ქართველი პოეტები საქართველოს კუთხეებზე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


  სარჩევი

საქართველო აფხაზეთი ქართლი კახეთი იმერეთი გურია სამეგრელო რაჭა ლეჩხუმი სვანეთი  აჭარა ფშავი თუშეთი ხევსურეთი მესხეთი სამცხე–ჯავახეთიI თავი VXII


საქართველო (ლექსის წაკითხვამდე გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე) დუტუ მეგრელის მიხედვით

       
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი.

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..
     

     
აფხაზეთი
     
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! – გალაკტიონ ტაბიძე      
       
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია,

მომენატრა მზე სინათლის მფენი,
მომენატრა ზღვა, რომელიც შორია.

მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა

გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი;
მომაგებე მშობლიური გემი,

მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან.


    სანატორია (სანატორიუმი) - სამკურნალო დაწესებულება, სადაც მკურნალობა შეხამებულია დასვენებასთან (აფხაზეთში მრავლად იყო ასეთი სამკურნალო-დასასვენებელი დაწესებულებები)
სარჩევი      

     
ქართლი
     
ქართლს  – ვაჟა-ფშაველა      
       
ქართლო, დარდების ამშლელო,
გულ-მაგარ ძეთა მხარეო!
რო გნახე, გული აძგერდა,
ფიქრი მეწვია მწარეო.
არა ვსთქვა, ისა სჯობია,
გულშივე დარჩეს ბარეო.
დავჯე, დავიწყე ტირილი,
ცხარე ცრემლები ვღვარეო.
ათას დარდებში გამხვიე,
ლამაზო არე-მარეო!..
ტირილით რაღას ვუშველი,
ფიალაც გამოვცალეო.
შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო.
გაღმით რომ გორიჯვარია,
საოცნებოა რამეო.
გორის თავს გალავანია,
დიდს მთის კლდეს შევადარეო;
ბევრი უნახავს ვაება,
ცრემლი და ომი ცხარეო;
რა დამავიწყებს იმ წამსა,
როს დაჰნათოის მთვარეო!
ეამბნა ჩემთვის რაცა მკლავს,
ლიახვსაც ვემუდარეო,
მტკვართან აქვს მტკიცე კავშირი,
ურყევი, დაუმცდარეო;
მათ ზიარი აქვთ სიცოცხლე
ერთი-სხვის გასახარეო.
რა ვნახე იმათ ძმობაი,
ცრემლები გადმოვღვარეო.
ტირილით ვეღარ ავავსებ,
ფიალა გამოვცალეო.
შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო!
1912 წ.

     
სარჩევი      

     
კახეთი      

     
*  *  *  –  მიხეილ ქვლივიძე      
       
ლურჯად ბიბინებს ზღვა სანახეთა,
სიშორე ჰყვირის, როგორც თავხედი.
მე სიღნაღიდან ველს რომ გავხედავ,
მაშინ მივხვდები - რაა კახეთი!

რა ლამაზია ეგ დასაწვავი,
რა უშფოთველი და სამოთხური...
შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი,
გდია ჭალებით გარშემორტყმული,
აქეთ - ანაგა, იქით - ვაქირი,
ცა - დაკეტილი მთების სარაზით...

და მაშ, რა არი აქ გასაკვირი,
რომ მეც დავთვერი ამ სილამაზით!
     
