ლავრენტი არდაზიანი: სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
ნაწილი პირველი | |||
I განსვენებული დედაჩემი მოგახსენებდათ, ვითომც ეს გვარი დაურქმევია მამიჩემისათვის ღვთისაგან კურთხეულს დიდს ერეკლე მეფეს. მაგრამ მე ეს არ მჯერა: ერეკლეს გვარების დარქმევისათვის არა სცალოდა. ჭკუაზედ უფრო ახლოა, რომ ეს გვარი დარქმევია მამაჩემს, იქნება პაპაჩემსაც, ქალაქელებისაგან (ცოტა-მატანი კი არ არიან ქალაქელები!), რადგანაც მამა-პაპა ჩემი მეჯღანენი ყოფილან. და ესრეთ, აწ მე გახლავარ “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”. მე დავიბადე ქ. ტფილისში, ციხის უბანში, პაპიჩემის სახლში, ანუ სწორედ ვსთქვა, ქოხში, რომელიც უფრო მიემსგავსებოდა ღრმა სოროსა, დათვის სადგომსა, ვინამც კაცის სადგომსა. ამ სასახლეს ჰქონდა სიგრძით ხუთი, სიგანით ორ-ნახევარი ადლი. მამაჩემს, ისაკს, თუმცა არა ჰქონია-რა, მაგრამ მე რო დავბადებულვარ (1800 წელსა), დიდი მეჯლიში თურმე გადაუხდია. საკვირველი მოლხინე და მხიარული კაცი თურმე ყოფილა: არცა-რა ჰქონია, არც არა ჰკლებია. ფიქრი, ნაღველი და სევდა ვერ მიჰკარებია იმის გულსა, ამპარტავნობას არ დაუჭლექებია. ბედნიერი სიცოცხლეც ეს არის! რაღა გაგიგრძელოთ, მამაჩემი წლის თავზედ გამოგვესალმა და გარდაიცვალა ამიერ სოფლით გამოუთქმელ სიხარულით, გეგონებოდათ მიეშურებოდა რომელსამე დღეობაში ანუ ლხინში. გეგონებოდათ, რომ დაუტოვაო თექვსმეტის წლის ქვრივსა – ცოლსა, ერთის წლის ვაჟსა-ობოლს განძი და საცხოვრებელი. აღმოჩნდა, რომ მამა-ჩემმა დაგვიტოვა ზემოხსენებული ქოხი, დამსხვრეული ტახტი. ერთი ძველი ჭილობი, ერთი დაგლეჯილი ფარდაგი და ერთი პატარა ხალიჩა (დედიჩემის მზითევი), ერთი ხელი ლოგინი, სამი ჩინური ჯამი, ხუთი თიხის ჯამი, ექვსი თიხის თეფში, ერთი პატარა ქვაბი და ორი შამფური. იმ დალოცვილმა აღარ იფიქრა, რომ იმის ქვრივსა, მაწოვარს სოფლის გაუცნობელსა, მაშინვე მოშივდებოდა და მე განუსჯელად მოვთხოვდი იმას წამდაწამ ძუძუსა! არცა მამა-ჩემს, არცა დედა-ჩემს არა ჰყვანდნენ ახლო ნათესავნი; შორეულებმა კი შორს დაგვიჭირეს. დავრჩით მარტოდ-მარტონი, უპატრონონი. ამ საშინელს მდგომარეობაში საჭირო იყო დედი-ჩემისთვის, შემთხვევიყო ისეთ გარემოებას, რომლის შეხეთქებისაგან უნდა გამოჩენოდა გზა ნუგეშინისცემისა და ცხოვრებისა. ეს შემთხვევა სასწრაფოდ გამოუჩნდა, და დედა-ჩემზედ იკრიბებოდა საშინელი განსაცდელი. გაიანე (სახელი დედი-ჩემისა) იყო ლამაზი. ამიტომ, რა წამს დაქვრივდა, გამოუჩნდნენ იმას თაყვანისმცემლები. ესენი იყვნენ მეზობლები: ერთი ბაყალი, გეო ნონიაშვილი, რომელსაც არა თუ პერანგი არ გაერეცხინებინა ერთ მთელ წელიწადს, ხელ-პირის დაბანაც კი არ იამებოდა; მამა-ჩემზე მდიდარი არ იყო. მეორე – მეწვრილმანე გასპარ სარქისბეგაშვილი, ახალგაზრდა, თავმომწონე, შემძლებელი. არ გაიარა ერთმა კვირამ, რაც მე დავობლდი და ბაყალი და მეწვრილმანე შეუდგნენ თავიანთ განზრახულ საქმესა. ამათ ჰყვანდათ შუამავლად თითო ბებერი დედაკაცი. თაყვანისმცემლები და იმათი ბებრები ისე საიდუმლოდ მოქმედებდნენ, რომ თავიანთი საქმე ერთმანეთს არ გააგებინეს. ბაყალის ბებერს მოჰქონდა ხოლმე დედა-ჩემთან ყოველ შაბათობით და კვირაობით, საღამოს, ერთი კერძი საჭმელი და პური, სადაგ დღეში კი, დილით ხილი: ხურმა, წაბლი, თხილი და ვაშლი. მეწვრილმანე უფრო უხვად იქცეოდა. ეს უგზავნიდა სამშაბათობით, ხუთშაბათობით, შაბათობით და კვირაობით სხვადასხვა რიგ საჭმელსა და ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკეობით – ხმელ ხილსა: ინდის ხურმას, ნუშს, ქიშმიშს, აღჯანაბადსა და სხვა. დედა-ჩემს შიოდა და ამიტომ არ შეეძლო, არ მიეღო შემწეობა მეზობლებისაგან. მოწყალება ეგონა და მადლობდა. სამ თვეს უკან – ეს იყო ყველიერის ორშაბათი, – ბაყალის შუამავალი მოვიდა დედაჩემთან და მოუყვა გეო ნონიაშვილის ქებას, აიყვანა ცამდის და დედამიწას აღარ დააკარა, მერე უთხრა: – კარგა იფიქრე, შვილო! წარმოიდგინე შენი გარემოება, ვინა გყავს პატრონი, ვისგან რას მოელი? როგორ გინდა დარჩე? თექვსმეტის წლის ქალი, შემწყვდეული ერთ ქოხში, რა იქნები! სხვა არა იყოს რა, წყლის მომწოდებელიც კი არავინა გყავს! – რა უნდა ვქნა, დედიჯან! – უპასუხა გაიანემ გაკვირვებით. – აი, შვილო, რა უნდა ქნა, – უთხრა ღიმილით ბებერმა – დამიჯერე, ჭკუას ნუ დაჰკარგავ, პატრონი გაიჩინე. გეუაზე უკეთესს პატრონს შენ ვერ იშოვნი. გეუას უყვარხარ შენ, გეუა შენთვის გიჟდება, ნატრობს შენ შერთვას. რასაკვირველია, ჯვარის-წერა ახლა არ იქნება... წლის თავზედ... მხოლოდ ახლა დაინიშნებით და დღეინდლიდამ გარედამ გიპატრონებს. – გადაწყვეტილს მოგახსენებ, დედავ, – უთხრა შეწუხებულის სახით დედაჩემმა, – ჩემ ქმარშვილს ვერ ვუღალატებ. სარჩოსთვის არა ვზრუნავ, ქვეყანა დიდია. წელმოწყვეტილი ბებერი გავიდა და აღარ დანახვებია დედაჩემს. მეორე დღეს, სამშაბათს, უცებ შემოვარდა ჩვენსა ბებერი მეწვრიმალისა ქაქანით, ღრეჭით და თამაშობით. ეს ბებერი იყო გამხმარი, როგორც ჩაჩხი, შავი, როგორც მუგუზალი. სიცილში უჩნდა იმას ჩაშავებული ღრჯოლები. იღლიის ქვეშ ეჭირა გამოკრული ბოღჩა. გაიანე შეკრთა. ბებერი დააშტერდა ქალს, მერე კატის სიმკვირცხლით შეახტა, მოეხვია ყელზედ და ჰკოცნიდა საძაგელის ტუჩებით. მინამ დედა-ჩემი დორბლებს მოიწმენდდა და შეიკრეფდა ფიქრებს, ბებერმა ჩამოჰკიდა ყელზედ ძველებური ოქროს ძეწკვი, მოსტაცა მარჯვენა ხელი და ორ თითზედ გაუკეთა ზურმუხტისა და იაგუნდის ბეჭდები. თავზედ მოახვია ბაღდადი, გაშალა ბოღჩა და გადმოუწყო საპერანგე მოვები, შეიდიში, საკაბე, ლეჩაქი, ერთის სიტყვით ერთი ხელი ტანისამოსი, თანაც ღიღინებდა. – შენ გეთაყვანოს ჩემი თავი, გაიანე, – უთხრა ბოლოს ბებერმა, – რა სახით გიხდება! ღირსი იყავ და მოგეცა კიდეცა! გადაყარე ეგ შავები! დედაჩემს შეუბროწავდა ლოყები: ნიშანი ეგონა, მეწვრიმალისაგან გამოგზავნილი, და ეწყინა. – ეს რას ნიშნავს, ბატონო? – ჰკითხა გაიანემ ბებერსა და სასწრაფოდ – ყოველივე ნივთები, რაც შეაყარა იმას მაჭანკალმა. ბოხჩაში გამოუკრა და კალთაში ჩაუდო. – ეს ნივთები მოგართვა გასპარამ, – უთხრა ბებერმა – დაიცადე კიდე, ეს რა არის, იმდენი მოგივა, რომ ერთ სკივრს გაავსებ! – მიკვირს ბატონო! გასპარა მე რად მიგზავნის ნივთებსა? ნათესავი არა ვარ, თვისი და ტომი! გამომიცხადეთ თქვენი აზრი. – ყმაწვილი ხარ ჯერ, ჩემო ლამაზო, რომ თვითონ შენ ვერ მიმხვდარხარ საქმეს! – უპასუხა ბებერმა უსიამოვნო ღრეჭით, – შენმა სილამაზემ ისე მოხიბლა გასპარა, რომ შენს მეტი აღარა ახსოვს რა მას ქვეყანაზედ!.. გასპარა გაგიჟებულია შენთვის; გასპარას უყვარხარ, ისე უყვარხარ, რომ წყალში და ცეცხლში მზად არის გადავარდეს შენი გულისათვის. ახლა წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნები იმის ხელში! ხომ იცი, შემძლებელი კაცია: აგავსებს, აგავსებს, გარწმუნებ, აგავსებს!.. დედა-ჩემს გული აუჩქროლდა. – თქვენმა სიტყვებმა, ბატონო, რაღაც უგუნურ ეჭვებში შემიყვანა, – უთხრა დედა-ჩემმა – გამომიცხადეთ თქვენი აზრი. – გასპარა გთხოვს, ერთ ღამეს გაატაროს შენთან დროება. მეხი რო დასცემოდა საწყალ ქალს, ისე არ მოჰკლავდა. როგორადაც მოჰკლა ბებრის სიტყვებმა. დედა-ჩემს ყვითელმა ფერმა გადაჰკრა, თავით-ფეხამდინ თრთოლა დააწყებინა. ბებერს შეეშინდა და უკან დაიწია. როდესაც მობრუნდა და შეიკრიბა აზრები, დედამ ისეთის მრისხანის სახით შეხედა მაჭანკალს, ისე საშინლად დაუბრიალა თვალები, რომ სხვას იქვე სული გასცვივდებოდა, მაგრამ ბებერი უგრძნობარი იყო, გაშეშდა მორიელსავით ერთ ადგილას და იქამდინ იყო შეუპოვარი, რომ ლაპარაკს კიდევ აპირებდა. მაშინ დედა-ჩემმა აიტაცა თიხის ჯამი და ტყორცნა უსიამოვნო სტუმარს შიგ პირისახეში. ამითაც რომ ვერა გახდა-რა, ქალმა წამოავლო ხელი შამფურსა და ერთი თუ ორი მიაყოლა ბეჭებში. მაშინ იკადრა ბებერმა წასვლა. ქალმა კარები მაგრა ჩაიკეტა და საღამომდის ცრემლი ღვარა. წარმოიდგინეთ ყმაწვილი ქალი, მარტო, მწუხარე, ღამე, ბნელ სოროში შემწყვდეული... ეს ჯოჯოხეთი დასძლია საწყალმა მხოლოდ ლოცვით! რომ არა დარჩენოდა-რა სახლში პილწის მეწვრიმანისა, დედაჩემმა შუაღამისას, რაც ხილი ჰქონდა შემოგზავნილი იმისგან, შეკრიბა, გაიტანა უშიშრად და დააბნია იმის კარების წინ... გათენდა ოთხშაბათი ყველიერისა, დედა-ჩემს მოშივდა და არა ჰქონდა, რა ეჭამა. ქართულად ნათქვამია: “თუ კაცი წაიქცა, დიდი და პატარა ზედ მისცვივდებიანო და გაჰქელავენო”. ასე დაემართა საწყალ ჩემს მშობელსაც. რა წამს გათენდა, სახლის მოძღვარმა, ტერტერა ტერაკოფამ კარი შამოაღო. ჯერ მოიკითხა დედა-ჩემი, ნუგეში სცა და უქადაგა მოთმინება. მერე სთხოვა სასყიდელი რიგის გადახდისათვის მამა-ჩემზედ. გაიანემ გულის მჭერმეტყველობით აუწერა თავისი საშინელი გარემოება და შეუძლებლობა. სხვა კაცი ლმობიერებაში მოვიდოდა იმის სიტყვით, შეიბრალებდა ოხერს ყმაწვილ ქალს, მაგრამ ტერტერას გული არ დაურბილდა. მაშინ დედაჩემმა უჩვენა და სთხოვა მიეღო, თუ იკადრებდა: შამფურები, ქვაბი, ჯამები და თეფშები. ტერტერამ იცოტავა. დედა-ჩემმა მიართვა თავისი ხალიჩა. ტერტერამ უსვინდისოდ მოხვეტა ყოველივე და წაიღო თავისი ხელით. ჩვენ დაგვრჩა: ტახტი, ჭილობი, ფარდაგი და ლოგინი. |
|||
II მაშინ დედაჩემმა აღარც აცივა, აღარც აცხელა, გაიტანა ბალიში და მიჰყიდა ახლო მეზობელს სამ პურად. მყიდველს შერცხვენოდა და ერთი ჯამი ლობიო დაემატებია. თვითონაც გაძღა, მეც გამაძღო. მაგრამ, ოჰ, რა გაძღომა იყო! შხამად შეარგეს დედაჩემს საჭმელი! მეწვრიმალის ბებერი მოუვარდა კეტით, წყევლით და უშვერის ლექსით დაუწყო, სულის მტერმა, ლანძღვა და არ გაათავა, სანამ ყბები არ ჩამოსცვივდა... ბედი დედიჩემისა, რომ კარები ჰქონდა მაგრა დაკეტილი, თორე მოჰკლავდა საცოდავსა! ამას არ დააჯერეს. ღამე თვით მეწვრიმალე მოვიდა და ქვებს ესროდა ჩვენს კარებს. შიშით კინაღამ ჭკუაზე შესცდა დედაჩემი! ხუთშაბათს ასეთივე დღე დააყენეს.
მოთმინებიდან რომ გამოვიდა, პარასკევს დილით ადრე
წავიდა ქალაქს დედაჩემი, მთელი დღე იარა უბედურმა და ყველგან გაიგონა, რომ არავის
ეჭირვებოდა მაშინ არცა ძიძა, არცა მოჯამაგირე. დაბრუნდა შინ მკვდარი,
სასოწარკვეთილი ჩემი გაიანე, დაეცა პირქვე, ტიროდა და გმინავდა. მთელი ღამის უძილობით და მწუხარებით დატანჯული დედაჩემი ფერმიხდილი იჯდა ტახტზე მოკეცილი, დაჰყურებდა დედამიწას, ერთი ხელით მე მარწევდა, მეორეთი ცრემლს იწმენდდა, თან ლოცვას ბუტბუტებდა პაწაწკინა ტუჩებით... ოჰ, საწყალო დედა-ჩემო, აგრე როგორ დაიტანჯე! მსწრაფლ რაღაცა ბედნიერმა აზრმა გაუელვა დედა-ჩემსა. დედა-ჩემმა მოიმხიარულა, ამაყენა მე აკვნიდან, გამახვია საბანში და წამიყვანა ჩემ ნათლიასთან. ნათლია შინ არ დაგვიხვდა; იმისმა ცოლშვილმა კი ცივად მიგვიღეს. გამობრუნდა დედა-ჩემი გულმოკლული. მიდის... სად მიდის? არ იცის. ამ დროს სიონის წინ გაიარა; კარები დახვდა გაღებული და ხმა მოესმა გალობისა, მწუხარეთა ნუგეში ეკლესიაა. “ოჰ, გმადლობ უფალო! ამაზე უკეთესი ბინა აღარ მინდა”, სთქვა და შევიდა დედაჩემი სიონში, დაეცა, გმინავდა, ტიროდა, ლოცულობდა, ლოცვა მისი იყო მხურვალე. იქვე წირვას ისმენდა ერთი ყმაწვილი ვაჟი, თექვსმეტის წლისა; იმან მიაქცია ყურადღება საცოდავს გაიანეს და თითქმის თვალი ვერ მოაშორა. გამოვიდა წირვა. გაიკრიბა ხალხი. ყველაზე ბოლოს გამოვიდა თექვსმეტი წლის ვაჟი, მერე დედა-ჩემი. მდუღარე ცრემლი ეყარა საწყალს გრძელ წამწამზე და ლოყებზედ, თითქოს ბრილიანტი შეუბნევიათო. “ეს არის ჩემი ბინა”, სთქვა და დაჯდა სიონის კარებთან. მაშინ თექვსმეტი წლის ყმაწვილმა ჰკითხა დედა-ჩემსა, რა მწუხარება გაქვსო.
დედა-ჩემმა პასუხი არ მისცა და სთქვა თავის გულში:
“რა ღმერთი გასწყრომიათო, აქაც არ მეხსნებიანო”. დედა-ჩემმა უამბო მოკლედ თავისი გარემოება. მაშინ ყმაწვილმა ვაჟმა სთხოვა გაიანეს, გაჰყოლოდა იმას სახლში. დედამ უარჰყო. კიდევ სთხოვა, აღუთქვა მრავალი კეთილი... კიდევ უარჰყო... მერე დაიფიცა... არ იქნა, ვერ გააბედვინა... იწყინა უგუნური სიკერპე დედა-ჩემისა და წასვლა დააპირა, მაგრამ მაშინვე წარმოიდგინა ჩვენი საცოდაობა და ბოლოს ასე უთხრა გაიანეს: – დედა ღვთისა არის მოწამე, რომ მე მიგიღებ შენ, როგორადაც ღვიძლ ჩემს დას. მე მყავს დედა, რომელიცა შეგიყვარებს, გამოგზრდის და პატივით შეგინახავს, რომელსაც შენ ძლიერ შეიყვარებ. მე მყვანან გამდელები, მოახლეები, მოსამსახურე ბიჭები; მე მაქვს ოჯახი კარგი, სავსე ღვთის მოწყალებითა. ჩემს ოჯახში პირველი უფროსი დედაჩემია, მერე მე. არც გიმსახურებ, არც საჭიროა ჩემთვის შენი სამსახური. მე ვარ თავადი ლუარსაბ რაინდიძე. ღმერთსა სთხოვდი პატრონსა და აი მოგცა; დედაჩემზე უკეთესს პატრონს შენ ვერ იპოვი. წამოდი. ლუარსაბის დიდკაცურ შესახედაობამ, იმისმა გულწრფელმა და ტკბილმა ლაპარაკმა, ზრდილობამ და მეტადრე მშვიდმა სახის მეტყველებამ გაუბნია დედაჩემს ეჭვები. დედა გაჰყვა თავის სულგრძელს კეთილმყოფელსა. ძლივს მოწყალების კარი გაეღო საცოდავ ქვრივსა და ობოლსა. – ბატონო დედავ! – მოახსენა ლუარსაბმა მშობელს, როდესაც შევიდა შინ, – მე გახლდი სიონში, მოვისმინე წირვა, გწყალობდესთ! იქ ღმერთმა ჩამაბარა ერთი მეტად საცოდავი ახალგაზრდა ქვრივი ქალი ძუძუთა ბიჭით. მე ვიცოდი, თქვენ გიამებოდათ ქვრივ-ობოლის შეწყნარება და მოგგვარე. აქ გახლავან. თუ ინებებთ, შემოვიყვან. სახელი ლუარსაბის დედისა – დარეჯან. ეს იყო მშვენიერი, მსგავსი რომლისა არსად მინახავს. კარგი მხატვარი თავისის აზრით ვერ დახატავდა ისეთ მშვენიერ სურათს. – უბრძანე, შვილო, შემოვიდეს, – უთხრა ლუარსაბს მშობელმა. ლუარსაბმა ხმა მისცა და შევიდა დედაჩემი. თუმცა ოყო ობოლ-ოხერი, უნუგეშო, დღიურ გამხმარ. ლუკმას მოკლებული, მაგრამ, შედგა რა ფეხი კარებში, გაეღვიძა იმას თავმოყვარეობა და ამპარტავნობა, – ითაკილა გლახა ამპარტავანმა, რომ მიადგა კარს მოწყალებისათვის, შეინანა იქ მისვლა და დააპირა უკან დაბრუნება, ესე ყოველი ცხადად გამოეხატა სახეზე დედა-ჩემსა. დარეჯან იყო დედაკაცი ჭკვიანი და მაშინვე წაიკითხა დედას სახეზე, რაც იმას გულში უტრიალებდა და რომ განექარვა აღძვრა დედაჩემის თავმოყვარეობისა, სიფრთხილით შეუდგა დამშვიდებას იმის ამპარტავნობისა. ამისთვის კნეინამ მიიღო ისეთი ღონისძიება, რომელიც ეკადრება განათლებულ გვამსა. – აქ მო, შვილო, დამიჯექ გვერდით, – უბრძანა კნეინამ. ეს სიტყვები გამოიღო კნეინამ ისე ტკბილად, ისე ნარნარად და ალერსიანად, მასთან ისეთი სახე უჩვენა, რომ დედაჩემს ნამდვილად ეგონა, რომ კნეინა იყო მისი მშობელი და დაავიწყდა თავისი ვინაობა. ლუარსაბ გარედ გავიდა. დედაჩემი ჩამოჯდა ტახტზედ, რომელზედაც იჯდა კნეინა.
