დანიელ ჭონქაძე: სურამის ციხე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

  ამ ზაფხულის, იმ საშინელ სიცხეში, როდესაც ქალაქში მცხოვრებნი ეძებდნენ სიგრილეს ქალაქის გარეთ, აქ რამდენიმე ყმაწვილს, რომელთა რიცხვში ერია თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, დადვეს პირობა მთელ ზაფხულს, ყოველ საღამოს, შეყრა რიყეზე, ანჩისხატის ჩასწვრივ და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდის. იმ პირობაში, სხვათაშორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქვა ერთი მოთხრობა, ანუ ანდაზა ანუ სხვა რაიმე ჩვენი საქართველოს ცხოვრებიდან.

იყო ერთი იმ მშვენიერ საღამოთაგანი, რომლითაც სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო. ყმაწვილებმა ის იყო იბანეს და ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი იცვამდა, ზოგი შემოხვეოდა და ყურს უგდებდა დ.ბ., რომელსაც მუხლზე ედო თარი, უკრავდა და დაბალის ხმით დაჰღიღინებდა. შემდგომ რამდენიმე ხნისა, როდესაც ყველამ მიირთვა ჩაი და ბიჭები შეუდგნენ ვახშმის მზადებას, ყმაწვილებს მოაგონდათ, რომ მორიგეს ჯერ არ აესრულებინა თავისი რიგი. მოიკითხეს მორიგე, გამოჩნდა, რომ რიგი გათავებულიყო. სთხოვეს ერთს, სთხოვეს მეორეს, მაგრამ არავინ არ მიიღო თავზე ეს ვალდებულება. მივარდა საქმე წილის ყრაზე, ერთი ჩვენგანი წამოდგა და თქვა: იწილო, ბიწილო, შროშანო... და სხვ. და დააბოლოვა ნიკო-ზე.

— ოჰ! ნიკოს გაუმარჯოს, მოგვილოცავს! — დაუძახა ყველამ.

— უკაცრავად, ყმაწვილებო, დღეს მაპატიეთ! თქვენმა მზემ, არ ვიცი, რა ვთქვა, არ მოვმზადებულვარ.

— ეჰ, ნიკოჯან! ახსენე ღმერთი, დაიწყე: იყო და არა იყო რა-თქო და სხვას ღმერთი გიშველის, გარწმუნებ! — უთხრა დარიგებით სიკომ.

— მაშ, კარგი, სმენა იყოს და გაგონება, — და დაიწყო:
     
  I

იკითხე გლეხთაც კარგი ქალობა!
სოფლელსაც ხედამ? აქვს ჩვილი გული,
სოფლელმაც იცის, სცან, სიყვარული
შენ კი.........................

ი. კერესელიძე
 
— აი, ის სახლები მუხრანბატონიანთი არის, ხედავთ? — და გაიშვირა ხელი მუხრანბატონიანთ სახლებისკენ.

— დიახ, დიახ, გახლავსთ, — უპასუხეს ყმაწვილებმა.

— ეხლა ის სახლები დაქცეულები არიან, არ ვიცი რათა. პატრონები ყურს აღარ უგდებენ, გული აუცრუვდათ იმათზედ, მაგრამ მაგათაც ჰქონდათ თავისი დრო; ერთხელ ეგენიც იყვნენ პირველი სახლები ჩვენ ქალაქში და ყოველი ქალაქში ჩამომსვლელი უთუოდ ნახამდა ამ სახლებსაც სხვათა შორის. მაგრამ მხოლოდ ეს სახლები არ იყვნენ ჩინებულნი, ამბობენ, რო იმისთანა ტანოვანი, ლამაზი, ზრდილი და ჩაცმული მოსამსახურეები არსაიდგან არ გამოვიდოდნენ, როგორც იმ სახლებითგან. თვითონ ხელმწიფეს, თურმე, შურდა იმათი მსახური. ამ მსახურთაგანი იყო ვინმე დურმიშხან — ძალიან ყოჩაღი და ლამაზი ყმაწვილი კაცი, მუხრანბატონის ნაზირი და ქალი — გულისვარდი, საყვარელი გოგო მუხრანბატონის მეუღლისა. მე ისე ვერ აღვწერ იმ გოგოს სილამაზეს, როგორც ცხონებული ჩემი გამზრდელი, რომლისაგანაც გამიგონია ეს ანდაზა, და ამიტომ დავანებებ თავს: ალვის ხესავით ტანი, შავი გიშრისავით თვალები, ბროლის შუშა თითები, ერთი სიტყვით, სიკო, შენ კატოზე უფრო ლამაზი!

— კარგი, იმათ შეუყვარდათ ერთმანეთი. სხვა? — უპასუხა სიკომ.

— დიახ, შეუყვარდათ ერთმანეთი ისე, როგორც აღმოსავლეთში მცხოვრებთ შეუძლიანთ სიყვარული. მაგრამ უკაცრავად, შეუყვარდა მხოლოდ გულისვარდს, დურმიშხანს რომელ არ ყვარებიყო, შევიტყობთ შემდგომ. საწყალი გულისვარდი სულით და გულით მიეცა თავის სიყვარულსა. იმისთვის, გარეშე თვისის სიყვარულისა, აღარ იყო ცხოვრება. რამდენჯერ ეს მტკვარი ამ ადგილს, სადაც ეხლა ჩვენ ვლხინობთ, იყო მოწამე იმათი სიყვარულისა. საწყალი ქალი რას მოიგონებდა, რო იმის დურმიშხანს იმ დროს, როდესაც ის ელაპარაკებოდა თავის სიყვარულს, გულში სულ არ ჰქონდა სიყვარული და ეძებდა შემთხვევას, მოხერხებით ეთქვა იმისთვის თავისი გულის პასუხი.

ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ დურმიშხან და გულისვარდი შეიყარნენ აქ და ლაპარაკობდნენ თავიანთ მომავალ ცხოვრებაზე, ამ დროს უეცრად უთხრა დურმიშხანმა:

— იცი, გულოჯან, მე სადაური ვარ?

— რა კითხვა არის? ვიცი.

— მე ვარ იმერელი, წერეთლიანთ ყმა, ეგრე, როგორც შენ, იმისთანა გოგოს საყვარელი დედისერთა შვილი.

— ახლა რა ვუყოთ, იმიტომ ხარ კარგი, ჩემო საყვარელო.

— დიახ, მაგრამ იცი, მე აქ როგორ გადმოვედი?

— არა, არა, მითხარ გეთაყვა!

— ერთხელ ჩემი ეხლანდელი ბატონი ბრძანდებოდა იმერეთში მაშინდელ ჩემს ბატონთან. იმ დროს, როდესაც ისინი ეწეოდნენ ქეიფს, აკი მომიხდა მე შესვლა იმ ოთახში, სადაც ისინი ისხდნენ და, რაღაცა ჩემი უბედურების წერა იყო, მომიწონა მუხრანბატონმა და მაქო. ის იყო, ჩემი საქმე გათავდა. მეორე დღეს რომ მოდიოდა შინ მუხრანბატონი, იმის ბიჭის ცხენს უკან შემომისვეს და გამაყოლეს უკან. საწყალი დედაჩემი, რანაირად იკლავდა თავს, უნდა გენახა, გულოჯან, მთელი ქვეყანა ზედ დაედო, მაგრამ ვერ დააყენეს. მე, ტუტუცს, მიკვირდა ის მწუხარება. რა ვიცოდი, რომ ის იყო უკანასკნელი ჩემი ნახვა დედისა. რა გამოვცადე შემდგომ იმისა, შენ ვერ წარმოიდგენ, ვარდო, და რა არ გამოვცადე: შიმშილი, წყურვილი, სიცივე, ცემა, დაცინვა და სხვა ბევრი ამისთანა გამოვცადე თქვენს საქართველოში. ვინც რამეს დააშავებდა, ყველა ჩემი ბრალი იყო: ვინ რა მოიპარა? — იმერელმა. ვინ რა გატეხა? — იმერელმა. ვის დასცინიან? — იმერელ ბიჭს. ვისა სცემენ გაჯავრებულ გულზე?

— იმერელ ბიჭს. ვის გასაჯავრებლად თქვენ იმერლების დასაცინი ანდაზები? — იმერლის ბიჭისა. მე, ვარდო, ბევრჯერ მიგმია ღმერთი ჩემი გაჩენისათვის, ბევრჯერ მიტირნია მწარე ცრემლითა, მაგრამ ვინ იყო ჩემი ნუგეშის მცემელი? არავინ! თვით ღმერთი, ეს ყოვლად უმოწყალე ნუგეშის მცემელი, არ იყო ჩემთვის, იმისათვის,

რომ არ ვიცნობდი იმას. ასე, ჩემო ვარდო: სანამ შენ გაგიცნობდი, ერთი კაცი არ მყოლია, რომ შემეჩივლა ჩემი გულის დარდები.

— რა საჭიროა ეგ ლაპარაკი. დაანებე თავი, შენი ვარდო გიბრძანებს — უთხრა ვარდომ და აკოცა ერთი იმ გვარად, როგორ კოცნასაც ბევრი ჩვენგანი თავის სიცოცხლეში არ ეღირსებიან... ბედნიერი დურმიშხან!..

— იცი, დურმიშხან, მე რა მოვიგონე? როცა ჯვარი დავიწეროთ, დავეთხოვოთ ჩვენ ბატონებს და ერთი სამი თვე წავიდეთ თქვენსა; რანაირად გაეხარდება საწყალ დედაშენს!

— იმიტომ უფრო იმაზე, რო მივუყვან ჩემს გულისვარდოს, არა?

— ჰო, იმაზედაც.

— მემრე მოვალთ დედაჩემისაგან, თუ ისევ ცოცხალი მაინც არის, მემრე, ჩემო ვარდო? — დაფიქრებით უთხრა დურმიშხანმა.

— მემრე რა? შენ დაიწყებ ნაზირობას, მე ჩემს საყვარელ ქალბატონს დაუწყებ მსახურებას.

— მემრე წავა დრო, გაგვიჩნდება შენსავით ლამაზი ბიჭი; შენ გაზრდი დიდი ამბით. განა გეყვარება ჩვენი შვილი. გულო?

— ძრიელ, ძრიელ! — საჩქაროდ სთქო ვარდომ.

— წარმოვიდგინოთ რო ერთხელ მოვიდა ვინმე ჩვენს ბატონთან და სთხოვა ჩვენი შვილი, რა იქნება მაშინ?

ამ კითხვამ შეაკრთომა გულისვარდი: საწყალს არასდროს არ წარმოედგინა, რო შესაძლებელი იყო, წაერთოთ იმისთვის შვილი.

— ეგ არ შეიძლება! ქალბატონი სადა მყავს, განა ჩემი ქალბატონი ისე დამივიწყებს? არა, ეგ არ იქნება! — რამდენსამე ხანს შემდეგ სთქო ვარდომ ჩაფიქრებით.

— წარმოვიდგინოთ, რო შენი ქალბატონი იმ დრომდინ მოკვდა,

იმის ფეხს სულ არ უყვარხარ მაშინ?

— ოჲ! ეგ არ შეიძლება დურმიშხან, არა! უწინ დღე დამელიოს.

— ქვეყანაზე შეუძლებელი არა არის რა, არა, გულოჯან; სანამ ჩვენ ბატონის ყმანი ვართ ჩვენში ბედნიერება არ შეიძლება, უთხარი შენს ქალბატონს, რო, თუ შენი ბედნიერება უნდა და გწყალობს, მე გამანთავისუფლოს, უთხარი, რო უიმისოთ ჯვარს არ იწერსთქო.

შემდგომ ამ ლაპარაკისა გამოვიდა ერთი კვირა და შეყვარებულნი აქვე შეიყარნენ. დურმიშხანს ედვა უბეში განთავისუფლების წიგნი.

— აბა ახლა, ჩემო დურმიშხან! აკი გითხარი, რო შვილებს არავინ გაგვიყიდის-მეთქი. ახლა ჯვარი როდის უნდა დავიწეროთ?

— ჯერ ასე ჩქარა არა, ჩემო ვარდო, მოითმინე, აჩქარებით საქმე არ გაკეთდება.

— ახლა რაღა მიზეზი იპოვე, ჩემო ბრძენო? მოითმინე და მოითმინე, ხან რას მოიგონებს და ხან რასა!

— რა ვქნა ჩემო სიცოცხლევ, კიდეც დამცინი, რომ შენი ბედნიერებისთვის ვზრუნავ. ასე გგონია, მე კი არა მსურს, რომ ჩქარა დაგიძახო ცოლი, ჩემო ფურჩნულო ვარდო, მაგრამ დროება ითხოვს მოთმინებას, მერე ჩვენი ბედნიერება უფრო საფუძვლიანი იქნება.

— რა, რა, ახლა რაღა მოიგონე, მითხარი ჩქარა.

— ვარდოჯან, ნუ ჯავრობ, მშვიდობიანად დამიგდე ყური, შენ თითონ გამამართლებ.

— სთქვი, სთქვი ჩქარა!

— ვარდოჯან, ახლა თავისუფლები ვართ. მართალია, მაგრამ იცი, რომ, რაც ზედ გვაცვია, იმის მეტი არა გვაქვს რა?

— რა ვუყოთ! შენ ინაზირე. მე ჩემს ქალბატონს ვემსახურები.

განა ვერ ვიცხოვრებთ? აქამდის როგორ ვცხოვრობდით?

— არა, სანამ ჩვენ იმდენი არ გვექნება საცხოვრებელი, რომ სხვის თავდაუკვრელად ვიცხოვროთ, ჩვენი განთავისუფლება განთავისუფლება არ არის.

— მაშ რა ვქნათ, ჩემო დურმიშხან? ოჰ, ღმერთო!

— შენ არაფერი, შენ შენ ქალბატონთან უნდა იყო, მე კი, უნდა წავიდე, ვიმუშაკო, რაც იქნება, რითაც იქნება. ღმერთი მომიმართავს ხელს, ჩემო ვარდო. წიგნი ვიცი, ენები და რამდენიმე ხელობა. წავალ ვიშოვნი ფულს, გავმდიდრდები და ისე მოვალ შენთან. ოჰ! რა ტკბილად გაკოცებ მაშინ, ჩემო სიცოცხლე! — დაუჭირა თავი და აკოცა ტკბილად თვალებში.

— მაშ, კარგი, თუ შენ გინდა ეგრე, მე რა მეთქმის! როდის გინდა წახვიდე? — ნაღვლიანად ჰკითხა გულისვარდომ.

— ბევრი ცდა აღარ უნდა, ყოველი საათი დაგვიანებული აგვიანებს ჩვენს შეერთებას, სჯობია ავჩქარდე. ხვალ წავალ.

— ხვალ? მაშ ხვალ წახვალ, საწყალო ჩემო დურმიშხან! ვინ მოგივლის უჩემოდ. ვინ გაგირეცხს, ვინ დაგიკერებს და ან ავად რო გახდე ვინ მოგივლის, ჰა? — და აკოცა შუბლზე. აკოცე, ტკბილად აკოცე საწყალო გულისვარდო, განაგრძელე ეგ ლაპარაკი, ეგ არის უკანასკნელი შენი ბედნიერების საათი, ამის შემდეგ შენი პირიდან აღარ ამოვა სიტყვა სიყვარულისა. ახ, რა ბედნიერი იქნებოდი, რომ ეხლა მომკვდარიყავი, ვარდო, მიტევების სიტყვა ბაგეზე, უმანკო სიყვარული გულში, ვით უმანკო ყმაწვილის ძილი. მშვიდი იქნებოდა შენი სიკვდილი და ბევრნი ჩამოაგდებდნენ დანანის ცრემლს შენს საფლავზე, მაგრამ მერე?.. მაგრამ რად უნდა წავირბინოთ წინ?

მეორე დღეს დურმიშხანი ლამაზათ მორთული, ვერცხლის ყანწებით, შევერცხლილი იარაღით შეკაზმული, კარგი შავი ცხენით გავიდა ქალაქითგან. შემდგომ წასვლისა, სწორედ ერთი თვის უკან, დურმიშხანმა გამოგზავნა წიგნი გულისვარდოსთან და შემდეგ თითქმის მთელ სამ წელიწადს ყოველ თვეს უგზავნიდა ვარდოს წიგნებს, რომელშიაც სწერდა ყოველთვის თავის ჩქარა მოსვლას.

ბევრმა წყალმა ჩაიარა ამ სამს წელიწადში. ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაზე, არ შეიცვალა მხოლოდ გული ვარდოსი. იქ ისევ ისე ენთო წმინდა სიყვარული დურმიშხანისა, როგორც პირველს დღეს მათის გაცნობისას. ვარდომ შეინახა წმინდად თავისი სიყვარული, თუმცა, რო ეაშიკებოდნენ და თხოულობდნენ ბევრნი კარგნი კაცნი. დურმიშხანი რაღას აკეთებდა ამ დროს? იმან მეორე წელიწადის შემდგომ ტფილისს წასვლისა დიდის ამბით დაიწერა ჯვარი სურამში და შევიდა ზედსიძედ. და აი, ერთხელ, სამი წლის შემდგომ ქალბატონმა დაუძახა ვარდოს და ვარდო რო მოვიდა, უბრძანა მოტანა სარკისა. ვარდომ მოართო სარკე. ქალბატონმა გაიხედა სარკეში, გაისწორა კავები, ლეჩაქი და უთხრა ვარდოს:

— კიდევ ლამაზი ვარ განა ვარდო?

— ლამაზი, ძლიერ ლამაზი ბრძანდები, ჩემო სიცოცხლე შენამც გენაცვლებიან რაც ქვეყანაზე ლამაზი ქალები არიან. — უპასუხა ვარდომ და აკოცა ხელზე.

— რათა, გოგო, შენც ხო შიგ ჩაყვები. შენც ხომ ლამაზი ხარ.

— განა მე კი არ მეკადრება, მე უფრო არ უნდა გენაცვალო, ჩემოდენათი ვის უყვარხარ.

— კარგი, კარგი, ჩემო ვარდო, შენ კარგი გოგო ხარ და ლამაზიც და იმიტომაც ბევრი გთხოულობენ.

— ეჰ რას მიბრძანებ, შენი ჭირიმე, ქალბატონო, დაიცადეთ, თუ დურმიშხანთან არ დაგაბეზღოთ, — ღიმილით უთხრა ვარდომ.

— რო აღარ მოვიდა შენი დურმიშხანი, მოდი და თავს ნუ დაანებებ, რო დაგივიწყა! მე გავიგონე, ვითომც სხვაც შეერთოს და...

— რა არის, ქალბატონო, სულ მაგითი მაშინებთ, შეირთო და შეირთოს, კაცი იმაზე ხო არ ჩამოკიდებულა, მე ჩემი ბედი არ დამემალება.

— ჰო, ეგ მიყვარს, ჩემო ვარდო, ალბათ ღვთის ნება არ იყო თქვენი ცოლქმრობა, ალბათ ერთმანეთთან იქნებოდით უბედურნი, რო ღმერთმა განგაშორათ ერთმანეთს. მოითმინე, შვილო, და ღმერთი შენი მოთმინებისათვის ისე გაგაბედნიერებს, რომ დურმიშხანი კი არა, იმაზე კარგებიც დაგნატროდნენ.

ეს სიტყვები ვარდომ, მართალია, ვერ გაიგო-კი, რისთვის იყვნენ ნათქვამი, მაგრამ შეიტყო რომ კარგს არას მოასწავებდნენ. მართალია, ვარდო ვერ წარმოიდგენდა, რომ იმის დურმიშხანი უორგულებდა მას, მაგრამ ეგონა, რომ ის ტყვედ ჩავარდნილიყო და ან მომკვდარიყო. ამისთვის შეეშინდა რა, უბედურებისა, უნდოდა ჯერ არ შეეტყო სრულებით და გადაესხვაფერებია სიტყვა, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო და ისე აჩვენა თავი ქალბატონს ვითომც რასაც ის ეუბნებოდა ისე ფრთხილად, იმან იცოდა დიდიხანია.

— რა ვქნა, ქალბატონოჯან! რაც ღვთის ნება არის, ის იყოს, თქვენ კარგად ბრძანდებოდეთ, ალბათ, ჩემი წერა ასე იყო; რა ვუყო, უნდა მოვითმინო.

— მაშ იცი რა უნდა გითხრა?

— ვიცი, ქალბატონო, იმ დღეს შევიტყე. მაგრამ არ ვიცი როგორ ყოფილა საქმე.

— რაღა როგორ ყოფილა, შვილო. აი, იმის წიგნი. მე მეცოდებოდი. ამიტომ ვერ გითხარი აქამდის. ნუ იწუხებ, შვილო, ახლა შენი თავი ჩვენმა აზნაურმა მთხოვა.

სანამ ქალბატონი ამას ეუბნებოდა, ვარდომ დაუწყო კითხვა დურმიშხანის წიგნს, მოწერილს სურამიდან.

აი იმ წიგნის სწორი პირი:

“ჩემი დიდი ქალბატონის, თავადი წერეთლის ქალის, მარიამის, დიდი მუხრანბატონის მეუღლის ჭირი მისცეს ღმერთმა მის უკანასკნელი ფეხის მტვერს, დურმიშხან წამალაძეს. მერმე მოგახსენებთ, ჩემო ქალბატონო შენი ჭირიმე, მე თქვენგან რომ წამოვედი, ვაჭრობა დავიწყე. იქით-აქეთ დავდიოდი, ჩემს გულში ვამბობდი, რო ცოტა რამ ფულს მოვაგროვებ და მერე წავალ და ჩემთვის ვიცხოვრებ მეთქი, არც ბატონს შევაწუხებ და ვარდოსაც ცოტა რამ ექნება მეთქი. მაგრამ ცოტა ფულს რომ მოვუყარე თავი და წამოსვლა დავაპირე. ერთს ღამეს დავრჩი სურამს (ავთანდილიანთ ეძახიან), ერთი გლეხკაცი გახლავს, იმასთან. აქ ჩემი აღა, რომელზედაც ვარდოს ვწერდი ხოლმე წიგნებში, ჩამომეკიდა, რომ არ იქნება, იმ კაცის ქალი არ შეირთო. იმის ნათლული იყო და იმიტომ უნდოდა მისი გათხოვება და მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე და იმ კაცის ქალზე ჯვარი დავიწერე და ზედსიძედ შევედი. ასე, ჩემო ქალბატონო! ბარემ მინდოდა, რომ ვარდოზე დამეწერა ჯვარი. მაგრამ, ალბათ, ღვთის ნება არ იყო. ახლა ჩემ მაგიერ ვარდოს უთხარით, რომ კარგი კაცი ითხოვოს და რაც უნდა ჩემგან მოითხოვოს. სხვა, თუ ჩემს ანბავს იკითხავთ, მშვიდობით გახლავართ. ეხლა ერთი ბიჭი მეყოლა”.

იმ საათს მეხი რო დასცემიყო, ისე არ შეკრთებოდა ვარდო, როგორც შეკრთა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. კითხვის დროს იქამდინ რო მივიდა, სადაც დურმიშხანი სწერდა თავის ჯვარის წერასა, თვალები დაუბნელდა, ვეღარ დაინახა რა და მიეშო ტახტზე. მარჯვენა ხელზე დანდობილი, თავი ჩამოკიდებული, საშინელი ყვითელი ვარდო გვანდა წუხილის სტატუას და იყო ჭეშმარიტად მშვენიერი, ისე მშვენიერი, თვით ქალბატონმა რო დაინახა, გულმა არ გაუძლო და აკოცა შუბლზე.

— ვარდო, შვილო, გოგო, ვარდო, პირჯვარი დაიწერე, შვილო, — შეკრთომით ეუბნებოდა ქალბატონი და უსრესდა ცხვირის ნესტოს და ყურებს, — გოგოებო! ბიჭებო! ვინა ხართ მანდ, მიშველეთ.

ამ ხმაზე რამდენიმე გოგო შემოვიდა და იმათი მეცადინეობით რამდენიმე ხანს უკან მობრუნდა ვარდო, გაახილა თვალები და ამოიოხრა.

— პირჯვარი დაიწერე, შვილო, ღმერთს შეეხვეწე, რო მან განაქარვოს შენი მწუხარება, — არიგებდა ქალბატონი, მაგრამ ვარდოს არ ესმოდა იმისი დარიგება, ის ტიროდა მწუხარეთ...

— საწყალი ვარდო, შესანდობარი დავლიოთ, ყმაწვილებო, დღეისთვის ეყოფა.

— ვინც არ დალიოს, — დაიძახა ერთმა ჩვენგანმა.

— აგრე იყოს!

— კიდევ განაგრძელოს, — დაიძახეს სხვათა.

— კიდევ რაღა? იმავე დღეს ენახათ, რო გულისვარდი რაღასაც ჩუმად ელაპარაკებოდა ერთ განთქმულ მკითხავს.

რამტენიმე წუთის შემდეგ კახურმა ღვინომ და ცხონებულ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებმა დაავიწყეს ყმაწვილებს ვარდოც და ისიც, რო უნდა დაელიათ იმისი შესანდობარი. ახალგაზრდას არ ახსომს სიკვდილი და ეჯავრება ისიც, რაც მოაგონებს იმას.

  II

მეორე დღეს ყმაწვილები შეიყარნენ ჩვეულების წინ და როგორც რო მოვიდა ნიკო, მოსთხოვეს გაგრძელება; მაგრამ, რადგანაც ნიკოს რიგი აღარ იყო, ის აღარ ამბობდა. მოიკითხეს მორიგე, აღმოჩნდა, რომ სიკო ე— ს უნდა ეთქვა. სიკომ ბევრი აღარ ათხოვნინა, ჩაიკეცა ქუდი, მოითხოვა ყურადღება და დაიწყო:

— ახლა, ყმაწვილებო, გთხოვთ ცოტა უკან მივბრუნდეთ.

— დაიხიეთ, ყმაწვილებო! — დაიძახა ალექსი პ-მა, რომელსაც ჰქონდა ხასიათი, სულ ყველა აზრზე ეთქვა რამე წინააღმდეგი, რომლისთვისაც ჩვენ დავარქვით იმას საშინელი ფილოსოფოსი.

— თუ არ ვსტყუი,— დაიწყო ისევ სიკომ, მგონია დურმიშხანი, ჩვენი ვარდოს საყვარელი, უფალმა ნიკომ გაუშვა შარა-გზაზე, ქალაქის გარეთ. ქალაქიდან რომ გავიდა დურმიშხანი... მაგრამ მოითმინეთ... მოგახსენოთ იმისი ჩამომავლობა.

— ახლა შენ თვითონ დაიხიე,— უთხრა ალექსიმ.

— კარგი, ალექსი, თორემ აღარ ვიტყვი.

— ალექსი! ხო გახსოვს ჯარიმა. ის ყანწი ისევ ცოცხალია, — დაუძახეს ყმაწვილებმა.

— ჰო, კარგი, მერე?

— დურმიშხანი იყო ძე ჯერ ადამ და ევასი, მერე ნოესი და არ ვიცი, ვისი და მერე, როგორც თვითონ უთხრა ვარდოს, წერეთლიანთ გოგოსი იმავე წერეთლის შვილისშვილი. დურმიშხანის დედა იყო ისე უბედური, რომ მოეწონა თვრამეტი წლის წერეთლის ვაჟს და ამის შემდეგ გაჩნდა დურმიშხანი თვით სახიერი, მსგავსი ცოტად წერეთლისა, კეთილი ზნითა, ჩაცმული ყოველთვის სუფთად. დურმიშხანი იყო ყველას საყვარელი თვით დიდ ბატონიდან უკანასკნელ ბიჭამდის და ვინ მოიგონებდა, რომ ბატონი გამოიმეტებდა იმას გასაცემად. ამიტომ მეორე დღეს, როდესაც შეიტყეს, რომ მუხრანბატონისთვის მიურთმევიაო, ისე შეწუხდნენ ყველანი, როგორადაც თავის შვილებზე, ან ძმაზე. ისტორია არ აჩვენებს, რა იყო მიზეზი დურმიშხანის ისე ადვილად გამეტებისა ბატონისაგან, იმიტომ რომ, როგორც ატყობდნენ შინაურები, ბერიკაცს უყვარდა ისა და ბევრჯერ ეთამაშებოდა ხოლმე და უყვავებდა. ეს სიყვარული გამოჩნდა, სხვათაშორის, მაშინ, როდესაც დურმიშხანს აშორებდნენ დედას. ამბობენ ვითომ დიდ ბატონს მარჯვენა ულვაშმა დაუწყო კანკალი და თვალებზე ცრემლივით რაღაცა დაუნახესო. მოსამსახურენი, რომელნიცა ყოველ შემთხვევაში ეძებენ დასაწყის მიზეზს, პოულობენ ორ მიზეზს იმის გაცემისასა, პირველს, რო მითომ ბატონს უნდოდა ჩაეგონებინა შვილისთვის ყოველივე ურიგოება, რომელიც გამოვა გოგოსთან კავშირითგან, და მეორე, მითომც უნდოდა დაესაჯა დურმიშხანის დედა იმისთვის, რო იმან გაბედა აშიკობა ბატონის შვილთან. მაგრამ ისევ მოსამსახურენი ანბობენ, რო ახალგაზრდა ბატონმა სულ არ იწუხა შვილის დაკარგვა და იმავე დღეს, როდესაც მამამ იმისმა სხვას აჩუქა იმისი შვილი, ის წავიდა სანადიროთ მიმინოთი და ძლიერ მხიარულად ნადირობდაო. საწყალი დედა დურმიშხანისა! ის მოკვდა სწორეთ დურმიშხანის წაყვანის შემდეგ. ერთი წელიწადი რო გამოვიდა. სიჭლექით. შემდგომი ცხოვრება დურმიშხანისა იცით წინა მოთხრობით. ისიც ისე გამოიზარდა, როგორც ეხლა იზრდებიან იმისი მსგავსი უპატრონო ბიჭები, რომელთაც ცხოვრებას სრულებით არავინ არას დაჰდევს.

მეორეთ რო იყივლეს მამლებმა, დურმიშხანი ადგა, ახსენა ღმერთი...

— ოჰ, შენმა მზემ, თუშური სკუპი არის,— დაიძახა ალექსიმ.

— რა ვქნა, ლოღიკის კურსი არ გამიგონია შენგან, ჩემო საშინელო ფილოსოფოსო და რა უყო,— უპასუხა სიკომ გაჯავრებით.

— თქვი, კაცო, მაგას ყურს ნუ უგდებ,— უთხრეს ყმაწვილებმა.

— მეორეთ რო იყივლეს მამლებმა ადგა დურმიშხანი. ახსენა ღმერთი, გამოიყვანა თავლიდგან ცხენი. დააურვა, აჭამა ქერი და შეკაზმა. რასაკვირველია, რო ამ დროს გულისვარდიც არ იყო უსაქმოდ და შველოდა დურმიშხანს, რითაც შეეძლო. მამალმა რო მესამეთ იყივლა, დურმიშხანმა მოუჭირა ცხენს მოსართავები, გადაუგდო ხურჯინი, გამოვიდა და გამოუდგა გზას. საით? იმ დროს რო გეკითხნათ თვით დურმიშხანისათვის, გარწმუნებთ, ვერ გეტყოდათ, საით მიდიოდა. სადა ჰქონდა იმას დრო, რო ეფიქრა ამაზე. იმას სურდა მხოლოდ ჩქარა გასულიყო ტფილისიდგან, იმიტომ რო ტფილისი და თავის ყმობა იყვნენ იმისთვის ერთი, იმიტომ რო ტფილისი აგონებდა იმას იმ მწარე დროებას, რომელიც გაატარა აქამდისინ, იმიტომ უკანასკნელ რო უნდოდა ჩქარა გამოეცადა ის ცხოვრება, რომელზედაც კაცი არ აძლევს ანგარიშს სხვა თავისთანას, და იხმარებს თავის დროებას, როგორც უნდა და როგორც კეთილს იგონებს. და აი, მიდის ჩემი დურმიშხანი... შეხედეთ როგორ კოხტათ ზის ცხენზე, ტახტის აზნაურს არა ჰგავს? და ვისი ეშინია, რომ კოხტად არ იჯდეს, ვის შეუძლია, რომ ხმა გასცეს. რაა, რომ აზნაური არ არის?