სარჩევი      

     
იმერეთი      

     
ჩემი იმერეთი – ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე      
       
შენ არ იცი, აქ ყვირილა რატომ ყვირის
ან გვირილა ძეძვში რატომ იმალება,
არ გსმენია საოცარი ხმა საყვირის,
არ გინახავს შავი ოქროს ბრწყინვალება.
სუროს ბაწრით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,
როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს,
დამერწმუნე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ,
მერე მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ.
მაშ,წავიდეთ, მოდინახეც მოდი ვნახოთ;
იქ აკაკის ყრმობის წლები გავიხსენოთ
და სხვიტორში, წერეთლიანთ სახლის ახლოს,
ლექსი ვთქვათ და სავანეში დავისვენოთ.
შორს ქორეთში, განა ქორებს უფრენიათ,
ძვირფას ხალხის ნატერფალებს ველი არ შლის,-
იქ რამდენი ღამე თეთრად უთევია
ოცნებებში გატაცებულ ბელიაშვილს.
მწამს, ბაჯითში სიო შავ თმებს დაგიკოცნის,
იტყვი, გული საგულეში აღარ მიდევს,
იქ, მზის ახლოს, ოცნებების თეთრი კოშკი
აუგია ერთ დროს რევაზ ჯაფარიძეს.
გზას გავუყვეთ, ტყემლის ძირში დავისვენოთ,
გვიმასპინძლებს მარიჯანის თბილი კერა,
მერე კარგო , სიბერის ჟამს გავიხსენოთ,
რაც გვიამბეს სერებმა და ბილიკებმა.
მინდა ყველა საიდუმლო გაგიმხილო,
ჩემი მხარის სიდიადეს არკი ვჩემობ,
არგვეთშიაც ხალიჩებად დაგიფინო
იაშვილის საოცნებო კაკლის ჩერო...
მოვეფეროთ მგოსნის ხელით დარგულ ვარდებს,
ვაქოთ გამე დარიანი, მთვარიანი,
საჩხერიდან ჭიათურის სადგურამდე
მიგვაცილებს მუხრან მაჭავარიანი.
იქ, ჩემს რგანში, სადაც გრიგოლ აბაშიძეს,
ერთდროს ფრთები აუშლია ასაფრენად,
საშევარდნო ალიონზე გაიღვიძებს
და მოიხვევს ცისფერ ნისლებს თავსაფრებად....
მაშინ კარგო, რას გიქვიან სინანული,
ჩევნს შუკაშიც შევხვდეთ ნიავს ფრენით მოღლილს...
იქ, ჩრდილებში, საგანგებოდ შენახული,
კარს გაგვიღებს ჭერმზიანი ჩემი ქოხი.
ვიცი,მაშინ გაიხარებ. მკლავებს გაშლი,
ვენაცვალე ჩემს იმერეთს ფუძემზიანს.
ნავარძეთში ჩვენს მარიკა ბარათაშვილს,
მარჯნისფერი საპოვნელა უძებნია.
ქვაციხეში აღმართს წამში აივლით და
ვიცი, მეტყვი, რა სამოთხე გადავლახეთ,
ბესო ჟღენტის სახლის ლურჯი აივნიდან,
საქართველოს სილამაზეს დაგანახებ.
ნისლის ბორნით, კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,
როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს,
ხომ გითხარი, ცემს იმერეთს ერთხელ ნახავ,
მერე, კარგო, ვერასოდეს დაივიწყებ.
     
სარჩევი      

     
გურია      

     
ჩემი გურია – ლევან ლორია      
       
სოფლის შარამ გამარჯობა მითხრა,
მე მოკლეზე ავედევნე ჭანჭრობს,
ხეებს დარდი შეპარვიათ ყვითლად
და ქვევრებში შემოდგომა მაჭრობს.

და ჩამესმის მოლაღურის სტვენა,
და გურული კრიმანჭული ლაღი,
აქ ვერ ივლი თუ არ იცი ფრენა,
თითქოს ზეცას ახდიაო თაღი.

წყალს მოსთხოვ და გამოგიტანს ჭაჭას,
გულს გაგიშლის მასპინძელი სუფრად,
წამოხვალ და სადღაც სითბო დარჩა,
სამოთხეში ვიყავიო სტუმრად.
     
 სარჩევი      

     
 სამეგრელო      

     
სამეგრელო – ფრიდონ ხალვაში      
       
ჩემი კოლხურ-ჭანურ-ლაზურ
გვარითა და დარდით როცა
ვარსკვლავებით გადახაზულ
საქართველოს ზეცას ვლოცავ,

მეგულები მეგრულ ხმების
ზღვით და მიყვარს ის, რაც მიყვარს,
რა ხანია ვემზადები
შენთვის ლექსის წასაკითხად.

მინდა ზოგჯერ ჩაგრულებიც,
ჭირში არა დამეღალონ,
ჩონგურებში ჩარგულებო
სიმღერებო ჩამეღვაროთ!

ჩემი ლაზეთ-სამეგრელო
ტკბილია, ვით სადღეგრძელო.
     
სარჩევი      

     
რაჭა      

     
რაჭა – მურმან ლებანიძე      
       
1
ფრთადაწყობილი, ფრთაჭრელი
სორს ქვემოთ ქვემო რაჭაა;
მე თვითონ ზემორაჭველი
გეტყვი: - ისაა, რაცაა!
ვაზი ვაზს გადაჰკონია,
იქ - სხვავაა და კრიხია,
იქ, წესთან, ბარაკონია,
იქ - კვიტაშვილის ციხეა/
იქ - პური ცხვია თონეზე;
იქ - ხვანჭკარაა პაწია,
ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზე
სალაპარაკოდ გვაქცია.
იქ - ნიკორწმინდა მღერის ცად,
სხვა კოშკი - სხვა ნაპირზეა...
იქ - ქვემო რაჭის ერისთვად
ავთანდილ შარაბიძეა.