– გაიგონე, შვილო! – განაგრძო კნეინამ – ქვეყანაზე
არა არის-რა საკვირველი, გარდა ერთისა: ეს არის, ვისაც აქვს თვითმდგომარე ხასიათი,
ვინცა ცნობს თავისს ღირსებასა და დაიცავს პატიოსნებასა. დანარჩენი, მაგალითად:
სიმდიდრე, სიღარიბე, სიდიდკაცე, სიპატარაკაცე სრულიად არა არის-რა. ესენი ეძლევა
განგებისაგან კაცსა, რომ იყოს ქვეყანაზე წესი. მე შენით, შენ ჩემით უნდა
გამოვიზარდნეთ, ვიცხოვროთ. რა წამს შემოგხედე, მე ვიპოვე შენში თვითმდგომარე
ხასიათი, ამიტომ მე და შენ ღირსნი ვართ, ერთად გამოვიზარდოთ და ვიცხოვროთ. შენ
ნახავ, შვილო, როგორადაც საქმით დაგიმტკიცებ ამ ჩემს სიტყვებსა. ახლა გთხოვ, მიამბო
დაწვრილებით ყოველი შენი გარემოება. – რათ ტირი, შვილო? – ჰკითხა კნეინამ. – კარგა მეყურება თქვენი საკვირველი ყურადღება, რომელიც ჩემზედ უსასყიდლოთ მოიღეთ. ავწონე თქვენი გული, მივხვდი თქვენს კეთილს განზრახვას, ვგრძნობ ამას ყოველსა, მაგრამ სიტყვა არა მაქვს გამოვსთქვა მადლობა, ქალბატონო! მე ღირსი არა ვარ თქვენთან ახლო ჯდომისა: მიმიღეთ მოსამსახურედ... – ეს რა სთქვა, ადგა დედა-ჩემი, მაგრამ კნეინამ ისევ დასვა და უთხრა:
– ამ სახლის უფალი დღეს მე ვარ. ქმარი მე,
შენსავით, აღარა მყავს. მაშ ჩემ სახლში ჩემი ნება უნდა აღსრულდეს. შენ ნუ სწუხარ,
მოსამსახურენი ბევრნი მყვანან. ჯერ მიანბე შენი გარემოება, მერე მე გიჩვენებ შენს
თანამდებობას ჩემს სახლში. კნეინას გაუკვირდა დედა-ჩემის მოთმინება, გონიერება და ხასიათი და ძლიერ შეუყვარდა.
კნეინამ მაშინვე ამოატანინა ბაზრიდამ, რაც საჭირო
იყო ჩვენთვის, ტანისამოსი სასწრაფოდ დააკერვინა და შეგვმოსა... ერთი კვირის შემდეგ ლუარსაბი წავიდა პეტერბურგს. კნეინა წაბრძანდა შვილის ყმა-და-მამულში, სოფელს წითლიანს, ქართლში და ჩვენც თან წაგვასხა... მე რო მოვიზარდე, კნეინამ იზრუნა ჩემთვისაც; მიმაბარა თავიანთ მოძღვარს, რომელმაც მასწავლა წიგნი და წერა. თვითან კნეინა მასწავლიდა დავითნსა და მაკითხებდა ხოლმე “ვეფხის-ტყაოსანსა” და სხვა ქართულ წიგნებს; აგრეთვე მასწავლიდა ზნეობასა, ზრდილობასა, სიტყვა-პასუხსა. მე ვუჯერებდი, ვსწავლობდი, მივიღე მრავალი და, არ მახსოვს, რომ ოდესმე შემეწუხებინოს ჩემის ურიგო ყოფაქცევით ჩემი კეთილისმყოფელი. ამასთან კნეინა ისე გვიფრთხილდებოდა ჩვენ, რომ უბრძანა გამდლებსა და სხვა მოსამსახურეებს, არამც და არამც არ ეწყენინებინათ ჩვენთვის ან სიტყვით, ან წარბით, ან საქმით. მოსამსახურეებს გაგიჟებით უყვარდათ ქალბატონი და წმინდად აღასრულეს ბრძანება მისი. მართლადაც თექვსმეტის წლის განმავლობაში არც დედაჩემს, არც მე არ გვინახავს იმათგან რაიმე მცირედი წინააღმდეგობა, ანუ წყენა. მაგრამ თექვსმეტ წელიწადს უკან ბედნიერება მოგვეშალა. სიკვდილმა გამოგვაცალა კნეინა ხელიდან. დედა-ჩემს ისე უყვარდა თავისი კეთილის-მყოფელი, რომ უიმისოდ ვეღარ გასძლო ჩვენთან და სამ დღეზე გამოუდგა იმას. ეს მოხდა 1817 წ. ამ დროს კნიაზი ლუარსაბი დაბრუნდა რუსეთიდან მაიორის ჩინით, მდიდარი ჯვრებითა. მან ერთი წელიწადი იგლოვა დედა, მერმეთ ცოლი შეირთო. მე ვიყავ მაშინ თვრამეტი წლისა. დრო იყო, რომ ამას იქით მე, მეზრუნა ჩემის თავისათვის. ამ მიზეზისა გამო გამოვეთხოვე ლუარსაბს, ამ საკვირველ კაცსა! მომიტევეთ, რომ მე გავავრცელე აქ ისტორია ჩემის მშობლისა. ისტორია მოვალეა მისცეს ადგილი თავის სტრიქონებში გამოჩინებულ პირსა, გინა იყოს იგი მეჯღანუას ცოლი. |
|||
III
მოხუცებული ისე შეკრთა, რომ დაეფანტა აზრები:
ვეღარ გამოერკვია, რომ მოეცა ჩემთვის პასუხი. მომარიდა პირი და რაღაცა წაიბუტბუტა,
რომელიც მე ვერ გავიგე, რაღაც ჰკაწრავდა ბებერსა და მე ვისურვე გამომეაშკარავებინა
იმისი საიდუმლო. ამიტომ განუმეორე იმას ჩემი თხოვნა გაიანეზე. |
|||
IV იმდენ სიკეთესთან, კნეინა რაინდიძისამ დაივიწყა – დედაჩემს ხომ სრულებით ფიქრშიაც არ მოსვლია, – რომ საჭირო იყო ესწავლებინათ ჩემთვის რომელიმე ხელობა. მარტო ზრდილობა და მცირედი წიგნური და ზეპირ მოთხრობითი სწავლა პურს ვერ მაჭმევდენ. მე გამოვდგებოდი მხოლოდ მოჯამაგირედ მოქალაქეებთან, ანუ ლაქიად მაღალ საზოგადოებაში, ისიც თუ დავხელოვნდებოდი ლაქიობის ხელობაში და ჩემში იპოვიდნენ საჭიროებასა. მაგრამ იმ დროს ქალაქში ლაქიობა ჯერ არ იყო გახშირებული. მოჯამაგირის თანამდებობის ასრულებას ადვილად შევიძლებდი, თუ რომ ჩვიდმეტი წელიწადი ნებიერ ცხოვრებაში არ ვყოფილიყავ. ესრედ ვიყავ მოკლებული საზრდოს მოსაპოებელს ღონისძიებასა! ამ დიდ ნაკლულოვანებასთან შემემთხვა ასეთი გარემოებაცა, რომელიც, ვისაც კი-დაიმონებს, დაუბნელებს გონებასა, გაურყვნის გულსა, წაუხდენს ხასიათსა. გამოცდილებით ვიცით, რა ძნელია, რა საშიშია თუ ყმაწვილ კაცს ქალაქში არა ჰყავს ხელმძღვანელი, ანუ თუ არ შეხვდება კარგი საზოგადოება, ან კარგი ტოლი და ამხანაგები. მე ვიყავ ცუდ მდგომარეობაში, ცუდ განსაცდელში. მე ვიდექ საშინელის უფსკრულის ნაპირზედ და უთუოდ დავიღუპებოდი საუკუნოდ სულით და ხორცით, თუ რომ არ შემწევნოდა ჩემი მტკიცე ხასიათი და ნამეტნავად ის მცირედი სწავლა, რომელიც მივიღე თ-დ ლუარსაბ რაინდიძის სახლში. რაც შემეძლო თავი შევიმაგრე და ხელიდან არ გავუშვი. მაგრამ, თუმცა ერთს დიდს ბოროტს გადავრჩი, მასთანვე გავუღე გული მეორე ბოროტსა, რომელმაც დამიკარგა ცნება პატიოსნებაზე და კეთილშობილური ამპარტავნობა. სრული კაცი არ არის ის, ვისაც არა აქვს ეს თვისებები. ზევით მოგახსენეთ, რომ მე გავექეც ჩემს მამა-პაპის სახლსა, რადგანაც მეჩვენა საშიშარ სადგომად. სირბილით დავეშვი ციხის უბნიდან და სად მივრბოდი, აღარ ვიცოდი. ვირბინე, ვირბინე, და მივაწყდი ერთ მიკიტნის დუქანსა, თათრის მოედანზე. იქ იჯდა სამხარზე თუ ვახშამზე სამი ყმაწვილი კაცი. – აბა რა შემიყვანდა იქა! –წავდექ წინ, გარშემოუარე მოედანს, საჩემო ადგილი ვერსად ვიპოვე. გავიარე ვიწრო და დახვლანჯული ქუჩები, კარები ყველას ჰქონდა ჩაკეტილი. დავტრიალდი ისევ მოედნისაკენ და, მეტი ღონე არა მქონდა, მოვედ იმ მიკიტნის დუქანშივე. შევედი, მივეცი მიკიტანს ერთი აბაზი, მოვთხოვე სასმელ-საჭმელი. მიკიტანმა სასწრაფოდ აღმისრულა თხოვნა. სიმშილს სრულებით არა ვგრძნობდი; ამასთან მადა უფრო დამიკარგა მიკიტნის აყროლებულმა ტანისამოსმა. რაღას გავაწყობდი; დროების გასატარებლად ძალის-ძალამდე დავუწყე კიკნა პურსა და საჭმელსა; ჩემი ფიქრი კი იყო გართული მით, თუ სად უნდა გამეტარებინა ღამე. ამასობაში მე შევამჩნიე, რომ სამი ყმაწვილი კაცი ერთმანეთს თვალით რაღაცას ანიშნებდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და ხანდახან ჩურჩულობდნენ კიდეცა, ბოლოს ერთმა მათგანმა მითხრა მე: – ყმაწვილო! მე გატყობ შენ, როგორღაც დაფიქრებული ხარ. რა დროს ფიქრია! ყველიერია! უნდა ვიქეიფოთ! თუ საწყენი არ იქნება, ჩვენ კამპანიასა სურს დრო ერთად გავატაროთ: ან შენ გვეწვიე შენის ჩარექით და ტაბაკით, ან ჩვენ გეწვევით ჩვენი თუნგითა და ხონჩითა. ამ წინადადებამ სრულებით გამომათაყვანა: ენა დამება, გავლენჩდი, ვერა ვთქვი რა. მაგრამ კამპანიას ასეთი მაგნეტიზმური მიზიდულობა ჰქონდა, რომ წამითრია და მე უგრძნობლად ავიბარგე ჩემის ტაბაკით და ჩარექით და შევერთდი იმათთან. მედუქნემ დარაბები აუგდო, ნახევარი თუნგი შემოგვაწია და ინება მოკეცა ჩვენთან. ეს თავისუფალი ქცევა მოტურტვლილი მიკიტნისა ძლიერ გამიოცდა და მეთაკილებოდა კიდეცა იმასთან ჯდომა. – აი რას ნიშნავს კარგ ოჯახში გაზრდილი კაცი!.. ოჰ, ნეტავი ისევ სიმშილით სული ამომხდომოდა და, რაც ხასიათები მივიღე ლუარსაბის სახლში, არ დამეკარგა!.. სმა გაჩნდა შეტეული; არა ჰქონდა დასასრული პროშტებსა, არ ჰონდა დასასრული სადღეგრძელოებსა. ვისი სადღეგრძელო არ დავლიეთ! განა დარჩაღა ქვეყანაზე კაცი, მიკიტანი, ჩარექები, თუნგები, რომ არ გვედღეგრძელებინოს! ამასთან აღარ მისწყდა სიმღერა, ხუმრობა, თამაშობა, ხვევნა, კოცნა, ტლაშა-ტლუში... ასე გავათენეთ ის ღამე, ასე გავატარეთ მეორე დღე, მესამე, მეოთხე, კვირა. ღვინოში ისე შემიყვარდა მიკიტანი, ისე შემიყვარდა იმისი დუქანიცა, რომ უკეთესი კაცი, უკეთესი სახლი აღარ მეგონა სადმე. ამდენ სისულელესთან სხვა სისულელეც მომივიდა – თავი გამოვიდე და ხუთ დღეს მე გავუმასპინძლდი ჩემს ახალ მეგობრებს; ჯიბე დამიცალიერდა. მოაწია ჟამმა, როდესაც მე ან გარყვნილების უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ, ანუ როგორმე მომერჩინა თავი. განსაცდელში კაცი, თუ თვითმდგომარე ხასიათის მექონია, უფრო გამაგრდება და თავს გამოიტანს. იყო კვირა (ყველიერის უკანასკნელი დღე). როგორღაც მოხდა, რომ მე გავისინჯე ჯიბე. დიდხანს ვეძებე აბაზები, ჯიბის კუთხეები ავწიე-დავწიე, – რაღას ვიპოვიდი, რომ აღარა იყო-რა! ელდა მეცა, ჭმუნვა დამერთო, ფიქრები წარმომიდგნენ. – ეი, რას დაფიქრებულხარ! – შამომკივლა მაღლის ხმით და წამკრა გულში მუშტი ერთმა მეგობართაგანმა, რომელსაც ტვინი ძლიერ დასუსტებოდა ღვინისაგან: დიდმარხვაა?! რას გაჩერებულხარ?! ხვალ არის დიდმარხვა, დღეს კიდევ აღების ღამეა. უნდა ვიქეიფოთ! ეი, ღვინო! მეგობრის მუჯლუგუნმა გამომაფხიზლა და მე, თავის გასამართლებლად, გულმტკივნეულად აღვუწერე მდგომარეობა ჩემის ჯიბისა. – ჰა, ჰა, ჰა! გენაცვალოს, ვინც მდიდარია! – მითხრა უგუნურ ხარხარით იმავე მეგობარმა, – მაგისათვის როგორ მოგიწყენია. აი, ჩვენ ჩიტებსავით ვცხოვრობთ: არცა-რა გვაქვს, არცა-რა გვაკლია. მაგალითად გეტყვი: ამ ხუთ დღეს არცა გვიხნავს – გვითესავს, არც გვივაჭრია, მაგრამ აბა, კარგა წარმოიდგინე, რომელმა მდიდარმა ჩვენზე უკეთესად გაატარა დრო. ქეიფი-სასუფეველია. ეს სოფელიც ჩვენია, ქეიფიც ჩვენია! მდიდრისათვის ღმერთს გაუწყვეტია სიამოვნება და ქეიფი. ვიქეიფოთ, ძმაო! დაასხით!.. ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ის ტურტლიანი ფეხები, რომლებმაც ეს ღვინო გამოგვიწურეს!.. ალავერდი! – იახშიოლ! – უპასუხა მეორემ. – რასა ფიქრობ, საყვარელო ძმაო? – განაგრძელა პირველმა მეგობარმა. – მე ვარ ხელმარდი, ასე გამოვაცლი კაცს ქეჩასა, რომ ვერ გაიგებს. ეს არის (მეორე მეგობარზე ხელი დაადო) წინამძღვარი ლამაზ ქალებისა, იმათის ხელობითა თვითონაც ცხოვრობს, იმათაც აცხოვრებს. კბილები რას დააკაწკაწე, ხომ არ... ეს საყვარელი ძმა და მეგობარი (მიჩვენა მესამეზე) საყვარელია ქალებისა, ასე რომ შურით და ერთმანეთის წინააღმდეგობით ბევრსაც აძლევენ ამას. ოჰ, ნეტავი იცოდე, როგორი შფოთი, როგორი თმის წეწა მოუვათ ხოლმე ქალებს ამის გულისათვის. ახლა მკითხე, რისთვის? თურმე ამ შეჩვენებულსა... აი ძმაო, როგორა ვცხოვრობთ! შენც-კი გაგიჩენთ თანამდებობასა! გარწმუნებ, ხვალვე! მაშინ გავახილე თვალები და დავინახე, რა საზოგადოებაშიაც ვიყავი გარეული, რაცა მომელოდა შემდგომში; დავინახე, რომ უფსკრულის ზედ კინწირაზე ვიდექი და ერთს წამს კიდევ რო დავრჩენილიყავ ამ კინწირაზედ, ნიავი გარყვნილებისა გადამაგდებდა უფსკრულში. ცხოვლად დავინახე ჩემი მდგომარეობა და შიშის ზარმა ამიტანა. მომაგონდა ერთი კაცისაგან ნათქომი ანეგდოტი, ერთი ყმაწვილი კაცი, თურმე, – რომელმაც ცურვა არ იცოდა, – ბანაობდა მტკვარში და უცებ ჩავარდა ორმოში, ასე რომ წყალი ერთ ადლზე თავზე ასხამდა. ყმაწვილმა კაცმა გონება დაიტანა და იფიქრა: თუ მარცხნივ წავედიო, შუაგულ მდინარეს მივეცემიო, თუ წინა – მორევში შემითრევსო; ისევ მარჯვნივ ვეცდებიო და ეგების გავიდეო. მართლადაც, ყმაწვილმა კაცმა შიშით და ძრწოლით მარჯვენა ფეხი წყნარწყნარა ამოდგა ორმოდან, შეიმაგრა ზურგით წყალი და თავს უშველა. – შიშის ზარმა და ამ მაგალითმა გამამხნევეს, და მე აღარ დავიგვიანე, უცებ წამოვხტი, მარდად გადავახტი ზედ თავზედ გარყვნილ მეგობარსა, გავვარდი დუქნიდან და ისე ჩქარა მივრბოდი შინისკენ, რომ გაჭენებული ცხენი ვერ მომეწეოდა. გავაღე კარები ჩემის ქოხისა, მივიხედ-მოვიხედე და თავისუფლათ ამოვისუნთქე. ქოხი, რომელიც ხუთი დღის წინათ მაშინებდა, ახლა მეჩვენა მშვენიერ სასახლედ. რაღასაც გამოუთქმელ სიხარულსა ვგრძნობდი. მეგონა დავიხსენი მეთქი ტყვეობისაგან, სიბნელეთისაგან, ჯოჯოხეთისაგან. რა სახით შემიყვარდა ჩემი ქოხი! სულ კედლებსა ვკოცნიდი! აქ მეგონა მისხდნენ გვერდით მამა-პაპაჩემი და ჩემი საყვარელი დედა. გამინათდა გონება და გული. აღდგომის დღე იყო ჩემთვის ეს დღე! თან ჩემს თავს ვაყვედრიდი, ვლანძღავდი, თავპირში ვიცემდი უგუნურობისათვის... ჩემი აკვანიღა? ოჰ, რავდენი რამ წარსული მომაგონა აკვანმა! აქ თვალწინ წარმომიდგა, თუ დედა როგორ მიკეთებდა ოდესმე აკვანსა, ჩამაწვენდა, ძუძუს მომცემდა, დამარწევდა, ნანას მეტყოდა: რამდენჯერ დრო სიამოვნებით გაუტარებია იმას ქმართან, ანუ მწუხარება მოუთმენია. ამგვარ ფიქრებმა გული ამივსო სიამოვნებითა; სიამოვნებამაც გამიტაცა, გამართო, ხორციელად აღარ ვხადდი ჩემ თავსა; მე ვიყავ ამ საათს სრული ბედნიერი. – მე აქ არას ვუმატებ. წარმოიდგინეთ, ვის არ გიყვართ მამა-პაპის ქოხი, თქვენი მშობელი ქოხი! ნუთუ სხვის სასახლეში უფრო თავისუფალნი იქნებით, უფრო შვება, ლხენა გექნებათ, ვინამც თქვენს მშობლიურ ქოხში?! იქნება მრავალნი წინააღმდეგნი იყვნენ ჩემის აზრისა, მაგრამ მე კი არ მივყიდი სხვას ჩემს ქოხსა; შეძლებისამებრ გავაკეთებ, გავამშვენიერებ და ანდერძად დავუგდებ ჩემ შვილის-შვილებსა, რომ ეს ქოხი არამც და არამც არ გაყიდონ... დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომ მე ვიყავ ტკბილ ფიქრებში გართული. ამ დროს შამომესმა გარედან ფეხის ხმაურობა და არეული ორ-სამ ენაზე ლაპარაკი. არ გასულა ორი წამი და ჩემს სახლს მოადგნენ რამდენიმე პირნი სხვადასხვა გვარისა და ტომისა, რომელნიცა დაუკითხავად თავისუფლად შემოვიდნენ ჩემთან. ვინამ ავწერ ამ განათლებულ ხალხის მოქმედებას, წინად საჭიროდ დავინახე გაგაცნოთ იმათი პიროვნება. როგორც ბოლოს დროს შევიტყვე: ერთი იყო “პრისტავი”. ამ გამოჩინებულ გვამსა დარქმევოდა ქალაქელებისაგან მეტი სახელი “აქლემა”, იმიტომ რომ იყო აკვლანჭული, შუბლ ვიწრო და, თავით ფეხამდის, აქლემსავით უსწორ-მასწორო. მეორე – “პერევოჩიკი”. მეტი სახელი იმისი “ნემსიყლაპია”. მოგახსენებენ ვითომც ეს სახელი დარქმევია, რადგანაც ქრთამები უყლაპავს, მრუდედ თარგმნა ჰყვარებია და არც ერთხელ სინიდისში არ გაზიდვია ეს ბოროტება. მესამე – “წიპლონკა” დესეტნიკი – სალდათთაგანი. ეს სალდათი იყო დალეული, წირპლიანი და გამხდარი. წიპლონკა ამიტომ დაურქმევიათ. მეოთხე – “ქათამა” დესეტნიკი – სალდათთაგანი. ქათამა დარქმევია წინააღმდეგ წიპლონკა დესეტნიკისა, რადგანაც იყო მოსული, გაჟივებული (არყისაგან) კაცი. მეხუთე – იცით ვინ იყო? – შვილი მეწვრიმალის ბებრისა. ეს კაცი, – მითხრა პერეოჩიკის პირით პრისტავმა მრისხანის და უგუნურ ამპარტავნის სახით და მიჩვენა ბებრის შვილზე, – ეს კაცი შენზედ სჩივის, შემოგწამებს, ვითომც შენ იყო მიზეზი მაგის დედის სიკვდილისა. შენ რა სიმართლე გაქვს? პირველ შემთხვევაში შევკრთი: ჩემს დღეში ამგვარი ცილისწამება არ გამეგონა; არც ვიცოდი ვინ იყვნენ დაუპატიჟებელი სტუმრები. გაშტერებული შევცქეროდი პრისტავსა და ამასთან ტუჩი ტუჩს (როგორც პერეოჩიკმა დამარწმუნა) თურმე მოვაშორე და მცირეოდენ გავიღიმე. თქვენ მტერს დაადგეს ის დღე, რა დღეც პრისტავმა მე დამაყენა! როგორ თუ გაიღიმეო, პრისტავმა მაღლის ხმით შემომიღრიალა და დამტუქსა, მერე უბრძანა დესეტნიკებს: “გააწვინეთ ეგ (მე), როზგით გაწკიპეთო”. დესეტნიკები მომცვივდნენ, მაგრამ ვერ მომერივნენ. მე ჯერ არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ. როდესაც პერევოჩიკმა შემატყობინა, ამაყად და მრუდის თვალით შევხედე პრისტავსა და ვუთხარი: “თუ მოსამართლე ხართ, – სამართლიანად მოიქეცით... როგორ შეგიძლიათ წკეპლით გამლახოთ, იცით მე ვინა ვარ? იქნება გგონიათ მე უპატრონო ვიყო!” პრისტავი ჯერ კი მოიდრიკა , მერე – პერევოჩიკის ჩაგონებით – უფრო გაწყრა, ერთი მთელი საათი მიყვიროდა, მლანძღავდა, ფეხებს ადგილზედ აბარტყუნებდა. როდესაც მოიქანცა, მითხრა: – რა გაეწყობა, რომ თან არა მაქვს როზგები, თორე მე გიჩვენებდი შენ თამაშას! მაგრამ, სულ ერთია! პოლიციაში გაგლახავ შენის სიამაყისათვის! ახლა კი მე უნდა გამოვიძიო ამ კაცის საჩივარი და, ვაი შენი ბრალი, თუ არ გატყდები, სწორეს არ იტყვი. გარწმუნებ ციხეში დაგალპობ, იქნება ვეღარც კი გამოხვიდე იქიდან! სთქვი სწორედ, შენ მოჰკალი ამ კაცის დედა? – არა, მე რად მოვკლავდი! რა საჭირო იყო ჩემთვის იმისი სიკვდილი! – მერე მივუბრუნდი ბებრის შვილსა და ვკითხე: – განა დედა-შენი გარდაიცვალა? როდის გარდაიცვალა? – სწორედ იმ საღამოზე, როდესაც სადილი ერთად ვჭამეთ ჩვენ. შენ ხარ მიზეზი იმის სიკვდილისა. – როგორ, რით მოვკალ? დავარტყი რამე, ხელით დავახრჩე, თუ იარაღი ვიხმარე? – არა, ხელი და იარაღი არ გიხმარია, მაგრამ ან შეულოცე, ან ჯადო უყავი, ან მოწამლე. მე დედაჩემი მაცხოვრებდა, ახლა ვიღა მაცხოვრებს! – განიმეორე დაწვრილებით შენი საჩივარი, გარემოება დედაშენის სიკვდილისა და რა საბუთი გაქვს, რომ ამ კაცს (ჩემზე უჩვენა) სწამებ მაგ დიდს დანაშაულობასა? – უბრძანა პრისტავმა ბებრის შვილსა. – ამ ბიჭს (ჩემზე უჩვენა) სრულებით არ ვიცნობ. ჩვენ სახლში და ქუჩაში აქამომდე არ გაუვლია. წარსულს სამშაბათს მოვიდა ეს დედაჩემთან, სადილის ფასი მისცა, ღვინო დააძალა საწყალს მოხუცებულსა. დედაჩემმა მოიგონა ვიღაცა გოგო გაიანე, რომელიცა წყალში ჩავარდა, დაიხრჩო; იწუხა, იკვნესა და იმავე საღამოზე სული დალია. ეს ბიჭი კი იმავე დღეს დაიკარგა და აი, ახლა მოვიდა, ისიც სხვის სახლში. – ოჰ, მაგაზე მეტი საბუთი აღარ არის საჭირო, – შეჰყვირა პრისტავმა – უცნობი მოვიდა და გაგემცნაურათ, თავის ხარჯით სადილი გააკეთა, ღვინო დააძალა, ხუთ დღეს დაიკარგა... წაიყვანეთ პოლიციაში! – ნუ ჩქარობთ, ბატონო! – მოვახსენე პრისტავსა – გაიგონეთ ჩემი სიმართლეცა: სამშაბათს მე ჩამოვედი სოფლიდან და, რადგანაც მშიერი ვიყავ და ქალაქში არ ვყოფილიყავ, ვთხოვე ამ კაცის დედასა საჭმელი მოეტანინებინა ვისთვისმე ბაზრიდან. ამისმა დედამ მოატანინა სადილი, თვითონ სიხარბით ღვინო დაიძალა. სადილს უკან წავედ ჩემ ნათესავების საძებნელად. – სად არის მკვდარი დედაკაცი? – ვიკითხე მე. – მიწაში – მომიგო პრისტავმა. – მაშ ჯერ ამოიღეთ მკვდარი, გასინჯეთ და თუ აღმოჩნდება, რომ ბებერი მომკვდარა ან საწამლავითა, ან ხელითა, ან იარაღითა მაშინ მე დავიბრალებ იმის სიკვდილსა. პრისტავმა კბილები დააკრაჭუნა, მაგრამ კიდევ აბრუ არ გაიტეხა. – სადაური ხარ და ვინა ხარ? – ჰკითხეთ მაიორს თავადს ლუარსაბ რაინდიძეს, ის გეტყვით ვინცა ვარ. პრისტავმა მრუდის თვალით გადახედა პერევოჩიკსა. ამ უკანასკნელმა თვალებით მიუგო. მაშინ პრისტავმა მითხრა: – მაიორს თავადს ლუარსაბ რაინდიძეს კარგა ვიცნობ. მანამ იმას ვკითხავ, შენ უნდა პოლიციაში იჯდე ტუსაღად და იქნება ციხეშიაც გაგგზავნო. – ეს რა სთქვა, უბრძანა დესეტნიკებსა – წაიყვანეთ პოლიციაში! მე გავყევ... გზაზე პერევოჩიკმა მირჩია, რომ ქრთამით მეშველა ჩემის თავისთვის. მე დავარწმუნე, რომ ცალი ფულის პატრონიც არ ვიყავი. პერევოჩიკმა, მგონია, შეატყობინა ამაზე პრისტავსა. მაშინ პრისტავი და იმისი კამანდა ასე გაიპარ-გამოიპარნენ, რომ მე ვერ გავიგე. დავრჩი რა მარტო, გავბრუნდი შინ. ბოლო დროს ბებრის შვილმა მიამბო, რომ ეს კომედია ათამაშებინა ზემოხსენებულ ხალხსა პერევოჩიკმა. |
|||
V აღების ღამეს, დიდმარხვის ორშაბათს და სამშაბათს შინ ვიყავ მშიერი და მწყურვალე. მეოთხე დღეს, დილით, გამოველ ღვთის ანაბრობაზე. ვიარე დასუსტებულმა უთავბოლოთ და უკანასკნელ გამოვჩნდი თათრის მოედანზე. აქ გლეხ-კაცებს მოეზიდათ სოფლიდან მრავალი პური (ფქვილი). ავიარ-ჩამოვიარე და რას ვიფიქრებდი! არ შემიძლია მოგცეთ ანგარიში, ამიტომ, რომ რაღაც რამ გამოუცნობელი მაწვა გულზე, რაღაცა განუსაზღვრელი მქონდა ფიქრები. ზმორება და მთქნარება დამაწყებინა და მე, თურმე. უმსგავსად გავაღრინე პირი მთქნარებაში და ამასთან, რაც ძალი მქონდა, გიჟიანად გავიზმორე. ეს უმსგავსი პირისახის და სხეულის დაგრეხა შემამჩნია ერთმა კარგი ოჯახის (ზედ ეტყობოდა) შვილმა და მაგრძნობინა ჩემი შეცდომა და უზრდელობა. შემრცხვა, ასე შემრცხვა, რომ ერთის (მოედნის) კუთხიდან გავიქეც მეორე კუთხემდის. აქ ვნახე: ერთი მოქალაქე ევაჭრებოდა გლეხ-კაცსა ოც ტომარა პურსა და ვერა რიგდებოდნენ. გლეხი კაცი კოდს აფასებდა ათ შაურად, მოქალაქე აძლევდა ხუთშაურ ნახევარს. კარგა ხანს ყური ვუგდე იმით ვაჭრობასა და რომ დასასრული არც ერთმა არ მისცა, მე შევედი (სხვის მიხედვით) იმათ შორის შუამავლად. მოქალაქეს ნახევარი შაური მოვამატებინე და გლეხი კაცი ძლივს, რის ყოფით, რის ამბით, ჩამოვიყვანე ექვს შაურზე. მოქალაქე დამრჩა მეტად მადლობელი, იმიტომ რომ იმაზე იაფად პური არავინ იყიდა და ამ სიკეთისათვის მაჩუქა იმან ახლად მოჭრილი ოქროიანი ბაღდადი. სხვა ვერა მკადრა რა, რადგანაც კარგად მეცო. მგონია, გლეხმა კაცმაცა სცა პატივი ჩემს ტანისამოსსა!.. მოედნიდან წავედი ქალაქის გასაცნობლად და ქუჩაში შემხვდა ვიღაც ჩინოვნიკი რუსი, რომელიც ქართულად თვითო-ოროლ სიტყვას ამტვრევდა. ჩინოვნიკმა მკითხა: “ბაღდადს ჰყიდიო?” მე მივართვი ბაღდადი. ჩინოვნიკმა მიიღო, მითხრა მადლობა და ოქროც მადლობასთან თან დაადევნა. კაცის ენაზედ ვერ ვპოებ სიტყვასა, რომ გამოვთქო, როგორ შამიყვარდა ის ოქრო! ღვიძლები შაიქნა ის ჩემის სულისა! ჩემმა გულმა გაუღო კარები და მაგრა ჩაიკრა. ახლა ადვილად შაგიძლიანთ წარმოიდგინოთ, თუ რა სახით გამაცოცხლებდა, რა სახით გამახარებდა ოქრო, რა სახით შევტრფოდი მე ოქროსა!.. მერე ჩინოვნიკმა მთხოვა მეყიდა მისთვის სასმელ-საჭმელი სადილად და მე ავუსრულე; ხურდა, შავი ფული – იქნებოდა შაურ ნახევარი – მაჩუქა გასამჯელო. დავეჩვიე მუქთათ ფულების შოვნასა და მთელ დიდ მარხვას, ყოველ სადილობის დროს, განგებ დავუჭერდი ხოლმე გზასა იმ ჩინოვნიკსა, და იგიც მაყიდვინებდა ხოლმე რაც დასჭირდებოდა და მაჩუქებდა გროშებსა. ამ სახით შავაგროვე კარგა ფული. ასე რომ მქონდა ექვს მანეთამდის. დიდ ხუთშაბათს ერთი ათშაურიანი ბატკანი მივართვი ჩემს ჩინოვნიკსა და იმან ერთი მანეთი მაჩუქა. მაშინ დამებადა აზრი, რომ ჩარჩობით ფულს მოვიგებდი. ამიტომ ამავე საათს გავიქეცი ქალაქს გარეთ, სადაც მოერეკნათ ბატკნები; ვიყიდე ათი ბატკანი და იმავე დღეს გავყიდე მოგებით. მოგებამ წამაქეზა და მე მოვუღალავად, ცისმარე დღეს ვყიდულობდი და ვყიდდი ბატკნებს მოგებით, ასე რომ ერთ თვეზე შემიგროვდა სამთუმან ნახევარი. აქ უნდა მოგახსენოთ ესეცა, რომ რადგან ჩემი მორთულობა მაძლევდა ამპარტავნობასა და არ მოუხდებოდა ჩარჩობას, მე პირველშივე ვიყიდე ლეინის პერანგი, ახალუხი და ძველი ქუდი, და მორთულობაღა ჩემი, თითქმის წაღებიც კი, შევინახე. არ ვიყავ ჩვეული ფეხშიშველობასა და შევეჩვიე. დადგა მაისი. გაჩნდა ვარიობა. ჩემზე ადრე არვინ შემოურბენდა ხოლმე ქალაქს. ვყიდულობდი სოფლელებისაგან ვარიებსა და ყოველ დღე ასზე მომეტებულსა ვყიდდი. შეუძლებელი იყო, რომ დღეში ორი მანეთი, უფრო მეტიცა, არ მომეგო. მაისის გასულს ჩემს ხაზინას მოემატა ექვსი თუმანი. ხაზინაში სულ მქონდა ცხრა თუმან-ნახევარი. შემოვიდა სხვადასხვა ახალი ხილი. კინტუობა დავიწყე და ჩემი ცხრა თუმან-ნახევარი შეიქნა ცამეტ თუმნად. გაჩნდა ნესვი და საზამთრო. ბედმა ამ ხელობაშიაც არ მიღალატა. ორი თვის ვაჭრობაში თუმანმა სამი მანეთი მოიგო. გამიხდა ჩვიდმეტი თუმანი მანეთ-ნაკლებ. შემოდგომასა და ზამთარში მოედანს არ მოვშორებულვარ. ვყიდულობდი, რასაც-კი მოვახელებდი სოფლელების ხელში. ვყიდდი, ხან ვდალალობდი. ხაზინა ჩემი გავრცელდა ვიდრე ოცდაათ თუმნამდის. მეორე გაზაფხულზე თიბათვემდინ ჩემ სამფლობელოში შეიკრიბა ოცდათხუთმეტი თუმანი. ახლა მოგახსენებთ, როგორც ვცხოვრობდი. თოთხმეტი თვის განმავლობაში მშრალი პურის გარდა სხვა საჭმელი, და ნამეტნავად ღვინო არ მიყიდნია, არც დამიხარჯია ფული: სანთელზე, საპონზე, წყალზე, შეშაზე, ნახშირზე, არცა ტანისამოსზე. მხოლოდ ვიყიდე საზამთროდ სალდათის ლურსმნებიანი ჩექმები და ერთი ოსური ჩოხა, ისიც ნახმარი. ღამე ვიძინებდი ჩემს ქოხში, ფულს ვინახავდი ტახტის ქვეშ, თხრილი რო იყო, რომ არავის მიეგნო. გავაახლებინე ჩემი ტახტი და გარშემო მივაკვრევინე ფიცრები. მანამ არ დაამტვრევდით ტახტსა, ვერ მიხვდებოდით, რომ იმის ქვეშ უნდა ყოფილიყო სამალავი. 1819 წ. პირველს ივნისს მოვირთე, მოვიკაზმე, – სულ სხვა ყმაწვილი ბიჭი დავდექი. მოედნის ხალხი ვეღარ მიცნობდა კოპწია ტანისამოსში, ასე დავშვენდი, და ჩემის ოცდათხუთმეტი თუმნით წაველ პირდაპირ ლუარსაბთან, იმ მიზნით, რომ სოფელს წითლიანში და სხვა სოფლებში უნდა მეყიდნა პური და ქერი. ლუარსაბმა მიმიღო ძლიერ კარგა, სწორედ ისე, როგორც ეკადრებოდა; როგორც სჯული სტუმრის პატივისცემისა მოითხოვს, როგორც ტოლი და მეგობარი. სამაგალითო იყო იმისი ხასიათები. არას დროს არ შემამჩნევინებდა ხოლმე, – არა თუ მარტო მე, ყოველ სულსა – რომ ის იყო ჩემზე მაღალი ჩამომავლობით, ზრდილობით და ნამსახურობით. მე ამას ვაჩემებ ნამდვილ გონების და გულის განათლებასა. რამდენიც ასე იქცეოდა, იმდენი იმაში ვხედავდი კაცსა. ასწილ ჩემ გულში ვამაღლებდი იმას ჩემზედა და პატივსა ვსცემდი... მე შევხვედრივარ ზოგიერთებს, რომელნიც თავსა სდებენ განათლებაზე და რომელთაც უგუნურად დაუგრეხიათ ჩემწინ ცხვირ-პირი, მაგრამ მე მაშინვე გამღვიძებია თავის მოყვარეობა და ისინი დამიწევია ჩემზე ქვევით, ამიტომ რომ ამათში არ მიპოვია სრული ჭკუა. ლუარსაბმა საკუთარი მონაწილეობა მიიღო ჩემში. როგორც მამამ შვილსა და უფროსმა უმცროსს ძმასა, გამომკითხა თვითოეულად ჩემი ყოფა-ცხოვრება. მე, რასაკვირველია, როგორ რასმე დავუმალავდი ამისთანა კეთილისმყოფელს კაცსა. ყველა ჩემს მოქმედებას დაწვრილებით ვუამბობდი, მაგრამ ამ ჟამად დაგვესწრა შინაური მოსამსახურე, ჩემი ხნის ბიჭი, ჩემთან ერთად შეზრდილი, სოსია გამწკეპავიშვილი. სწორედ მოგახსენოთ, ამ ბიჭისა ძალიან შემრცხვა და ამიტომ წარსული ჩემი ცხოვრება და მოქმედება, მაგალითებრ სამიკიტნოში გარყვნილ ბიჭებთან დროს გატარება, კინტუობა, ჩარჩობა, და სხ. ვერ გამოვაცხადე; მე მივკიბე-მოვკიბე ტყუილები და ასეთი სიცრუე ავაშენე, რომ არ შეიძლებოდა ლუარსაბს არ ერწმუნა. მე მოვახსენე, რომ თხუთმეტი თვე დავყავ ერთ ვაჭართან, რომელმაც კარგა შემინახა, მასწავლა ვაჭრობა და უკანასკნელ, მაჩუქა ერთგულებისათვის მერვედი ნაწილი თვისის მოგებისა – ოცდათხუთმეტი თუმანი. დასამტკიცებლად ჩემის სიტყვისა ამოვიღე პარკი და მივართვი ლუარსაბს. ლუარსაბს იამა ჩემი ბედნიერება, მაგრამ ზედაც არ დახედა პარკსა. მაშინ ვთხოვე მე, რომ ეს ფული შეენახა დაკეტილ ზანდუკში, ამასთან გამოვუცხადე ჩემი აზრიცა, რაზედაც უნდა მომეხმარებინა ფული... ამ ლაპარაკში რომ ვიყავით (ჩვენ ვისხედით ვენახში და იყო საღამო ხანი), უცებ შამოვარდა ქაქანით ერთი მსახურთაგანი და მოახსენა ლუარსაბსა: – გახარებ, ბატონო! ქალბატონი მშვიდობით დაიხსნა... ვაჟიშვილი დაგებადათ! – ასე ჩქარა?! რამდენ ხანს გაუვლია? გმადლობ, უფალო!.. – სთქვა ლუარსაბმა და სახეზედ ცხოვლად გამოეხატა სიხარული. ახლად დაბადებულსა დაარქვეს სახელად ალექსანდრე. სტუმარი სტუმარზე ეწვია ვაჟის მამასა და დიდხანს გაგრძელდა ლხინი და დღესასწაულობა... ალექსანდრეს სახელობაზე იყიდა ლუარსაბმა ათი კომლი ყმა, ერთი დიდი ვენახი და წისქვილი. ფული დააკლდა და ჩემგან ივალა ოცდაათი თუმანი ერთის წლის ვადით: სარგებელი ზედ შეაკეცა და მომცა ვექსილი. მე დავრჩი ლუარსაბთან ერთი თვე. წამოსვლის დროს ლუარსაბმა მაჩუქა ერთი ურემი პური და გამომატანა უხვად სასმელ-საჭმელი. გარდა ამისა, გლეხკაცებისაგან ვიყიდე ხუთი თუმნის პური და ქათმები, ინდოურები, ბატები და იხვები. ეს ყოველი ფულად ვაქციე ქალაქში. დავიწყე ხელმეორედ ჩემი ხელობა – კინტუობა და ჩარჩობა. მხნეობას მოვუმატე, ძილი და მოსვენება არ მქონდა. ჩემი გონება იყო გართული ფულებით, ჩემი გული გრძნობდა მხოლოდ ფულების სიყვარულს. ეს სიყვარული იქამდი გამიცხოველდა, რომ ხშირად მშრალ პურსაც არა ვყიდულობდი, რომ გროში-გროშს არ მოჰკლებოდა. ხშირად, განდეგილ ბერსავით ოცდაოთხს საათში არასა ვსჭამდი, ხანდახან ორ დღესაცა. მხოლოდ ბერისაგან გავირჩევოდი მით, რომ ბერი არა ჭამს, გინდ მრავალი ეწყოს თვალწინ, მე კი ვეძებდი ხოლმე შემთხვევას, ეგების უფასოდ ჩამეგდო სადმე რომელიმე დარდიმანდის სუფრა. დაღალულობას, შიმშილსა, სიცივესა და სიცხესა ხომ სრულებით არა ვგრძნობდი. უსიამოვნობას ვგრძნობდი მაშინ მხოლოდ, როდესაც ტყუილი უნდა მეთქვა, ტყუილად უნდა დამეფიცნა. მაგრამ ამასაც შევეჩვიე. ასე რომ ხელის ხელსახოცად გავიხადე ტყუილი ფიცი, რადგან შეუძლებელი იყო უამისოდ მომეგო გროში. ამ წვითა და დაგვით ერთ წელიწადს შევაგროვე სამოცი თუმანი. ეს ფული ვაფრინე, 1820 წ. თიბვის დროს სოფ. წითლიანში. მაშინ ყოველ გლეხკაცს უჭირდა ფული და მე პური კი აღარ ვიყიდე, არა, ფული გავასესხე სარგებლით. სარგებელი დავაწესე სამ მანეთზე ერთი კოდი პური წელიწადში და ესრეთ სოფ. წითლიანი მაძლევდა წელიწადში ორას კოდს სარგებელსა. წლის თავზე, 1821-სა სრულებით ავკრიფე სარგებელი წითლიანელებისაგან, გავყიდე ოც თუმნად. ამ ფულს დავუმატე ჩემი ერთი წლის ნაწვავ-ნადაგიცა – ოცდაათი თუმანი, და ეს ორმოცდაათი თუმანი ვასესხე დიღმელებსა და მცხეთელებსა. მესამე წელიწადს ზემოხსენებულ სოფლებში აღებული სარგებელი და ქალაქშიაც მოგებული ფული გავასესხე წილკანსა, წეროვანსა და ოკამსა. ამავე გვარად მეოთხე, მეხუთე, მეექვსე... 