. ნინოს, რომ მისი „წარყვანება“ მაშინ მოხდება, როცა ცოდვაში ჩაფლულ (წარმართულ) ქვეყანას სულიწმიდის მადლი (`სულნელი~) მოეფინება].
  ესრეთ იყოს წარყვანებაჲცა შენი, ოდეს ეკალი, რომელი შენსა გარემოს არს, იქმნას ვარდის ფურცელ და სულნელ შენ მიერ. ხოლო შენ აღდეგ და ვიდოდე აღმოსავალით!     ესრეთ იყოს წარყვანებაიცა შენი – ასევე იქნება შენი წაყვანა, გარდაცვალება. ოდეს ეკალი რომელი შენსა გარემოს არს – როდესაც ეკალი, რომელიც შენ ირგვლივ, შენ გარშემოა. ეკალი... იქმნას ვარდის ფურცელ და სულნელ შენ მიერ – მეტაფორაა: ბოროტება, ურჯულოება (ეკალი) სიკეთედ, ჭეშმარიტ სარწმუნოებად შეიცვლება შენი წყალობით. აღდეგ და ვიდოდე აღმოსავალით –ადექი და იარე აღმოსავლეთისკენ.
  II.

მაშინ აღდგა და წარვიდა ნეტარი ნინო და, მო-რაჲ-იწია ზაფხული, აღმოვიდა მთათა ჯავახეთისათა და მიემთხჳა ტბასა, რომელსა ეწოდების ფარავნაჲ, და მუნ დაადგრა ორ დღე. და მიიღო საზრდელი მეთევზურთაგან და განძლიერდა და ადიდებდა ღმერთსა. კუალად იყვნეს მათვე ადგილთა მწყემსნი ცხოვართანი და მემროწლენი ზროხათანი, რომელნი არვეობდეს მთათა ზედა სამწყსოთა მათთა.
   
მო-რაი-იწია ზაფხული
– მოახლოვდა რა ზაფხული, ზაფხულის პირას. მთანი ჯავახეთისანი – ჯავახეთის მთები. მიემთხვია – შეხვდა, შეეგება. აქ: მიადგა. ფარავნაი – ფარავანი, ტბა სამხრეთ საქართველოში. მუნ – იქ. დაადგრა – დადგა, გაჩერდა, დაყო, დაივანა. საზრდელი – სასმელ-საჭმელი. მეთევზური – მეთევზე, მებადური. განძლიერდა – ძალა მოემატა. კუალად – კიდევ, ასევე, კვლავ. მწყემსნი ცხოვართანი – მეცხვარეები. ცხოვარი – ცხვარი, ფარა. მემროწლე – მენახირე (საქონლის მწყემსი). ზროხა – ძროხა. არვეობდეს – მწყემსავდნენ (საქონელს უდგნენ). სამწყსო – ფარა, ჯოგი, ნახირი.
  ჰკითხვიდა მათ ღირსი ნინო ვინაობასა და სადაჲთობასა. ხოლო რომელთამე მიუგეს:

– ვართ მკჳდრნი ქალაქისა დიდისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ.
    სადაითობა – სადაურობა, წარმომავლობა. რომელიმე – ზოგი. რომელთამე – ზოგმა.
         
  და ვითარცა ესმა ჴსენებაჲ მცხეთისაჲ, ფრიად ნუგეშინის-იცა და კუალად მიჰხედნა და იხილნა მთანი ჩრდილოჲსანი ჟამსა ზაფხულისასა სავსენი თოვლითა. შეძრწუნდა და ილოცვიდა. და მერე მიიღო ქვაჲ და დაიდვა სასთუნლად და მიწვა განსუენებად. და ვითარ მიიძინა, წარმოუდგა მას კაცი ბრწყინვალე ხილვითა და მისცა წიგნი დაბეჭდული და ჰრქუა:     ფრიად – ძლიერ, ძალიან. ნუგეშინის-იცა – გამხნევდა, იმედი მიეცა, სასო დაუბრუნდა. მიჰხედნა – გახედა, შეხედა (მთებს). მთანი ჩრდილოისანი – ჩრდილოეთის მთები. მიიღო – აიღო. სასთუნალი – სასთუმალი. განსუენებად – დასასვენებლად. წარმოუდგა – აქ: ეჩვენა, გამოეცხადა. ბრწყინვალე ხილვითა – სახილველად (სანახავად) ბრწყინვალე, დიდებული. დაბეჭდული – ბეჭედდასმული.
  – აღდეგ და მიართუ წიგნი ესე მეფესა წარმართთასა მცხეთას.