2
რიონს აღმა მივუყვები,
ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას;
რა ხეობა-ჭიუხები!
რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!
- მოიწყინე, მურმან, რაზე?
გვიქადიან აღმავლობას!
ხვალ-ზეგ ვერ და, ზეგის- მაზეგ
შენც ხომ ამბობ ხალხმრავლობას?!
- კი ბატონო, მყობადს ველი!
დე, მტრის თვალი შურით ენთოს!
კი, ბატონო! შენი მტერი,
ჩვენი მტერი უიმედოდ!
ვინ ისურვებს დაქცევას და
ზვარს ვინ აქცევს საბალახედ?!
ქვას ვინ ესვრის ამ სევას და
ქვას ვინ ესვრის ამ ფარახეთს?!
მარჯვნივ მრავალძალი მოფრენს,
პირტიტველას ვმოძღვრავ შოფერს:
- არ გაბრიყვდე! სულ ძუნძულით
მოაშურებს ხალხი სოფელს!
ხალხის ნიჭი, სანატრელო,
ხალხის ჯიში მაიმედებს,
ვინ, რომელი საქართველო
ჩვენს ხეობებს გაიმეტებს?!
შეხე, საკალმახე დელტას!
აქ ხეორი რიონს ერთვის.
იქ რომ კაცი ყამირს ბელტავს,
სამოსახლო მოჩანს ჩემთვის!
როგორც ქოჩაკიძეს უთქვამს,
(ტკბილ ლექსში აქვს გამოთქმული).
მანდ თუ ფაცხა არ განახო
მთა-კორტოხზე წამოდგმული,
მაშინ-ლებანიძე მოკვდეს!
მაშინ მისი ხელი გახმეს!
შეხე, რა მდინარე მოხტის!
შეხე, რა ხეობას ახმევს!..
ჯერ კი აღმა მივუყვები,
ჩემსას ვზვერავ ზემო რაჭას:
რა ხეობა-ჭიუხები!
რა სამოთხე! ხალხი არ ჩანს!

3
უყურძნო მთის რაჭა მესამე რაჭაა,
ენკენისთვეა და ჩამოთოვს საცაა,
აქეთ - უწერაა, იქ კიდევ - შოვია.
შოდაზე კიდევაც ჩამოუთოვია.
მამაღმერთს სილამაზე პირქუშად ჰყვარებია:
ლამაზი ხარო და - მთის რაჭა... ღარიბია.
ქერზე და კარტოფილზე გადივლის იოლად
გლოლა და საგლოვლო, ღები და ჭიორა
მაგრამ აქ სიცისფრეა, სხვა მზეა, სხვა ცაა -
მესამე რაჭაა, მესამე რაჭაა.
ჭრილობა გაუგრილეს რკინით დაშანთული
აქ პოეტს - ფარაონს გაუწყვეს ფანჩატური.
აქ "ნიკორწმინდისას" პეონებს კიბავდა
გალაკტიონი და აბრეშუმს თიბავდა...
კი! ჩემი სამშობლო - ულამაზესია!
კი! ჩემი მდინარე - ურა ფაზისია!
კი! ჩემი სატკივარი - ჩემი ხეობაა!
კი! ქვეყნის დღეობა - ჩემი დღეობაა!
კი! სარწმუნოება ჩემი - მხნეობაა!


     
 სარჩევი      

     
ლეჩხუმი      

     
ლეჩხუმური შემოდგომის სურათები – ლადო ასათიანი      
       
რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი,
დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის, -
ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი,
რომ ხელში იგდოს თურაშაული.

ხორბლის სურნელი ასდით კალოებს,
მზეც ძველებურად არ იკბინება
და უელვარებთ სავსე ტაროებს
ნამით ნაფერი ოქროს კბილები.

მთა მთას გასცქერის, მთა მთას გასძახის,
სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან
და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი
ორღობეებში ურმების ჭრიალს.

ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს,
აღუღუნდება გიტარის სიმი...
დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებს
და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.

მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთან
ნარიყალა და მორები ფიჭვის,
ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს,
ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.

ესმით ვენახში ანთებულ ატმებს
უზარმაზარი საწნახლის ქშენა,
ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს
და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა.