1826 წლამდის მოვალე სოფლებიდან ვიღებდი სარგებელსა და წლის მოგებასთან, რომელიც მქონდა ქალაქში კინტუობით და ჩარჩობით, გავცემდი ხოლმე სხვა სოფლებზე. ასე რომ მთელ ქართლში მტკვრის ორივე მხარეს არ იყო სოფელი, რომელსაც ჩემი ფული არა მართებოდა. პირველ ხუთ წელიწადს თავადმა ლუარსაბმა წლისა და წლის თავზე გამომიცვალა ვექსილი და სარგებლები ზედ შეაკეცა. განა არ შეეძლო გადაეხადნა ვალი, მაგრამ არ გადაიხადა, ამიტომ რომ ადგილ-მამულის პატრონობა დაიწყო და მამულზე მამულს უმატებდა. ასე რომ ჩემი ვალი იმის შემოსავალთან სრულებით არა ჩანდა, და ამიტომ არ ეშინოდა მცირედის ვალის გავრცელებისა. შემდგომში კი ვალის გადახდა სრულებით დაუმძიმდა და ვალს ვალი მოემატა, ვექსილი ყოველ წელიწადს იცვლებოდა და ამის მიზეზი იყო შემდგომი გარემოება. თავადი ლუარსაბის მხნეობა და გამდიდრება შეშურდათ იმის განაყოფებსა და მეზობლებს. მეშურნეთ კი არ მიბაძეს იმის მხნეობასა, ზომიერ ცხოვრებასა და ჭკუას, რომ შეეძინათ სიმდიდრე, არა, დაუწყეს უგუნური წინააღმდეგობა და მტრობა. დღეს ერთი ბიჭი გაუქციეს, ხვალ მეორე, ზეგ მესამე... დღეს ერთი მამული მოსტაცეს, ხვალ მეორე... აუტეხეს დაუსრულებელი და დამქცევი დავა სასამართლოებში უგზო-უკვლოდ და თუმცა მრავალი დააკლეს ლუარსაბსა, სიცოცხლე გაუმწარეს და ბოლოც მოუღეს, მაგრამ თავიანთი ოჯახი და ცოლ-შვილი უფრო დაღუპეს. გაიგეს რა სუდისა და პოლიციის ჩინოვნიკებმა ამათი შფოთი, ცეცხლს დაჰბერეს და ცეცხლს ცეცხლი მოუმატეს. იმათ ასწავლეს ლუარსაბის მტრებსა არამზადული გზები. ისინივე ხლართავდნენ განგებ გზებს თავიანთ სარგებლობისათვის, უწერდნენ ხუთ-გროშიან არზებსა და ართმევდნენ თუმნობით, ხუთ თუმნობით, ათ თუმნობით... მოდავეების პური და ღვინო, საკლავი და ავეჯეულობა ხომ გადიტანეს იმათ თავიანთ სახლებში. იცით, როგორ დაუხვლანჯეს საქმე? – რაც პოლიციას უნდა გადაეწყვიტა, სუდს მიაჩემეს, და რაც სუდს უნდა გადაეწყვიტა, მიაჩემეს პოლიციას. მოდავენი გაებნენ მახეში და აღარ იქნა, ვეღარც თვითონ გამოვიდნენ, ვეღარც გამოიყვანეს ჩინოვნიკებმა. ბოლოს როდესაც მოდავეებმა ხალიჩის მაგიერ დაიგეს ჭილობი, კაბის მაგიერ ჩაიცვეს გლეხური ჩოხა, ფარჩის მაგიერ ჩითიც ვეღარ იშოვეს, ჩინოვნიკებმა დაუბოლოვებელი საქმეები (თითოს კაცი ძლივ ასწევდა) ჩუმად გადაყარეს არხივში. ლუარსაბს გადაეკიდა მტერზე ნამეტნავად პოლიცია, რადგანაც აგრე რიგად ვერას სარგებლობდა ამისაგან. უსამართლობით და შეუწევნელობით რომ ვერა დააკლო-რა ლუარსაბსა, პოლიციამ ქვებუდანობით დაუწყო წინააღმდეგობა. ლუარსაბს ჰყავდა რვა მდიდარი კომლი ყმა ურია. იმათ ოქროებს კბილს უკრეჭდა ერთი უპრავის დიანბეგთაგანი. უკანასკნელმა გაიხმო ურიები ერთხელ სოფელ გარეთ, როდესაც ლუარსაბი შინ არ იყო, და უთხრა: “მე მაქვს კარგი საბუთები, და თუ მომცემთო ასს ოქროსა, ყმობიდან გაგანთავისუფლებთო”. სიხარულით აღფრთოვანებულმა ურიებმა აღუთქვეს ასი ოქრო და ბეი მისცეს ოცი ოქრო. დიანბეგს დაეწერა ათი სავსე თაბახი არზა. არზაში მთელი დაბადება გადმოეწერა და იმათ თავისუფლებას მით ამტკიცებდა, რომ ისინი იყვნენ ისრაელნი, შვილნი აბრამისანი და იაკობისანი, რომელნიც თვით ღმერთმა გაააზნაურა (!!) პირველში, როდესაც დაინახეს დიდი რვეული დაწერილი, ურიებს ეგონათ, არზა ქვას გახეთქავდა, მერე-კი, როდესაც დიანბეგმა გადაუთარგმნა, მოსწყდათ წელი: გაახილეს ურიებმა თვალი და დაინახეს ვერაგობა მაცდურისა. აბა დანაშთენს ოთხმოც ოქროს როგორღა მისცემდნენ. თავად ოცი ოქროც რამდენიმე წელიწადს იგლოვეს. მეორე უპრავის დიანბეგმა ეს რომ შეიტყო, იმასაც მოუნდა ურიების ოქროები; შემთხვევაც მალე გამოჩდა. ერთის დღის სავალზე ოსებს კაცი მოეკლათ. უპრავამ შეიტყო და უბრძანა იმ დიანბეგს, გამოეძიებინა ეს საქმე. დიანბეგმა დაარიგა იასაულები: “გადიტანეთო მოკლული კაცი და ჩაუგდეთ ბინიდან ღამე ლუარსაბის ერთ-ერთ ურიას სახლშიო”, რასაკვირველია, იასაულებმა მარდად აღასრულეს დარიგება, მაგრამ ვერაგობა დიანბეგისა გამოჩნდა... თვითონ გაება მახეში. რასაც ურიებისაგან მოელოდა, ორი იმოდენი დაეხარჯა და გადარჩა სასჯელსა... რა ესა, რამდენი რამ ვიცი!.. გიამბობდით ყველასა, მაგრამ ვუფრთხილდები, საყვარელნო მკითხველნო, თქვენს ყურებს!.. |
|||
VI თორმეტს წელიწადს, როგორც მოგახსენეთ, მე დავიჭირე მთელი ქართლი. არა თუ გლეხი, ძნელად გადარჩა მებატონეცა, რომ ჩემი მოვალე არ ყოფილიყო. ჩემს ბადეში გაეხვივნენ ფრიად მრავალნი, უკანასკნელი ხუთიათასი კომლი. ჩააგდეთ კომლზე კოდი პური – კოდი მანათად შეიქმნა – წელიწადში ჩემი შემოსავალი ხუთასი თუმანი გახდა. ამას მხოლოდ მაგალითად მოგახსენებთ. თვით საქმით-კი ყოველ წელიწადს მქონდა შემოსავალი ათას თუმანზე მომეტებული, იმიტომ, რომ კომლი იყო, მაძლევდა ორს, სამს, ოთხს, ხუთს კოდსა. ამასთან ქართლური კოდი ქალაქურზე ერთ ნახევრად მეტია. ამოდენი ფული არ შემეძლო, არ მესარგებლებინა. ფული უნდა იყოს მოძრაობაში. ფულმა ფული უნდა მოიგოს. მეც ვეღარ დავჯერდი ათას თუმნებსა. მინდოდა მილიონი, – ნუ გამამტყუნებთ, ასეთია ბუნება კაცისა... მაგრამ სად უნდა გადამებნივა ჩემი ძლიერი ფული? ქართლში ადგილი აღარ იყო; ქალაქელი ვაჭრებისა მეშინოდა: ჩემს ფულს, რა წამს ხელში მოიგდებდნენ, მაშინვე განგებ გაკოტრდებოდნენ და მე დავრჩებოდი თვალუჩინარი მდიდარი, მაშინ, როდესაც მქონდა მე დიდების მოყვარეობა–ვყოფილიყავ სახელ-განთქმული მდიდარი. მე ავირჩიე სარბიელად ჩემის მოქმედებისა კახეთი და ბორჩალო. ეს იყო 1832 წელი. ჯერ კიდევ გვიან იყო კახეთში მოსავალი და მე დავტრიალდი ქალაქში, რომ მომეყვანა მოქმედებაში ერთი აზრი, რომელიც დიდი ხანი ვზარდე ჩემს გონებაში. გასპარ სარქისბეგაშვილი ანუ, როგორც ადიდებდნენ, გასპარ მიკირტიჩ სარქისბეგოვი, პირველში მეწვრიმალე, მერე თავი მოქალაქე და ვაჭარი, გაითქვა ქალაქში და საქართველოში ჭკუით, სიმდიდრით. მართლაც, იმ დროს იმას არავინა სჯობდა. როგორც იმისმა ბებერმა მაჭანკალმა ამიწერა, სწორედ ისე შეეკრიბა იმას სიმდიდრე. ჩემ დროსაც კიდევ პურს ყიდულობდა და ჰყიდდა, იდუმალ ალაფების თავი იყო. ამასთან სოვდაგრობდა კიდეცა: მოჰქონდა მოსკოვიდან მაუდი, ჩითი და სხვ. და ჰყიდდა ქალაქში ადლობითაც, თოფობითაც. ერთი სიტყვით ბედნიერი აღებ-მიცემობა ჰქონდა. რასაკვირველია, მრავალ ვაჭარს შურდა და სურდა როგორმე დაცემულიყო სარქისბეგაშვილი და თვითონ დაწინაურებულიყო, მაგრამ ვერავინ აჯობა. ყოველივე ეს მე კარგად ვიცოდი და მოველოდი დროს. ტანჯვა დედაჩემისა თვალ-წინ წამ-და-უწუმ მეხატებოდა და სურვილი ჩემი იყო, ჩამეგდო ეს პილწი მდიდარი ისეთსავე ტანჯვაში. როდესაც მე გავავრცელე ჩემი აღებ-მიცემობა ქართლში, სარქისბეგაშვილს ძლიერ შემოაკლდა მოგება პურში. ამას არ დავაჯერე, სამს წელიწადს ვაზარალე რვაასი თუმანი თეთრი. სარქისბეგაშვილი ყიდულობდა ნაღდ ფულად პურსა და უთუოდ უნდა მომატებით გაეყიდნა. მე მხოლოდ სარგებელს ვყიდდი და იმაზე ბევრით იაფად. ასე რომ ის უნდა ჩამოსულიყო თავნიდან. რომ გაუჭირდა და ზარალი ვეღარ აღიდგინა, სარქისბეგაშვილმა ხელი აიღო ამ ვაჭრობიდან და იწყო ვაჭრობა აბრეშუმისა. თვითონ დადიოდა ქვეით ქვეყნებში, ყიდულობდა და მიჰქონდა მოსკოვს აბრეშუმი. 1832 წ. იმას ჰქონდა, ძველი მამა-პაპის სახლის გარდა (ციხის უბანში), საკუთარი შეძენილი ორი დიდი სასახლე, ოცი დუქანი, შვიდიათასი თუმანი ნაღდი ფული და სავაჭრო ხუთი-ათასი თუმნისა. ვალი ჰქონდა მოსკოვის ვაჭრებისა, ერთის წლის ვადით, ექვსი-ათასი თუმანი. ამ წელიწადს ჩვეულებრივ აღარ წავიდა თვითონ ქვეით ქვეყნებში აბრეშუმის სასყიდლად, იმ აზრით რომ იქაური ვაჭრები მოიტანდნენ მაშინ ქალაქში და, რასაკვირველია, ის უფრო იაფად იყიდდა. –ერთიორად უნდა მოეგო, მაგრამ მე აქ დავხვდი. მართლადაც ქვეით ქვეყნების ვაჭრებმა თვითონ მოიტანეს აბრეშუმი რვა ათასის თუმნისა, რომელიც მოსკოვში გაიყიდებოდა ათიათას თუმნად. სარქისბეგაშვილმა წინათვე მაგრა დაიჭირა თავისი საქმე: აქაურ ვაჭრებს გადაუხადა დიდი წვეულება და სუფრაზედვე სთხოვა, რომ არავინ შესცილებოდა. ყველა ვაჭარი ეხათრებოდა, ემონებოდა სარქისბეგაშვილსა და ვერავინ გაბედავდა იმის წინააღმდეგ საქმესა. მეორე დღეს სარქისბეგაშვილმა დასინჯა აბრეშუმი და ცხვირტუჩები ასწია. ამითი აჩვენა, რომ ვითომ ის მყიდველი არ იყო და არცა საქონელი ღირდა იმ ფასად; მაგრამ უთხრა კი ბოლოს ცივად: – რახან მოგიტანიათ, აი, ჩემი უკანასკნელი ფასი: სამიათასი თუმანი. ეგეც ძალიან ბევრია. ვაჭრებმა გაიღიმეს. – რას იცინით? – შეტევით უთხრა სარქისბეგაშვილმა. – იქნება გგონიათ, მეტად ღირდეს თქვენი საქონელი! მაგ ფასს მე გაძლევთ, თორემ სხვა ვინ უგუნური გამოიმეტებს სამიათას თუმანსა! ვაჭრებმა კიდევ გაიღიმეს. –მაშ, კარგი! – უთხრა სარქისბეგაშვილმა თავმოწონებით.– სხვა ხომ არავინ მოგცემთ მაგ ფასსაცა და, თუ გამოჩნდა ვინმე მომატებულის მომცემი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რაც უნდა დიდი ფასი იყოს, მე ხუთასს თუმანს კიდევ დავუმატებ. ყაბული ხართ? – ვართ! – უთხრეს ვაჭრებმა. მაშინ ხელი-ხელს დაჰკრეს და გაშორდნენ. სარქისბეგაშვილმა კი მაშინვე დაუარა ქალაქის ყოველ ვაჭარსა, დაარიგა და სთხოვა, რომ არავის სამიათას თუმანზე მომეტებული არ მიეცა, და გაგზავნა კიდეცა ორიოდე ვაჭარი, რომ განგებ ევაჭრათ, და იმათ წმინდად აღასრულეს იმის დარიგება და თხოვნა. მთელი დღე ვდიე სარქისბეგაშვილსა, ყური უგდე, იდუმალ, მივხვდი იმისს აზრსა, შევადგინე პლანი იმის დასაცემად და ვსწუხდი, რომ ათასი თუმნის მეტი არა მქონდა ხელში, მაინც უფულობამ ვერ შემაშინა და გავბედე ჩემის პლანის აღსრულება. შვიდ დღეს აღარ გამოვჩნდი. იმ ერთ კვირას შევიკერე ახალი კაბა, შალვარი, პირისფერი ატლასის ახალუხი, ჩექმები. ვიყიდე ახალი ატლასის სარტყელი, ბუხრის ქუდი, ფერჩატკები, ბაღდადი და ოქროს საათი თავისი ოქროს ძეწკვითა. ვიყავ აბანოში, გავლამაზდი, ასე გამოვიცვალე, რომ ვერავინ მიცნობდა. მეშვიდე დღეს ორი კაცის პირით შევატყობინე აბრეშუმის პატრონებსა, რომ მე მსურდა აბრეშუმის ყიდვა, რომ განგებ ამისთვის ჩამოველ გორიდან და დავუნიშნე დღე და საათი ვაჭრობისათვის. ამასთან ამ ორ კაცს უნდა დაემატებინა თავისის მხრით, რომ ჩემი სიმდიდრე იყო ურიცხვი. დანიშნულ დღესა და საათს უცხო ქვეყნის ვაჭრები მოუთმენლად მიმელოდნენ. სარქისბეგაშვილს შეეტყო ეს ამბავი და გაეგზავნა ოთხი სანდო კაცი, რომელნიც უნდა დასწრებოდნენ ჩემს ვაჭრობაში და რომელთაც ყოველივე დაწვრილებით უნდა შეეტყობინებინათ იმისთვის. დანიშნულ დროს მოვირთე გემოვნებით და მდიდრად და გავექანე დროშკით (დროშკა მაშინ იშვიათი და ძვირი იყო) სიონის ქუჩისკენ. დროშკა დადგა მელიქიანთ ქარვასლის წინ. კარებთან მიმელოდა მრავალი ხალხი, რომელსაც სურდა, თურმე, ჩემი ნახვა. როდესაც გადავხტი დროშკიდან, მე შემომესმა შემდგომი სიტყვები: “რა ახალგაზრდაა, რა ჭკვიანია, სახეზე ეტყობა, რაც არის!” გულში გამეცინა და წარმოვიდგინე იმათი დაბრმავება, რომ ვერ იცნეს ჩემში კინტუა სოლომონა. აბრეშუმის პატრონებმა მძიმედ თავი დამიკრეს და დამიწყეს ყურება მოწიწებით. მე გავშინჯე აბრეშუმი, დავთვალე ცალები და ბოლოს ამაყად ვკითხე: – რამდენი ლიტრაა? – სამი ათას ხუთასი. – როგორ აფასებთ? – რვა ათას თუმნად. – უკანასკნელი ფასი მითხარით! – ნაკლებ აღარ შეგვიძლია მივცეთ. თვითონ ჩვენც ძვირად გვიღირს. – უკანასკნელი ჩემი სიტყვა – შვიდი თასი თუმანი. ლიტრა მოდის ორი თუმანი. – ვერ მივცემთ მაგ ფასად. – ეს იცოდეთ, მე დღესვე დაგითვლით ნაღდს შვიდი ათას თუმანსა. ქართველი იტყვის: “დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსაო”. იქნება სხვამ მომეტებულიც მოგცეთ, მაგრამ ნაღდ ფულს ვერ დაგითვლისთ, აიღებს ნისიად და ბარათებით. ასე, მომატებულ წვალებასა, მგონია სჯობდეს ერთ საათს მორჩეთ და მოისვენოთ: თორემ, გარწმუნებ თქვენ, მოვალეს უკან დევნით დაიღლებით და ბოლოს, იქნებ სრულიად ვეღარა აიღოთ-რა. თქვენი მოვალე იტყვის: “გავკოტრდიო”. აბა რაღას იქთ მაშინ? სულით ხორცამდის ხომ დაიღუპებით! ეს დარიგება წავუკითხე განგებ. ამით შიში ჩავუგდე იმათ, რომ ნისიად არ დაენებებინათ აბრეშუმი სარქისბეგაშვილისათვის, რომელსაც სურდა ამ სავაჭროს ყიდვა. – ღმერთმა დაგვიფაროს, ნისიად ან ბარათით არავის მივცემთ! – მიპასუხეს ვაჭრებმა. – მაშ გადაწყვეტილი მითხარით. – ხვალამდინ დაგვაცადეთ. ჩვენც ვიფიქრებთ, მოვილაპარაკებთ და, თუ ჭკუაში დაგვიჯდება, ხვალ გადაწყვეტილს მოგახსენებთ. – ეს პასუხი მომცეს, ამიტომ რომ ჯერ სარქისბეგაშვილი უნდა გამოეცადათ. – ვა, ეს რა საქმეს ჩადიხარ, ბატონო?! – მითხრეს ქართულად სარქისბეგაშვილის ფისკალებმა სომხურის კილოთი. – რამდენ ფულს აძლევ!.. უჰ, ვინ გამოიმეტებს ემ დიდ ფულს!.. ჩვენ ვაძლევთ იმათ სამიათას თუმანს... – ქალაქელ ვაჭრებსა ცუდი ესა გჭირთ, რომ არა გაქვთ ძმის არც სიყვარული, არც შებრალება. საზოგადოების აზრსა ხომ თქვენს პატიოსნებაზედ არად აფასებთ. თქვენ იმას ცდილობთ, რომ მანათიანი ნივთი გროშად ჩაიგდოთ და მანათად კი გაყიდოთ. როდესაც თქვენ ყიდულობთ, მასხარად იგდებთ იმას, ვინცა გიფასებთ ღირებულ ფასად და როდესაც თქვენ ჰყიდით, მასხარად იგდებთ იმას, ვინც ღირებულ ფასს გაძლევთ... ეს იმას ნიშნავს: ოღონდ თქვენ ფული-კი მოიგოთ, სხვა თუნდ დაიღუპოს, რას დასდევთ! არა, ასე არ უნდა იყოს. ვაჭარმა თუ არ მოიგო, ცოდვაა. იფიქრეთ თქვენ თავზედ, თუ არას მოიგებთ, როგორღა ივაჭრებთ, როგორღა იცხოვრებთ? უეჭველია, დაიღუპებით! თქვენ ხომ კარგა იცით, რომ ეს აბრეშუმი ადგილს ღირს ხუთი ათას თუმნად. სამი ათასს რო აძლევთ, რა უნდა ქნან ამ საცოდავმა ვაჭრებმა! დანაშთენი ორიათას ხუთასი თუმანი საიდგან-ღა აღიდგინონ? იზარალონ? რადა, როდესაც ეს აბრეშუმი ქალაქში გაიყიდებოდა რვა ათას თუმნად, მოსკოვში – ათიათას თუმნად; მე ვაძლევ შვიდი ათასსა, ამიტომ, რომ ვიცი, როგორც სად გაიყიდება აბრეშუმი და არ ვიზარალებ. ნამეტნავად მოსკოვში რო წავიღო, მოვიგებ ხუთი ათას თუმანსა, ამიტომ რომ მოსკოვში, როგორც მწერენ ჩემი პრიკაშჩიკები, აბრეშუმი ძალიან გაძვირებულა და თურმე სრულებით არ არის. ოთხ თვეს რომ შვიდი ათასს მოვაგებინო ხუთი ათასი, მეტი მოგება განაღა შეიძლება! ამათ-კი, გზის ხარჯი რო გამოვიდეთ, შეხვდებათ ორასორასი თუმანი მოგება კაცის თავს. ეხლა მგონია მიხვდით, რო მე ფულს წყალში არ ვყრი. მშვიდობით! ყოველივე ეს დაწვრილებით უამბეს სარქისბეგაშვილსა. უკანასკნელმაც დაიჯერა სიცრუე, სიხარულისაგან, თურმე, გონება დაჰკარგა. საჩქაროთ დაიბარა აბრეშუმის პატრონები, დაუთვალა შვიდი ათას ხუთასი თუმანი, როგორც აღუთქვა (ხუთასი თუმანი გამოიტანა თავისი მაღაზიიდან), ჩაიბარა აბრეშუმი და მეორე დღესვე გაისტუმრა მოსკოვს. სხვა ხუთასი თუმანიც გამოიტანა მაღაზიიდან. ამ ფულიდან სამას ორმოცდაათი თუმანი მისცა ქირა, დანაშთენი ას ორმოცდაათი თუმანი დაინარჩუნა თვითონ გზის ხარჯათ. გარდა ამისა, ათასი თუმანი ვალად აიღო აქაურ მოქალაქეებისაგან (ყოველი შემთხვევისათვის) და ორი კვირის შემდგომ წავიდა მოსკოვს, სრულის იმედით, რომ მოიგებდა ხუთიათას თუმანსა. ერთი ნაწილი ჩემის პლანისა აღსრულდა, და იმავე დღეს მივიმალე: გავიხადე ძვირფასი ტანისამოსი, შევინახე მძიმედ და ჩავიცვი ძველი მიგლეჯილ-მოგლეჯილი ტანისამოსი, ხელ-პირი მოვითხუპნე და სულ სხვა გამოვჩნდი... აღსასრულებლად ჩემი პლანის მეორე ნაწილისა საჭირო იყო ჩემთვის გამომეკვლია სარქისბეგაშვილის საიდუმლოება. ამ საიდუმლოების გამოკვლევა შეიძლებოდა მხოლოდ იმის პრიკაშჩიკის შემწეობით. ძნელი იყო პრიკაშჩიკის მოსყიდვა, მაგრამ ფულს რა არ შესძლებია... ერთის სიტყვით, მე მივწვდი ჩემს საწადელს, და აი, რა გამოვიკვლიე: ათი ათასი თუმნის საქონელიდან პირველშივე გასცა თურმე ნისიად ათასი თუმნისა, მაგრამ დასწოდა და ფულად გროშიც არ მიეღო. ნაღდ ფულად გაეყიდა ათას ხუთასი თუმნისა, ამ ფულიდან ხუთასი თუმანი სარქისბეგაშვილმა თვითონ მოახარჯიანა, ათასი თუმანი ხომ, როგორც ზემოთ ვთქვი, დახარჯა აბრეშუმზე. დანაშთენი-ღა საქონელი თითქმის ნახევარ ფასადაც აღარ ისყიდებოდა, ამიტომ რომ იყო დამპალი და დამწვარი. ამის გამო სარქისბეგაშვილი იყო თურმე დიდ ზარალში და ცუდ მდგომარეობაში. ეს იყო მიზეზი, რომ ის მაგრა დაებღაუჭა აბრეშუმსა და უკანასკნელს აბაზსა აღარ გაუფრთხილდა. რომ გაესწორებინა როგორმე მოსკოვის მოვალეებთან საქმე, სარქისბეგაშვილმა, თურმე, განგებ გატეხა კლიტე მაღაზიისა და გამოუცხადა პოლიციას, ვითომც ქურდებს გაეტეხოსთ იმისი მაღაზია და უმეტესი ნაწილი სავაჭროსი მოეპაროსთ. ამაზე შემდგარიყო საქმე, სარქისბეგაშვილს აეღო მოწმობა პოლიციისა და თორმეტის ვაჭრისა. მაშინვე მე გამოვაწერინე პრიკაშჩიკს სახელები და გვარები იმ მოსკოვის ვაჭრებისა, ვისიც ვალი ემართა სარქისბეგაშვილსა. ამ უწყებით გავიქეცი მაშინვე ჩემ ძველ მეგობარ ჩინოვნიკთან და დავაწერინე წიგნი მოსკოვის ვაჭრებთან, წიგნში ავაწერინე დაწვრილებით ყოველი მოქმედება სარქისბეგაშვილისა და ვურჩიე იმათ, მიეღოთ ღონისძიება, რომ ფული არ დასწოდათ სარქისბეგაშვილზე. რაც შედეგი ჰქონდა ამ წიგნსა, მე გიამბობთ მაშინ, როდესაც სარქისბეგაშვილი დაბრუნდება მოსკოვიდან და მე კახეთიდან, სადაცა წავედი მაშინვე, წიგნის გაგზავნის უკან. |
|||
VII
მაშინ მოვიფიქრე მე უკანასკნელი ღონისძიება. ავიღე ქათმის მკერდი. ჩამოვაცალე ხორცი
და ორ-კაპა ძვალი (საწიწკნარა) დავანახვე დალაქსა:
მოვირთე თავ-პირი მოვილამაზე და წავედი ეკლესიაში...