ეს და ბევრი ამისთანა აზრი რიგ-რიგად მოსდიოდა დურმიშხანს და ისე ავიდა ძეგვს, რომ ვერც-კი გაიგო. მაგრამ გზას აქვს როგორიღაც ხასიათი, რომ როგორც გინდა მხიარული იყო, მაინც შემდგომ რამდენიმე ვერსის გავლისა, როდესაც ცოტად დაიღლები, როგორღაც შეკრთება გული და აგეშლება ფიქრები, მაშინ ან უნდა იმღერო და ან ძლიერ ჩაფიქრდე. შემხვედრი პირველზე იტყვის, რომ ვითომ ძლიერ მხიარული იყო, მეორეზე კი ვითომ ძლიერ დაღონებულიაო, მაგრამ როგორც პირველ შემთხვევაში, ისე მეორეში, ცდებიან გარეშე შემხედველნი, იმიტომ, რომ ორსავე შემთხვევაში ძლიერ მუშაობს მგზავრის ფანტაზია და იმაზე არის ეს დამოკიდებული, რამდენ ციხეს ააშენებს მაშინ მგზავრი, რამდენ რასმეს მოიგონებს იმისთანას, რომელიც არას დროს არ აუსრულდება იმას, მაგრამ ის არის მაშინ კმაყოფილი და არა თუ კმაყოფილი, არამედ ის პოებს იმაში ბედნიერებას.

ძეგვს რომ მიუახლოვდა, დურმიშხანი იყო სწორედ ამ მდგომარეობაში. აი, იმან დაინახა მშვენიერი ყანა, რომელიც ქარს ეთამაშებოდა, როგორც მორცხვი პატარძალი თავის დანიშნულს. ქარი ეხვევა, უჟუჟუნებს სიყვარულის სიტყვათა, მაგრამ ყანა, ეს კეკლუცი პატარძალი, ვითომ მორცხვობს და აშორებს თავს. აი, ცხვარი, მოგროვებული შუადღეს ერთს ხის ქვეშ, შეხედეთ მეცხვარეს, როგორ სრული კმაყოფილებით უკრავს სტვირს და ეუბნება ქებას თავის მურიას. უყურეთ მურიას, როგორი გულისხმის გადევნით უგდებს ყურს თავის პატრონს, ვითომ უნდა რომ არც ერთი სიტყვა არ დაივიწყოს და ყოველი სიტყვა აკრიფოს მარცვლებივით. აი გუთანი ათუღელა, თავის მოუშორებელი ოროველათი. შეხედეთ გუთნის დედას! კრეზი თავის სიმდიდრით არ იყო ისე კმაყოფილი, როგორც არის ხოლმე ის მაშინ, როცა უბრძანებს მეხრეებს ხარების გარეკვას. ხარები? შეხედეთ, როგორ აუყოლებიათ ოროველასთვის ფეხები, როგორც კარგ მოთამაშეს ცეკვაში მუზიკისათვის. ჩვენი კამეჩი!

შეხედეთ, რანაირი ბრძენივით ჩაფიქრებული მიდის, თითქოს ერთი წყვეტდეს პითაგორის თეორემას.

გესმით შორიდან ბულბულის სტვენა? კაცი უნდა იყოს ყრუ, რომ იმ სტვენაში არ გაიგონოს ხმა სიყვარულისა, უნდა ედვას ქვა გულის მაგიერ, რომ ამას არ მოაგონდეს თავისი ახალგაზრდობა თუ მოხუცებულია, და ჭაბუკს თავის საყვარელი. იმიტომ, რო არ იქნება, რო ახალგაზრდა ყმაწვილს არავინ უყვარდეს.

ყოველთავე ამათ დურმიშხანსაც მოაგონეს ის მცირედი დროება, რომელიც გაატარა იმან თავის გულისვარდთან და ჰგონებდა, რო იმ დროს უყვარდა ისი, და არა თუ გულისვარდი უყვარდა ეხლა დურმიშხანს, არამედ გამზადებული იყო ისი, რო მოჰსალმიყო მთელ ქვეყანას.

“მართლა და რა კარგი იქნებოდა, — ფიქრობდა დურმიშხანი, — რო მყვანდეს ერთი ყევარი ხარ-კამეჩი, ერთი ოციოდ დღის მიწა, და ჩემი... ჩემი გულისვარდი”. მაგრამ ეს ფიქრი შეცვალა სხვა მძიმე ფიქრმა, იმან, რო ყოველ იმას, რისაც მოპოებას ფიქრობდა დურმიშხანი, უნდოდა ფული, რომელიც არა ჰქონდა იმას. რასაკვირველია, რო რამდენიმე მარჩილი, ნაშოვნი დურმიშხანისაგან ნაზირობის დროს დიდი შრომითა. და იქნება რო უსამართლობითაც, არ ეყოფოდა იმას თავისი განზრახვისათვის და დურმიშხანი ჩაფიქრდა ძრიელ. მხოლოდ ეხლა წარმოიდგინა იმან ყოველივე უშემწეობა თავისი მდგომარეობისა.

— ეჰ, რა უშავს, ღმერთი მოწყალეა! — თქვა თავის გულში დურმიშხანმა, — ეს იყო ძნელი, ეს წყეული ყმობითგან გამოხსნა თავისა, თორემ ახლა მე ვიცი...— და დაიწყო ფიქრი, რა ცხოვრება უნდა აერჩია. შემდეგ რამტენიმე ხნის ფიქრისა დურმიშხანმა გადაწყვიტა, რო უნდა დასდგომოდა ვისმე ვაჭარს მოჯამაგირეთ. მაგრამ ვის?

ჯერ ეხლა, როცა ესე გამრავლებულია ვაჭრობა, ჯერ ეხლაც ძნელია შოვნა ალაგისა ვაჭრობაში. უმეტესად უცნობი კაცისათვის, თუ გინდ რო ბრძენი იყოს, და მაშინ, რასაკვირველია, რო უფრო ძნელი იქნებოდა, უმეტესად დურმიშხანისათვის, რომელიც იყო უპატრონო და უთვისტომო. მაგრამ დურმიშხანი არ იყო იმგვარი, რო ამისთანა შემთხვევას შეეშინებინა.

— და რა ბევრს ვფიქრობ, თუ დამიყენა ვინმემ მოჯამაგირეთ, ხო კარგი, თუ არა, გავყიდი ცხენს, იარაღს და იმ ფულითა და რაც მე მაქვს იმითი გავხსნი სადმე დუქანს, ხა. ხა, ხა! მე თითონ გავხდები ვაჭარი, მე თითონ მეყოლება ბიჭები! “ბიჭო! ჩამოუსხი ტეტიას ღვინო!” “არა, დედავ, მე თითონ უფრო ძვირათ მიყიდნია, ხელს არ მომცემს”, — წარმოიდგენდა ის, მითომც ყიდიდა.

ამ ფიქრებით მივიდა ერთ წყაროსთან, რომელიც სჩანდა იყო მგზავრების დასასვენი ადგილი, და, რადგანაც ჯერ პური არ ეჭამა, ჩამოხდა ცხენითგან, მოხადა ხურჯინი, შეუყარა ცხენს დუშაყი და გაუშვა საძოვრად. თვითონ მოუხსნა პირი ხურჯინს, ამოიღო იქიდან ყველი და პური, გაიშალა სუფრის მაგიერ ხელსახოცი და დაუწყო პურს ჭამა.

ეს იყო პირველი პურის ჭამა დურმიშხანისა, რომელიც არ იყო ბატონის ნასუფრალი, და, უნდა გენახათ, რა გემრიელი იყო ის პური!

საკვირველია, ღმერთმანი კაცის ცხოვრება. ბევრჯერ, როდესაც ის აირჩევს ცხოვრების გზას და დაადგება იმაზე გასვლას, უეცრად გამოუვარდება რამ, ჰკრავს ხელსა, გადააგდებს იმ გზიდან და დააყენებს სხვა გზაზე, რომელსაც სულ არ მოელოდა. ასეთი შემთხვევა მოხდა დურმიშხანის ცხოვრებაში. დურმიშხანმა, რომ გაათავა პურის ჭამა, დაინახა, რომ ცხენს ჯერ არ დაესვენებია და ამისათვის გაშალა ნაბადი და წამოწვა. ამ დროს იმ წყაროსაკენ მიბრუნდა სამი ოსმალი. დურმიშხანს ეგონა, რომ ისინი მტრები იყვნენ და გასაძარცვავად მიდიოდნენ და ამიტომ გაისინჯა იარაღი და მოემზადა პასუხის საგებად. ოსმალნი მივიდნენ წყაროსთან, მიესალმენ დურმიშხანს და ჩამოსხდნენ.

— უკაცრავად ნუ ვიქნები, ყმაწვილო, შენი ჭირიმე, კითხვისათვის, საიდან მობრძანდებით? — ჰკითხა ერთმა იმ ოსმალთაგანმა, რომელიც ჩანდა იყო ამათი უფროსი.

— ქალაქიდან გეახლები, ჩემო ბატონო, — უპასუხა დურმიშხანმა.

— იქაური ბრძანდები?

— არ ვიცი, როგორ მოგახსენო, იქაურიც გახლავარ და არც გახლავარ იქაური.

— როგორ ეგ?

დურმიშხანმა უთხრა ყოველი თავისი თავის გარემოება თავიდან ბოლომდის.

— ბედნიერი ხარ, ყმაწვილო, — უთხრა ოსმანმა, რომ გაათავა დურმიშხანმა, — რა გინდა. უსისხლოდ განთავისუფლებულხარ მონობისაგან. ბევრს არ ერგება ხოლმე ეს ბედნიერება. ღმერთო! ის ბავშვი არ მაძლევს მე მოსვენებას, დღე და ღამე მიდგას თვალ წინ და არ ვიცი, საით გავექცე... ერთხელ მეც ვიყავ ბედნიერი. ერთხელ მეც შემეძლო შემეხედა წმინდა სინდისით ცისთვის, მაგრამ ეხლა... კაცის მკვლელი, ქრისტეს ორგული, რა ცა შემირიგებს მე! — დაიწყო იმან ლაპარაკი თავისთვის.

დურმიშხანი უყურებდა იმას გაკვირვებული.

— რას მიბრძანებთ, ბატონო? მე სრულებით ვერა გავიგე-რა მხოლოდ იმის მეტი, რომ თქვენ ოსმალო არ უნდა ბრძანდებოდეთ.

— ქართველი გახლავარ, — დაღონებით უთხრა ოსმალომ.

— მაშ, რა არის ეგ თქვენი ოსმალური ტანისამოსი, ან იმათი ქცევა რად მიგიღიათ?

— სხვათა-და-სხვათა მიზეზთა გამო.

— თუ უზრდელობაში არ ჩამომართმევთ კითხვას, შეიძლება მიბრძანოთ ის მიზეზები?

— ის მიზეზები? — ჩაფიქრებით თქვა ოსმალომ, აიწია რიდე ზევით და მოიწმინდა შუბლიდან ოფლი, — ის მიზეზები? რატომ, შენ შენი ცხოვრება მითხარი, მეც ჩემი უნდა გითხრა. ამბობენ, შენი ჯავრი რომ სხვას შესჩივლო, ნახევარი სიმწარე დაგეკარგებაო. გამოვცდი, ვგონებ, ყმაწვილო, თავს არ მოგაწყენ.

— არა, შენი ჭირიმე, რას მიბრძანებ?

— მე ეხლა მქვია ოსმან-აღა, დაიწყო ოსმალომ...

— ხვალ, ხვალ! — დაიძახეს ყმაწვილებმა, — ხვალ ალექსი იტყვის, — და ჩააჩუმეს სიკო.
     
III

ოსმან-აღა
იყავ ლეში,
 
იეზუიტთა კანონი.

— ყმაწვილო, თქვენი სახელი?

— დურმიშხან.

— დიახ, დურმიშხან, საარაგვოზე გივლიათ ოდესმე?

— არა, არსად.

— მაშ შენ არ გინახავს ერთი მშვენიერი ქვეყნის კუთხეთაგანი, ჩემთვის მაინც! ამ საარაგვოზე, ზედ არაგვის პირზე, ბოდორნას და ნაოზას შუა, არაგვის გაღმა არის სოფელი გ. ეს სოფელი თითონ პატარაა, დიდი სჩანს თავისი ვენახებით. ამ სოფელში, რომელიც არის სახასო, იდგა მამაჩემიცა, ჩემდასაუბედუროდ, ბატონის ყმა. თითონ მხნე, მყოლელი ყევარი ხარკამეჩისა და რამდენიმე მეწველი ძროხისა; აგრეთვე მქონებელი სამი დღის ვენახისა, მამაჩემი ირიცხებოდა თავ-კაცად, ჩვენს სოფელში და არა დავა ანუ სხვა რამე შესაძენი სოფლისა არ გადაწყდებოდა ჩვენს სოფელში, რომ არ დაჰკითხოდნენ ზალიკას, — ეს იყო მამაჩემის სახელი. ახ, რა იყო ის დრო! რა კმაყოფილებით დავუჯდებოდი ხოლმე უღელზე და უზრუნველად დავძახოდი ოროველას! წავიდა ის დრო, დრო უმანკობისა, ჟამი წმინდისა სინდისისა და ის ყმაწვილი, რომელსაც გუთნის-დედა უბრძანებდა ხოლმე ოროველას მღერას და ამხანაგები შურით ისმენდნენ იმის სიმღერას, არის ოსმალის იანიჩარის ასისთავი, მქონებელი დიდის სიმდიდრისა, მაგრამ გასვრილი ქრისტიანის სისხლში. ახ, სიხარულით დავანებებდი თავს ჩემს ყოველსავე ეხლანდელს სიკეთეს, რომ შეიძლებოდეს მობრუნება უწინდელი ჩემი დროის, როდესაც ვიყავი ხოლმე დღის მეხრე და ვიღებდი ერთ ალოს.

მაგრამ ბევრს ხანს არ გასწია ამგვარმა ჩვენმა ბედნიერებამ. ერთხელ მამაჩემი წავიდა ძნის მოსატანად, უნდა ჩამოეტანა ძნა თავდაღმართზე, ჩვეულებისამებრ მოუძღოდა ის ურემს წინ, რომ არ დაქანებულიყო. მაგრამ ურემი დაქანდა, ხარკამეჩს თავი ვეღარ დაუჭირა, კამეჩებმა წააქციეს და ურემმა გაჭყლიტა. იმის სიკვდილის შემდეგ ჩვენ სახლშიც ყოველივე გადაბრუნდა გულაღმა. ბატონმა ჯერ წაგვართვა ვენახი იმიტომ, ვითომც რომ აღარ შეგვეძლო მოვლა, მერმე თითო-თითოდ ხარკამეჩი და უკანასკნელად უბრძანა დედაჩემს, რომ გადასახლებულიყო იმასთან სახლის მოსამსახურედ. საწყალი დედა-ჩემი! უნდა გენახა, რა მწუხარებით ესალმებოდა სახლს! ღმერთო, რა გვარად არ ეხვეწებოდა საწყალი ბატონს, რომ დაენებებია თავი და არ მოეშალა ოჯახი, მაგრამ ბატონს ვითომ არ ესმოდა.

— იტირებს, იტირებს და დაყუჩდებაო— აი, აზრი მებატონეთა.

— იმათ ჰგონიათ, რომ ჩვენ კაცი არ ვიყვნეთ, ჩვენ არ შეგვეძლოს სიყვარული და სიძულვილი, იმათ ჰგონიათ, რომ ჩვენ არ გვაქვს გული, არ შეგვიძლია სჯა.

— დედა-შვილობას, აგრემც ღმერთი გიცოცხლებს შვილებს, შენი ღვთის გულისათვის, დამანებე თავი, დამანებე თავი!— ეხვეწებოდა დედაჩემი, — რა მოსამსახურე უნდა ვიყო, მე თქვენი ბატონური ცხოვრებისა არა ვიცი რა. ჩემი შვილები აქედან უფრო გემსახურებიან. რასაც მოვიყვანთ სულ შენ მოგართმევთ, ჩვენ ნაცარს ავფშრუკავთ და იმას ვჭამთ, ოღონდ ნუ მოგვიშლი ოჯახს! საწყალო ჩემო შვილებო! — და იმან მიგვიკრა გულზე იმგვარად, ვითომც ის იყო, გვდებდნენ სამარეში.

— ეჰ, დედაკაცო, მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი! ხვალვე მზად იყავი! — უბრძანა ბატონმა და გაიცინა, იმიტომ, რომ ერთმა წევარმა რაღაცა სასაცილო ქნა. ოჰ, რა საზარელი იყო ის სიცილი დედი-ჩემის მწუხარებასთან! მე დარწმუნებული ვარ, რომ მასში არ იცინოდა კაცი, კაცში იცინოდა ეშმაკი. იმისთანა დროს, მხოლოდ ეშმაკს შეუძლიან გაცინება.