და ვითარცა განიღვიძა ჩუენებისა მისგან, აღდგა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და მყოვარჟამ ილოცა. და ვითარცა სრულ-ყო ლოცვაჲ, იწყო სლვად.
    წარმართი – კერპთაყვანისმცემელი, „უშჯულოებით მავალი“ (საბა).

მყოვარჟამ – დიდხანს, კარგახანს.

         
  და იყო დინებაჲ მდინარისა დასავლით კერძო. მიჰყვა ნეტარი ნინო წყალსა მას და მიემთხჳა გზათა ძნელთა და ფიცხელთა. და ნახნა ჭირნი დიდნი გზათა მათგან და შიშნი მჴეცთაგან, ვიდრე არა მოიწია, სადა-იგი იწყო წყალმან დინებად აღმოსავლეთით. მაშინღა იქმნა მოლხინებაჲ მისი, და პოვნა კეთილნი მოგზაურნი და შეემოყუასა მათ, და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, და მოიწია ქალაქად ურბნისად. იხილა მას შინა ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა მსახური, რომელნი ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყუანის-სცემდეს.     იყო დინებაი – მიედინებოდა. დასავლით კერძო – დასავლეთის მხარეს, დასავლეთისაკენ. კერძო – თანდებული „კენ“. ფიცხელი – ძნელი, მძიმე, რთული, აუტანელი. „ძნელ-მაგარი“ (საბა). ნახნა ჭირნი – ჭირი ნახა, გასაჭირი გამოიარა, გაწვალდა, გაიტანჯა. მოლხინებაი – მხიარულება. იქმნა მოლხინებაი მისი – გამხიარულდა, გაიხარა. მოგზაური – მეგზური, ყოლაუზი. შეემოყუასა – შეეთვისა, დაუახლოვდა, დაუმეგობრდა. ურბნისი – ძველი ქალაქი შიდა ქართლში (დღევანდელი ურბნისის ადგილას).
         
  დღესა ერთსა წარემართნეს სიმრავლენი ერთანი ქალაქით ურბნისით ქალაქად სამეუფოდ მცხეთად თაყვანის-ცემად ღმრთისა მათისა არმაზისა.

წარვიდა მათ თანა ნეტარიცა ნინო.

    სიმრავლენი ერთანი / სიმრავლე ერთა – უამრავი ადამიანი, დიდძალი ხალხი. არმაზი – ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება. არმაზის კერპი მცხეთაში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, მთაზე იდგა. იგი აღმართა ქართლის პირველმა მეფემ, ფარნავაზმა. ეს იყო მისი სახელობის კერპი. „რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“ (ლ. მროველი).
         