ჯვარის წერის დროს არც აქეთ, არც იქით არ მიმიხედნია, პირდაპირ ვუყურებდი
საკურთხეველსა, ჩემ ფიქრში გვერდით მედგა მშვენიერი ქალი, მიხაროდა. დავნატროდი
ჩემს თავს, ბედნიერი მეგონა ჩემი თავი.
პირველ ღამეს თვალით არ დამანახვეს პატარძალი...
დაგვაწვინეს უსინათლოდ... მოუთმენლად ველოდი გათენებასა, რომ გავმძღარიყავ ჩემის
ცოლის მშვენიერებით. ბოლოს გათენდა... ოჰ, ნეტავი არ გათენებულიყო! დავხედე ჩემს
სატრფო მეუღლეს... “ვაიმე!” ერთი-კი შევყვირე და გულ-შემოყრილი დავეცი ბალიშზე...
მშვენიერი ქალის მაგიერ მკლავზე მიგორავდა ქოსა დალაქის თავპირი. დიაღ, ქოსა
დალაქის ქალი ისე გვანდა მამასა, რო თვითონ დალაქი მეგონა. ღმერთმა კიდევ მით
შემიბრალა, რომ მეუღლე ჩემი არ იყო მამასავით კოჭლი და ბრმა...
მშვენიერი იგი ქალი იყო ასული... რომელიც განგებ
დაეპატიჟათ სადილად და დაესვათ კარების პირდაპირ, რომელმაცა განზრახვა დალაქისა არ
იცოდა. მეორე სტუმარი კაცი, ქოსა სულითა, იყო მასპინძლის ცოლის ძმა. ქალის
მშვენიერებამ და ამ კაცის სიცრუემ დამიბნელეს გონება. კარგა მოვსტყუვდი: მშვენიერი ქალის მაგიერ შევირთე ჟამი, ყოვლისფრით უმსგავსი ქალი, ანუ სწორედ, გოგო. რასაც დასთესავ, იმას მოიმკი. მე რომ სარქისბეგაშვილი მახეში არ გამება, მეც ასე არ მოვტყუვდებოდი. |
|||
VIII ჩემმა წიგნმა, რომელიც მივსწერე მოსკოვის ვაჭრებსა – სარქისბეგაშვილის მოვალეებსა – იმოქმედა თურმე ისე, როგორათაც მე მსურდა. ვაჭრები მოელოდნენ მხოლოდ სარქისბეგაშვილსა და იმის აბრეშუმებს და, რა წამს მივიდა, იმათ წარადგინეს ვექსილები ჯეროვანს სასამართლოში, რადგანაც ამ ვექსილების ვადა იყო გასული; ამასთან პირობა შეჰკრეს, რომ ფუთი აბრეშუმი ოთხ თუმანზედ მეტად არავის ეყიდა. სარქისბეგაშვილმა პირველად, მისვლის შემდეგ, გამართა წვეულება, რომელიც ძვირად დაუჯდა. მოსკოვის ვაჭრები მიხვდნენ იმის განზრახვასა და არ ეწვივნენ. მერე ათასი თუმანი განაწილდა და დაურიგდა მოვალეებსა. წარადგინა მოწმობა ტფილისის პოლიციისა, აუწერა თავისი ზარალი, რომელიც შეემთხვა ვითომც გაცარცვის გამო მაღაზიისა და სთხოვა მიტევება რაოდენიმე ვალისა. მაგრამ არავინ შეიბრალა... სასამართლომ დაიბარა, მოსთხოვა ხუთი ათასი თუმანი ვალი. სარქისბეგაშვილმა სთხოვა ერთის თვის ვადა... მისცეს ვადა, მაგრამ ვალი ვერ გადაწყვიტა: აბრეშუმი ვერ გაეყიდა. სწორედ ის გაჭირვება დაადგა იმას მოსკოვში, როგორიც თვითონ დააყენა იმან ტფილისში ქვემო ქვეყნის ვაჭრებსა. მხოლოდ ამათ შორის ის გარჩევა იყო, რომ უკანასკნელებს ტფილისში გამოუჩნდათ მშველელი, სარქისბეგაშვილს-კი მხსნელი არ გამოუჩნდა მოსკოვში. (მგონია, ცუდ კაცსა, როდესაც იმის საწყაო აივსება, ანგელოზი მფარველი ჩამოეცლება და მაშინ ხსნა აღარ აქვს გაჭირვებისაგან!). სარქისბეგაშვილს, როგორადაც ჭირს, ყველა ერიდებოდა, ფული არავინ ასესხა, არცავინ თავდებად დაუდგა. უკანასკნელ, მიცემული ვადა გავიდა... აუწერეს აბრეშუმი, დაბეჭდეს... სარქისბეგაშვილმა უჩვენა თავისი მაღაზია, სახლები და დუქნები ტფილისში ვალის უზრუნველ-საყოფად არ მიიღეს... გაუყიდეს აბრეშუმი და ძლივს ააყენეს სამი-ათას ასი თუმანი... სასამართლომ დაიჭირა სარქისბეგაშვილი საპყრობილეში და მოსწერა ტფილისის მთავრობას, აეწერა და გაეყიდა, რაც რამ მოძრავი და უძრავი ჰქონდა ათას ცხრაას თუმნის გადასახდელად.
ამასობაში სარქისბეგაშვილის პრიკაშჩიკმა შეიტყო
იმისი ცუდი მდგომარეობა, უმეტესი ნაწილი სავაჭრო გაყიდა იაფად და ფული ჩაჯიბა. იმათ საუნჯეს სწორეთ ასე დაემართა, როგორათაც ნათქვამია: “უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო”. მაშინ ქალაქის მოქალაქეებმაც წარადგინეს ვექსილები ათასის თუმნისა და ითხოვეს დაკმაყოფილება. დანიშნულ დღეს ბარაბანი დაჰკრეს. ქალაქელებმა ეს პირობა შეჰკრეს: ერთი მეორეს არ უნდა შესცილებოდა ვაჭრობაში. გაიყიდა მაღაზია სარქისბეგაშვილისა, – მანათიანი ნივთი აბაზად. ფული ადგა სამას ოთხმოცი თუმანი. სახლის ავეჯი გაყიდეს ოც თუმნად. მერე გაყიდეს სახლები და დუქნები მესამედ ფასად, ერთი სახლი გაიყიდა ხუთას თუმნად, მეორე – ცხრაას თუმნად, დუქნები ათას ას თუმნად, სარქისბეგაშვილის ვალი, თუმცა სრულიად გადიხადა, მაგრამ იმის ცოლ-შვილს აღარა დაშთა-რა. გარდა ტანისამოსის და მამაპაპის სახლისა (ციხის უბანში). სანამ სარქისბეგაშვილი გამოვიდოდა რუსეთიდან, იმისი ცოლშვილი ჰყიდდა ტანისამოსს და პურსა ყიდულობდა. უკანასკნელ ეს საშუალებაც მოაკლდა. მცნობთა და ნათესავთა ზედ არ შეხედეს, რადგანაც გულდამწვარნი იყვნენ ისინი სარქისბეგაშვილისაგან. მრავალს უხაროდა ამ მდიდარი კაცის დაცემა და მიწასთან გასწორება, ამიტომ რომ იმისაგან მრავალი კაცი იყო გაფუჭებული და დაღუპული და არავის მისი სიკეთე არ მოაგონდებოდა. ჩვენი გასპარ მიკირტიჩ (ვიღაცას წამოეყვანა მოსკოვიდან სამადლოდ) კარგა რომ მოღამდა, მაშინ მოვიდა ქალაქში. ამ უბედურმა დაინახა რა მშობელი ქალაქი, წარმოიდგინა წარსული თავისი დიდება, სიმდიდრე, სილაღე და აწინდელი არარაობა, სიღარიბე და დამდაბლება, ამოიკვნესა საშინლად და გადმოყარა მსხვილი ცრემლები. ცეცხლი უფრო მოეკიდა, როდესაც ნახა თავისი ცოლ-შვილი, უსინათლოში სიმშილით გადახწნეული. – ვაიმე, შვილებო, რა დღეში გხედავთ თქვენ! ცოლი და შვილები მისცვივდნენ, მოეხვივნენ და ერთს საათს აღარ ჩამოეხსნენ.
– სანთელი ამინთეთ, დამენახვენით, გამაძღეთ თქვენი
ყურებით, გამიგრილეთ დამწვარი გული! რაღას იგვიანებთ! სანთელი, ჩქარა სანთელი
აანთეთ! მაგრამ მწუხარებას ვეღარ გაუძლო, ლოგინად ჩავარდა და, თუ მე არ მივშველებოდი, ორ დღესაც ვეღარავინ იცოცხლებდა. მთელი ღამე იმათ კარებს არ მოვშორებივარ, ყურს ვუგდებდი. ცალკე სიცივემ, ცალკე იმათმა საცოდაობამ დამწო. მეც იმათთან თანასწორად ვიტანჯებოდი, მაგრამ ჩემი ტანჯვა გარდაემატებოდა იმათ მწუხარებასა. სვინდისმა მამხილა ჩემი შეცდომა, ჩემი უგუნურება, რომ მე შური ვუგე ბოროტ კაცსა. შურის-გება მე არ მეკუთვნოდა და ამიტომაც შევინანე, ცრემლით გავბანე ჩემი შეცოდება და აღთქმა დავდე, რომ ისევ მე უნდა დამეხსნა სიკვდილისაგან რამდენიმე სული. ჯერ არ გათენებულიყო. მე ვიყიდე ბაზარში პური და მოხარშული საჭმელი, რაც ერთ დღეს ეყოფოდათ. კარები წყნარად შევაღე, (ახლად ჩაძინებული იყვნენ და ვერ გაიგეს). საზრდო ტახტზე დავუტოვე და საჩქაროდ გამოვბრუნდი. ერთი კვირას ხელი ასე შევუწყე, მაგრამ არცა შეშა, ანუ ნახშირი, არცა სანთელი არ მივაწოდე განგებ, რომ გასპარას უფრო ცხოვლად ეგრძნო, თუ რა ძნელია უცეცხლო და ბნელ ოთახში ყოფნა. გათენდა, გასპარამ თვალები გაახილა, მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ იმის ცოლ-შვილსა ლოყები დასწოდათ ცრემლისაგან, ტანისამოსი ეცოთ უბრალო და ჩირქიანი და სახლში სრულიად არა ებადათ-რა; წაიშინა თავპირში და ერთი ასე ამოიოხრა, რომ იმავე წამს მომაკვდავის ფერი დაედო სახეზედ... ამასობაში დღე სცვლიდა ღამესა. ღამე დღესა. დროის განმავლობაში შეეჩვია სარქასბეგაშვილი მოუნელებელ ჯოჯოხეთსა, და რამდენიც დამშვიდდა, სინანულში მოვიდა. მაშინ განეღვიძნენ იმას კაცობრივი გრძნობანი, გული დაურბილდა, გონება გაუნათლდა, სასოება და იმედი დაებადნენ; მოთმინებით და სარწმუნოებით დაემორჩილა იგი ღვთის განგებასა. ერთ საღამოს ასე უთხრა ცოლ-შვილსა:
– ჩვენ კიდევ რა გვიჭირს! ხუთნი მაინცა ვართ,
ერთმანეთს ხმას მაინც ვცემთ, ჩვენზე კიდევ საცოდავნი ყოფილან და არიან. აი,
მაგალითად: ჩვენს მეზობლად იყო ქვრივი ერთის მეჯღანისა, თექვსმეტის წლის გოგო,
ძუძუთა ბიჭით, მარტოდ-მარტო, ბნელსა და გაყინულ სოროში, უსაზრდოვო და უნუგეშო.
ოჰ-მე! მე რომ ის საცოდავი შემეწყნარებინა, იქნება ჩვენ ეს დღე არ გვენახა!.. ამ კაცს ჰყავდა სამი მოსწრებული ქალი, დაცულნი და დაკრძალულნი. ამათი დედა იყო დიაღ კარგი დედაკაცი, კარგი ოჯახის ქალი. ეს უბრალო სულნი ღირსნი იყვნენ, რომ მწუხარება გაჰქარვებოდათ, ღირსნი იყვნენ ბედნიერებისა. და, მართლაც, საცოდაობა იქნებოდა, რომ ეს ქორფა ყვავილნი უდროოდ დამჭკნარიყვნენ! მერვე ღამეს, – იყო ცხრა საათი, – გავიხადე ჩემი ბრანძვი ტანისამოსი, და მოვირთე ძვირფასი ტანისამოსით, საათით, ფერჩატკებით და სხვ. წავედი სარქისბეგაშვილის მოძღვრისას და დავარაკუნე კარები.
– ვინა ხარ? – მკითხეს შიგნიდან. მე ეს ყოველივე ვიცოდი და დანიშნულ დროს მივედი შუამავალთან. ამან მომილოცა და კეთილის საქმისათვის დამლოცა. მაშინ გადავუთვალე ექვსას სამოცი თუმანი, სამი ქალის მზითევი და გამოვეთხოვე. ამის შემდგომ შევუგზავნე სარქისბეგაშვილს სამი ხელი საქორწილო ტანისამოსი და მივსწერე შემდეგი წიგნი: “ძმავო გასპარ მიკირტიჩ!
სამ ხელს საგვირგვინო ტანისამოსს გიგზავნი შენი
ქალებისათვის. უმორჩილესად გთხოვ, დააშურო მაგათი ქორწილი. ამასთანა ამასაც გთხოვ,
ნუ მოსძებნი შენს კეთილის მყოფელსა, რომელსაც არც იცნობ და ვერცა იპოვი. 25 იანვარს,
1833 წ.” .......................... |
|||
IX თავადი ლუარსაბ რაინდიძე, მანამ ცოცხალი იყო – 1846 წლამდის – ყოველს წელიწადს ვექსილს მიცვლიდა. იმის შემდგომღა ჩემის ვექსილის გამოცვლა შედგა იმ მიზეზით, რომ ალექსანდრე სიცოცხლის დროსვე ლუარსაბმა გაისტუმრა პეტერბურგს სასწავლებელში და სხვა იმისი შვილები მცირე-წლოვანობის გამო ოპეკუნის მფარველობის ქვეშ იყვნენ. ჩემს ცხოვრებას მოემატა ხარჯი წელიწადში ვიდრე ათ თუმნამდის, რადგანაც ჩემი ცოლი და შვილები – ერთი ვაჟი და ერთი ქალი – გადმოვასახლე ქალაქში. მაგრამ ჩვიდმეტ წელიწადს უკან ჩემი ცხოვრება უცებ შეიცვლება. ჩემში ვეღარ იპოვი კინტუა სოლომანასა. მიზეზი იყო თავადი ალექსანდრე რაინდიძე. ამ ყმაწვილ-კაცს გაგაცნობთ შემდგომში... |
|||
ნაწილი მეორე | |||
I
– ეი, ვარია, ვარია, აქ მო! – შევძახე გლეხკაცსა, რომელიცა სწრაფად წინ დამიდგა, და
ვკითხე:
ეს რო სთქვა, გლეხკაცმა წამოიკიდა გალია და დააპირა წასვლა. მაშინ ერთს ჩემ
ამქართაგანსა (ჩარჩები გარს შემოეხვივნენ და არავინ შემეცილა; ასეთია იმათში
დებულება) თვალით ვანიშნე, რომ შუაკაცად შემოსულიყო და მოვერიგებინე გლეხკაცთან.
– სირცხვილი არ არის, ორნი დარბაისელნი კაცნი ვერ მორიგებულხართ! აქ მო, მე
მოგარიგებთ. მომეც აქ ფული. – მითხრა მე – რას აძლევ? ჩარჩისაგან თავში ჩარტყმა ისე არ მეტკინა და მეწყინა, როგორადაც ამ კაცის, გამწკეპავიძის, დანახვა მეწყინა და ეტკინა ჩემს გულსა. მრავალჯერ ჩაურტყამთ ჩემთვის თავში, მაგრამ წასულა, გაუვლია, ფიქრში და გულში სრულიად არ მომსვლია. ახლა-კი, რადგანაც გამწკეპავიძესთან ჩამარტყეს თავში, დამებადა სრული ჩემი თავმოყვარეობა და მეწყინა, ისე მეწყინა, რომ დედამიწა რომ გახეთქილიყო და თან ჩავეტანე ის მერჩივნა; ისე მეწყინა, რომ აღარ მეყურებოდა, რა ვიყავ, სად ვიყავ და რა უნდა მექნა. ნამდვილად არ ვიცი, რათ მეთაკილებოდა, რომ გამწკეპავიძეს შეეტყო რაიმე ნაკლულოვანება ჩემი. ჩემის აზრით, ამის მიზეზი უნდა იყოს ისა, რომ რაინდიძის სახლში მე აღვიზარდე, როგორც თვით ალექსანდრე რაინდიძე, გამწკეპავიძე-კი – როგორადაც ყმა და მონა. მე მეწყინა და მეთაკილა, რომ გამწკეპავიძემ მნახა, როგორადაც ჩარჩი, ვარიების მოტყუებით, ფიცით და გინებით მსყიდველი და გამსყიდველი, უბრალო გლეხურ ტანისამოსში, თავში ჩაკრული მაშინ, როდესაც იმას მე ყოველთვის უნახივარ კარგა ჩაცმული, დარბაისლურ ყოფა-ცხოვრებაში და ის პატივს მცემდა ხოლმე და მივაჩნდი საპატიო მოქალაქედ. მით უფრო უმეტესად მომიკვდა გული, რომ ხუთი წლის უნახავი ვიყავი გამწკეპავიძესთან, რომელიცა იყო პეტერბურგს, სადაცა, რასაკვირველია, მიიღებდა განათლებასა, და რომელიცა ახლა, უცებ, მოულოდნელად გამომეცნაურა იმ დროსა, როდესაც მე ვიყავ უმსგავსო და სასაცილო მდგომარეობაში. ამ აზრებმა ელვასავით წამს გამიარეს გონებაში, გავანჩხლდი, დაუფიქრებლივ მივვარდი ჩემს თავში ჩამკვრელსა და ჩხუბი და ცემა დავუწყე. რასაკვირველია, ჩარჩმა არ დამითმო და, რაც დამაკლო, შემისრულა. – შე უმზგავსო, შე ქვეყნის სასაცილო! – მითხრა ჩემმა წინააღმდეგმა ჩარჩმა: – რამდენჯერ ჩამირტყავს შენთვის თავში და არც ერთხელ არ გწყენია, ამიტომ რომ ხუმრობით ჩამირტყამს – და ახლაც ხუმრობით ჩაგარტყი, გული რაზე მოგივიდა? განა არ გიცნობ, ვინცა ხარ და რა ხარ? შენი ციცხვი და ჯამიც-კი ვიცი! ბრძოლა გაგრძელდებოდა, რომ ხალხს არ გავეშველებინეთ. ერთი მშვიდობის მყოფელთაგანი იყო გამწკეპავიძეცა. უკანასკნელმა შემთხვევამ უფრო დამისერა გული. უფრო გამიცხოველა სირცხვილი. გამწკეპავიძის დანახვა არ მინდოდა და ამიტომ გავიპარე მოედნიდან. მე ვიყავ არეული, გაწითლებული, სისხლიანი, საკინძჩამოგლეჯილი. თურმე ნუ იტყვით, გამწკეპავიძე დამედევნა. – სოლომან-ჯან, სოლომან-ჯან, შენი სულისა, სოლომან-ჯან! – მომძახოდა გამწკეპავიძე, – შეიცადე ერთ წამს, სიტყვას მოგახსენებ. კინაღამ გულს შემომეყარა, რა დავინახე გამწკეპავიძე. მეც არ გავიგონე და ცუხ-ცუხით, თავდაღუნული მივეჩქარებოდი შინისკენ, რომ აღარ დამენახა უსიამოვნო ნაცნობი. – სოლომან-ჯან, გამიგონე, შე დალოცვილო, რას მირბიხარ! მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი. მითამ არ მესმოდა, მოუხედავად მივრბოდი კლდისუბნის აღმართზე.