რაღა თავი მოგაბეზრო ბევრი ლაპარაკით; მეორე დღეს ჩაგვყარეს ურემში და მიგვიყვანეს ბატონთან. ქალბატონთან რომ წაგვადგინეს, იმან გაგვსინჯა და გვიბრძანა, რომ მე და ჩემი და (ერთი დაცა მყავდა მე), უნდა ვყოფილიყავით პირზე მოსამსახურედ, დედაჩემს კი უბრძანა პურის მცხობლად ყოფნა. ასე გავატარეთ დროება თითქმის ხუთ წელიწადს. თვითონ ნამოსამსახურე, შენ იგრძნობ, რანაირ დავიტანჯებოდით იმ სამსახურში! მაგრამ ამბობენ, კაცი ჯოჯოხეთსაც კი შეეჩვევაო. ჩვენც შევეჩვიეთ ჩვენს ცხოვრებას და თითქმის ვიყავით იმითი კმაყოფილი, იქნება იმიტომ.რომ უარეს ცხოვრებას მოველოდით.

ერთხელ მოვიდა ჩემს ბატონთან ერთი მღვდელი კახეთიდან. ვახშამზე რომ ვემსახურებოდი მათ, იმ მღვდელს ჩემმა ბატონმა თვალით აჩვენა ჩემზე. მღვდელმა ამხედა, ჩამხედა და ბატონს დაუწყო რაღაცა ლაპარაკი ჩუმად. არ ვიცი, რადა, მაგრამ რომ დამიწყო ყურება, ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ამეშალა თმა, გულმა იგრძნო, რომ ჩემს თავს მოელოდა რაღაცა უბედურება.

მეორე დღეს ბატონმა დაიბარა დედაჩემი და უბრძანა, რომ მოვემზადებინეთ მე და ჩემი და იმ მღვდლის გასაყოლად.

— რადა, შენი ჭირიმე?

— რადა? გავყიდე და იმიტომ!

რასაკვირველია, ეს გამჟღავნება მე მივიღე ისე, ვითომც მცოდნოდა და შევჩვეოდე იმ აზრს და, რაკი აღარ გამიკვირდა, დედაჩემმაც არ დაიწყო ტირილი, მხოლოდ შებარბაცდა ცოტად და მე დამიჭირა თავი და გულზე მიმიკრა. ხელებზე შევატყე, რომ ჰქონდა ცივი ყინულივით და უკანკალებდნენ.

შემდგომ რამოდენიმე წუთისა, დედაჩემი დაემხო მიწაზე და დაუწყო ხვეწნა ბატონს, ისე, როგორც შეუძლია ხვეწნა დედას, რომელსაც საუკუნოდ ართმევენ შვილსა. ბატონმა უბრძანა ბიჭებს, რომ გაეგდოთ ის კარში. დედაჩემი ადგა და გამოვიდა, მხოლოდ ჰკითხა ბატონს, საროდისოდ მოვემზადებინეთ. ბატონმა უბრძანა, სახვალიოდო.

იმ ღამეს, შუაღამისას, როდესაც ყველამ დაიძინა, დედაჩემი ადგა, გამაღვიძა და შემდგომ დარიგებისა — სად მომეცადა, გამგზავნა კარში, ცოტახანს უკან გამოვიდა ჩემთან დედაჩემი დით.

— აბა, ახლა, შვილებო, ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ გზას — გვითხრა დედაჩემმა, გადაგვწერა პირჯვარი და გაგვიძღვა წინ.

ღამე იყო შემოდგომისა, ბურუსიანი და ბნელი. დედაჩემმა იფიქრა, თუ საძებნად გამოგვიდგებოდნენ, მოგვძებნიდნენ უფრო უალაგო-ალაგას ტყეში, და ამიტომ დაადგა ქალაქის გზას და იმაზე წამოგვიყვანა. რომ ირიჟრაჟა, ჩამოვედით ღართისკარის ჭალაში. აქ დედაჩემმა აგვსვა ჩვენ ერთ დიდ მუხაზე, რომელიც სხვებზე უფრო იყო შემოსილი ფოთოლით და გვითხრა, რომ ვყოფილიყავით იქ ჩუმად. მთელი დღე გავატარეთ იქ და რომ დაღამდა, ჩამოვედით და წამოვედით ქალაქში.

შემდგომ მე მიკვირდა, რატომ ბატონი არ გამოგვიდგა მეთქი, და ანდა დედაჩემმა ქალაქისკენ რად წამოგვიყვანა და არა ფშავისაკენ, სადაც დედაჩემს ჰყავდა დედის ძმები; მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბატონი მართლა გამოგვდგომოდა საძებრად მეძებრებით და ვეძებნეთ ფშავის გზაზე. დედაჩემი მიხვდა, რომ ასე იქნებოდა და ამიტომ წამოგვიყვანა ქალაქს.

ქალაქს რომ ჩამოვედით, ერთი კვირა ისე გაგვიძნელდა ცხოვრება, რომ კინაღამ შიმშილით დავიხოცენით. სოფლიდან რაც ხორაგი წამოვიღეთ, ის მესამე დღეს გამოგველია და მერე თუმცა მათხოვრობა დავიწყეთ, მაგრამ არავინ არა მოგვცა-რა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათხოვრობასაც თავისი ოსტატობა უნდა, რომ შეაბრალო თავი, რომელიც ჩვენ არ გვქონდა და მეორე— არა გვქონდა იმისთანა ნაკლულოვანება სხეულისა, რომ შევბრალებოდით ხალხს. მაგრამ განგება ღვთისა არსად აგდებს კაცს უნუგეშოდ. ერთი კვირის უკან დედაჩემმა დაგვაყენა ერთ ბერძენთან მოჯამაგირედ, თითონ კი დაიჭირა კლდის უბანში ერთი პაწაწა ოთახი და დაიწყო პურის მცხობლობა. დამავიწყდა მეთქვა, დედაჩემმა დაირქვა სომხობა და სუყველას სახელები გამოგვიცვალა: თვითონ დაირქვა მათუა, მე დამარქვა კარაპეტა და ჩემს დას— შუშანა. ასე გავატარეთ დრო თითქმის ხუთი წელიწადი. ჩემი და გაიზარდა და მივათხოვეთ სომეხს, ჩვენც დავდიოდით სომხის საყდარში, მაგრამ არც მე და არც დედაჩემი არა ვზიარებულვართ იმ ხუთ წელიწადში, იმიტომ, რომ სომხის საყდარში არ გვაზიარებდნენ, როცა შეიტყობდნენ, ქართველები ვიყავით; ქართულ ეკლესიაში კი ვერ ვბედავდით ზიარებას, იმიტომ, რომ გამოჩენისა გვეშინოდა. ერთხელ, მარიამობის მარხვაში, დედაჩემი ატყდა თუ არ ვეზიარე, არ იქნებაო. მე ვთხოვე რომ მღვდლისათვის არ ეთქვა სრულებით თავის ჩამომავლობა. დედამ მომცა პირობა, მაგრამ, ეტყობა, სინდისს ძლიერ შეეწუხებია, რომ ვერ გაეძლო და ეთქვა სულ ყველაფერი. იმავე დღეს, როცა თქვა აღსარება, ვიღაც კაცები დაგვესხნენ, შეგვიკრეს ხელები და გაგვიგდეს წინ.

რომ მივყავდით, საწყალ დედაჩემს რცხვენოდა ჩემი და თვალებით მეხვეწებოდა, რომ მიმეტევებია იმისთვის ეს შეცდომა. საწყალი დედა!!

ბატონთან რომ მიგვიყვანეს, იმან შემდგომ სხვათა და სხვათა სასტიკთა ტანჯვათა, უბრძანა ბიჭებს, რომ შევებით გუთანში ისე, როგორც აბამენ ხარებს. ხარის უღელი დაგვადგეს კისერზე, მაგრამ ეს სასჯელი ბატონმა პოვა მსუბუქად იმიტომ, რომ გუთანში ხარები დადიოდნენ ძლიერ ნელა და ვერ დავიღლებოდით და იმისთვის მეორე დღეს შეგვაბა კევრში. კევრზე დაჯდა თითონ და გვერეკებოდა. ცოტაც რომ დამდგარვიყავით ამოსუნთქვისათვის, მაშინვე გველოდა სახრე. კარგა მოგეხსენება, რამდენი სირბილი შეუძლია კაცს უმეტესად ისე დასუსტებულს, როგორც იყო დედაჩემი. თითქმის ათჯერ შემოურბინა კალოს ისე, რომ ერთი ჩივილიც არ ამოსვლია პირიდან. მეთერთმეტედ რომ უნდა დაგვეწყო შემოვლა, დედაჩემი უეცრად წაიქცა და მოკვდა. საწყალს დედაჩემს არც დააცალეს მშვიდად მომკვდარიყო. ბატონს ეგონა, რომ ატყუებდა იმას და ამიტომ სახრით დაუწყო ცემა, რომ აეყენებია და ასე სახრის ქვეშ ამოხდა სული.

— გამოუშვით, ბიჭებო, ეგეცა, ხომ ხედავთ, ამხანაგი აღარა ჰყავს,— უთხრა ბიჭებს ბატონმა ჩემზე.

ბიჭებმა გამომიშვეს. საღამოზე მომცა საშინელი სიცხე, შუაღამემდის ვიწვალე საშინლად. მე მეგონა ცოცხალი ჩამაგდეს ჯოჯოხეთში მეთქი. შემდგომ შუაღამისა-კი აღარა მახსოვს-რა. გავმხდარიყავ ავად შავი საოფლით. ჯერ ისე ავად რომ ვყოფილიყავ, ვინ იყო ჩემი პატრონი, ვის შესტკიოდა ჩემთვის გული, რომ საოფლეში, ამ საშინელ შესაყარ ავადმყოფობაში, ვინმე მომკარებოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ, მხოლოდ სამ კვირას უკან მოვედი გრძნობაზე. ერთმა რეგვენმა დედაკაცმა, რომელსაც არ ესმოდა არც სიცოცხლე, არც სიკვდილი და არც ავადმყოფობა და, რომელიც თურმე მივლიდა მე ავადმყოფობაში, შემატყობინა, რომ ჩემს გარდა კიდევ ბევრნი სხვებიც იყვნენ ჩემსავით ავად. ამ ავადმყოფობით ჩემი ბატონის სახლში მოკვდა სამი კაცი, იმათში ერია ერთი პირმშო შვილი ჩემი ბატონისა.

გავიდა სამი წელიწადი ჩემი მოყვანის შემდეგ. ბატონიც შემირიგდა, ვგონებ იმიტომ, რომ ჰპოვა ჩემში სასარგებლო ნივთი, და რა უნდა მოგახსენო: ეძებდა ჩემში ერთგულებას და დარწმუნებული იყო, რომ მე ვიყავი მისი ერთგული! ხა! ხა! ხა! ერთგულებას ეძებდა იმაში, რომელსაც დედა მოუკლა უღელში... საკვირველნი არიან, შენმა გაზრდამ, მაგგვარნი კაცნი.

მე შემისრულდა ოცდა სამი წელიწადი. ამ დროს ქალბატონს ჰყავდა ერთი გოგო, სახელად ნატო. წაბლისფერი გრძელი თმა, ბამბასავით თეთრი პირისახე, ცოტათი მსხვილი ტუჩები, მშვენიერი თეთრი კბილები, ტანი შუათანაზე უფრო დაბალი და წვრილი. ნატო იყო მართლა და ლამაზი, მაგრამ რა იყო იმაში უფრო მშვენიერი, — ეს იმის თვალები, არ ვიცი, როგორ გამოვსახო ის თვალები. შენ სხვაგან სადმე რომ ყოფილხარ დიდხანს და რომ მოსულხარ, შეგინიშნავს, როგორ უყურებია შენთვის დედაშენს?

— მე დედა არ მახსოვს, — უპასუხა დურმიშხანმა.

— ჰო, უკაცრავად, დამავიწყდა. ნატოს თვალები იყურებოდნენ ისე. ის თვალები იყვნენ ცისფერი და ისე სავსე საიდუმლოთი, როგორადაც ცა. ის თვალები რომ შემოგხედავდნენ, თითქოს გიყვავებდნენ, თითქო გთხოვდნენ შეწყალებას. თითქო გეუბნებოდნენ: ახ, რა კარგი კაცი ხარ. მე ვიყავ, ნატო რომ მიყურებდა ხოლმე, სწორედ კატის მდგომარეობაში, როდესაც იმას უსომენ ზურგზე ხელს. როცა ის მიყურებდა ხოლმე, ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ იმას ეყურებინა დიდხანს, მაგრამ ნატო არ იყო იმისთანა, რომ სულ ყველასათვის ეყურებინა სხვა გომბიოსავით. მე დარწმუნებული ვარ, ბუნება შეცდენილიყო, რომ ის დაიბადა მოსამსახურედ, ჩვენი ქალბატონი კი — ქალბატონად.

ერთხელ მე და ნატო ერთად ვიყავით ქალბატონის ოთახში. ქალბატონმა, რაღაცაზედ გაჯავრებულმა, ნატოს უბრძანა მოეტანა რაღაცა. ნატო გაიქცა მოსატანად, მაგრამ ის ნივთი ვერ იპოვნა დროზე.

— ოჰ, შე მამაძაღლო! ოჰ, შე უნამუსო! — შეუტია ქალბატონმა ნატოს, რომ მოვიდა, — ნეტავი საჭმელი იყოს, რომ ჩქარა იპოვნო. რაზე ვეჭმევი ამ აზარქალებს, რაზე ვაჭლექებინებ თავს! გაგყიდი, შე უნამუსო, აღარ შემიძლიან შენი გაძლება!

— ქალბატონო, მაპატივე, შენი ჭირიმე. დროზე ვერ ვიპოვე, ბატონის მზემ.

— შეხე, შეხე, ამ უნამუსოს, როცა ტყუილად უნდა დაიფიცოს, მაშინვე ბატონს მივარდება ხოლმე.

— არა, ღმერთმანი...— და ტირილით ვეღარ დაასრულა სიტყვა.

მე ვეღარ შევძელ ყურება და გამოველ კარში. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა კარში ნატოც.

— ნატო, ძალიან გაწუხებს ქალბატონი?— ვკითხე დაღონებით.

— ისე, რომ ლამის თავი მოვიკლა,— მიპასუხა მან და დაიწყო ისევ ტირილი.

— ნუ ტირი, ნატო, ღმერთი მოწყალეა, რაც გინდოდეს ხოლმე, მე მომკითხე: როგორც შევიძლებ და რითაც, შეგეწევი. ამის შემდეგ შენ და, მე — ძმა, მეც შენისთანა ობოლი და უპატრონო ვარ.

უნდა გენახა, რომ რა მადლობის თვალებით შემომხედა მაშინ ნატომ.

— ჩემო ძმაო! — მითხრა ნატომ, გამომართვა ხელი, მაკოცა და შევარდა შინ გაწითლებული.

მე გული ისე არ შემიკრთა, როგორც შეუკრთება ხოლმე დის კოცნაზე. იმ წლოვანებაში, რომელშიაც მე და ნატო ვიყავით, ყოველივე დაძმობილება გარეშე პირთა დასრულდება ხოლმე ცოლ-ქმრობით, თუ არამ დაუშალა.

შენთვის საჭირო არ არის მოგახსენო ყოველივე ბოდვა სიყვარულისა, და სწორე მოგახსენო, ეხლა ვერც-კი შევიძლებ მოგონებას.

კარგა ხანი რომ გავიდა ჩვენი შეყვარებისა, ერთხელ მოვახელე დრო და ვთხოვე ბატონს ჯვარისწერის ნება.

— რას მიჰქარავ, ბიჭო? ჯვარის დაწერა კი არა, მამა გიცხონდა!

— შენი ჭირიმე, ბატონო!

— ვიზე უნდა დაიწერო ჯვარი?

— იმას არა გთხოვ, შენი ჭირიმე! — შენი ქალბატონის გოგოზე.

— ქალბატონის გოგოზე?

— დიახ.

— დიახ! — გამაჯავრა მე ბატონმა. — დიახ, თითქო არ იყვნენ სხვა გოგოები, რომ შინაურები არ მოძებნო?

— რა ვქნა, შენი ჭირიმე, ეს მომეწონა და.

— რაო? მოგეწონა? მოგეწონა, თითქოს ბატონისშვილი იყო! სხვა არა მოგეწონა რა, მამა გიცხონდა?!