  და ვითარცა იყო ხვალისა დღე, დასცეს საყჳრსა და აღიძრა სიმრავლჱ ერისაჲ ურიცხჳ, ფერად-ფერად შემოსილნი, და გამოვიდოდეს ქალაქით. შემდგომად მცირედისა იწყო ერმან მორიდებად გზისაგან, და გამოვიდა დედოფალი ნანა, და შეამკვნეს ფოლოცნი თჳთოსახითა სამოსლითა ყუავილთა თანა და სულნელთა. ამისა შემდგომად გამოვიდა მეფე მირიან ებნითა და ქნარითა და ხმითა ნესტჳსაჲთა და მრავლითა სახიობითა.     შეამკვნეს ფოლოცნი – შეამკეს ფოლოცი, მორთეს ქუჩები, შუკები. თვითოსახე – განსხვავებული, სხვადასხვა, მრავალგვარი. სამოსელი – აქ: შესამკობელი, მოსართავი. ებანი და ქნარი – მრავალსიმიანი საკრავები. ნესტვი – ჩასაბერი საკრავი, „რაიც საკრავნი განხვრეტილნი პირით იბერვიან“ (საბა). სახიობა – სიმღერა. [ცნობისათვის: „სადღესასწაულო რიტუალის მონაწილენი ხმამაღლა განადიდებდნენ მეფეს, რომელიც, მათი წარმოსახვით, მზის ძედ ითვლებოდა. მიწიერი მეფის განდიდებით ისინი არმაზს სცემდნენ თაყვანს“ /რ. სირაძე/]
  ნეტარი ნინო ჰხედვიდა საკჳრველებასა მას მეფეთა და ერისასა. და კუალად საზარელად საოცრებასა მას კერპისასა განიცდიდა, რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ემოსა ტანსა მისსა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და თავსა მისსა აქუნდა ქვაჲ ბივრიტი და იაკინთოჲ, ხოლო აქუნდა ხრმალი, რომელი ვითარცა ელვაჲ საზარელად იქცეოდა ჴელსა მისსა. ხოლო მარჯუენით მისა დგა კაცი ოქროჲსაჲ, და სახელი მისი – გაც, და კუალად მარცხენით მისა დგა კაცი ვეცხლისაჲ, და სახელი მისი – გაი.     საზარელი –ზარდამცემი, საშინელი. საზარელად... განიცდიდა – ზარდაცემული, შეშინებული შეჰყურებდა, შიშით უმზერდა. კაცი ერთი – ვიღაც კაცი. ჯაჭვი – ჯაჭვის პერანგი, ჯავშანი, აბჯარი, თორი. ბივრიტი – თვალი პატიოსანი, ძვირფასი ქვა. [შენიშვნა: „ესე თვალი ზღვისა და ცის ფერია“ (საბა); დავით ჩუბინაშვილი მას მომწვანო-ცისფერ თვლად მიიჩნევს, ვასილ ბარნოვის „არმაზის მსხვრევაში“ ბივრიტი არმაზის კერპს თვალებად აქვს და ეს თვალები სისხლისფერია]. იაკინთოი – იაკინთი, იაგუნდი, პატიოსანი თვალი ლურჯი ფერისა. ხრმალი ... ვითარცა ელვაი საზარელად იქცეოდა ხელსა მისსა – ისე საშინლად მოძრაობდა მის ხელში ხმალი, როგორც ელვა; ხმალი ხელში უელავდა.იქცეოდა – ბრუნავდა, ტრიალებდა, მოძრაობდა. გაც და გაი – ქართველთა უძველესი წარმართული ღვთაებები, კერპები, რომლებიც აზონმა აღმართა; [ცნობისათვის: „ქართველთა უძველეს კერპს ბოჩი ერქვა. მას „ესხნეს შვიდნი ხელნი, რომლითაცა ხელმწიფებდა თვითეულთა ხელითა თვითეულთა უმაღლესთა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან, შვიდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თვითეულსა ხელსა მისსა აქვნდა თვითო ფერი ხელმწიფება მოფენად სარგებლობისა წყალობის, გინა რისხვისა“ /თეიმურაზ ბაგრატიონი/. ეს კერპი ზემო კოლხეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში იყო აღმართული].
  იხილა რაჲ ესე ყოველი ნეტარმან ნინო, აღიპყრნა ჴელნი ზეცად და ცრემლით ევედრებოდა და იტყოდა:

– უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, აჩუენე ძლიერებაჲ შენი და ყავ სასწაული...
   
აჩუენე – გამოაჩინე, უჩვენე, გამოაცხადე. ძლიერებაი – ძალა, ძალმოსილება.
         
  და ვითარცა სრულყო ლოცვაჲ, მეყსეულად გამოჩნდა დასავალით ღრუბელი ბნელი და ქარი ძლიერი. და იქმნეს ქუხილნი სასტიკნი, და ხმანი საზარელნი, და მეხისტეხანი შესაძრწუნებელნი. მეფე და მთავარნი და ერი იგი, ლტოლვილნი საშინელებისა მისგან, ურთიერთას დასთრგუნვიდეს და თითოეული სახიდ თჳსა მირბიოდეს. ხოლო კერპთა მათ ზედა მოიწეოდა სეტყუაჲ, ვიდრემდის სრულიად დამუსრნა და დააწულილნა ვითარცა მტუერნი.     მეყსეულად – მსწრაფლ, მაშინვე, მყის, უმალ, დაუყოვნებლივ.

დასთრგუნვიდეს – თელავდნენ. დამუსრა – დაამსხვრია, გააცამტვერა. (კერპების მსხვრევა მოხდა 6(19) აგვისტოს, ფერისცვალება დღეს). დააწულილა – დაფშვნა, დააქუცმაცა.

         
  ხოლო ვითარცა იქმნა მყუდროება და განწმდა ჰაერი, გამოვიდა სიმრავლჱ ქალაქისაჲ ხილვად ადგილისა მის და ძიებად ღმერთთა მათთა, რომელთა ყოვლად არა ჰპოებდეს. და ვითარცა ცნობამიღებულნი, ურთიერთას განკჳრვებულნი ხედვიდეს.     იქმნა მყუდროება – აქ: გამოიდარა, გადაიკარა, გამოიამინდა. ცნობამიღებული – ცნობაწართმეული, გონდაკარგული, გონწასული. ურთიერთას განკვირვებულნი ხედვიდეს – გაოცებულნი შეჰყურებდნენ, შესცქეროდნენ ერთმანეთს.
         
  სანატრელმან წმიდამან ნინო დაყო ექუსი წელი [მაყულოვანსა მას შინა] და ჰყოფდა ფარულად კურნებათა მრავალთა.