– ოჰ, დავიღალე, აღარ შემიძლიან! საყვარელო სოლომან! გამიგონე, ხომ... ხომ მოვკვდი
ამ აღმართზე სირბილითა, გამიგონე... ალექსანდრემ გთხოვა: ფული, შენი ვალი მიიღეო.
გამწკეპავიძემ ვეღარ შესძლო აღმართზე სირბილი და დაეცა. მე დიდად მიამა, იმიტომ, რომ არ მინდოდა ამოდენა დამდაბლებასთან ენახა იმას ჩემი ქოხი და ცოლ-შვილი. გამწკეპავიძე უკან დაბრუნდა. მე-კი, როდესაც მივედი შინ, ისეთის მრისხანის სახით ვიყავი თურმე, რომ ჩემი ცოლ-შვილი გაცვივდა შიშისაგან გარედ. მართლადაც თუ რომ იქ დაშთენილიყვნენ, უთუოდ ძნელ დღეს დავაყრიდი, ასე ვიყავ გონება-დაკარგული. ვმადლობ ღმერთსა, რომ მიხსნა განსაცდელისაგან. ეს დღე და საათი ჯერაც არ დამვიწყებია და არც დამავიწყდება. |
|||
II უკანასკნელ წელიწადს მე ვიზარალე ას თუმნამდის და ხელი ავიღე დიდ ვაჭრობისაგან, რომ სარქისბეგაშვილივით არ გავკოტრებულიყავ. ოფლით და მრავალის მწუხარებით შეკრებილს ფულს არას ვაკლებდი და ვსჯერდებოდი ცოტ-ცოტათი გავრცებულიყო ჩემი ჯიბე. კერძო კაცის ხელში ვერ გავეცი, გახშირებულ კოტრობისა და უნდობლობისა გამო; პრიკაზის გზა-კი ჯერ არ ვიცოდი. იყო ისევ დილა. ჩემი ცოლშვილი წავიდა თავიანთ საქმეზე (მერე მოგახსენებთ, ვინ რომელ საქმეზე იყო ჩემგან დადგენილი) და მე მქონდა დრო დამეთვალა ფული. ჩემმა ცოლშვილმა არ იცოდა არც ადგილი, სადაცა დაცული მქონდა ფული, არც რიცხვი მისი, ისინი იყვნენ ჩემგან დარწმუნებულნი, რომ მე ვიყავ ვითომც გლახა და უფულო. ისინი ვერ მიხვდებოდნენ ფულის ადგილსა და რიცხვსა, ამიტომ რომ იმათ თვალწინ არა დროს ტახტი არ მომიწევია და ფულის გზა არ მისწავლებია. გარდა ამისა, ტახტი მქონდა შინაგან დამაგრებული, ასე რომ უჩემოდ არვის შეეძლო მოეწია, დამაგრებული იყო ამ სახით: წინა ფიცარი ტახტისა მქონდა დაკეტილი იმ უჩინარის კლიტით, როგორსაც ხმარობენ კამოდისთვის. ახდიდით ამ ფიცარსა, ნახავდით, რომ ფეხები ტახტისა იყვნენ მიმბულნი მსხვილი რკინებითა კუნძებზე, რომელნიც იყვნენ ღრმად ჩასმულნი მიწაში. და ესრედ მე შევუდექ საქმესა, კარები ჩავკეტე, სანთელი ავანთე, (უსარკმელო ქოხში ბნელოდა), ტახტი მოვწიე, ხურჯინით ამოვზიდე ფული. გადავთვალე ათასი, ათი-ათასი, ოცი-ათასი, ორმოცი ათასი, ოთხმოცი ათასი თუმანი! ოცი ათასი რომ გადავთვალე, გადავავლე თვალი დაუთვლელსა, გამიკვირდა და მიხაროდა, რომ უმეტესი ნაწილი კიდევ იყო დასათვლელი. როდესაც ორმოცი-ათასი გადავთვალე და დავინახე, რომ ერთი იმოდენი კიდევ იყო დასათვლელი, უფრო გამიკვირდა, სიხარული უფრო გამიცხოველდა, და როდესაც უკანასკნელი მეოთხმოცე ათასი გადავთვალე, მაშინ გული და თვალი ძლივ-ძლივ შევიმაგრე: კინაღამ სიხარულისაგან და განკვირვებისაგან გული შემიღონდა და ჭკუაზე გადავირიე. წყლით მოვიბრუნე გული, სანთელი გავაქვრე, წყნარ-წყნარა კარი გავაღე და გამოველ გარედ, რომ ჩემი გონება დამშვიდებულიყო. მე გამიოცდა ამიტომ რომ მესამედი ფულის იმედიც არ მქონდა, ამავე მიზეზის გამო ჩემს სიხარულს მოემატა სიხარული და, რასაკვირველია, ამ მიუწვდომელს და მოულოდნელსა შეეძლო გონებიდან გამოვეყვანე. გონება და გული რომ დავიმშვიდე, ისევ შევედი შინ, სანთელი ავანთე, ღმერთს თაყვანისცემით მადლობა შევსწირე. ტკბილათ დავკოცნე ფულები (ასე გასინჯეთ, სიხარულის ცრემლებიც-კი გადმომცვივდა) და დავაბინავე ისევ თავისავე ადგილსა. მაშინ წარმომიდგნენ ჩემი საცოდავი ცოლი და შვილები, რომელნიც მე დავსაჯე და რომელთაც მოვათმენინე მრავალ წელს საშინელი და ენით აუწერელი სიღარიბე, სიშიშვლე, სიმშილი, სიცივე და სიბნელე, მოვაკელი სიამოვნება, განცხრომა, მშვიდობა და ნამეტნავად აღზრდა. წარმოვიდგინე ჩემი თავიცა, საცოდავად ყოველ ჟამს დამცირებული და მოკლებული ყოველ კეთილცხოვრებასა, მაშინ როდესაც მე შემეძლო ამეცდინა ყოველივე ესე თვრამეტის წლის წინათ; რასაკვირველია, ამოდენა აღარ მექნებოდა, მაგრამ სამოცი ათასს თუმანს-კი აღარ დააკლდებოდა-რა, თუმცა ახლა ოთხმოცი ათასი თუმანი მქონდა, მაგრამ ოჰ, რამდენი დავაკარგვინე ჩემს ცოლშვილსა! შეიქმნა სადილობა. დრო იყო დაბრუნებულიყვნენ შინ ჩემი ცოლი და შვილები სადილად. მაგრამ რა დახვდებოდათ, გარდა მშრალი პურისა! მაშინ დავინახე ჩემი უგუნური სიძუნწე, მაშინ ვიგრძენ ცოლ-შვილის საცოდაობა. პირველად შემოვიდა ჩემი ქალი, თექვსმეტი წლის თამარ, რომელიცა მეზობლისას სწავლობდა ხელსაქმესა და წერა-კითხვასა. მანამდის არ დამინახავს, რომ იმას ეცო გახუნებული, მოკლე ჩითის კაბა, ჭუჭყიანი მიტკლის პერანგი და ქუსლებ-დაყრევინებული ქოშები შიშველ ფეხებზე. ჩემი თამარი თუმცა იყო დედასავით მომცრო ტანისა, შავ თვალ-წარბა, მხრებ-აწეული, მოკლე-კისერა, პირნაყვავილარი, ცხვირ და ტუჩებ-დიდი, მაგრამ დედასა სჯობდა ელფერითა. აქამომდე ძლივ ესწავლებინათ წინდების და ქისების ქსოვა, საბაზრო პერანგისა და ახალუხის გამოჭრა და შეკერვა და ანბანი თავისის “უფალოთი”. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, დავინახე-რა თამარი, მაგრამ გული შევიმაგრე და თამარს გავუცინე. თამარს გაუკვირდა ჩემი სიმხიარულე, რომელიც ძნელად სადმე უნახავს იმას ჩემს პირისახეზედ. – თამარჯან! ჯერ პურს ნუ სჭამ, კარგი სადილი მოგივა, – ვუთხარი მე ღიმილით და მამობრივის გულმტკივნეულობით. თამარი დამაცქერდა და უნდოდა წაეკითხა ჩემს სახეზე მიზეზი მხიარულობისა და მამობრივი ალერსისა, იმიტომ რომ თავის სიცოცხლეში პირველად გაიგონა ალერსი... ამ დროს შემოვიდა ჩემი ვაჟი ისაკი, რომელსაც იღლიის ქვეშ ეჭირა წიგნები. ის იზრდებოდა, ანუ სწავლობდა, გიმნაზიაში. ისაკი იყო მჭმუნვარე და მოწყენილი.
– რათ ხარ, შვილო, აგრე მოწყენილი? – ვკითხე მე ისაკსა.
– მართლა, მამიჯან! დღეს ათი ყუთი სპიჩკა გავყიდე. მე ხომ არ გამოვჩენილვარ, პატარა
ბიჭებს გავაყიდვინე, როგორც მარიგებდი.
უსიამოვნო ლაპარაკი მოვსწყვიტე და წავიყვანე ისაკი ბაზარში, სადაც ვიყიდე მოხარშული
ბოზბაში, დედალი, ქაბაბი, ღვინო და გავატანე შინ. – აფერუმ, სოფიო-ჯან! მიყვარხარ! აბა, მაგისთანა დედა-კაცი უნდა, აი! – ვუთხარი მე მხიარულად. როგორც თამარს, ეგრეთვე სოფიოს გაუკვირდა ჩემი ალერსი და სიმხიარულე, ნამეტნავად გაშლილი სუფრა. სავსე სხვადასხვა საჭმელებითა, რომელიცა აღდგომასაც არა ჰქონია. სოფიომ ხმა არ გამცა. სოფიო ცალის თვალით გადმომხედავდა ხოლმე... მუნჯსავით დაჯდა სკამზე, სჭამდა საჭმელსა ნაზად, თითქოს მტრისას იჯდა და მტრის წყალობას სჭამდა... სადილის უკან დავიბარე ჩემი ნათლიმამა, ოჰანეზ. საკვირველი კარგი კაცია! ამ კაცს გამოვუცხადე ყოველი საიდუმლო (იმ დროს ცოლშვილი გარეთ გავგზავნე) და იმდღინდელი შემთხვეულობა, გამოვუცხადე ჩემი წყენა და დამდაბლება. ვკითხე რჩევა... – დიდი შეცდომა მოგსვლია! დიდი უგუნურობა მოგსვლია, საყვარელო ძმაო, მეგობარო და ნათლია! ჭკვიანი კაცი მეგონე და ახლა-კი, მომიტევე, შენში ვერ ვპოვებ ჭკუასა, – მითხრა ოჰანეზამ. – მაგოდენა სიმდიდრის პატრონი ყოფილხარ და როგორ-ღა ექელვინებოდი ფეხქვეშ? როგორ თავი აქამომდე არ გამოიჩინე! ცოლ-შვილი კარგ გზაზე როგორ არ დააყენე! გამიგონე, ძმავო! სიმდიდრე კარგია, თუ მოიხმარებ, და თუ დაჰფლავ მიწაში, მდიდარი აღარა ხარ, შენზე უსაცოდავესი და უგლახაკესი აღარავინ იქნება.
– მირჩიე, ოჰანეზ-ჯან, მირჩიე რა უნდა-ვქნა! შენ სიტყვას მივიღებ, როგორც
ანგელოზისას. ....................... |
|||
III – ოჰ, ჩემო სოსია! როგორა ხარ? ალექსანდრე შინ ბრძანდება? – ვკითხე მე გამწკეპავიძესა. გამწკეპავიძემ ვერ მიცნო და დამიწყო ყურება და შინჯვა.
– რას მშინჯავ, თითქოს დასანიშნავი ვაჟი ვიყო! ვერ მიცნობ? ეს რა მითხრა, გამწკეპავიძე გამიძღვა წინ და შემიყვანა ოთახში. თავადი ალექსანდრე რაინდიძე კარებშივე მომეგება მოცინარის სახით. მან ჩამომართო ხელი და ნაზის ხელმოჭერით მაგრძნობინა, რომ ჩემი ვიზიტი არ ეწყინა. სავარძელი მითავაზა. ეს ყმაწვილი კაცი იყო ტანადი, არც სუსტი, არც სქელი; შავი თმა ჰქონდა გადავარცხნილი უკანასკნელ მოდაზე; შავი, დიდრონი თვალები, წარბები და კოკობი ულვაშები უხატავდნენ იმას სუფთასა და მცირედ მკრთალ პირისახეს; თვალებიდან გამოსჭვრეტოდა გონება; მაგრამ პრტყელ შუბლზედ დასჩენოდა კვალი ფიქრების; გრძელი თითის ბრჩხილები, მრგვლად შემოჭრილები, უელავდნენ თეთრად; თეთრ ტილოს პერანგზე ეცო საზაფხულო პალტო. ოთახი, რომელშიაც ალექსანდრემ მიმიღო, თუმცა არ იყო მდიდრულად მორთული, მაგრამ იქ ყოფნა გესიამოვნებოდათ. პატარა დივანი, სტოლი, ორი სავარძელი და ათიოდე სკამი, დივანს ქვეშ გაშლილი ხალი და თეთრი ფარდები შეადგენდნენ იმის სასტუმრო ოთახის მორთულობასა. სოლომონ ისაკიჩ! შენი სულისა, მამიტევეთ, რომ თვითონ ვერ გიახელი და თქვენ გაგსაჯეთ, – მითხრა ალექსანდრემ. – დაგარწმუნებ თქვენ, რომ ჩემი შეუსაბამო ქცევით მევე ვიტანჯები. მაგრამ მეორე მხრით ესეც კი უნდა მოგახსენოთ, რომ მე არ ვიცოდი თქვენი სახლი. – რას მიბრძანებთ, კნიაზო ალექსანდრე! ის კარგი მამა ნუ წაგიწყდებათ, ბოდიშს ნუ იხდით, მე და თქვენ შორის ამგვარი პოლიტიკა არ უნდა იყოს. მე თქვენ სახლში და თქვენ ჩემს სახლში ისე უნდა ვიყვნეთ, როგორათაც ვიყავი მე მამითქვენის სახლში. განა ახლა ვიცნობთ ერთმანეთს! განა ასე უნდა ვიყვნეთ ერთმანეთისაგან დაშორებული! მახსოვს, ძლიერ მახსოვს, თქვენი მზრუნველობა, რომელიც მოიღეთ ჩემზედა, თქვენი პურმარილი, თქვენი კარგი პირი და გული!
– გავათაოთ მაგ საგანზე ლაპარაკი, თქვენ ეს მიბრძანეთ, სოლომონ ისაკიჩ...
– ახლა სამსახურს არ აპირებთ?
– თქვენგან არ მიკვირს, კნიაზო ალექსანდრე? როგორ დავიძინებ... ნიჭი, სწავლა და
სამსახური უნაყოფოდ და უჯილდოოდ არ უნდა დარჩნენ. ოჰ კნიაზო! რა კარგი გული გაქვთ!
ყველასათვის კარგი გინდათ. – მაგრამ თქვენი ჩამომავლობა ეგეთია. არა ჰგევხართ
სხვებსა! ოჰ, ღმერთო, რა მეშურნენი არიან სხვანი, რა ბოროტნი არიან! არავისთვის
კეთილი არ უნდათ! შურთ, რომ ჩემი ისაკი გაბედნიერდა! აი, რას ამბობენ: “რა
შეუძლიანო, რა იცისო, ჯერ ჩინიც არა აქვსო, საიდან ჩაიგდო ადგილი, ვინ არისო!” ახ,
ღმერთო ჩემო, რა ენაღვლებათ, რომ ჩვენც ვიყვნეთ და ისინიცა ბედნიერნი! და თუ ისინი
არ არიან ბედნიერნი, უნდა დააბრალონ თავიანთ ჭკუასა, რომლის რჩევაზე არ დადიან. – რას მიბრძანებთ, ყმაწვილო! დავჭლექდები, თუ ჩემი დარდი და ნაღველი ენით არ გამოვთქვი და არ შევსჩივლე რომელსამე მართალ კაცსა. მე თქვენ გატყობთ, რომ თქვენ გაქვთ რაღაცა გულის დამაჩრჩილებელი ფიქრები, მაგრამ არ გინდათ გამოთქოთ, რადგანც ჰბაძავთ ფილოსოფოსებსა. მართლაც-და, კნიაზ-ჯან, თქვენ გტანჯვენ ფიქრები. სახის მეტყველება გიმტკიცებს ამასა. ამიტომ საჭიროა გამოსთქვათ, რომ გული მთლიანად შაგრჩეთ.
– თქმით კარგა ვიცი, არა გამოვა რა. ამიტომ ვარჩიე არა ვთქორა, გულში მოვინელო
მოუნელებელი დარდები. ესა ვთქვი და მაშინვე ვიგრძენ უგუნური წინდაუხედაობა ჩემი, მაგრამ რაღას გავაწყობდი! – სარწმუნო ბრძანდებოდეთ, სოლომონ ისაკიჩ! – მითხრა ალექსანდრემ – მე ვალს არ ავიღებ. თუ ავიღებ როგორმე, ოცდაათ თუმანსა ხუთას თუმნამდინ არ ვაქცევ. ნუ გავკიცხავთ ჩვენ მამებსა, რომელთაც მცირედი ვალი ერთი ასად გარდაუქცევიათ; იმათ ჰქონდათ ათასი შესაწყნარებელი მიზეზები. მაგრამ მე გკითხავთ თქვენ: ქართველს სომხისაგან რათ განარჩევთ! განა არ არიან ქართველები ხელმოჭირებულნი და ხვალისთვის მზრუნველნი და სომხები გამბნევნი?!
ეს პასუხი მომცა ალექსანდრემ ასე გულდაწყნარებით, ლმობიერად და მოცინარის სახით,
რომ თითქოს სიბრიყვე და უგნურობა ჩემის სიტყვის მიგებისა სრულიად ვერ იგრძნო. მე
უადგილოდ შევედი სხვადასხვა გამოძიებაში, რომელნიც იყვნენ საწყენნი; ალექსანდრემ კი
სრულიად არ მაგრძნობინა ჩემი წინდაუხედაობა. სწყინდა, განა არა, ალექსანდრეს ყოველი
ჩემი სიტყვა, მე ამას ვამტკიცებდი მით, რომ ყოველს ჩემს სიტყვაზე ტუჩებს კბილებით
დაიკმუკნიდა ხოლმე ის და პასუხს მაძლევდა მოკლეთ და ცივად, თითქო არ უნდოდა
ლაპარაკი, – მაგრამ ცდილობდა არ ეწყენინებინა რა ჩემთვის სიტყვით თუ საქმით. ცხადად
დავინახე ჩემი უზრდელობა, შევინანე, მოვეხვიე ალექსანდრეს და ვუთხარი: |
|||
IV
სწორე უნდა მოგახსენოთ, მე თეატრი სრულიად არ მეპიტნავებოდა, რადგანაც არა
გამეგებოდა-რა, არც იტალიური ოპერებისა, არც მუზიკისა, მე მხოლოდ დავიარებოდი
თეატრში გასაცილებლად და პატრონად ჩემის ცოლვილისა, რომელთაც გაგიჟებით შეიყვარეს
თეატრი და, ნამეტნავად, იმ ღამეს უთუოდ უნდა ვყოფილიყავ თეატრში, რადგანაც
რაინდიძეც იქ იქნებოდა. მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს რა იზიდავდა თეატრში? დაგარწმუნებთ
რომ სხვა არა-რა იზიდავდა, გარდა უგუნური ამპარტავნობისა. იმათ მხოლოდ ერთი აზრი
ჰქონდათ: სჩვენებოდნენ საზოგადოებასა, რომ “ჩვენც აქა ვართო”. ის კი აღარ ახსოვდათ,
რამდენი ხარჯი უნდება თეატრში წამსვლელსა. გამიგონია, თეატრი დიდი სასწავლებელი,
თურმე, არისო; ყოველ პიესაში წარმოადგენენ, თურმე, კაცის რომელსამე შეცდომებსა და
ნაკლებობასა, კეთილსა და ბოროტ მხარესა, აქ უნდა გული და გონება ადევნოს
მაყურებელმა და გაიგოს აზრი და მიზეზი მოქმედებისა. ნამეტნავად არ უნდა დაკარგოს
არც ერთი ადგილი მღერისა და მუზიკისა, რომელიცა დაატკბობს გრძნობათა და დაარბილებს
გულსა. გარდა ამისა, თვით საზოგადოება მაყურებელთა მრავალს რასმეს ასწავლის კაცსა!
ახლა ვიფიქროთ ჩვენთვის, რაღა ხელი მაქვს მე თეატრში, თუ არას დავინახავ, არ
გავიგებ, არ გავიგონებ და არ ვისწავლი! აგერ რამდენი წელიწადია, რაც ჩემი მეუღლე
დაიარება თეატრში და მრავალჯერ უნახავს იმას ოპერა “Севильский Цирюльник”
(სევილიელი დალაქი); ჰკითხეთ – თვითონაც დალაქის ქალია – რისათვის სევილიელი დალაქი
მოხუცებულ კაცს, მოპარსვის მაგიერ, საპნით მოუთხუპნისთქო პირისახეს? დაგარწმუნებთ,
პასუხს ვერ მოგცემს... მაგრამ მე ავცდი ჩემს საგანს. ჩემი თამარი სხვაზე გადამეტებულად იყო მორთული. ბრილიანტის ქინძისთავები ებნია ოქრომკედით ნაკერს ალისფერ ხავერდზე, თავსაკრავში. ყურები, ყელი, გული და მაჯები მოეკაზმა ძვირფასი ბრილიანტის საყურეებითა, ფორმუარითა, ქინძისთავებითა, ბრილიანტებითა, ოქროს მინანქრიანი საათითა და მარგალიტისა ძეწკვითა. ორივე ხელის თითებზე აესხა მრავალი ბრილიანტისა და ფირუზის ბეჭდები, რომელზეც ფერჩატკები ვეღარ ჩაეცო და ამის გამო შიშველი ხელები შავ გლასის კაბაზე უჩნდა შავად: ალისფერი ოქრომკედით ნაკერ ლენტის გულისპირი და სარტყელი, იმავ ფერის გლასის სახელოები უფრო დაამშვენებდნენ ჩემს თამარს, თუ რომ ბეჭდების მაგიერ სცმოდა თეთრი ზედგამოწყობილი ფერჩატკები. თამარი იჯდა უძრავად გაშეშებული, მხოლოდ ხანდახან ხელებით გაისწორებდა ხოლმე კავებსა განგებ, მგონია რომ დაენახათ იმის ბრილიანტები. იმ ღამეს თამაშობდნენ “ნორმა”-სა.