— ბატონო!..

— წადი დაიკარგე. არ შეიძლება! მოსამსახურეს შინიდან არ გავუშვებ და არც შენ მოგცემ ნებას, შინ მინდიხარ!

რას ვიტყოდი? შენი მტერი იყოს ისე, როგორც მე გამოვედი ბატონის ოთახიდან. ნატო თურმე კარში იდგა და მიცდიდა, რა ამბავს გამოვიტანდი. გამოსული რომ დამინახა, აღარც კი მათქმევინა, დაიწყო ტირილი.

შემდეგ ეს ჩემი ლაპარაკი, რომლიდანაც მოველოდი ბედნიერებას, გახდა წყაროდ ჩემი უბედურებისა. აი, როგორ: ჩემს ბატონს აქამდის ხეირიანად არც-კი შეეხედა ნატოსათვის და თვითონ ნატოც თურმე ერიდებოდა იმას, მაგრამ მე რომ ვთხოვე იმაზე ჯვარისწერა, მაშინ გაესინჯა და მოსწონებოდა.

ერთხელ ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ მომეხდინა ნატოზე ჯვარისწერა. უეცრად მომვარდა ნატო და ჩამომეკიდა ყელზე.

— ნოდარ, შენი ღვთის გულისათვის, მიშველე, რა ვქნა, ჩვენი ბატონი როგორღაც მიყურებს, თითქო მეარშიყება. ისეთი თვალებით მიყურებს ხოლმე, რომ საშინელია. რა ვქნა, მითხარი?

ამ სიტყვებმა მე თმა ამიშალეს და სისხლი მომიყვანეს ყელში.

— თავი მოარიდე, ნუ შეხვდები ხოლმე, — ვუთხარი მე.

— ეგ მეც ვიცი, უწინ დღე დამელიოს, სანამ მე მისი აშიკობა მივიღო, მაგრამ მერმე რა ვქნა?

— ღმერთი გვასწავლის მერმე.

ამავე დღეს ბატონს გაემეორებინა ნატოსათვის აშიკობა. ნატოს, რასაკვირველია, იმისათვის არ მიეცა პასუხი. გავიდა სამი კვირა და ბატონს აღარა უთქვამს რა ნატოსთვის.

სამი კვირის შემდეგ დამიბარა ბატონმა, მომცა ერთი წიგნი და მიბრძანა წაღება იმისი ქალაქს, ერთს მის მოკეთესთან და იქიდან მოტანა იმ წიგნის პასუხისა. მე გამოვართვი ის წიგნი და წავედი ქალაქს. იმ წიგნში თურმე სწერდა ბატონი, რომ მე დავეჭირეთ ქალაქში სამი კვირა. სამი კვირა რომ გავიდა, წამიკითხეს წიგნი და მითხრეს, რომ წავსულიყავ სოფელში. მე მაშინვე შევიტყე, რისთვისაც იყო ეს საქმე მოხდენილი. როგორც-კი მივედი სოფლის ბოლოს, შემხვდა ერთი ბებერი დედაკაცი.

— დედაშვილობას, მითხარი, ჩვენი გოგო რასა იქს?— ვკითხე იმას.

— ეჰ, შვილო, ნუ მკითხავ. შენი მტერი იყოს, ის რომ არის!

— რა ამბავია, მითხარი ჩქარა, დედაშვილობას?! — შეკრთომით ვუთხარი მე.

— რა ამბავია, შვილო... ჩვენი ბატონი გააშიკებოდა იმას და იმ წაწყმენდილს დაყოლებით რომ ვერა ექნა-რა, ძალა ეხმარა და შიშით, თურმე, უნდოდა შეეყვარებინა თავი. საწყალს ქალს ჯერ კი ეთმინა, მაგრამ შემდეგ მოთმინებიდან გამოსულიყო და წყალში ჩავარდნილიყო. აი, ნაოზას თავში იპოვნეს თურმე საცოდავი.

მე ვეღარ გავიგონე უკანასკნელი სიტყვები, გაცხარებული მივვარდი ბატონთან.

— ბიჭო, რა ამბავია?— დაიძახა იმან, — ეშმაკს გიგავს ეგ სახე!

— არაფერი! სად არის ნატუა?

— ეშმაკმა იცის შენი თავი! სულ შენი საქმეა, შე ძაღლის შვილო, უთუოდ...

მე აღარ დავასრულებინე სიტყვა და მივვარდი ხანჯლით.

— რას შვრები, შე მამაძაღლო? მიშველეთ, მომკლა! — დაიკივლა ბატონმა.

ეს იყო იმის უკანასკნელი სიტყვა. შემდეგ დაიწყო სასიკვდილოდ ხრიალი. ბატონის შეკივლებაზე გამოვარდა ქალბატონი და, ეს ამბავი რომ დაინახა, შეჰკივლა და შევარდა თავის ოთახში. იმის ხმამ მომაგონა, რომ კიდევ მყავდა ჯავრის ამოსაყრელნი პირნი, გამოვუდეგ იმას. ოთახში რომ შევვარდი, დავინახე რომ ქალბატონი გადახვეოდა შვილს და იფარავდა.

— ნოდარ-ჯან, მე მომკალ, ჩემს გიგოს ნუ მომიკლავ, არა დაუშავებია-რა შენთვის! — მითხრა ქალბატონმა ხვეწნით.

მაგრამ მე არ მესმოდა იმათი ხვეწნა. სისხლისაგან გაგიჟებულმა მე დავაკალ დედას შვილი. შემდეგ გამოვვარდი კარში, შევჯექი ცხენზე და გამოვიქეცი. საღამოზე დამეწია მდევარი და, რასაკვირველია, არა თუ იმათგანმა დამიჭირა ვინმემ, ან მოინდომა მოკვლა, არამედ თვითონვე მასწავლეს, რომ გადავვარდნილიყავ ახალციხისაკენ. მე მართლა დავიჯერე იმათი დარიგება და მესამე დღეს მივედი ახალციხეს. აქ მაშინვე გამოვცხადდი მუფტისთან და მოვახსენე სურვილი მათი სჯულის მიღებისა. მეორე დღეს დიდის ამბით მივიღე თათრობა, ვგმე ქრისტე. აქ ოსმალოს დიდკაცებმა დამაჯილდოვეს, მირჩიეს სტამბოლში წასვლა და იანიჩარის ჯარში გამწესება. მე წავედი და გავმწესდი. უნდა მოგახსენო, რომ იქ ჩემი გარეგანი ცხოვრება იყო ძლიერ კარგად, მაგრამ რა სრულდებოდა ჩემს გულში, ის უწყოდა მხოლოდ ღმერთმა.

მოკვლა უბრალო ყმაწვილისა, და უმეტესად გადადგომა ქრისტიანობისა არ მაძლევდნენ მოსვენებას და არც ახლა მასვენებენ. მხიარულობაში, ძილში, ომში, ან თუ საცა გინდა, ყველგან სისხლში შესვრილი ყმაწვილი მიდგას წინ და მეუბნება სალმობით:

— მე რა დაგიშავე, რად მომკალ?

რამდენჯერ ვეძიე ომში სიკვდილი, რამდენჯერ გიჟივით გადავვარდი გაცხარებულ ომში, რომ ჩქარა გავშორებულიყავ ცხოვრებას, მაგრამ მტრის ტყვია არ მპოულობდა მე, და სიკვდილის მაგიერ გამივარდა მამაცობის და გულადობის ხმა და იმან მაშოვნინა ასისთაობა. მაგრამ ამის შემდეგაც არ დამიმშვიდდა სინდისი. შემდეგ, იმ ფიქრით, რომ გამექარვებია ეს აზრები, დავიწყე ვაჭრობა, მოვიგე ფული, მაგრამ ჩემი სინდისი მაინც არ დამშვიდდა.

— ღმერთო! მომეტევება როდისმე ჩემი შეცოდებანი? — თქვა ჩუმად ჩაფიქრებულმა და თვითონვე დაატანა, — საიდუმლო ხმა მეუბნება, რომ არაო.

— ღმერთი მრავალმოწყალეა, — უთხრა დურმიშხანმა, — მე გამიგონია, რომ არ არის ცოდვა, რომელიც არ მიეტევოს, თუ წმინდა გულით მოინანიებსო.

— არა, ჩემთვის არ არის მოტევება, — ჩაფიქრებით თქვა ოსმან-აღამ, — არა ჩანს მოტევება.

— სასოწარკვეთილებას ნუ მისცემ თავსა, ღმერთი მრავალმოწყალეა, — გაუმეორა დურმიშხანმა.

— ეჰ, გვეყოფა! უკაცრავად, მოგაწყინე თავი, — დაღონებულის ღიმილით უთხრა ოსმან-აღამ და უბრძანა ბიჭებს ცხენების მომზადება.

— შენც ჩვენთან წამოხვალ, ვგონებ?— ჰკითხა დურმიშხანსა, — გზაზე მოვილაპარაკებთ შენს მომავალ ცხოვრებაზე.

— გეახლები.

— რამდენიმე წუთის შემდეგ შესხდნენ ცხენებზე და გასწიეს. ჭირი იქ დავაგდე, ლხინი აქ მოვიტანე.

— ოჰ ეგ შენ არ უნდა გეთქვა! — უთხრეს ალექსის, რომ გაათავა.

— მაშ, ვის უნდა ეთქვა?

— კნიაზ-ლიბერალს.

კნიაზ-ლიბერალს ვეძახდით კნიაზ ლ. დ-სა, იმიტომ, რომ დიდი გულმოდგინებით სურდა ყმების განთავისუფლება და ყოველსავე ამბავს ბატონ-ყმობაზე შეიტყობდა ხოლმე სულ ყველაზე წინ.

— ხვალ თქვას იმან.

— ხვალ კნიაზ ლიბერალმა... კნიაზ-ლიბერალო, მოემზადე, მაგრამ მაღალ ფრაზებს-კი თავი დაანებე.

— თქვენ გამოჯავრებულ ბატონყმობაზე სულ არას ვიტყვი, — სთქვა კნიაზ ლიბერალმა.

IV

— ნათლიმამ, გაბედე-მეთქი, გაბედე!

— ჰმ, ჰმ, დედაკაცო, გადააბრუნე ე მწვადი, სულ დაწვი!

— კარგი, სიტყვა ბანზედ ნუ ააგდე, შენ გეუბნები!

— რასა, შენი ჭირიმე?

— გაბედე მეთქი, ჩემი ნათლულის გათხოვება.

— აკი ვბედავ, თუ მთხოვა ვინმემ.

— აი, მეც მოციქული.

— არა, შენი ჭირიმე, მე იმას ვერ მივცემ!

— რატომ?

— რა ვიცი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ... ეჰ, ბევრი მიზეზია, რატომაც არა.

— მაინც რა არის, ვითომ ბიჭი არ ვარგა?

— ბიჭი კარგია, მაგრამ...

— დაანებე თავი მაგ მაგრამებს.

— მაგრამ უთვისტომოა.

ამ სიტყვებზე პირველი მოლაპარაკე დაიღრიჯა ისე, თითქოს უჩხვლიტა რამემო.

— რა უშავს, რომ უთვისტომოა, ამიტომ კაი ბიჭი არ არის? ჯერ ორი წელიწადია, რაც ჩემთან არის და ას თუმნამდის ფული იშოვნა, კარგი არ არის?

— კარგია, მაგრამ მე, ხომ იცი, იმ ქალის მეტი არა მყავს რა, მინდა რომ ერთ ხეირიანს მივსცე ვისმე.

— ვინ არის შენში ხეირიანი?

— ვისაც ღმერთი მომცემს. მე მინდა ერთ საწყალ აზნაურს მივსცე ვისმე.

აქ პირველი მოლაპარაკე ისევ დაიღრიჯა ისე, თითქოს გულიდან მოსწყვიტეს რამეო.

— ახლა რა არის, რომ აზნაური არ იყოს?

— აზნაური სხვა რამ არის, ჩემო ნათლია. ერთი გოგო-ბიჭი მაინც ეყოლება მოსამსახურე. წყალს მაინც თითონ არ მოიტანს, პურს მაინც თითონ არ გამოაცხობს.

— განა იმისი ცოლი კი გამოაცხობს პურს? განა ამას კი არ შეუძლიან, რომ იყოლიოს გოგო-ბიჭები?

— რატომ, მაგრამ მან ფული უნდა აძლიოს, აზნაურს თავისი ეყოლება.

— თუ აგრეა, ხვალვე ვუყიდი ყმებს! მერე ხომ მისცემ?

— არ ვიცი, უმოკეთოა, ნათლიავ, უმოკეთო! მეც ოჯახის შვილი ვარ, მტერი მყავს და მოკეთე, მინდა იმათში თავი გამოვიჩინო სიძითაც და მოკეთითაც.

— სულ ტყუილია, ჩემო ნათლიმამ. ასეთ ქორწილს ვუზამ, რომ პირველ თავადიშვილს არ ჰქონდეს.

— რა გამოვა იმითი?

— ის გამოვა, რომ იმ დროებით შენ მტერს იმით თვალებს დავუყენებ, მერე დურმიშხანი ისევ დაიწყებს ვაჭრობას, მოიგებს ფულს და ხომ იცი, ფულს რა შეუძლია?

— ფული გვარიშვილობას ვერ გამოუცვლის.

— მართალია, მაგრამ რომ ის გვარიშვილები დაჰნატროდნენ იმას, ის გვარიშვილები, რომ თავზე ადგნენ იმას, რომ იმათ ასესხოს ფული?

— ოჰ, შენ შენი მოყე! ახლა ვინღა გელაპარაკება.

— ვტყუი თუ?

— არ ტყუი, მაგრამ რომ ისეთი იყოს, როგორც შენ ამბობ, შენ დურმიშხანს უნდა ჰქონდეს ბევრი, ასი თუმანი.

— ექნება.

— საიდან?

— თავისი ვაჟკაცობით... და მე ვიცი რითაც. მე მივსცემ ჩემი ქონების ნახევარს!

— რადა?

— ის მე ვიცი! აკი გეუბნები, რომ უნდა შევუდგე ღმერთსა: იქნება კიდევ მეღირსოს მოტევება.

— ოჰ, მოყევ კიდევ; როდის დაანებებ შენ ბოდვას თავს?

— როცა მოვკვდები.

— კარგი, მამა ნუ წაგიწყდება, მაგისთანა ლაპარაკს თავი დაანებე.

— მაინც რას მეტყვი?

— მერე, მერე! ჯერ ვახშამი ვჭამოთ. სუფრა გაშალეთ. ვინა ხართ მანდა! — დაუძახა მეორე ოთახში.

— ეგ “მერე”, ეს ერთი წელიწადია მესმის შენგან.

— რა ვქნა, შენი ჭირიმე, ჩემო ნათლია, ვერ გამიბედავს და რა წყალში ჩავვარდე?!

ასე ლაპარაკობდნენ ორი ხნოვანი კაცი სურამში, ქრისტეშობის ღამეს, მჯდომი ქართული დარბაზის კერის პირას. პირველი ამათგანი იყო, თუ იცანით, ჩვენი ნაცნობი ოსმან-აღა, რომელმაც შემდგომ შეხვედრისა დურმიშხანთან ის დაიჭირა მოჯამაგირედ და იხმარებდა ვაჭრობაში, მეორე იყო სურამის მცხოვრები გლეხი, სახელად... მაგრამ რად გინდათ სახელი.

დასხდნენ ვახშამზე. პირველად დაჯდა ჩვენი უსახელო, მერმე იმის მეუღლე, შემდეგ იმისი ქალი და უკანასკნელად ოსმან-აღა.

— აბა, ნათლულო, არ გათხოვდები?

— კარგი, ნათლიას მზემ, დამეხსენ, — და, მორცხვობით დაიხედა ძირს.

— მტყუანს რა ვუთხრა, რომ კიდეც გიამება ხოლმე, რომ გეტყვი!

— კარგი, თორემ წავალ, აი! — უთხრა ქალმა და დაჰკრა ხელი მუხლზე.

— რა საქმრო გიშოვე, რომ იცოდე?

— თვალი იმასაც დაუდგება, მე ქმარი არ მინდა!

— რატომ, ქალო?

— არა და იმიტომ.

— მაინც, მოლოზნად ხომ არ უნდა წახვიდე?

— არა.

— მაშ, ქმარი არ გინდა?

— არ მინდა, მე დედასთან უნდა ვიყო.

— მაშ, შინ უნდა დაბერდე?