და მიიწია ამბავი ესე წინაშე დედოფლისა. და ვინაჲთგან იგიცა ბოროტითა სენითა შეპყრობილ იყო, მეფობისა პატივი დაუტევა და მიიწია წმიდისა მის.
   

დედოფალი – ნანა დედოფალი, ქართლის მეფის, მირიანის, მეუღლე. [შენიშვნა: ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ნანა დედოფალმა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინომ უკურნებელი სენისაგან იხსნა, სამეფო სახლის წევრთაგან პირველმა აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება]. ბოროტი სენი – მძიმე, უკურნებელი სენი (დაავადება). მეფობისა პატივი დაუტევა – სამეფო დიდება (ღირსება) არაფრად მიიჩნია.

         
  მაშინ ნეტარმან ნინო ილოცა და ყოვლითურთ განკურნებული წარავლინა სახიდ თჳსად.

დედოფალი ნანა დაემოწაფა ღირსსა ნინოს სხუათა თანა წარჩინებულთა მხევალთა მისთა.
    წარავლინა სახიდ თვისა – შინ (თავის სახლში) გაგზავნა. სხვათა თანა წარჩინებულთა მხევალთა მისთა – თავის სეფექალებთან ერთად. წარჩინებული მხევალი – სეფექალი, „დიდებული ქალი“ (საბა).
         
  და იქმოდა წმიდაჲ ნინო ურიცხუთა კურნებათა და ქადაგებდა ღმერთსა ჭეშმარიტსა.

ჰგონებდა მეფე, ვითარმედ ნინოს კურნებისა ძალსა მიანიჭებდეს კერპნი: არმაზ და ზადენ.

ხოლო ნეტარმან ნინო თქუა:
     

ზადენი – წარმართული ხანის ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება ქართლში. ზადენის კერპი აღმართული ყოფილა ზედაზნის ძირში, დღევანდელ წიწამურთან. იგი აღუმართავს მეფე ფარნაჯომს „გზასა ზედა“ („მოქცევაი ქართლისაი“).

         
  – არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და მით იქმნებიან სასწაულნი ესე და კურნებანი.

შემდგომად მცირედთა ჟამთა წმიდამან ნინო განკურნა დედოფლისა დედისა ძმაჲ, მრავალთა წელთა ვნებული.
    სამოსელი უფლისა – ქრისტეს კვართი, პერანგი. მრავალთა წელთა ვნებული – დიდი ხნის სნეული, ავადმყოფი.
         
  ხოლო ცნა რაჲ მეფემან, ვითარმედ ქრისტესა ათაყუანა მთავარი იგი, განრისხნა და ბორგდა ფრიად ნინოჲსთვის და ნანა დედოფლისა. და აღდგა და განვიდა ნადირობად და იტყოდა:

შემო-რაჲ-ვიქცე, შური ვიძიო მათგან შეურაცხებისათჲს ღმერთთა ჩემთაჲსა.
    ბორგდა – ბორგავდა, შფოთავდა, ბრაზობდა. ბორგდა ... ნინოისთვის და ნანა დედოფლისა – ბრაზობდა ნინოზე და ნანა დედოფალზე.

შემო-რაი-ვიქცე – შემოვიქცე რა, რომ მოვბრუნდები, როცა დავბრუნდები. შური ვიძიო მათგან – შურს ვიძიებ მათზე, სამაგიეროს მივუზღავ. შეურაცხებისათვის ღმერთთა ჩემთაისა – ჩემი ღმერთების შეურაცხყოფისათვის, არად მიჩნევისათვის.

         
  III.

და იყო: დღესა ერთსა ზაფხულისასა, თთუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხრანით კერძო და მოუხდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყვარული კერპთა და ცეცხლისა. და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახვილითა მოწყვედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქვა მეფემან ოთხთა თანამზრახველთა მისთა:
   

მუხრანით კერძო – მუხრანისაკენ, მუხრანის მხარეს. მუხრანი – მხარე შიდა ქართლში (მცხეთის სიახლოვეს) ქართველ მეფეთა სანადირო ადგილი. „მუხრანი ფრიად შემკული არს ზამთარ სითბოთი, და მეფეთა სადგური, ბალახ- ჩალიან-ლერწმოვანი, ზაფხულს მშუენი, კეთილ-აგარაკოვანი, ცივნი წყარონი, ჰავით მაშუენი... ფრინველნი გარეულნი და შინაურნი მრავალნი, სანადირონი მოუკლებელნი. მუხრანმან მოიგო სახელი ესე მუხათაგან, სადაცა არს ადგილთა ამათ შინა ტყე უმეტეს მუხნარი“ (ვახუშტი ბატონიშვილი). მოუხდა – შეუჩნდა. მოწყვედა – ამოწყვეტა, დახოცვა, გაჟუჟვა. რქუა – უთხრა.