გათეთრებულა პატარა სხვენი,
ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს,
და სარეკელას მადლიან ენით
წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს.
     
სარჩევი      

     
სვანეთი
     
ბარათი მთიდან – სიმონ ჩიქოვანი      
       
სვანეთში მივდივარ მთებში და…
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად,
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამშვილდე
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად.
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.
     
 სარჩევი      

     
აჭარა      

     
აჭარა ჩემი ფიქრის სარდალი... – ფრიდონ ხალვაში      
       
აჭარა ჩემი ფიქრის სარდალი,
აჭარა ჩემი გული და სული,
ასჯერ დასჯილი, ასჯერ მართალი,
ჩემი აწმყოა, ჩემი წარსული.
პატივ-წოდებას ყველას გავდენი,
ეს კი ყოველჟამს მქონდეს, მეყოფა,
აჭარის შვილი, ერთი ქართველი! -
მიჯობს ყოველგვარ თანამდებობას.
ოდეს დავწვები, დროც დამიჯერებს,
მეტყვის,  - მამულში ძილიც ტკბილია,
ხეები ფოთლებს დამაბიჯებენ
და ქარიშხლები გადამივლიან.

1990
     
 სარჩევი      

     
ფშავი      

     
ვაჟას – ანა კალანდაძე      
       
მე ვნახე შენი ლამაზი
ფშავი ბუმბერაზ მთებითა…
მე ვნახე შენი ფშაველი,
კაფიობს ტკბილი ენითა…
მოშხუის ფშავის არაგვი,
არ დაიღლება დენითა…
ხასხასებს ლურჯი ბალახი,
გულს რო იფენდი ხელითა…
ქუჩი ციხე-გორს შემომხვდა,
ეამაყება შენითა…
ჭაფნაგის გორთან გადმოდგნენ
ღვიები ქალამნიანი…
მთავ ბუმბერაზო, მიიღე
ჩემიც… სალამი გვიანი…

1955წ.
     
 სარჩევი      

     
თუშეთი      

     
* * * – თეა ელანიძე      
       
ყალყზე შეყენებულ უბელო რაშების
ჭიხვინი გაჰკვეთავს ატეხილ დეკიანს,
უდრეკი სულებით დოღში პაექრობა,
სწყურიათ ვაჟკაცებს,მეცხვარის თექიანს.

მწყობრად დაწყობილნი მიჰქრიან მერნები,
ლაჟვარდში ნაპერწკლებს ანთებენ ნალები,
ღიმილლი უხდებათ ახოვან ჭაბუკებს,
და შეუდრეკელი ქორული თვალები.

მთებში გამოზრდილი ლაღი ულაყები,
კლდოვან ბილიკებზე ფლოქვს არ აკარებენ,
შმაგად მოვარდნილი, ხევივით მჩქეფარე,
სისხლით გამარჯვების სურვილს ატარებენ.

მწველი მოლოდინით ივსება სივრცე და
ყველას გამოასწრებს მხედარი ერთ-ერთი,
სწრაფად გადიქროლებს სანიშნე ადგილზე
ძუა გამოკრული გულფიცხი ფეხთეთრი.

წინ მიაგებებენ ჯიხვის რქით ალუდს და
გაოფლილ ბედაურს ბალღებს მიანდობენ,
ძველ თუშთა ჯირითის, მხედრობის ლეგენდებს
ხატები, ბილიკნი, მთები მიამბობენ.
     
სარჩევი      

     
ხევსურეთი      

     
ხევსურეთი – ოთარ ჭილაძე      
       
საკვამურებში სისინებს ქარი.
იხურება და იღება კარი.
და როცა მთებზე ამოდის მთვარე -
ყველა კუნჭული ივსება მთვარით.
როდესაც მთებზე ამოდის მთვარე -
ბრჭყვიალებს თუნგი და ცოლის თმები.
ქოხებს კი სძინავთ, ვაჟკაცის ქებით,
ლაჩრის გინებით და ლუდით მთვრალებს.
     