— ჰო.

— ნუ, მამაშვილობას, აგრე ნუ გაწყრები! — ღიმილით უთხრა ოსმან-აღამ.

— მაშ, ნუ მეუბნები ხოლმე შენც და არც მე გეტყვი.

— ოჰ, ვიცი: მამაშენმა რომ გაგათხოვოს, კი არ გათხოვდები, მაგრამ მე რომ გიშოვნო საქმრო, იმას კი შეირთავ განა?

— არა!

— ახლა რა არი, შენი არა და არა?

— დურმიშხან, აქ მოდი! — დაუძახა მეორე ოთახში.

დურმიშხანი შემოვიდა.

— გადახტი, აკოცე ჩემს ნათლულს და ხელზე რომ ბეჭედი გაქვს, მიეცი ნიშნად! — უთხრა ოსმან-აღამ დურმიშხანს ყურში. დურმიშხანი გადახტა, აკოცა ქალს და მისცა ბეჭედი. ქალმა შეჰკივლა, წამოხტა სუფრიდან და გავარდა კარში.

— უი, დამიდგა თვალები! ეგ რა ქენით! — თქვა დედამ, შეხედა ოდნავ ღიმილით და ტუჩებზე მიიდო თითები.

მამამ შეხედა ოსმან-აღას გაჯავრებით და დაინახა იმის თვალებზე ორი ცრემლი. საწყალს, იმას მოაგონდა, რომ იმისთვისაც შეიძლებოდა ამგვარი ბედნიერება თავის ნატოსთან.

— რას შვრები, კაცო? ტირი? ეს რა მიყავი: რაზე შემარცხვინე? გამხილებს შენვე სინდისი თუ არა?

— არა, ნათლიმამ, ეს სხვა ცრემლი იყო. დაუძახე ჩემს ნათლულს, გამოვიდეს. მომილოცავს სიძე! მოდი, დურმიშხან, დაჯექი, ახლავე გამოვა შენი დანიშნულიც.

— მაშ აღარ ხუმრობთ, — თქვა მამამ ღიმილით.

— რაღა ხუმრობაა! თუ კაცი ხარ, ახლაც ნუ მოგვცემ შენს ქალს! ღმერთმანი გავალ და მთელ სოფელში თავს მოგჭრი.

— მართლაც, დედაკაცო, ტყუილი-ღა არის, წადი, შემოიყვანე შენ შენი პატარძალი.

— აგრე უეცრად როგორ იქნება? აკი გითხარი, ცოტა დამაცადე-მეთქი.

— კეთილ საქმეს ცდა არ უნდა, — უპასუხა ოსმან-აღამ.

რამდენიმე ხნის შემდეგ შემოიყვანეს ქალი და მოუსვეს დურმიშხანს გვერდით.

— ეჰ, ასე ჩქარა არ მინდოდა, მაგრამ რაკი მოხდა, რაღა გაეწყობა. ღმერთმა დაგლოცოთ, შვილებო, და მე მაღირსოს გახარება თქვენი ბედნიერებით! — უთხრა იმათ ქალის მამამ.

— ადექით, ხელზე აკოცეთ! — ასწავლა ოსმან-აღამ.

ახალი დანიშნულები ადგნენ და ხელზე აკოცეს, როგორც ქალის მშობლებს, აგრეთვე ოსმან-აღას.

— ღმერთმა გაკურთხოთ, შვილ... — ვეღარ დაასრულა და გადმოსცვივდა ცრემლები ოსმან-აღას.

მეორე დილას აღარ იყო სურამის გარშემო სოფელი, რომელშიაც დიდი და პატარა არ ლაპარაკობდა ამ ამბავს. კიდევ გამოვიდა ცოტა ხანი და ისევ სოფლელები შეიყარნენ დურმიშხანის ქორწილში და, აი, დურმიშხანი დგას ეკლესიაში ღვთის ტაძრის წინ და აძლევს პირობას თავის მეუღლეს სიკვდილამდის სიყვარულისას, მაგრამ უყვარდა იმას თავისი დანიშნული? არა, იმას არ უყვარდა არც ეხლანდელი თავისი დანიშნული, არც გულისვარდი და არც ოსმან-აღა, ღირსი სიყვარულისა იმ კეთილისათვის, რომელიც უყო მან დურმიშხანს. იმას უყვარდა მხოლოდ სიმდიდრე და თავის პატივი და იმათ მოპოვებას შესწირა ყოველივე კეთილი გრძნობა გულისა. რად უნდა იმას სიყვარული, როდესაც აუსრულდება თავისი ოცნება, ის იქნება მდიდარი, პატივცემული და დამოუკიდებელი. რა ფასითა ყიდულობდა ამ სიკეთეს, იმას არ ჰქონდა საჭიროება გამოკითხვისა. და აი, სიმდიდრისთვის მამაკაცი ყიდის თავს, როგორც ერთი კურტიზანკთაგანი. საწყალი ოსმან-აღა! იმან მისცა დურმიშხანს ნახევარი თავის ქონება იმ აზრით, რომ ის ერთხელ მოიგონებდა იმას და აუნთებდა ღმერთს სანთელს იმის ცოდვების შესამსუბუქებლად და იმის საფლავზე ჩამოაგდებდა ერთს ერთგულ ცრემლს. საწყალო ოსმან-აღა! რა მწარედ მოტყუვდი შენს ფიქრებში!

ოსმან-აღამ ორი თვე დააცალა დურმიშხანს და შემდეგ წაიყვანა სტამბოლში თავის ქონების ჩასაბარებლად. რომ მივიდნენ სტამბოლში, ოსმან-აღამ თავის ნახევარი ქონება მართლა მისცა დურმიშხანს, მეორე ნახევარი კი შესწირა ეკლესიას, თვითონ კი შემდგომ დალოცვისა პატრიარქისაგან, ცხადად აღიარა ქრისტე. მოგეხსენებათ, რა წვალებას მიიღებდა ის მაჰმადიანთაგან? იმ აზრით, რომ როგორმე მოექციათ ისევ მაჰმადიანთა სჯულზე, ოსმალთ მოლებმა იხმარეს ყოველი შესაძლო მათგან ცბიერება, მაგრამ, რომ სიკეთით ვერ შეიძლეს იმისი მოქცევა, მერე ძალა იხმარეს და ამისათვის მოღალეს იმაზე სხვადასხვა ტანჯვანი, მაგრამ ამითაც რომ ვერას გახდნენ, შემდეგ კრეს შაყა, ესე იგი გაჭრეს შუაზე. დურმიშხანი კი იმ დროს, როდესაც იმას აწვალებდნენ და შემდეგ ისე საშინლად მოკლეს, არ ფიქრობდა არც ერთს ღონისძიებას იმის შველისათვის და შემდეგ სიკვდილისა იმდენი ვერ შესძლო, რომ გამოეთხოვა სტამბოლის მართებლობისათვის იმის დამარხვის ნება. საწყალი ოსმან-აღას გვამი ეგდო რამდენიმე ხანი სტამბოლის ქუჩაში, სანამ შეწუხებული სუნით არ მოიგონეს იმის ზღვაში გადაგდება. და სად ჰქონდა დურმიშხანს დრო ქალაჩუნასავით ტირილისა ან რბენისა ეკლესიაში ოსმან-აღას სულის გასასვენებლად! იმ დროს, როდესაც ოსმან-აღას აგდებდნენ ზღვაში, ის იდგა ბოსფორის პირზე და ელოდა გემს ყირიმიდან საქუდე კალმუხის ტყავებით, დაკვეთილს ოსმან-აღასაგან. იდგა და ფიქრობდა, გაყიდვით სად უფრო მოიგებდა, იქვე, თუ უკეთუ წამოიღებდა საქართველოში.

— ჯერ აქ ვივაჭრებ, — თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ, — მერე წავალ საქართველოში.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ — დურმიშხანი დარჩა მართლა სტამბოლში რვა თვე და ისე გაერთო ვაჭრობაში, რომ არც ერთხელ არ მოაგონდა ცოლი და არ შეატყობინა, რომ კიდევ იყო ცოცხალი. რვა თვის შემდეგ დურმიშხანმა მთელი ქარავანი სხვადასხვა ფარჩისა წამოიღო სტამბოლიდან და წამოვიდა შინ. ცოლმა დაახვედრა მშვენიერი ვაჟი... საწყალ ქალს ეგონა, რომ იმით გაახარებდა დურმიშხანს; ის მოეხვეოდა და აკოცებდა ტკბილად ვაჟის დედას, მაგრამ დაჰხედა ყმაწვილს, გაიღიმა და ჰკითხა დედას:

— ჯერ ხომ არ მოგინათლავთ?

— არა, მაგრამ ჩვენებიანთ გოგია მთხოვს, მე მოვნათლავო, — უპასუხა ცოლმა.

— გოგია კი არა, მოგია არ გინდა! უთხარი, რომ თავადისშვილს უნდა მოვანათვლინო-თქო.

— თავადიშვილი რაღა არის, ის გოგია უფრო მოკეთობას არ გვიზამს?

— შენ რა იცი, რაც არის? შენ შენი საქმე იცოდე! შენ ჩემ კითხვაში ნუ შემოდიხარ!

— მაინც კი ვიტყვი, რომ ჩვენ თავადიშვილი მოკეთეობას ვერ გვიზამს.

— რა იცი შენ? ერთხელ რომ დიდმა თავადმა დაგიძახოს ნათლი-დედა, ერთხელ რომ მისმა ცოლმა გამოგარჩიოს სხვა დედაკაცებში და მოგიკითხოს, აბა მითხარი რად ღირს, ჰა?.. შემდეგ გაიზრდება შენი შვილი, ვინ იცის, როგორ უპატრონოს. შენ რა იცი, დედაკაცო! — და დურმიშხანი დაფიქრდა და წარმოიდგინა, როგორ გაზრდიდა შვილს. აი, ხედავს, რომ ის ზის ცხენზე, ახლავს თავის ნათლიას. დიდ მოედანზე გდია დიდი ქვა და იმაზე დგას ვერცხლის თასი. აი, გამოაჭენა ერთმა თავადიშვილმა ცხენი, წამოიგდო თოფი, ესროლა თასს, მაგრამ ააცდინა; აი, გამოდის მეორე, ოჰ, იმანაც ვერ მოარტყა. აქ მოაჭენებს ცხენს იმისი შვილი, კოხტად გადმოიგდო თოფი, ესროლა და გადააგდო თასი. კითხულობენ: ვინ არის ეს ყმაწვილი, თითონ მეფე იკითხავს იმის დედ-მამას და გამოჩნდება, რომ ის არის დურმიშხან წამალაძის შვილი. რა ბედნიერი იქნება მაშინ დურმიშხანი. ან აი იმისი შვილი, ჯერ ჭაბუკი, შევიდა ბერად. შეხეთ რა მშვენიერი ანგელოზივით სახე აქვს, ყური დაუგდეთ, რა მშვენიერი ტკბილი ხმით კითხულობს მარხვანს, შეხედეთ, ამ კითხვაზე როგორ გასწირეს თავ-სული მლოცველთა, ხოლო აქა-იქ ისმის ბერების ქვითქვითი. აი, ერთხელ იმისი ნათლია შეხვდა კათალიკოზს და თავის ნათლულის კითხვას აქებს იმასთან, აი, შენიშნა კათალიკოზმა, წაიყვანა თავისთან, აკურთხა იღუმენად, არქიმანდრიტად და ეპისკოპოზად. აი, დურმიშხანის შვილი, ეპისკოპოზი, ზის ცხენზე და წინ მიუძღვის დროშას და მოყავს საეკლესიო ჯარი ბატონის მოსაშველებლად. კითხულობენ: ვინ არის ეს ახალგაზრდა ეპისკოპოზი. დურმიშხან სოვდაგრის შვილი. ოჰ! რა ბედნიერი იქნება მაშინ დურმიშხანი, ვინ იცის, იქნება კათალიკოზადაც გახდეს. ოჰ! მაშინ კი დურმიშხანი აღარ დაუკრავდა თავს არც ერთს თავადს.

მეორე დღეს სურამში აღარ იყო თონე, რომელშიაც არ ცხვებოდა პური და ნაზუქი დურმიშხანის შვილის ნათლობისათვის. მართლა-და საგანგებო ნათლობა რამ, თურმე, გააკეთა. თავის დღეში რაც რამ კი ენახა ჩვენს საქართველოში, თუ თათრებში, ყველა მოამზადებინა და თითქმის დღის სავალზე აღარ იყო სოფელი, რომლიდანაც დიდი და პატარა არ მოეპატიჟნა. ყმაწვილი მონათლა თავადმა ქაიხოსრო აბაშიძემ, რომელიც იმ დროს იყო იმ მხარეს — და დაანათლა ერთი კომლი კაცი. ნაცვლად ამისა, მკლავის ძღვნად გაუგზავნა დურმიშხანმა ერთი უმშვენიერესი არაბული ცხენი, აკიდებული სხვადასხვა ძვირფასი ფარჩებით.

სწორედ ამ დროს იყო დაწერილი ის წიგნი, რომელიც წაიკითხა საწყალმა გულისვარდმა.

მართლა, გულისვარდი! ის კი დაგვავიწყდა! ახლავე მოგახსენებთ იმის ისტორიასაც. დაეხსენ, გაიზარდოს მანამ ზურაბი, ეს სახელი დაარქვეს დურმიშხანის შვილს. დაეხსენ, გაიზარდოს; ჩვენ კიდევ შევხვდებით იმას, როდესაც ის იქნება მშვენიერი ყმაწვილი კაცი, სიამპარტავნე მამისა, ნუგეში დედისა და ოცნება ბევრი ლამაზი ქალისა.
 
V

ავლაბარში, სუფ-კარაპეტის ეკლესიის აღმოსავლეთის მხრით ზედ გორაზე, იმ დროს, როდესაც ხდებოდა ეს საქმეები, რომელთაც ახლა მე მოგახსენებთ, — თქვა მორიგემ, — იდგა მხოლოდ ერთ ოთახიანი იაქათიღის სახლი, რომელსაც ჰქონდა ორი ფანჯარა და-სავლეთისაკენ, მაგრამ იქიდან არა მოჩანდა რა, იმიტომ, რომ ის ფანჯრები იყვნენ გაკრულნი ზეთწასმული ქაღალდით. ეს სახლი, ცოტა რომ მიელაგ-მოელაგებია კაცს გარედან: ქაღალდის მაგიერ ჩაესვათ მინები ფანჯრებში და გაელესათ, იქნებოდა სასიამოვნო შესახედი, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით იცქირებოდა დაღონებით.

იყო იანვრის დილა, ქროდა ქარი და წუწუნით აყრიდა ნამქერს ფანჯრებს. იმ სახლში მცხოვრებნი, ორი ქვრივი დედაკაცი, ის იყო ამდგარიყვნენ და ერთი გვიდა სახლს, მეორეს კი წამოესხა სინჯაფის ქათიბი, ქურაში შეეყო ფეხები და თბებოდა. პირველი იყო კარგა მოხუცებული, თითქმის სამოცდაათი წლისა და წლოვანობით ცოტა მოხრილიყო ტანში, მაგრამ პირისახეზე ჩანდა, რომ თავის დროზე ყოფილიყო არა უვარგისი. მეორე იყო, ასე ოცდათხუთმეტ წლამდე: ცოტა დიდი ცხვირი, ხმელი პირისახე, წვრილი, თითქოს დასცინიან ვისმე, იმისთანა ტუჩები, თვალები შავი, მაგრამ იმისთანას შემოგხედავდა, იტყოდი, რომ ეს დედაკაცი ჩემ სულსაც კი ხედავსო, ეტყობოდა, რომ ის არ ეკუთვნოდა იმგვარ ქალთა, რომელნიც თავის ცხოვრებაში არ გაირჯებიან არც ერთი საგნის განსასჯელად.

— არა, დედიჯან, მე აღარ შემიძლია ეს, რაც გინდა მიყავ, ისევ სხვა ხელობას დავიწყებ, — უთხრა უმცროსმა ქალმა მოხუცებულსა.

— რატომ, შვილო, რა არის?

— რა არის და, ბევრჯელ ისე შევწუხდები ხოლმე, რომ არ ვიცი რა ვქნა.

— რისგან, შვილო?

— იმისაგან, რომ ადამიანი მოდის, მართლა საჭიროება აქვს, ტირის, გეხვეწება, გაფიცებს, რომ მართალი უთხრა და შენ-კი უნდადაიწყო, ეშმაკმა იცის რა?