         
  – ღირს ვართ ჩვენ ღმერთთა ჩვენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშვით ჩვენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქვეყანასა ჩვენსა, რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკვირველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯვარცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა, ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯვარცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყვარული მისი და სხვათავე თანა წარვწყმიდო იგიცა.     უდებ ვიქმნენით – გავზარმაცდით. მიუშვით – თავისუფლება მივეცით, ხელი არ შევუშალეთ. გრძნეული – ეშმაკეული, მისანი, ჯადოქარი. გრძნებითა – მისნობით. მოვსრნეთ – ამოვწყვიტოთ. მოსავნი ჯვარცმულისანი – ქრისტეს მიმდევარნი, ქრისტიანები. დატეობა – დატოვება. მერჩდეს – დამმორჩილდეს, დამემორჩილოს. წარვწყმიდო – მოვსპო, გავანადგურო.
         
  და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანამზრახველთა მათ , რამეთუ მხურვალედუდებ ვიქმნენით – გავზარმაცდით.იყვნეს იგინი საქმესა ამას და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად.

ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რაჲთამცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ, განვიდა თხემსა მთისასა.
    და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანამზრახველთა მათ – დაეთანხმნენ თანამზრახველები. ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად – თავიდანვე უნდოდათ და ვერ ბედავდნენ ხმამაღლა თქმას. სანახები – შემოგარენი, მიდამო, არემარე. მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა – თხოთის მაღალ მთაზე. მთაჲ თხოთისაჲ – მთა კასპის სიახლოვეს. „ციხისძირის დასავლით, ქსანს იქით, ასტყდების მთა თხოთისა“ (ვახუშტი). რაჲთამცა მოიხილა კასპად – რომ ენახა, დაეხედა, თვალი მოევლო კასპისათვის. კასპი – ქალაქი შიდა ქართლში. „იყო ქალაქი, ხოლო აწ არს დაბა დიდი“ (ვახუშტი). უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი შიდა ქართლში (გორის სიახლოვეს). „არს უფლისციხე მტკურის კიდესა... აწ არს შემუსრვილი. არამედ შენობა უცხო, კლდისაგან გამოკუეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისაგანვე; გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფულნი მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს“ (ვახუშტი).
  მაშინ განგებითა ზეგარდმოჲთა მეყსეულად ბნელითა შეპყრობილ იქმნა. და ჴმობდა იგი მონათა მიმართ და მთავართა, ვითარმედ:

– დაბნელდეს თუალნი ჩემნი, ხოლო თქუენ ხედავთა ნათელსა?

ხოლო იგინი ეტყოდეს:

– ბრწყინვალედ ვხედავთ ჩუენ ნათელსა მზისასა.

ჰრქუა მათ:

– ევედრენით ზადენს და არმაზს, რაჲთა განმინათლოს მე.

ხოლო ყოველნი იგი ერთობით ჴმობდეს სახელსა მათსა და არარაჲ სარგებელ ეყო მას.
     
         
  და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თვისსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თვისსა:     მაღნარი – ტყე. წარეწირა სასოება – დაეკარგა იმედი, სასო წარეკვეთა.
         
  „აჰა ესერა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, რომელსა-იგი ქადაგებს ნინო ჯვარსა და ჯვარცმულსა და ჰყოფს კურნებასა მისითა მოსავობითა, არამცა ძალ ედვაა ხსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქვეყანისათჳს იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთჲს ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთვის არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოჲსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩვენე საყოფელი ჩემი და გამომიბრწყინვე მე ნათელი, რაჲთა აღვიარო სახელი შენი და აღვმართო ძელი ჯვარისა და თაყვანის ვსცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა. და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“ .     არამცა ძალ ედვაა? – ნეტავი არ ძალუძს?

 

ჰრომი – რომი.
         
  ესე რაჲ თქუა, ყოვლად სახიერმან მან და მოწყალემან ღმერთმან გამოაბრწყინვა ნათელი მის შორის და მსწრაფლ სიბნელისა მისგან განთავისუფლდა მირიან. მეყსეულად აღდგა და აღიპყრნა ხელნი აღმოსავლით, ღაღად-ყო და თქუა:     ყოვლად სახიერი – უფალი, იესო ქრისტე. სახიერი – კეთილი, კეთილისმყოფელი. მეყსეულად – მაშინვე, უეცრად, დაუყოვნებლივ, უმალვე.
         
  – შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის. და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან ცასა ქვეშე და ქვეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესერა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო! ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იხსენებოდის საქმე ესე და სასწაული უკუნისამდე.     მიცნობიეს – მივმხვდარვარ, შემიტყვია.
         
  და დაისწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა:

– მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შვენის დიდება უკუნისამდე!
    მოერთო – შეიკრიბა.
         
  ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა, რამეთუ ესმა პირველ წარწყმედა და კვალად მოსლვა მშვიდობით, და მიეგებოდეს ქინძარას და ღართას .

ხოლო ნეტარი ნინო დადგრომილ იყოლოცვასა მწუხრისასა მაყვლოვანსა მას შინა, ჩვეულებისაებრ მისისა, ჟამსა თვისსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი სული. და იყო, ვითარცა შემოვიდა მეფეჲ, იძრვოდა ყოველი იგი ქალაქი და ხმითა მაღლითა ღაღადებდა მეფეჲ და იტყოდა: „სადა უკუე არს დედაკაცი იგი უცხოჲ, რომელი არს დედაჲ ჩემი და ღმერთი იგი მისი – მხჴსნელი ჩემი?“
    ქინძარა – ადგილის სახელია ქართლში. იგივე სოფელი ქინძათი, რომელიც დღეს შედის ხაშურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. მდინარე ჭერათხევის მარცხენა მხარეს. ღართა – სოფელი ქართლში თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. ლოცვა მწუხრისა – მწუხრი, საღამოს ლოცვა [მწუხრის ლოცვის შესრულების დრო ითვლება მზის ამოსვლიდან მე-9 საათი, ანუ დაახლოებით 3 საათზე, როცა იწყება მზის დაისი]. იძრვოდა – მიისწრაფოდა. უცხოჲ – სხვა.
         
  და ვითარ ესმა, ვითარმედ აქა მაყვლოვანსა შინა არს და ილოცავს, მოდრკა მეფეჲ და ყოველი იგი ლაშქარი.

გარდახდა მეფე ცხენისაგან და ეტყოდა ნინოს:

მოციქულო ჭეშმარიტისა ღმრთისაო, რომელსა შენ ჰქადაგებ, მას ვესავ!
    მოდრკა – მოიდრიკა.
გარდახდა
– აქ: ჩამოქვეითდა, ჩამოხდა.
მოციქულო ჭეშმარიტისა ღმრთისაო
– ასე მიმართავდნენ ქართველები წმინდა ნინოს და მოციქულთა სწორად მიიჩნევდნენ. რომელსა შენ ჰქადაგებ, მას ვესავ – შენ რომელ ღმერთსაც ქადაგებ, მისი მოიმედე ვარ, იგი მწამს.
         
  – აწ ღირს ვარ სახელისდებად სახელსა ღმრთისა შენისასა და მჴსნელისა ჩემისასა.

ხოლო წმიდა ნინო ასწავებდა და ეტყოდა მსწრაფლ თაყვანისცემად აღმოსავლით და აღსარებად ქრისტეს, ძისა ღმრთისა. მაშინ იყო გრგვინვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოვანთა.
    ღირს ვარ სახელისდებად – ღირსი ვარ სახელის ხსენებისა.
მსწრაფლ თაყვანისცემად აღმოსავლით – მაშინვე თაყვანი ეცა (მეფეს) ქრის ტესათვის.
         
  და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფემან წინაშე კონსტანტინე ბერძენთა მეფისა და წიგნი ნინოსი ელენე დედოფალსა წინაშე. და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფესა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლისღებისათჳს.     კონსტანტინე – კონსტანტინე დიდი, რომის იმპერატორი (304-337 წწ.), მოციქულთა სწორი. წიგნი – წერილი. ელენე დედოფალი – კონსტანტინე დიდის დედა.
         
  ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად და უჩვენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა. ამისა შემდგომად ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან შვილითურთ მათით და ყოველთა მთავართა და ურიცხუმან სიმრავლემან ერისამან.
 
    დაუცხრომელად – შეუსვენებლად. ნათელ-იღეს – მოინათლნენ.
         
  IV.