ხუთიოდე მინუტი ვისხედით ჩუმად და ვსინჯავდით ლოჟებში მსხდომარეთა. მერე მე
შევსწყვიტე მდუმარება და სასიხარულო ახალ ამბად ვუთხარი ქალებს:
ამ დროს მე შევნიშნე რამდენიმე ყმაწვილი კაცი, ჩვენებურები, რომელნიც ისხდნენ
პირველი კრესლოების რიგობაზე და წამდა-დაუწუმ შერბოდნენ და გამორბოდნენ გარედ, და
რას არიგებდნენ არ ვიცი, მე კი იმათმა ურიგო ქცევამ გული გამისივა ჯავრით...
– აი, აი, რაინდიძე, ქალებო! – ვუთხარი მე ჩემს ცოლ-შვილსა. ისაკიც დავითხოვე, სევდასაც დავსძლიე და მოვემზადე რაინდიძის მისაღებად, მაგრამ სად იყო რაინდიძე! არ ამოვიდა ჩვენთან. დავუწყე ლოჟიდან თვალებით ძებნა, არც თავის ადგილას იყო; პირდაპირ გავიხედე, ერთიც ვნახოთ, ჩვენი ალექსანდრე ემუსაიფება არაგვლიშვილის ქალსა!.. დასწყევლოს ღმერთმა ეშმაკი. ისე რად მეწყინა?! ჩემი სოფიო და ნამეტნავად თამარ ხომ დაიხოცნენ... მეორე ანტრაქტში ჩვენ იმედი სრულიად აღარ გვქონდა ალექსანდრეს ამოსვლისა, ვისხედით ნაღვლიანად და პირდაკეტილნი. უცებ შემოვიდა რაინდიძე. ღვთის წყალობა თქვენ გაქვსთ, ჩვენ სიხარულით ავივსენით, აღდგომის დღე დაგვიდგა!
– აა, სოლომონ ისაკიჩ! მშვიდობა თქვენს ნახვას, – მითხრა რაინდიძემ და ხელი
ჩამომართო. თავად ჩემის ურიგოს ქცევით, პირველ მოქმედებაში, გულში ვიყავ დაჭრილი, ახლა-ღა ჩემის მეუღლის უგუნურმა მოკითხვამ უფრო დამიწყლულა გული! რა დამემართა იმ ღამეს! რაღა სვემ დამიწყო დევნა! რაღა ჩემზედ მოიცალა შეუბრალებელმა სვემ! ჩვენთვისა ვთქვათ, რა მოკითხვა არის: “ხომ მშვიდობით ბრძანდებით, კნიაზო”, რომელიცა ჯერ არსად არ ენახა და ის იყო გაიცნო სოფიომ. ამ გვარად უნდა მოიკითხონ მხოლოდ იგი, ვინცა ყოველთვის ავადმყოფობს, ანუ განთავისუფლებულა ავადმყოფობისაგან, ანუ აღშფოთებულ ცხოვრებაშია. ალექსანდრემ მსუბუქად თავი დაუკრა და მაშინვე დაუწყო ლაპარაკი, რადგანაც ჩვენ ყველას ენა ჩაგვივარდა მუცელში.
– კარგი ოპერაა “ნორმა”, მუზიკა ხომ საუცხოვოა!
ამ დროს რამდენიმე პირის თხოვნით მუზიკანტების უფროსმა – აი ყოველთვის ჯოხს რო
იქნევს – დაუკრა სკრიპკაზე რაღაცა. ალექსანდრემ თავი დაღუნა, ყური დაუგდო და მაშინ აიხედა, როდესაც დაჩუმდა სკრიპკა. ალექსანდრეს ჩაგონებით მე ყური დავუგდე. ალექსანდრე არა სტყუოდა... |
|||
V ძლიერი ფული დავღუპე, მაგრამ, როგორადაც ცერცვი კედელზე, ჩემს გულს არ ეკარებოდა: არცა ძვირფასს მებელზე გადაკრული ხავერდი, ხავერდების ფარდები კარებზე და ფანჯრებზე, არცა უმრავლესი ვერცხლეული და სხვა მრავალი სამკაული, ამიტომ, მგონია, რომ სული არა მქონდა მომართული ისე, რომ ესურვა მას სიმშვენიერე სამკაულისა. ყოველივე, რაც იპოვებოდა ჩვენს სახლში, იყო ჩინებული და იშვიათი, მაგრამ მე მოვრთე სახლი არა ჩემის გემოვნებით, არამედ მიხედულობით და იმ აზრით, რომ სხვაზე მდიდრულად მქონებოდა სახლი მორთული. იქნება არაფერში არ იპოებოდა გემოვნება, გარდა სიმდიდრისა. მე ვფიქრობდი, სიმშვენიერე წარმოსდგებოდა მხოლოდ ძვირფასი ნივთისაგან. რასაკვირველია, თვით ძვირფასი ნივთი იქნება გემოვნებით შემკული, მაგრამ ნივთმა რომ არ დაჰკარგოს თავისი სიმშვენიერე, კაცმა უნდა იცოდეს, სად დასდვას ისა და როგორ მოიხმაროს. სიტყვით, მე არ ვიყავ დაბადებული, რომ ტრფიალებით მესურვა ყოველივე მშვენიერება და ეს მშვენიერება ყოფილიყო სული ჩემის სიცოცხლისა. ნუ გიკვირთ. მართალია, გული კაცისა მიელტვის ყოველს მას, რაც-კი არის უდიდესი და დიდმშვენიერი. ეს ის არის, რომ კაცი მიელტვის თავის პირველ მდგომარეობასა – დიდებასა და ნეტარებასა – რომელიც მას დაუკარგავს. ეს მილტოლვა ტრიალებს გულში და, კაცთ უმეტეს ნაწილში, გარეგნად სრულიად არა სჩანს, დამარხულია, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ არიან გვამნი, რომელნიც ვერ დაიტევენ გულში ამ გრძნობასა, აღიძვრიან მისგან და მიელტვიან უკეთესობას, განცხრომას, დიდებას, ყოველს მშვენიერებას. ამის გამო დაიბადა გამშვენიერებული ხელოვნება და სწავლა, სიტყვიერება, გემოვნება, ზრდილობა და სხვ. დასასრული იმათი მოქმედებისა ერთია – დიდება და ბედნიერება, მაგრამ ღონისძიებანი, არჩეული მიწვდომად ამ დასასრულისა, არიან სხვადასხვანი. ესრეთი გარჩევა, რასაკვირველია, წარმოსდგება იმათ სულის სხვადასხვა მდგომარეობისაგან. ერთის გრძნობასა და მდგომარეობასა ძნელად თუ მიიღებს სრულის ძალით მეორე. შეიძლება შევიყვარო რომელიმე ჩინებული ქმნილება კაცისა, მაგრამ ამ კაცის გრძნობასა, იმის სულსა მე ვერ ჩავიდგამ. ვხედავ კაცსა, რომელიც ცხოვრობს და იცვამს გემოვნებით; მომწონს იმისი გემოვნება, შემიძლიან მივბაძო კიდეცა, მაგრამ გულს არა აქვს მიზიდულება განავითაროს ჩემში გემოვნება. ერთს უყვარს დიდკაცობის დიდება და ელტვის მას, მზათ არის მოიხმაროს ყოველგვარი ღონისძიება, რომ გადიდკაცდეს; მაგრამ მე ამგვარი დიდება არც მიყვარს, არც მსურს. მე მსურს აი როგორი დიდება: რომ ჩემზე მდიდარი ქვეყანაზე არავინ იყოს, მაგრამ მეორეს უკვირს ჩემი სურვილი. იქნება მკითხონ: თუ ჩემი გული ტრფიალებით არ ისურვებს ყოველს მშვენიერებას, მაშ, როგორ-ღა საუცხოვოთ მოვაწყე და მოვრთე სახლი ევროპის გემოვნებაზე?... აი პასუხი: ევროპული გემოვნება მე მეყურება, ვისაც სახლი მომართული აქვს ისე, როგორათაც ევროპიელთ აქვთ სახლები მორთული, ესე იგი, კრესლოებითა, სკამებითა, დივნებითა, სტოლებითა, სარკეებითა და სხვა. სიტყვაცა საუცხოვო ვიხმარე ამიტომ, რომ როგორც ზევითა ვთქვი, ყოველივე ნივთი იყო ძვირფასი. ძვირფასი ნივთები განვითარებულმა გემოვნებამ კი არ ამარჩევინა, ჩემმა გულის მიზიდულებამ კი არ მომაწონა, ჩემი გულის სასიამოვნოდ კი არ ვიყიდე, არა, მე ვიყიდე ძვირფასი ნივთები ამიტომ, რომ ყველას ეთქო – ძვირფასიაო. ამიტომაც კიდევ, რომ ჩემმა ცოლმა და შვილებმა ძალა დამატანეს. იქნება მკითხველმა ისურვოს ავუწერო, როგორის გემოვნებითაც მქონდა მე საუცხოვოდ მოწყობილი და მორთული სახლი ევროპიის გემოვნებაზე. მომიტევეთ, ჩემო საყვარელო, მე თქვენს სურვილს ვერ აღვასრულებ, რადგანაც გემოვნებისა არა გამეგება-რა. მაგრამ, უკაცრავად, მე თქვენ მოგახსენებთ ორს მაგალითს, შესახებ თქვენის კითხვისა, და იქნება მიხვდეთ, რასაც ეძებთ. პირველი – ევროპიულად მორთული ოთახები მე მქონდა დაკეტილი და არავისთვის არ გავაღებდი, მანამ მეჯლიში არ მექნებოდა. მეორე დღეს, შემდეგ წინა თავში აღწერილის სცენისა, მე მქონდა წვეულება და ამიტომ დილით გავაღე ოთახები. სხვა ურიგობასთან, რომელსაც აქ არ ავწერ, ხავერდის ფარდებსა დასდებოდა მტვერი, რომელსაც არ მივაქციე ყურადღება, მანამ ერთმა სტუმარმა (ნათესავმა) არ მამხილა. მეორე – წვეულების გამო ჩემი თამარი მოირთო. იმას ეცო მუქი პირისფერი გლასის კაბა, ყვითელი ლენტის ოქრომკედით ნაკერის გულისპირითა და სარტყელითა; ნაკერი ალისფერ ატლასზე თავსაკრავი შემოეკრა და ალისფერი კოპი ჩაედო. ისევ ის ბრილიანტები, მარგალიტი და ოქრო გაეკეთებინა, რომელნიც ჰქონდა თეატრში. ხელებზე ჩაეცო თეთრი ფერჩატკები მოდიდრონი, ადვილად ჩასაცმელი და გასახდელი. რომ არ შევცოდო, ჩემის ქალის სამკაული, რომელიც ზედ ჰქონდა იმ დღეს, ღირდა ორას თუმნად, მაგრამ არაგვლიშვილის ცოლმა შენიშნა, რომ ჩემ თამარს ვერ შაეხამებინა ტანისამოსი. განვაგრძელოთ ახლა ჩვენი ისტორია. მოაწია სადილობის დრომ და მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ, გარდა რაინდიძისა, რომელმაც დაიგვიანა. სტუმრების შემოსვლის დროს, მე შევნიშნე იმათ სახეზე პირმოთნეობა. ყველამ, გარდა არაგვლიშვილის ცოლ-შვილისა, უგემურად და თითქოს უნებურად შემომღრიჭა, მიალერსა, ზოგმა ქება შემასხა, ზოგმა დამლოცა. მაგრამ ცხადად ეტყობოდათ, რომ ამას იქმოდნენ დაბალსულობით. ქალები, სტუმრები, ძლიერ იყვნენ დართულნი, ამათში ერჩევოდა არაგვლიშვილების თვრამეტის წლის ქალი, სახელი მისი ელენე. ელენე არ იყო, როგორც იტყვიან, კალმით ნახატი მშვენიერი, არ უბრჭყვიალებდნენ ბრილიანტები, მაგრამ ელენემ დასჩაგრა ყველანი. იმასთან ყველა დაბნელდა. პირველში უსიამოვნოდ შეიქმნენ ყველანი. ნახეს რა თავიანთი დამჩაგრავი. შემდგომ კი, როდესაც ნახეს ელენეში ზრდილობა, თავისუფალი მიხვრამოხვრა, ტკბილი და ალერსიანი სიტყვა-პასუხი, კეთილი გული, ამასთან ქალი ფაქიზი, ლამაზი, თითქმის უნაკლულო და გემოვნებით ჩაცმული, ისე შეიყვარეს, რომ ერთმა ქალთაგანმა მითხრა: “ეს ქალი (ელენე) რომ ჩაიყლაპებოდეს, შენს სადილს აღარ ვინდომებდი და მაგას ჩავყლაპავდი, ასე შემიყვარდაო”. ჩემი სოფიო აიმრიზა და მრუდის თვალით მიყურებდა ელენეს მოპატიჟებისათვის. თამარ ხომ აილანძა და დაიკარგა ამიერ – სოფლიდან. ვერც ელენეს იმასთან მუსაიფობამ, ვერც საზანდრებმა ვერ დაამშვიდეს საცოდავი თამარ. მოვიდა რაინდიძეცა. რაინდიძემ ჯერ ერთობრივ ყველას თავი დაუკრა. მერე ხელი ჩამოართო ჩემს მეუღლეს და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისათვის. მერე მიუბრუნდა თამარს. ხელი ჩამოართო, მოიკითხა და მაშინ თავი დაანება, როდესაც მობეზრდა თამარის სიჩუმითა. უკანასკნელ მივიდა ელენესთან. ორივეს ლოყები შეუბროწავდათ.
– მე თქვენ გემდურით, – უთხრა ღიმილით ელენეს ალექსანდრემ. ალექსანდრემ მაშინვე უთავაზა თავისი მარჯვენა მკლავი თამარსა, მარცხენა ელენეს და მკლავი-მკლავში გაყრილნი შეიყვანა ზალაში, სადაც იდგა სტოლი, დაჯდა და აქეთ-იქით შემოისხა. ქალები დასხდნენ ერთ მხარეს, ვაჟ-კაცნი მეორე მხარეს, ალექსანდრე სუფრაზედ ემსახურებოდა და დროს ატარებინებდა ორსავე თავის ქალს– ელენესა და თამარს.
– კნიაზ-ჯან – უთხრა ალექსანდრეს ერთმა სტუმართაგანმა არაქელ ნიკიტიჩმა –
კნიაზ-ჯან, ეგ რა ჰქენ, რომ შენ ორი გვრიტი აქეთ-იქით შემოისხი, ჩვენ კი ცალკე
ობლებსავით დაგვსხი; განა ჩვენ კი არ გვეამება გვრიტებში ჯდომა და იმათი ღუღუნი?!
– არაქელ ნიკიტიჩ! ნება მიბოძე დაგიკოცნო ეგ
დაშაქრული ტუჩები, – უთხრა ალექსანდრემ. ალექსანდრემ და არაქელ ნიკიტიჩმა დაჰკოცნეს ერთმანეთი. ელენე შეწითლდა.
თამარ ფიქრში იყო წასული, სტუმრები გამხიარულდნენ;
მესაზანდრენი გახელდნენ, აღარ ზოგავდნენ ნიჭსა და ცოდნასა, მოვიდნენ გრძნობაში და
იმათგან გრძნობით გამოთქმული სიტყვები აგიჟებდნენ ყველასა, ნამეტნავად ქალებსა.
ელენე და ალექსანდრე ხომ აენთნენ, იწოდნენ... მხოლოდ თამარ ვერ გამხიარულდა, თუ
ალექსანდრე ელაპარაკებოდა, მაშინ კიდევ გადიყრიდა ნაღველსა, და როდესაც ალექსანდრე
დაელაპარაკებოდა ელენეს, თამარ ოხრავდა. მებრალებოდა საცოდავი!
მოთმინებიდან გამოვიდა დალაქის ქალი, იმას სწყინდა
ალექსანდრე და ელენე ერთად რად ისხდნენ: მოინდომა იმათი ერთმანეთთან გაშორება.
იმისი რჩევით, მე ვთხოვე არაქელ ნიკიტიჩსა, გადაეპატიჟებინა მცირედ ხანს თავისთან
ალექსანდრე. არაქელ ნიკიტიჩმა აასრულა ჩემი თხოვნა. ალექსანდრემ – არაქელ
ნიკიტიჩისა. მე დავიჭირე ალექსანდრეს ადგილი სუფრის აღებამდის. |
|||
VI
– რა გინდა, დედა-კაცო, ჩემგან? ამის გამგონი რაღას ვიქმოდი! გაველ მეორე ოთახში. მკითხველი, რასაკვირველია, მიხვდება, რომ ეს ლაპარაკი იყო მე და ჩემს მეუღლეს შორის. ამ შფოთისა და უსიამოვნებისა, მეორეს მხრით, მე ვიყავი მიზეზი. პირველშივე რა წამს დავინახე რაინდიძე, მაშინვე ეს ყმაწვილი კაცი მე გავიგულე ჩემს სასიძოდ. აკი ღმერთი გამიწყრა და გამოვუცხადე ეს აზრი, ჩემს სამწუხაროდ, ცოლსა და ქალსა! ამათაც გულში დაინერგეს და... მკითხველმა ნახა, რაც შედგომილება ჰქონდა ამას. არ უნდა გამომეცხადნა წინათ ჩემი განზრახვა! “ცდა ბედის მონახევრეაოა”, – ნათქვამია. ამ ანდაზაზედ დამყარებულმა, მე უნებლიედ, ერთის მხრით, და ჩემის სურვილითაც, მეორეს მხრით, დავაპირე წასვლა მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისას. თუ გნებავსთ, მკითხველო, გაიცნათ მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისა მოისმინეთ: მაკრინე დღესაც სუფევს. ის იყო ქალი... და მეუღლე... მაგრამ დარჩეს საიდუმლოდ. აგერ დიდიხანია, რაც დაქვრივდა და ქ. ტფილისს ვერ შორდება, თუმცა ტფილისი მისგან მობეზრებულია. რომელს სახლშიაც შეხვალთ, ის იქ დაგიხვდებათ. რომელ ეკლესიაშიც მიხვალთ, ისიც იქ დაგხვდებათ, მაგრამ, ვაი თქვენი ყურების ბრალი, თუ შეხვდით იმას სადმე! საგანი იმისი ტუჩმოხეულობისა არის განკიცხვა თქვენი, ჩემი, იმათი, ქვეყნისა. მაგრამ მეორე მხრით დაუფასებელი სასარგებლო დედაკაციც არის. როგორ? თუ დაგჭირდეთ ფული, მიჰმართეთ მაკრინესა და ორ საათზე მზად იქნება: თუ მოგწონთ რომელიმე ქალი და გსურთ მისი შერთვა, ბევრს თავს ნუ იტკენთ, მიბრძანდით მაკრინესთან, გამოუცხადეთ თქვენი სურვილი და, გარწმუნებთ, მესამე დღეს დაგაგვირგვინებსთ თქვენ ძვირფას საყვარელთან. მაკრინე ტუჩმოხეულიშვილისას მე დაახლოვებით ვიცნობდი. თუმცა ყურები მქონდა მისგან დახეული, მაგრამ ამ ჟამად უთუოდ უნდა მიმემართა იმის მჭევრმეტყველებისათვის.
– ფაეტონი მზად არის. სად მიხვალ სოლომან ისაკიჩ?
– მკითხა სოფიომ; რომელიც უცებ შემოვიდა ჩემს ოთახში მორთული, ფერჩატკებ-ჩაცმული და
მანტილაში გახვეული. ეს ჭორი ასე გვეწყინა მე და ჩემს მეუღლესა, რომ მკვდრებს თურმე დავემსგავსენით. რადგანაც კერპაძე უცებ შემოვიდა მოქმედ პირად ამ ჩვენს ამბავში, ამიტომ მეც მოგახსენებთ იმის ვინაობას. კერპაძე რა გვარის კაცი იყო, ან რა ხარისხისა, არ ვიცი, პირველში ეჩვენებოდა ხალხს დარბაისელ კაცად: ამიტომ ყველამ კარი გაუღო. მაგრამ სწრაფად გამოიჩინა მოუთმენელი და შეუსაბამო ხასიათები, სხვა საქმე არა ჰქონდა, გარდა ორისა: დილით ადრე დაჰბადავდა რაიმე სიცრუვესა, ანუ ცილსა რომელიმე ოჯახში უამბობდა ახალ ამბად განგებ, ეგები სადილად დარჩენილიყო. ამიტომაც იმას დაარქვეს მეტი სახელი: “მუცელღმერთა”, “მუჭატყუილა”. გინდა სწყენოდა ვისმე იმისი ახალი ამბავი, იგი არ შეირცხვენდა. ზოგნი ითმენდნენ იმის ლირფობას, ზოგნი-ღა ითხოვდნენ სახლიდან, მაგრამ იმას, როგორათაც კედელსა, არ ესმოდა. იყო კერპი; ძალით აღებდა კარებსა და შედიოდა იმ სახლში, სადაცა არავის იამებოდა.
ვანქის უბანში, ვიწრო და დახვლანჯულ ქუჩებში, იდგა
ახლად აშენებული ორ-ეტაჟიანი სახლი, ზემო ეტაჟაში ვიღაცა უცხო მოსამსახურე ავიდა
დაბეჭდილის წიგნით. ამ მსახურს ავყევით ციცაბ და ვიწრო კიბეზე მე და სოფიო. მაკრინემ სათვალეები გაიკეთა და წაიკითხა შემდეგი:
“მაკრინე! |
|||
VII
– თქვენმა სიცოცხლემ, ქეთევან, ვერ გამოხვედი
კარგა, – უთხრა ხორეშანმა. – ჩემი მასტი რაკი გამოგიტარე, პიკს უნდა ჩამოსულიყავით.