— რა ვქნათ, შვილო, ჩვენი მამა-პაპაც ეგრე ყოფილა და ჩვენც ეგრე უნდა ვიყოთ.

— აი, ახლა იმ საწყალ გოგოს მივეცი პირობა, ხვალ მოდი და ხვალ გეტყვი-მეთქი, რაც უნდა ვქნა, ამაღამ სიზმარში ვნახავ-მეთქი, მაგრამ მე წუხელი სიზმარი სრულებით არ მინახავს, ის კი ახლა მოვა, აბა რა უნდა ვუთხრა?

— ვინ გოგო, მე არ მახსოვს?

— აი, ერთი ლამაზ-ლამაზი გოგო არ მოვიდა, რომ ტიროდა კიდეცა.

— ჰო, მე კარში გავედი მაშინ. მერმე რა იყო?

— საშინელი ტირილით მითხრა, რომ დანიშნულმა მომატყუაო.

ჯერ მე შემიყვარა და მერე სხვაზე დაიწერა ჯვარიო.

— ახლა რა ვუყოთ? ცოტა მოხდება ხოლმე მაგისთანა მაგალითები.

— იმას ჰგონია, რომ ის იყოს პირველი მაგის მაგალითი. — დაღონებული თქვა უმცროსმა.

— მერე რა მინდაო?

— გინდა თუ არა, ერთი იმნაირი რამე მასწავლე, რომ მეც ისე მოვუკლა იმას გული, როგორც იმან მომიკლაო.

— შენმა მზემ, ვერას ეტყოდი, გიჟივით ტირილს დაიწყებდი იმასთან.

— არა, თუმცა მომდიოდა ტირილი, მაგრამ მაინც კიდევ გავუშალე ქერი და ვუთხარი, რომ გორიჯვარის და არბოს წმინდა გიორგი ელოცა და ისინი დასჯიდნენ იმის ორგულს.

— ცოტა შორს უნდა გაგეგზავნა, უნდა გეთქვა სპას-ანგელოზი, ან ლომისა, ან ლაშარის ჯვარი, ისე, რომ ასრულება გაძნელებულიყო.

— რას ბრძანებ, იქაც არ მიდის! ჩემსა და ღმერთ შუა ერთი აღარა არის-რაო, მე იმისთანა რამე მასწავლე, რომ ეშმაკის ძალით ასრულდესო...

— მერმე რა უთხარი შენ?

— რას ვეტყოდი: ვუთხარი, დღეს მოსულიყო და აი, საცაა, მოვა და არ ვიცი, რა ვუთხრა.

— მაშ, როცა მოვიდეს, უთხარი, დედა გიკითხავს-თქო.

იმ დროს, როდესაც ესენი ასე ლაპარაკობდნენ, გულისვარდი დაეთხოვა თავის ქალბატონს და წამოვიდა ამათთან. ეს იყო იმის მეორე დღეს, როდესაც შეიტყო დურმიშხანის დაქორწინება.

გულისვარდმა გაყინული ხელებით დააკაკუნა კარები.

— ვინა ხარ? მოდი!

— უკაცრავად, შეგაწუხეთ, უდროოდ გიახელი, — თქვა გულისვარდმა, როცა შევიდა შინ.

— არაფერი, შვილო, არა უშავს-რა, მოდი, გათბი, მოდი ქურასთან, — უთხრა უფროსმა დედაკაცმა.

გულისვარდი მივიდა, გაიხადა ქოშები, ავიდა ტახტზე, ასწია საბანი და მიუჯდა ქურას.

— აი, დედავ, ის ქალი, წუხელ რომ გითხარი, — უთხრა უმცროსმა ქალმა დედას, გულისვარდი რომ გათბა მაშინ.

მოხუცებულმა დაათვალიერა გულისვარდი.

— იმ უღმერთოს, შენზე ლამაზი ვინღა უნდოდა, მზის უნახავს არ იშოვნიდა.

გულისვარდმა მორცხვად დაღუნა თავი და თვალები აევსო ცრემლებით.

— ნუ წუხარ, შვილო, — უთხრა იმავე დედაკაცმა, — ნუ წუხარ, შენ არა ხარ მაგისი პირველი მაგალითი.

— ჰო, შენ არა ხარ პირველი მაგალითი, — დაუმატა უმცროსმაც ნაღვლიანად.

— ახლა რა გინდა, შვილო? — ჰკითხა უფროსმა.

— შენ ქალს ჰკითხე, რაც მანდა.

— ასწავლე იმისთანა რამე, რომ შური იძიოს.

— შურისძიება ცოდვა არის, შვილო. ღმერთზე მიანდე, ღმერთი ილოცე, რომ იმან გადაუხადოს მაგიერი.

— არა, დედი, მე თითონ უნდა გადავუხადო მაგიერი, გადავუხადო ისე, რომ იცოდეს, ის მე ვიყავი და არა სხვა ვინმე.

— მაშ, რა ვქნათ, შვილო? აი, რას გეტყვი: ჯერჯერობით არ შეიძლება გადახდა, უნდა მოიცადო კარგა ხანი.

— რამდენი გნებავთ, თუნდაც სიკვდილამდის, ოღონდ-კი ბოლოს მოვუკლა იმას გული.

— მაშ, იცი რას გეტყვი?

— მიბრძანეთ.

— ისწავლე მკითხაობა, როდესაც ყოველივე მკითხაობის საიდუმლოებას შეისწავლი, მაშინ შენ თითონ მოიგონებ, რაგვარადაც დასაჯო შენი მტერი. გინდა?

— მინდა! — ცოტა ხნის შემდეგ თქვა გულისვარდმა.

— არა, შვილო, ჯერ ეგრე ჩქარა პირობას ნუ მომცემ, ჯერ მოიფიქრე კარგა.

— ფიქრი აღარ უნდა! მე ერთხელ შევიძლებ დავსაჯო ჩემი გულის მომკვლელი, სხვა რაღა მინდა?

— იცი, შვილო, რას იწყებ? არა, აი, მე რა გითხრა: ახლანდელი დღით შენ ეყრები ქვეყანას. ამის შემდეგ გახდები კუდიანი, მკითხავი. ამის უკან ყველა დაგიწყებს შენ ყურებას არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც კაცსა და ეშმაკს შუასა. გიფიქრია ეს?

— მე ფიქრი აღარ მინდა!

— არა, ამაღამ კიდევ იფიქრე, თუ შეგიძლია, ღმერთსაც შეეხვეწე და ხვალ მათხარი, რასაც გადაწყვეტ, ახლა მშვიდობით.

ამ ლაპარაკის შემდეგ გულისვარდი გამოვიდა და წამოვიდა შინ.

— ეგღა გაკლდა, — უთხრა უმცროსმა ქალმა დედას დაყვედრებით, ვარდო რომ გამოვიდა კარში, — აბა, რაზე მოიხვიე თავზე სხვისი შვილი, რომ შენი თავის შენახვაც გიძნელდება?

— რა ვქნა, შვილო! მე მეგონა, რომ ჩვენი ხელობა შეაშინებდა და დაანებებდა თავს განზრახვას. ჩანს, რომ არა ხუმრობს საწყალი.

— ახლა რაღას იქ? ხომ ნახე, რომ მე არა მგავს.

— შენ რა? ის რაღა კარგს შვრება, ხორცით დაღუპულმა, სულიც უნდა დაღუპოს.

— მაინც კიდევ ბარაქალა, ქალო, თუ დაღუპა, ისე მაინც, რომ უმტროს თავის მტერს!

— ახლა რით უნდა უმტროს ვითომ, თუ გინდ ჩვენი ხელობა ისწავლოს?

— მაშ, არას ასწავლი?

— არა. მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში დაავიწყდეს თავისი განზრახვა და გახდეს ისევ პატიოსან დედაკაცად. ამით დავიხსნით ჩვენ ქრისტიანის სულს ჯოჯოხეთიდან და ეგებ იმისათვის ღმერთმა დაგვიმადლოს.

— რომ არა ქნას და მოინდომოს სწავლა?

— ვასწავლი, სულ ვასწავლი, რაც-კი ვიცი და მერე თითონ იცის, როგორ მოიხმარს ჩემს სწავლას. ამის გარდა, შვილო, რას გეტყვი! ეგ გოგო კიდეც გამოგვადგება ჩვენ, ხომ იცი, რომ თავადების გოგოა, ვისაც ჩვენ დავჭირდებით, მოასწავლის ჩვენთან და იმით ერთ ლუკმა პურს ვიშოვნით.

სანამ ესენი ამას ლაპარაკობდნენ, გულისვარდი მივიდა შინ, შევიდა ქალბატონთან და სთხოვა განთავისუფლება.

— რათა, გოგო, განა შეგძულდი? — ჰკითხა ქალბატონმა.

— არა, ქალბატონო, ღმერთმანი, არა, — უპასუხა ვარდომ არევით.

— მაშ, რისთვის მანებებ თავს? ხომ არავინ არას გაწუხებს, ჩემო ვარდო? მითხარი, შვილო.

— არა, მაგრამ...

— მაგრამ რაღა არის, მითხარი ჩქარა, რად გინდა განთავისუფლება?

— იქნება უფრო კარგმა კაცმა მითხოვოსო, — უნდა ეთქვა გულისვარდს, მაგრამ ტირილში ვერ გამოეთქვა.

— რაო, რაო, გოგო?

— იქნება უფრო კარგმა კაცმა შემირთოს. — განუმეორა გულისვარდმა.

— ოჰ, თუ აგრეა, ხვალვე თავისუფალი იქნები. მაგისათვის რას ტირი, ტუტუცო? ამაღამ ბატონი რომ მოვა, ვეტყვი და ხვალვე წიგნს დავაწერინებ! სად უნდა იცხოვრო?

— ჩემ დეიდასთან.

საწყალმა გულისვარდმა ამითი დაიწყო ტყუილის ლაპარაკი. აქამდის არც ერთხელ არ ეთქვა განზრახვით ტყუილი.

მეორე დღეს განთავისუფლებული გულისვარდი მიადგა ჩვენს ნაცნობს კარს ავლაბარში და დაუწყო კაკუნი. შიგნიდან ხმამ შეიპატიჟა.

ნუ შეხვალ, საწყალო გულისვარდო, დაიწერე პირჯვარი, ახსენე ღმერთი, შეაფურთხე ეშმაკს და გაბრუნდი უკან!

არ ესმის! შევიდა საწყალი გულისვარდი!

— რაო, შვილო, მოიფიქრე? — ჰკითხა მოხუცებულმა დედაკაცმა, რომ შევიდა გულისვარდი.

— მოვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უნდა ვისწავლო, — უპასუხა გულისვარდმა.

— ბარაქალა, ქალო, მე არ მგვანებიხარ,— უთხრა უმცროსმა.

— ეს რაღა კარგს შვრება, ყმაწვილები ხართ ჯერ თქვენ, ორივე, საწყლებო, სისხლი გიდუღთ — უპასუხა მოხუცმა.

— კარგი, შვილო, — მიუბრუნდა გულისვარდს,— თუ არ დაგიშლია, გადმოდი ჩვენთან. ღმერთმა ქნას, რომ არ ინანო ეს შენი განზრახვა.

— ხვალვე გადმოვიტან ჩემს ბარგს! — უპასუხა გულისვარდმა.

ამის შემდეგ მთელი ერთი წელიწადი იმსახურეს ამ მკითხავებმა გულისვარდი, მაგრამ მკითხაობისა არა ასწავლეს რა.

— ყმაწვილია, ქარი გაუა თავიდან და მერმე კიდეც დამიმადლებს, რომ არ გავრიე ჩვენს ცოდვაში, — ამბობდა მოხუცებული, მაგრამ იმ ერთი წელიწადის შემდეგაც არ ჩანდა ცვლილება გულისვარდის განზრახვაში.

ამ ერთი წელიწადის შემდეგ მოკვდა მოხუცებული მკითხავი და უმცროსი დარწმუნდა, რომ გულისვარდის დათხოვა ამის შემდგომ აღარ შეიძლებოდა და ამისთვის, რაც კი რამ საიდუმლოება იცოდა მკითხაობისა, სულ ყველა ასწავლა და მიაჩემა კითხვა ყოველთათვის, ვინც კი მივიდოდა საკითხავად. არ გასულა დიდი ხანი, რომ დაბალ ხალხში დაიწყეს ლაპარაკი ვარდუას მკითხაობაზე და აუარებელმა ხალხმა დაიწყო დენა საკითხავად.

ათ წელიწადს შემდეგ გულისვარდი, აჩრდილი უწინდელი გულისვარდისა, დაჭმუჭნული და გამხდარი პირისახით, იჯდა ორსართულიან ძვირფასი ხალებით მორთულ სახლში და უკითხავდა რამდენიმე პირს. რამოდენიმე ქართველი და კახელი თავადისშვილი, მოსულნი მხოლოდ იმისთვის, რომ ეკითხებინათ ვარდუასათვის ისხდნენ მეორე ოთახში და ელოდებოდნენ რიგს.

— მე აქ ვერ გეტყვით, რაც მინდა,— უთხრა ერთმა გასათხოვარმა თავადისშვილის ქალმა, რომ შევიდა ვარდოსთან და გაწითლებულმა დაღუნა თავი.

— მიბრძანდი მაგ მეორე ოთახში, ეხლავ გიახლები.

ქალი გავიდა.

— რა ვქნა, დედიჯან, არ ვიცი, როგორ შეგატყობინო მე ჩემი მწუხარება, — უთხრა იმან ვარდუას, რომ შევიდა.

— რატომ, შვილო, რა არის იმისთანა?

— შენ ვერ გაიგებ ჩემ მწუხარებას. ჩემ მწუხარებას იგრძნობს მხოლოდ ის, ვისაც თითონ გამოუცდია, მაგრამ შენ... შენ იყურები ისე, რომ შენ არ იცი, რა არის სიყვარული.

— სიყვარული? ოჰ, მე მაგისი არა ვიცი რა, მე სიყვარულისა არა ვიცი რა, არაფერი, — სთქვა ვარდომ სიჩქარით და დაღონებით.

— აკი გითხარი? მე თუ არა მიშველე რა, მოვკვდები... მიშველე რამე, დედი, შენი ღვთის გულისათვის, — გულამომჯდარმა უთხრა, ქალი მისწვდა და აკოცა ხელზე.

— ვინ არის შენი შეყვარებული?

ქალმა უთხრა.

— ნუ ტირი, ღმერთი მოწყალეა, მოვახერხებთ როგორმე, შეგიყვარებს შენ შენი საყვარელი, მაგრამ ქორწილში კი უნდა დამპატიჟო.

— ოჰ, უთუოდ, ღმერთს გეფიცები, ოღონდ კი ნეტავი ამისრულო და!

გულისვარდმა აასრულა იმ ქალის თხოვნა ერთ კვირას უკან უთილისმოდ.

— აბა, მიკითხე, ჩემო ვარდო, ჩემი ალექსანდრე რასა იქს? ერთი თვეა, წიგნი არ მომსვლია, — ეუბნებოდა ვარდუას უწინდელი იმისი ქალბატონი, რომელმაც, შემდგომ ვარდოს ხელობის შეტყობისა, არა თუ აიყარა სიყვარული, არამედ სიყვარულთან იგრძნო იმნაირი შიში იმისი, რანაირადაც ეშინოდა თავისი ქმრისა.

ვარდუამ გაშალა ქერი.

— ალექსანდრე, ქალბატონო, ახლა ცხენზე ზის და ჯირითობს. აი, მეფეც იქ არის და უყურებს ყმაწვილის ჯირითობას. აი, ალექსანდრემ გააჭენა ცხენი. ოჰ, ბარათაანთ თეიმურაზი გამოუდგა, ესროლა ჯირითი, ყოჩაღ ბატონო! ჯირითი დაიჭირა და გააბრუნა ცხენი. გააჭენე, თეიმურაზ, ცხენი, გააჭენე! მოვიდა, დაგეწია ბატონი! ოჰ, შიგ ბეჭებში არ მიარტყა საწყალს!.. აი, მეფემ აქო ალექსანდრე. ქალბატონო! უყურებ, მეფემ აქო ალექსანდრე, სხვა რაღა გინდა?

— არაფერი, შვილო, მადლობელი ვარ! — განცვიფრებულმა უთხრა ვარდოს.