ესრეთ სრულყო რაჲ ქადაგებაჲ ჭეშმარიტებისაჲ და აღასრულა სრბაჲ ღუაწლისა თვისისაჲ, ეუწყა სულისაგან, ვითარმედ დაუტეობს სოფელსა ამას და მივალს უფლისა.
    ქადაგებაი ჭეშმარიტებისაი – ქადაგება ჭეშმარიტი რჯულისა, ქრისტიანობისა. აღასრულა სრბაი ღვაწლისა თვისისაი – ცხოვრების გზა ღირსეულად გაასრულა, სულიერი ამაღლების გზა გაიარა. [შენიშვნა: ადამიანი ღვთაებრივი არსის მქონეა, ღვთაებრივი საუფლოს (სამოთხის) მკვიდრი იყო. ხე ცნობადისას ნაყოფის გასინჯვის შემდეგ ადამიანმა შეიძინა დამოუკიდებელი ცნობიერება, მაგრამ დაკარგა ღვთაებრივი ხატი, ადამი დაეცა და დაემკვიდრა ამა სოფლად (გამოძევებულ იქნა სამოთხიდან). წუთისოფელი ადამიანის დროებითი სამკვიდროა. ადამიანმა საკუთარ თავში უნდა აღადგინოს დაცემული ადამი და ამაღლებული, განღმრთობილი ცნობიერებით კვლავ დაემკვიდროს ზეცის სასუფეველში. „ადამიანმა უნდა სრბაი აღასრულოს“. ამ გზაზე მას ქრისტე მიუძღვის]. ღვაწლი – ამაგი, გარჯა, ბრძოლა სიკეთის გამარჯვებისათვის ბოროტებასთან ჭიდილში; „გაჭირვებასა და ომში ყოფა“ (საბა). დაუტეობს სოფელსა ამას – ტოვებს წუთისოფელს, გარდაიცვლება.
  და მიწერა წიგნი მეფისა და მისცა დედოფალსა კახეთისასა სუჯის, რომელსა წერილ იყო ესრეთ: „აჰა, ესერა მე მოვლე სანახები ქართლისაჲ, ადგილნი მთათა და ბართაჲ, და აღვასრულე სახარებაჲ ჩემი. შეიწყნარეს ყოველთა ქადაგებაჲ ჩემი, და მისცნეს კერპნი მათნი ცეცხლსა დასაწუველად და მოიქცეს ცთომათა მათთაგან, და მოიღეს ნათელი და თაყუანის-ცემაჲ წმიდისა ჯუარისაჲ. მეფეო, დღეთა შენთა მოხედა ღმერთმან ქუეყანასა ამას, ნაპრალსა ჩრდილოჲსასა, რომლისა მთანი დაეფარნეს ნისლსა ცოდვისასა და ველნი – ალმურსა ცთომისასა, ვინაჲცა დღე – ღამედ და ნათელი – ბნელად.     აღვასრულე სახარებაი ჩემი – ვაზიარე ჭეშმარიტ ღმერთს, ვამცნე ქრისტიანული მოძღვრება. შეიწყნარეს – მიიღეს, შეიტკბეს, შეისმინეს. კერპი –„წარმართთ ცრუ ღმერთი, გინა ხელით ქმნილი~ (საბა). [ცნობისათვის: ქართველთა წარმართულ პანთეონს შეადგენდნენ ციური სხეულები: მზე, მთვარე და ხუთი ვარსკვლავი. მთავარ ღვთაებად მზე იყო მიჩნეული. წარმართულ ღმერთებს კერპებით გამოსახავდნენ. კერპებს მაღალ მთებზე დგამდნენ და ესავდნენ მათ“. კერპებს სწირავდნენ შესაწირავს: ცხვარს, ძროხას, ხარს და სხვა ცხოველებს, გარდა ამისა, „შესწირვიდნენ კერპთა ძეთა და ასულთა თვისთა და იყო ესე ბოროტება მრავალსა წელსა“ (ვახუშტი). კერპების მსხვრევა მოხდა 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს. მოიქცეს ცთომათა მათგან – სწორ გზას დაადგნენ. მოიღეს ნათელი – მოინათლნენ. ნაპრალი ჩრდილოისაი – სიბნელის წიაღი; აქ: სულიერი სიბნელე, ურწმუნოება. ნისლი ცოდვისაი – იგულისხმება, რომ ცოდვა ნისლივით დასწოლოდა ამ მხარეს; მნიშვნელობით იგივეა „ალმური ცდომისაი“. ალმური – ბურუსი, ბუღი, ალი. ვინაიცა დღე – ღამედ და ნათელი – ბნელად – რის გამოც დღე ღამედ იყო ქცეული და ნათელი – ბნელად; იგულისხმება: ღვთიური ნათელი ურწმუნოების სიბნელეს დაეფარა, მოცვა.
  აწ ვითარცა ერთი სოფლად შემოსრულთაგანი, მოვაკლდები ცხორებასა ამისგან. მოაშურევით ჩემდა წმიდაჲ მამამთავარი, რაჲთა წარმგზავნოს დას მომცეს აგზალი სულისა ჩემისაჲ. მოიწია ჟამი დღისა დალევნისაჲ და მზისა ჩემისა დავსებისაჲ, რამეთუ არათუ დღე და მზე შეიცვალებიან წესთა ზედა მათთა, არამედ მე დღესა დაუღამდები და იგი ჰგიეს უკუნისამდე. არამედ ყოველსა ზედა დიდებულ და კურთხეულ სახელი წმიდასა სამებისა, ამენ“ .