 სარჩევი      

     
მესხეთი      

     
მესხეთი – გიორგი ლეონიძე      
       
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?..
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!
იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს:
― გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,
ჭოროხის კვნესას ― ქვათა ღაღადი...
შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,
კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს,
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...
მაგრამ, გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები! ―
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით,
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.
რუსთველის მამულს, მერჩულის მამულს
ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები!
ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს?
ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს?―
დაკარგული ძმის მესმის ყივილი...
საქართველოზე მოჭრილო ძუძუ,
შემაჟრიალებს შენი ტკივილი...
შენ ჩემი გულის დასაკლავად ხარ,
ისევ მტრის ხელში გადავარდნილი!
დიდო მესხეთო, ძველო მამულო,
ფეხდაფეხ დამდევს შენი აჩრდილი.
შენი ხანძრები მომბოლებია,
მომყრია ფერფლი მკვდარი ზღვის ფერი...
მინდა დავემხო მე შენს წინაშე,
კოცნით ავწმინდო შენს ლოდებს მტვერი...
შენი ნაშთები ნამსხვრევებია
ჩემის იმედის გაზაფხულისა,
ვკრებ და ვაერთებ, ცრემლით ვაწებებ,
ნახევრებია ჩემის გულისა!

* * *
დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო,
მადლო მესხურო, მზეო მესხურო,
ოცნებას უნდა, რომ ძველებურად
უკვდავი სხივით გადამესხურო!
შენი კოშკების სარკმელებისკენ
მოჰქრის ოცნება ჩემი ფრთამალი,
ოქროს-ფერად რომ იხედებოდა,
ისევ დაგნათის თავზე თამარი...
ისევ ორბებად დაგტრიალებენ
შენს ნანგრევებზე ჩამოხედული, ―
ბაგრატ, გიორგი, დიდი დავითი,
და სხვა ათასი გუნდი მხედრული. ―
ვინც მტერს ულეწა მოიერიშეს
შენს გალავნებზე მუზარადები...
თვით კახაბერი ზღვის კარის მცველი,
რკინის პალოთი საზღვრის დამდები...
დიდი დროშების შემარხეველნი,
მტრის განმრეკელნი ხმლით, აჯანყებით...
შავ ურდოების დამჯახებელნი,
შალვა თორელი, სარგის ჯაყელი...
და სხვა დაჭრილნი და წამებულნი,
ზედ დაკაფული შენი შვილები...
აბჯარცმულები, შუბწაწეულნი,
ხმალამართულნი, მხარგაშლილები.
ბუმბერაზები, გოლიათები,
გორგასალიდან ვიდრე ჩვენამდის,
ყველა ფეხზეა, ერთის გაფრენით,
რომ შენთან გაჩნდეს მტრის გაჩენამდის...
და თვით ჯერ პერანგ-გაუხვეველნი
და გახვეულნიც ბნელ სუდარაში,
ყველა გამხდარა შენი წყლულების,
შენი შეკომლილ აბჯრის დარაჯი...
მამათავრები, მაკურთხეველნი,
ოქროს-ენა და სულის მხილველი...
მგოსნების ალურ-სიმებიანი,
როგორც ათასი ოქროს ფრინველი...
თვით ჯადოქარი ქართული ქნარის,
ვეფხის ხალების დიდი მღერალი...
კელაპტრის შუქში მთაწმინდელები,
გრძელ ეტრატებით გადმომცქერალი...
ოპიზარები...საბანისძენი...
დიდ-ოსტატები...გადამწერლები...
შენთან არიან, ვით შენთან არი,
მათი სიმღერა, ღვაწლი, ცრემლები.
შავი ზღვის უბემ, დე, ჩაიბაროს
შენი ტკივილი, ძველი სევდები...
დაგიბრუნდება კვლავ რუსთაველი,
არწივის მხრებზე გამომზევდები!

     
სარჩევი      

     
სამცხე ჯავახეთი      

     
სამცხე ჯავახეთს – სოსო ნადირაძე      
       
განდეგილები დგანან ოდები
და დანგრეული მტრისგან ტაძრები
თვალავსებულნი ცრემლის ლოდებით
მწუხარენი და ცამდე მართლები

ჩვენ ვიხსენებდით წარსულს წამებულს
როგორ წაგვართვესროგორ დავკარგეთ
და შორი ლოცვა წმინდა მამების
გვიმსუბუქებდა თითქოს განაჩენს

დღემდის მოღწეულს ტანჯვითწვალებით
სიტყვა არ უთქვამს მესხეთჯავახეთს
მზემ შემოგვხედა მწყემსის თვალებით
და გადაევლო ნაცნობ სანახებს

     
სარჩევი      
       
       
       
       
       
       
       
თავი XVII      
თავი XVI - XVIII სარჩევი      
       
თავი XVIII      
თავი XVII - XIX სარჩევი      
       
       
თავი XIX      
თავი XVIII - XX სარჩევი      
       
       
თავი XX      
თავი XIX -  სარჩევი