– სახელს ნუ უკეთებთ, დედაშვილობას! – უპასუხა ხორეშანმა. – რაც დაერქო, დაერქო! “მუჭა-ტყუილა”, “მუცელ-ღმერთა”, ზედ გამოჭრილია ეს სახელები... როდესაც ეს სამი ქალი ასე გულგრილად ლაპარაკობდნენ რაინდიძის დანიშვნაზე, ქეთევანის და ელენეს გულში აიგზნო ცეცხლი ამ ახალ ამბის გამო. დედა და ქალი გახდნენ, როგორათაც ტყვიით გულში დაჭრილი კაცი! ამათი კიდევ ბედი, რომ სტუმრები იყვნენ გართულნი ლაპარაკში და ვერ შენიშნეს იმათ საცოდაობა ქეთევანისა და, ნამეტნავად ელენესი, რომელსაც თავბრუ დაესხა და გულმა ღონება დაუწყო. ამ მდგომარეობაში იყვნენ რამდენიმე წამსა და, თუ გავრცელებულიყო ეს მდგომარეობა ერთს ან ორ წამს, სტუმრები მიხვდებოდნენ და ახლა დაიჭრებოდა იმათი თავის მოყვარეობა!
თავის მოყვარეობამ უშველა იმათ: გამხნევდნენ და
გონებას მოვიდნენ. ქეთევანმა, ხელების კანკალით, ქაღალდი დაარიგა, ელენემ ხველა
განგებ აიტეხა. ხელსახოცი პირზედ მიიფარა და გავიდა სხვა ოთახში, რომელიც შიგნიდან
ჩაიკეტა. – ჩემს ბიძაშვილს, ხორეშანს ვახლავარ! – უთხრა ლუარსაბმა ირონიით ხორეშანსა – ცოტად მობერდი, მაგრამ ისევ ლამაზებსა სჯობიხარ. ქეთევან, მშვენიერთა ხელმწიფაო! შენ თუნდა დაბერდე, ისევ ეგ იქნები! აჰ! ჩემო სალომე! დღეს მურაბა გამოგეგზავნა, იმაზედ კიდევ უტკბოესი იქნებოდი, რომ... ახ, ჩემო ეფემია, რამ დაგბადა აგეთი? სხვანი-ღა ყმაწვილები, თუმცა ცდილობდნენ, რომ ჩვენებოდნენ მხიარულად, მაგრამ რაღაცა უცივებდა იმათ ტუჩებზე ღიმილსა და ვერ იყვნენ ჩვეულებრივ თამამნი.
– კიდევ და კიდევ ცელქი ხარ, ლუარსაბ? – უთხრა
ხორეშანმა – იქნება, ყმაწვილო, უცხოსთანაც აგეთი ცელქი იყო! ქეთევან გავიდა ქალთან. ქეთევან იყო ძლიერ მოწყენილი. – მე გატყობთ, ყმაწვილებო, დღეს ექვსივენი ერთად ყოფილხართ. სად იყავით? – ჰკითხა ხორეშანმა და გადახედა ყმაწვილებსა გამომცდელის თვალით. – ოჰ, ღმერთო ჩემო! ამ ქალებისთანა... თუ ყველა არ გაიგეს, თუ ახალი ამბავი წამდაწამს არ შეიტყვეს, ვინ იცის, რა დაემართებათ! საიდან წარმოსდგება ეს სულმოკლეობა იცი, ბებრუცუნა? – უსაქმობისაგან! ოჯახისაგან ხელი აგიღია და ქალაქში იარალაშს თამაშობ. უსაქმო კაცი ღობე-ყორეს ედება. – რა არის, ლუარსაბ-ჯან! ჩვენც ადამიანის შვილები ვართ. გვინდა ვიცოცხლოთ ქვეყანათაზედ, გვინდა ვიცოდეთ, სად რა მოხდება, ვინ როგორ არის!
– რახან გსურს, მოგახსენებ: დღეს კარგი ჭკუა
მოუვიდა ამ ყმაწვილებსა. ამიტყდნენ და წამიყვანეს კლუბში. ყველამ ვითამაშეთ ქაღალდი
და, აი მოიხსენეთ, თუ თქვენს ყურებს ეკლად არ მოხვდება: ამ შენმა ძმისწულმა თონიკემ
წააგო სტოსში სამოცდაათი თუმანი, რომელიც პრიკაზისთვის ჩამოიტანა და ცარიელი
დაბძანდა. თეიმურაზმა წააგო ლანცკენტში ოცდათხუთმეტი თუმანი და, მგონია, ხვალ
აპირებს წასვლას სოფელში, რომ კიდევ ჩამოიტანოს. სიმონმა ითამაშა ნარდი და წააგო
ოცდა-ათი თუმანი, პრიკაზისთვის ჩამოტანილი. ელიზბარმა წააგო სტოსში ორმოცდაათი
თუმანი. რევაზმა მოიპატიჟა ჩვენ გარდა ათიოდე სხვა მუქთა-ხორა კაცი და ათი თუმანი
გადიხადა. – მე მოვიგე ოთხი მანათი და შვიდი შაური იარალაშში. მე ძნელათ თუ წავაგო ფული ქაღალდში, და თუ წავაგე ხუთ მანათზე ზევით, პრაშჩაი!..
– შენ, ჩემო თავო! რა სახით მეწყინა! –აქ მო,
თონიკე-ჯან, გაკოცო!.. გულში ხომ დარდად არა გაქვს?! დიაღ, აგრე თონიკე-ჯან,
ფიქრშიაც ნუ გაიტარებ! – უთხრა ხორეშანმა თონიკეს ასეთის ალერსით და სიტკბოებით,
რომ თითქოს ეუბნებოდა, წადი და კიდევ ითამაშეო. ქეთევან დაბრუნდა დაღონებული და ფერ-მიხდილი. არ იქნებოდა არ გამოსულიყო, რადგანაც სტუმრები უიმისოდ მარტონი იყვნენ. ყველანი მისცვივდნენ ქეთევანს, ჰკითხეს მიზეზი ფერ-მიხდილობისა და ელენეს გამოუსვლელობისა. ქეთევანმა დაარწმუნა სტუმრები, რომ სურდოთი იყვნენ უქეიფოთ და სხვა მიზეზი არა ჰქონდათ-რა. თვით საქმით-კი დედაცა და ქალიც იყვნენ ავად ელდისაგან. მართლადაც ცუდ მდგომარეობაში იყო ელენე. პირველ თხუთმეტ მინუტამდის იყო დივანზედ გადასვენებული, ძლივს-ღა ფეთქამდა, გული ძლივ-ძლივ უცემდა, სულთმობრძავსა გვანდა. მაგრამ ენერგიამ არ უღალატა ქალსა, მსწრაფლ მოიყვანა ის გრძნობაში. ელენე წამოჯდა, მას გადმოცვივდა მდუღარე, მსხვილი ცრემლები და კარგა ხანს აბნია ცრემლები, სანამ გული არ შეუმსუბუქდა: გამოხატულება უხატავდა გონებაში, რომ ალექსანდრე იყო სხვისა; გული ეუბნებოდა დავობლდიო. ალექსანდრეს სიყვარული აღარ მაცოცხლებსო. ქალიც აჰყვა გამოხატულებასა და გულსა, ოხრავდა, გმინავდა – კინაღამ გაგიჟდა! უთუოდ გაგიჟდებოდა, თუ მრავალი ცრემლი არ დაეღვარა. – “ოჰ, მხსნელო! – შესტირა მაცხოვრის ხატსა ელენემ. – ოჰ, მხსნელო! რა მწარეა ეს საათი ჩემთვის! განა ამ საათისთვის დავიბადე! მაგრამ, მომიტევე ჩემი უგნური დრტვინვა, უფალო! ახ, ალექსანდრე, ალექსანდრე! ვინ, ან რამ მოგხიბლა, რამ წაგართო გონება! ფულებმა?.. შენ ახლა გიხარიან, მე ვტირი! შენ ილხენ, მე გული ამეგზნო ჯოჯოხეთის ცეცხლით; შენ შესტრფი ისეთ ქალს, რომელიც არცა გყვარებია და არც გიყვარს ჯერ, მე-კი შენ მოგეტრფოდი და აღარ მყავს სხვა სატრფო. ალექსანდრე! შე უწყალო, რას მემართლებოდი?! გული რად გამიღე და სიყვარულს რად მიჩვენებდი?! გული მე რად გამიღე და სიყვარულის ცეცხლით რად ამიგზნე! ოჰ, რა სახით მეზიზღები! ნეტავი ერთი თვალით დაგინახო, რომ დაგხანჯლო, რკინის ხანჯლით კი არა, – რკინა რა საჭიროა – მე დაგხანჯლავ ზიზღის თვალით, რომელიც შენ მოგკლავს, თუ კიდევა გაქვს გრძნობა და კეთილშობილება!” ამ დროს მეორე ოთახში, სადაც იყვნენ სტუმრები, ატყდა რაღაც ყვირილი. ელენემ ყური დაუგდო. ყვირილი ესმოდა, სიტყვები-კი ვერ გაიგონა, ელენეს ელდა ეცა: ეგონა ქეთევანს გული შეუწუხდაო. გაგიჟდა ქალი, ხან აქეთ კარებს მივარდა, ხან იქით კარებსა, მაგრამ, როდესაც დაფიქრდა და ნახა, რომ ცრემლისაგან ჰქონდა თვალები დაწითლებული და ლოყები დამწვარი, აღარ გავიდა. ყვირილის მიზეზი იყო ალექსანდრე რაინდიძე. რა წამს შეაღო კარები რაინდიძემ, ყმაწვილებმა აიტაცეს ვინ ქუდი, ვინ დივნის ბალიში და მიაყარეს ყვირილით: – მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მერე მისცვივდნენ, დაჰკოცნეს, აიყვანეს და ჰაერში შეაგდეს ყვირილით:
– მოგვილოცავს! მოგვილოცავს! მოგვილოცავს!
– “ვერიდებოდი ღოლოსაო, დამხვდა ბაღის ბოლოსაო”.
სულ ვერიდებოდი იმ კაცსა, მაგრამ არ იქნა, ვერაფრით ვერ მოვრჩი. წარმოიდგინეთ,
სხვას ვის შეეძლო დაებადა მაგისთანა ტყუილი, თუ არ კერპაძესა! ჰო, კერპაძე,
კერპაძე! საზოგადოება ხედავს შენში გველსა, მაგრამ კიდევაცა გილოლიებს მაშინ,
როდესაც შეუძლიან გაგისრისოს თავი და დაშხამული ენა.
ყველანი დარჩნენ რაღაცა განუსაზღვრელ
მდგომარეობაში, გაჩუმდნენ და მუნჯად შეჰყურებდნენ ალექსანდრეს, თითქოს კიდეც
ეწყინათ, თითქოს კიდეც იამათ, რომ გამტყუნდა ალექსანდრეს დანიშვნა. – რას გავშეშდით და ხმა ვეღარ ამოგვიღია! – წამოიყვირა ბოლოს ლუარსაბმა. – დავსხდეთ, ქალებო, განვაგრძოთ იარალაში! საკვირველია, საიდან დაბადა კერპაძემ ეს სიცრუვე? რად დაბადა?! ჭეშმარიტად, სახლში არ არის შესაშვები!.. ქალები და ლუარსაბი დასხდნენ და განაგრძეს იარალაში. სიმონ, თეიმურაზ, ელიზბარ, თონიკე და რევაზ გვერდით მოუსხდნენ ქალებს, რომელთაც შეაქცევდნენ ზოგი სიმღერით, ზოგი თარით. ქეთევან ვერ მოშორდა ალექსანდრეს, ვერ გავიდა ქალთან ეხარებინა სიცრუვე ალექსანდრეს დანიშვნისა, თითქოს ეშინოდა, რომ იმის გასვლის შემდგომ, რაინდიძეს საიდუმლოდ არ ეთქო სტუმრებისათვის, რომ ნამდვილად იყო დანიშნული, და რომ ეს დაუმალა იმან მხოლოდ ქეთევანსა და ელენესა. ქეთევანს უნდოდა გადაეყარა მტანჯველი ეჭვი და ამიტომაც ის უყურებდა პატიოსნებით სავსე ალექსანდრეს გამომცდელის თვალით. სურვილი ქეთევანისა სწრაფად აღსრულდა. ალექსანდრემ გაიხმო ქეთევანი ცალკე, იკითხა ელენე და გაიკვირვა, რომ ელენე ჩვეულებრივ არ მიეგება იმას პირველი კარებში. ქეთევანმა დაარწმუნა ალექსანდრე, ვითომც ელენე იყო სურდოსგან უქეიფოდ. ყმაწვილი კაცი შეწუხდა და მაშინვე გავიდა ქეთევანის ნებადართვით, ელენეს სანახავად. ქეთევან დარჩა სტუმრებთან. რაინდიძემ წყნარა დაარაკუნა ოთახის კარი, რომელშიაც იყო ელენე, კარი გაიღო. ელენემ შეხედა ყმაწვილ კაცს ისეთი თვალით, თითქოს, ეზიზღა იმისი დანახვა, ალექსანდრე შეწუხდა, შეშფოთდა, დარჩა გაშტერებული შუა ოთახში, ვეღარც წინ წადგა ფეხი, ვეღარც კარზე გავიდა. მოთმინებიდან რო გამოვიდა, ალექსანდრემ უთხრა ელენეს: – ელენე! ვეღარ მიცვნიხარ! განა აგრე შეგძულდი! განა თქვენგან ეგ იმედი მქონდა! რად მომიძულეთ? რა დავაშავე ისეთი რომ ღირსი ვიყო მაგისთანა სიძულვილისა! რადა სტირით? შემატყობინეთ მიზეზი თქვენის მწუხარებისა. ელენემ ხმა არ გასცა. – ელენე! ელენე, ხელი მიბოძეთ. ელენემ ხელი არ მისცა, ამოიოხრა და ხელი გულზე დაიკრიბა. – ელენე! კარგი, მამა და დედა ნუ დაგეხოცებათ, პასუხი მომეცით. ალექსანდრემ გამოსთქვა ეს სიტყვები ისეთის ტრფიალებით, ისეთის გულწრფელობით და შესაბრალისის სახის მეტყველებით, რომ ელენე გამოვიდა ბნელი აზრებიდან. ელენემ დაუწყო თვალგაშტერებით ყურება ალექსანდრეს. გეგონებოდათ ეუბნებოდა: “სხვაზე დანიშნული აგეთის გრძნობით ვეღარ მოხვიდოდი ჩემთან. არა, შენ დანიშნული არა ხარ”. დიახ, ელენე ცხადად დარწმუნდა, რომ რაინდიძეს არ გაექრო სიყვარული, რომელიც აუგზნო იმან; ელენეს გულმა იგრძნო ალექსანდრეს გული, და ელენეს მიეცა შვება. ამ საკვირველმა ქალმა იგრძნო თავისი ურიგო ქცევა, რომ ცუდის თვალის შეხედვით აწყინა თავის სატრფო ყმაწვილ-კაცსა, შეწუხდა, შეინანა და დააპირა ბოდიში მოეხადა, მაგრამ სწრაფლ შედგა, ვეღარ აასრულა სურვილი. ქალმა იფიქრა, რომ თვალები ატყუებდნენ იმას, რომ რაინდიძე ნამდვილად იყო დანიშნული თამარზე. ეს ბნელი აზრი გადაეფარა ელენეს გონების თვალებს და იმან ვეღარ იცნა ხელმეორედ ალექსანდრეში თავისი ალექსანდრე. მაშინ ყმაწვილმა ქალმა გადმოყარა ცრემლები და გული ვეღარ დაიჭირა. ალექსანდრემ არ იცოდა, რა ექნა, ასე შეუვიწროვდა მწუხარებით გული.
– ელენე! ჩემო ტრედო! გულს რად მიწყლულებთ!
შემატყობინეთ თქვენი მწუხარება, იქნება შევიძლო გადაგიყარო, რაცა გტანჯავს. ალექსანდრემ დაუკოცნა ელენეს ხელები. ამათ სიხარულს არა ჰქონდა საზღვარი. ამ ყმაწვილმა კაცმა და ყმაწვილმა ქალმა მისცეს ერთმანეთს ბეჭდები და ხელი-ხელს მოკიდებული გავიდნენ სტუმრებთან. – ქალებო! ყმაწვილებო! წეღან ტყუილად მომილოცეთ (ანუ ის მილოცვა ამას მოასწავებდა!), ახლა-კი მე ნამდვილადა დავინიშნე კნიაჟნა ელენეზე. მომილოცეთ. – შენ კი გენაცვალოს ქეთევან, ალექსანდრე-ჯან! – შეჰკივლა ქეთევანმა და სიძე და ქალი დაკოცნა. – კნეინა ხორეშან! ჩემი ბუბნები აბა ამას მაასწავებდნენ, თქვენი პიკები-კი წეღანდელს ამბავსა, რომელმაც გული მომიკლა. |
|||
VIII ..................... .......................... |
VIII თავი დედანშიაც ასეა გამოტოვებული | ||
IX – კარგა ვერ მოგვიხდა, სოლომან ისაკიჩ-ჯან, ეს სახლი! იჰ, ნეტავი იმ დღეს, როდესაც ჩემი თამარ კარგა მყვანდა! – მითხრა სოფიომ და ღრმად ამოიოხრა.
– ნუ სწუხარ, დედიჯან! მე კარგა ვიქნები, – უპასუხა ავადმყოფმა თამარმა დედას. –
აქიმმა დამარწმუნა, ამ ერთ კვირას ლოგინიდან ადგებიო. – მე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს სახლი ვერ მოგვიხდა კარგა. რაც აქ შემოვედით, თითქმის ყოველდღე მწუხარებაში ვართ; ავადმყოფი არ გამოგველია! ჯერ ისაკი გვყვანდა და კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა! ახლა თამარია და, ღმერთმა იცის, რა მოგვივა! საკვირველია! ციხისუბნის ქოხში ერთობრივ მთლიანად ვიყავით; არც სიცივე და სიცხე, არც სიშიშვლე და ნოტიო სახლი, არც სიმშილი და მწყურვალება არას გვავნებდა. აქ-კი ღვთის-წყალობით ყოველივე უხვადა გვაქვს: სახლი ასე არის მორთული და შემკობილი, რომ ხელმწიფეს ედგომილება; ჰაერი უკეთესია; ნებიერება, სიამოვნება, სტუმარი, საზანდარი არ გვაკლია; მოსამსახურეები სულ თავს გვევლებიან. სულიერ მამათაგან კურთხევა ხშირად მოგვეცემა ხოლმე; წყევა არავისაგან არა გვქონია, მაგრამ ვეღარ ვიხეირეთ! აი მეცა, მგონია, დავსნეულდი; შენც სოლომან ისაკიჩ, ვეღარ ხარ უწინდულად მხიარული.
– ნება ღვთისა ასრულდეს! ამ სიტყვაზე მომაგონდა ჩემი დაფარული მტრობა, რომლითაც მოვკალ სარქისბეგაშვილი, და მე შევიგენ ეს ბოროტი. ამ ბოროტის სისაძაგლისგან გული დამიწყლულდა, შევშფოთდი. მეორე მხრით, ფიქრშიაც შევედი, რომ სამაგიერო არ გადამხდოდა. შიშისაგან კანკალი დამაწყებინა, ცოტას გაწყდა, ჭკუიდან არ შევიშალე.
ამ დროს თამარმა ამოიკვნესა. თამარის კვნესა
მოხვდა ჩემს საცოდავს გულს, მეც ამოვიკვნესე და ვიგრძენ, რომ კვნესა იყო
შედგომილება იმ ბოროტისა და საცოდაობისა, რომელშიაც ჩავაგდე უბედური
სარქისბეგაშვილი. მე ვცდილობდი, გამედევნა ეს ბნელი და მავნებელი ფიქრები, მაგრამ
სვინიდისი მდევნიდა, მამხილებდა ცოდვასა, ერთსა და იმავე დროს გულს მიქენჯნიდა
სვინდისი, გონება-ღა ჩემი დაეძებდა დაფარულ მტრებსა. უეჭველია, ვიფიქრე, რომ
მტრობისათვის მტრობა არ გადამხდეს. წარმოვიდგინე თავი ჩემი სარქისბეგაშვილისავით
გაკოტრებული, დავრდომილი, უმოწყალო ავადმყოფი ციხისუბნის ქოხში და ელდამ გამიგმირა
გული. ვაიმე! – ვთქვი კვნესით.
– სოფიო-ჯან, მტრებზე რად ჩამოაგდე სიტყვა? –
ვკითხე მე. – ხომ არავინა გვმტრობს? – ოჰ! – ვთქვი მე გულში,–ნეტავი მწყემსად გავზრდილიყავ, სიმდიდრე, პატივი და დიდება არ მქონოდა და ჩემს გულს არა ჰყოლოდა მტერი – ცოდვა!.. |
|||
X
“მე მივიღე გამგეობა ყმისა და მამულისა. ყოველსავე
მივეცი წესი, ყოველივე დავაყენე სწორე გზაზე. ყოველივე ჩემ თვალ-წინ კეთდება და მე
არც მეთაკილება, არც მეზარება. რასაც ხუთი კაცი ხუთ დღეს აკეთებდა, ახლა იმასავე
უნდება ორი კაცი ორ დღესა. ამ მცირე ხანს საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი
არ მოხვედროდა, მოხვდა; საცა ვაზი არ იყო, ვაზით გაივსო; საცა წისქვილი არ იყო,
გაკეთდა, მრავალი გავაკეთე, გავამშვენიერე: ყოველივე აყვავდა. ყმას შეუმსუბუქდა
ერთი ნახევარით სამსახური და მადლობელნი არიან ჩემი გლეხ-კაცები. შრომა არ
მიფუჭდება. ბუნება უხვად მეწევა; ამიტომ გლეხ-კაცი მუშაობს გულმონდომით,
სიტკბოებით, ერთგულად. ჩემი შემოსავალი გავრცელდა, და ამ შემოსავალსა სარწმუნო
ბრძანდებოდესთ, ქაღალდში არ წავაგებ ანუ არ გავაბნევ სათამაშო ნივთზე.
“დილით ადრე ვსჭვრეტთ, ვიგემებთ და ვძღებით
საკვირველის ბუნების მშვენიერებით. დღე საქმეს ვაკეთებთ, საღამოს ხან ფეხით, ხან
ცხენებით, ხან ფაიტონით ვსეირნობთ. ღამე ვსჭვრეტთ ცის საკვირველებას, შევხარით,
გვიკვირს და ვადიდებთ ღმერთსა. სტუმარი არ გვაკლია. ხშირად, თითქმის ყოველ ღამე,
თქვენი გამოჯავრებული შევექცევით იარალაშსა, ხან ნარდსა, ხან ასონასსა, ხან
წიგნებსა ვკითხულობთ. თქვენ ქალაქში მხოლოდ იარალაშს თამაშობთ, წიგნების კითხვის
ხალისი-კი ღმერთს არ მოუცია თქვენთვის! სხვა რითიღა მოგწონთ ქალაქი? აქიმებითა?
აფთიაქებითა? ღმერთმა მოგცეს თქვენ უხვად აქიმებიცა და აფთიაქებიცა, ჩვენ-კი
დაგვიფაროს იმათგან.
თქვენი უსიამოვნო ალექსანდრე რაინდიძე”. |