 
    ერთი სოფლად შემოსრულთაგანი – ერთი საწუთროში მოსულთაგანი, ამქვეყნად დაბადებულთაგანი, ერთი რიგითი ადამიანი, ჩვეულებრივი მოკვდავი. მოვაკლდები ცხორებისა ამისგან – მოვაკლდები ამ ცხოვრებას, საწუთროს. გარდავიცვლები. მოაშურევით ჩემდა – ჩემთან გამოაგზავნეთ. რაითა წარმგზავნოს – რომ გამგზავნოს (სასუფეველში). [შენიშვნა: წმ. ნინო „იყო სნეულ სიცხისა და ხურვებისაგან, რომელიცა ექმნა მას სალმობა (ავადმყოფობა) სასიკუდინე“, რაც მალარიაზე (ციებ-ცხელებაზე) მიანიშნებს /ნ. ნიკოლოზიშვილი/]. საგზალი სულისა ჩემისაი – სულის საზრდო (იგულისხმება წმინდა ზიარება). მომცეს საგზალი სულისა ჩემისაი – მაზიაროს. მოიწია ჟამი დღისა დალევნისა და მზისა ჩემისა დავსებისაი – დადგა დრო დღის დასრულებისა და ჩემი მზის დაბნელებისა (იგულისხმება წმ. ნინოს ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული). არათუ დღე და მზე შეიცვალებიან წესთა ზედა მათთა – დღესა და მზეს კი არ შეეცვლებათ თავისი წესი. მე დღესა დაუღამდები – მეტაფორაა: გარდავიცვლები, მივიცვლები. იგი ჰგიეს უკუნისამდე – იგი (უფალი) მარადის სუფევს. წმიდა სამება – ქრისტიანული ღმერთი ერთარსებაა და სამპიროვანი: მამაღმერთი, ძე ღმერთი (ქრისტე) და სულიწმიდა. ისინი ისევე განუყოფელნი არიან, როგორც მზის დისკო, მისგან გამონაშუქი ნათელი და სითბო (ქრისტიანობა მონოთეისტური, ერთი ღმერთის აღმსარებელი) რელიგიაა. ამენ – ( ძვ. ებრ.) ამინ, ჭეშმარიტად.
  წმიდამან ნინო ნამუშაკევი თვისი წმიდასა ღმრთისმშობელსა შეჰვედრა და სავსემან დღითა კეთილითა დაიძინა. ნანდვილვე ესრეთ იყო წარყვანებაჲ მისი: ეკალი, რომელი იყო გარემოს მისა, იქმნა ვარდის ფურცელ და სულნელ მის მიერ.

დაჰკრძალეს იგი ფრიადითა პატივითა და დიდებითა. და აღაშენა ზედა ლუსკუმასა მისსა მეფემან ტაძარი ფრიად შუენიერი.
    ნამუშაკევი – ნაშრომი, ნაღვაწი. სავსემან დღითა კეთილთა დაიძინა – მეტაფორაა: კეთილი დღეებით აღვსილმა მიიძინა, გარდაიცვალა. [შენიშვნა: არსებობს საფუძვლიანი მტკიცება იმისა, რომ წმ. ნინო გარდაიცვალა უჯარმის მახლობლად, დაბა ბოდში (ახლანდელი ნინოწმინდა) და იქვე დაკრძალეს. ბოდბეში (სიღნაღის რაიონი) იგი მოგვიანებით გადაასვენეს]. ნანდვილვე ესრეთ იყო – ნამდვილად ასე მოხდა. წარყვანება – წაყვანა (იგულისხმება – ანგელოზების მიერ გარდაცვლილის სულის წაყვანა). ეკალი, რომელი იყო გარემოს მისა – ეკალი, რომელიც იყო მის გარშემო. იქმნა ვარდის ფურცელ და სულნელ მის მიერ – იქცა ვარდის ფურცლად და სურნელოვანი გახდა მის მიერ. [შენიშვნა: აქ ეკალი ცოდვის სიმბოლოა, ვარდი – სიწმინდისა, ე.ი. უფლის ანგელოზი აღუთქვამს წმ. ნინოს, რომ მისი „წარყვანება“ მაშინ მოხდება, როცა ცოდვაში ჩაფლულ (წარმართულ) ქვეყანას სულიწმიდის მადლი („სულნელი“) მოეფინება]. ლუსკუმა – სამარხი, კუბო.