მე აღარ შეგაწყენთ თავს გულისვარდის მკითხაობით. მოგახსენებთ მხოლოდ, რომ ვარდომ ამ დროს შეიტყო ბევრი იმისთანა, რაც იყო შესარცხვენელი კაცთა ჩამომავლობისათვის.

გავიდა კიდევ ათი წელიწადი, ათი წელიწადი, ხუმრობაა? ათი წელიწადი! ამ ათ წელიწადში დაიხოცნენ ბევრი მათგანი, ვისთანაც გვქონდა ჩვენ შემთხვევა გაცნობისა ამ მოთხრობაში, დარჩნენ მხოლოდ თავნი პირნი: დურმიშხანი თავის ცოლშვილით, ესე იგი, ერთი შვილით და ვარდო თავისი განთქმული მკითხაობით. დარჩნენ ისე, როგორც ორი ფალავანი შუა მოედანზე, მომზადებულნი საჭიდაოდ.

ვნახოთ, ვინ ვის მოერევა.
 
VI

აპრილის საღამოს, ის იყო, ჩავიდა მზე სურამის გორის იქით და იქიდან შადრევანივით ისროდა სხივთ, რომელნიცა ერეოდნენ რა ჰაერს, ხდიდნენ იმას ცეცხლის ალივით. ბუნება, გართული მზის სალამში, არც ერთი სიოთი არ შეარყევდა ფოთოლს. აქა-იქ მოდიოდა ჭიკჭიკი ყოველთვის მოუსვენართ მოჭიკჭიკეთა, რომელნიც ღამისთვის ეძებდნენ მოხერხებულ დასაჯდომსა და ამიტომ ერთმანეთს ართმევდნენ ალაგებს. მენახირეებმა, ის იყო, ტყიდან გამორეკეს ნახირი შოლტის ტლაშა-ტლუშით და სიმღერით მოერეკებოდნენ შინ. ნახირი მიდიოდა შინ გაჩქარებული, ჩუმად, მხოლოდ აქა-იქ კი შებღავლებდნენ ხოლმე დროითა და დროით ძროხები თავიანთ ხბორებს, მეტის-მეტი სიყვარული რომ მოაგონდებოდათ ხოლმე მაშინ. რამდენსამე დედაკაცს მხარზე ედგათ კოკები და დამწკრივებულნი მიეშურებოდნენ წყალზე დუმილით.

ამ დროს დურმიშხანის სახლის გვერდით მწვანე ხავერდივით მინდორზე ძვირფასი ხალი იყო გაშლილი და იმაზე იყო წამოწოლილი ჩვენი დურმიშხანი. ცოტათი მზისაგან გაშავებული და ხმელი პირისახე, აგრეთვე ძარღვიანი ხელები და სრულებით გამხდარი ტანი აჩვენებდნენ, რომ ის კაცი არ იყო შინჯდომის მოყვარე. ხოლო რამდენიმე ხაზი პირისახეზე, ჭაღარა თმაში და ულვაშებში უმოწმებდნენ, რომ ის არასოდეს არ ყოფილიყო უსაქმოდ და დაესვა იმაზე თავისი ბეჭედი. მაგრამ, რასაკვირველია, ესე ჩვენ ვხედავთ დურმიშხანს თითქმის ოცი წლის შემდეგ.

დურმიშხანმა, ის იყო, მოსწია ერთი ჩიბუხი მშვენიერი სტამბოლის თამბაქო, გადააგდო ჩიბუხი იქით, გადაბრუნდა გულაღმა და დაუწყო ყურება მოწმენდილ ფირუზივით ღია ლურჯ ცას. იმან უყურა, უყურა ცას და ჩაფიქრდა. იმას მოაგონდა თავის სიყმაწვილე, ის სიყმაწვილე, როდესაც დადიოდა კონკებში და ყველა მსახური სცემდა თავში, მოაგონდა შემდეგ პირველი გაცნობა გულისვარდისა, იმისი სიყვარული.

— რა ძრიელ უყვარდი საწყალს! — ფიქრობდა დურმიშხანი, — რო ის არა ყოფილიყო, ხომ არ გამანთავისუფლებდა ბატონი. რა კარგად მოვიქეც, რანაირად ვაჩვენე თავი, რო მითომ მიყვარდა, მაგრამ, ღმერთმანი, ღირდა სასიყვარულოთ, რამტენი ვატყუე საწყალი, რო მოვალ-მეთქი. მართლა, ფული რო დავპირდი უკანასკნელ წიგნში, რატომ არ გაუგზავნე? ეჰ, რათ უნდა ფული, ჩემთვის უფრო საჭიროა. ნეტა სად იქნება ეხლა საწყალი? ვინ იცის როგორ დაბერდა, როგორ გაფუჭდა! ნეტა მომიგონებს ხოლმე კიდევ? მომიგონებს კი არა და მგონია ერთმა ბიჭმა ვინმემ შეირთო და შვილებით აივსო. სად ეცლება ჩემ მოსაგონებლად... საწყალი ოსმან-აღა. აბა თუ ერთი ვაწირვინე იმისთვის, აბა თუ ერთი სანთელი აუნთე! სირცხვილი შენთვის, ჩემო თავო! იმ საწყალმა ნახევარი თავის ქონება მოგცა, იმისი წყალობით ხარ ასე ბედნიერი!.. რა ვქნა, ღმერთმანი, ფულები კი არა მშურს, მაგრამ მოცლა არ არის. რა უყო. ვვვ! რა საშინელი იყო საბრალო, მოსაკლავათ რო მიჰყვანდათ; რანაირად შემომხედა, თითქოს მეხვეწებოდა რასმე. რა იქნებოდა, რო დამემარხა? მე ჩემმა ღმერთმა, არ ვემართლები...

— მამა-ჩემს ვახლავარ, — უთხრა ერთმა ყმაწვილმა კაცმა, რომელიც ის იყო მოვიდა საიდღამაც და შორიახლო ჩამოხტა ცხენითგან.

— ოჰ, შვილო ზურაბ, შენ?! — წამოიძახა დურმიშხანმა, წამოხტა ყმაწვილივით და აკოცა პირზე. — რასა იქ, შვილო, ხო კარგათა ხარ?

— კარგათა ვარ, დედა სად არის?

— აქ არის. ჯერ არ გინახამს?

— არა, პირდაპირ შენთან მოვედი.

— ბარაქალა, შვილო. ყოველთვის წინ მამა უნდა გაახარო ხოლმე. სხვა, რა ანბავია, როგორ რასმე მოიარე, როგორ რასმე დახვალ ამხანაგებში?

— ნუღარ მეტყვი, მამავ, აღარ შემიძლიან ამ საშინელ ამპარტავან თავადებში ცხოვრება.

— რა არის, რას გიშლიან ისენი?

— რაღა რა არის? ხმას ამოიღებ, ან ხუმრობაში რაშიმე გავერევი იმათში, მაშინვე ჭირსავით მომშორდებიან ხოლმე და დაიწყებენ ბუტბუტს: “კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახარ-ნახირაო”.

— რატომაო? რითა გჯობნიან შენ ისინი: შეძლებით, სილამაზით, გაზრდილობით თუ ვაჟკაცობით?

— არც ერთით.

— მაშ, რა უნდათ? რითა გჯობიან?

— ჩამომავლობით.

— ჰმ, ჩამომავლობით... ჩამომავლობით. — ჩაფიქრებით გაიმეორა დურმიშხანმა, — აბა ჰკითხე იმათ მაგათგან თავის კაცობით ვინ იშოვნა ყმა და მამული? ვინ იშოვნა იმდენი ფული, რომ რომელიც უნდა თავადიშვილის მამული იყიდოს?

დურმიშხანი თავის გამდიდრებას აწერდა მხოლოდ თავის ვაჟკაცობას.

— მაგას არ ფიქრობენ, — უპასუხა ზურაბმა.

— შენი ვალია, რომ ჩააგონო. იმათი მამები არ არიან, რომ მეხვეწებიან ხოლმე შვილის მონათვლას, იმისათვის, რომ ელიან კარგს კუნკულას. როცა ფული სჭირდებათ, დაბლა მიკრავენ თავს?

მოიცადონ. შენ ეს მითხარი, მეფემ ვერსად შეგნიშნა?

— ვერსად. არსად არ მოხდა იმისთანა შემთხვევა, მაგრამ ეხლა რაღაცას იძახიან, ვითომ ომი იქნებაო, აბა, მაშინ შევიტყობთ, ვინ კუ ყოფილა და ვინ ლომი.

— შენ კი გენაცვალე, შვილო! იმედი მაქვს, შვილო, რომ მამაშენს არ შეარცხვენ, მაგრამ ეს რა სთქვი! ომი?! ვისთან უნდა იყოს ომი?..

— არ ვიცი; მგონია, რომ ოსმალოებთან უნდა იყოს, მაგრამ სწორედ არავინ იცის რა.

— ეგ ვერაფერი ამბავი მოიტანე, შვილო. ომი ვაჭრობის მტერია. უეცრად რომ ომი მოხდეს, დავიღუპებით.

— აი, აკი გითხარი, თითქო მე ვიყო ომის მიზეზი, იმნაირ საყვედურს მეუბნები.

— კარგი, კარგი, ბარაქალა! — და დურმიშხანი დაღონდა. დაინახა რა ეს ზურაბმა, გამოესალმა და წავიდა დედასთან. დურმიშხანმა რომ შეხედა მიმავალ ზურაბს და დაინახა მშვენიერი ვაჟკაცის ტანი, სიამპარტავნით გაიღიმა.

— რასაკვირველია შეიშურებენ ჩვენი თავადისშვილები, ვინ იქნება იმათში ჩემი ზურაბისთანა, — სთქვა სიამაყით დურმიშხანმა თავის გულში და შემდეგ დაიწყო ფიქრი თავის ვაჭრობის საქმეზე:

— ეს კი ავი ამბავი მომიტანა ჩემმა ბიჭუკამ! თუ ხვალვე არ მივეშველე ჩემ ქონებას, სულ დავიღუპები. აბა მაშინ ნახე, დურმიშხან, აზნაურიშვილობა!

მეორე დილით დურმიშხანი ადგა ადრე, გაიყოლა თავისი ოსმალოთაგანი სამი ბიჭი და გასწია სტამბოლისაკენ.

მიდის დურმიშხანი ქონების შესაძენად; ის კი არ იცის, რანაირი უბედურება გროვდება იმის თავზე.

ბევრი დრო აღარ გამოსულა დურმიშხანის წასვლის შემდეგ, რო მეფემ დაიბარა თავისი პირველი ვეზირი და უბრძანა საქართველოს სამძღვრების გასინჯვა ოსმალოს მხრისაკენ და, საცა საჭიროდ ჰპოვოს, ააშენოს ციხეები. ვეზირი წამოვიდა, გაშინჯა სამძღვრები და სხვათა შორის, ჰპოვა ციხის აშენების საჭიროება სურამში. მაშინვე საჩქაროდ მოაგროვეს მასალა, დასწვეს კირი და შეუდგნენ შენებას.

— აბა და ახლა თუ იქნება რამე, უთუოდ უნდა გამოვიჩინო თავი, — ჰსთქო ზურაბმა და ამ აზრით მიაშველა რამტენიმე ურემი.მაგრამ საკვირველი იყო, რამტენჯერაც აიტანეს ის ციხე ერთი ხუთიოდ ადლამდე, იმტენჯერ იჭექა და გასკდა შუაზე; რაღაც ავი სული უშლიდა იმ ციხის გაკეთებას. მღვდელს ახდევინეს პარაკლისი, მაგრამ მაინც კიდევ არ იქნა, მაინც კიდევ გასკდა კედელი. უკანასკნელ ყოველი ღონისძიება მოიხმარეს, მაგრამ არაფრით არა იქმნა რა; კედელმა თავისი არ დაიშალა. რა ქნან?

— მოდი ერთი მკითხავს ვაკითხვინოთ! — წამოიძახა ვიღაცამ.

— მკითხავს! მკითხავს! — დაიძახეს ყველამ, ვინც კი ახლდა ვეზირს.

მოახსენეს ეს აზრი ვეზირს. ვეზირმა მოიწონა, მაგრამ საქმე დადგა იმაზე, ვისთვისაც უნდა ეკითხვინებინათ, ვინ იყო იმისთანა განთქმული მკითხავი.

— ავლაბრელი ვარდუა! — წამოიძახეს რამტენთამე პირთა.

— საკვირველი რამ არის. ერთხელ ისეთი რამ მითხრა, რო ის საქმე მე და ღვთის მეტმა არავინ იცოდა, — ჰსთქო ერთმა.

— მეც, კაცო, — უპასუხა მეორემ.

— მეც, — დაიძახეს რამდენიმემ.

— ერთხელ ჩემი დედაკაცი ყოფილიყო და საკვირველ რამეებს მოთქვამდა, — დაასრულა ვეზირმა.

— მაშ მოდი და ჩავიდეს ვინმე საკითხავად. არა, ვეზირო? — ჰკითხა უფროსმა თავადიშვილმა.

— წავიდეს, წავიდეს! რაც ჩქარა იქნება, ისა სჯობია, — უბრძანა ვეზირმა.

მაშინვე ერთი ყმაწვილი თავადიშვილი შეჯდა ცხენზე და თავისი ბიჭებით წამოვიდა ვარდოსთან. ქალაქში რომ მოვიდა გულის ვარდთან, იმასთან პოვა რამდენიმე პირი, მოსული საკითხავად. ელჩმა გაყარ-გამოყარა ყველანი და მივიდა ვარდოსთან.

— რა გინდა, შვილო? — ჰკითხა ვარდომ.

— ვეზირისაგან ვარ გამოგზავნილი. მიკითხე ჩქარა.

— რაზე, შვილო, მითხარი!

ყმაწვილმა უთხრა, და რომ გაათავა და ჩაჩუმდა, ვარდოს მოუვიდა ღიმილი.

— აბა, ეხლა მოვიდა შენი დრო, ჩემო თავო, თუ რამე შეგიძლიან, — სთქვა ვარდომ თავის გულში და ჩაფიქრდა.

— ბევრს ნუ ფიქრობ, ჩემო ვარდუავ, ჩქარა მითხარი! — უთხრა ყმაწვილმა.

— არა, შვილო, სიჩქარით საქმე არ გაკეთდება და არც თუ ციხე აშენდება. ჯერ მითხარი...

— მკითხე ჩქარა რაც გინდა, — დააყოლა ყმაწვილმა.

— ჯერ მითხარი, სურამში ცხოვრობს ვინმე ვაჭარი დურმიშხანი?

— ცხოვრობს.

— შვილი რამე ჰყავს?

— როგორ არა, ერთი ჩემი ტოლი და ამხანაგი, მშვენიერი ყმაწვილი ზურაბი.

— კარგი! ახლა წადი და უთხარი ვეზირს, რომ თუ თითონ არ მოვიდა, კითხვა არ შეიძლება-თქო. უთხარი, რომ ვთხოვ მოვიდეს ჩემთან, თუ საქართველოსთვის კეთილი უნდა.

— რას მეუბნები, დედაკაცო?! მითხარი რამე, ისე ვერ წავალ.

— არა, შვილო, შენთვის არ იქნება თქმა. შენ დროს ნუ კარგავ, ჩქარა წადი. საქართველოს ბედი ახლა შენზეა დამოკიდებული, — და ყმაწვილი თითქმის ძალით გამოაგდო კარში.

— მაშ, რა ვქნა, რა ვუთხრა ვეზირს?

— უთხარი, რომ თითონ მოვიდეს. საჭირო არისთქო!

ყმაწვილი მაშინვე შეჯდა ცხენზე და გასწია უკან.

გულისვარდი ჩაფიქრებული შემოვიდა შინ და მლოდნელნი ყველანი დაითხოვა. უთხრა, რომ მისულიყვნენ ხვალ. იმავ დღეს გავარდა ქალაქში ხმა, რო ჯარიდგან მოვიდა კაცი ვარდოსთან საკითხავად და იმის შემდეგ ვარდუა დაჯავრიანდაო.

— აბა, ჩემო თავო, — ფიქრობდა ვარდო, — აბა, ეხლა მოვიდა დრო შენი შურისძიებისა... აბა, თუ შეგიძლიან რამე, ახლა შეგეტყობა. ჰოი, წყეულ იყავ, დურმიშხან! რისთვის დამღუპე მე საწყალი! რა გინდოდა ჩემგან, რა დაგიშავე, რისთვის ჩამაყენე ამ მდგომარეობაში?! საწყალო ჩემო თავო! დაღუპულო ხორცით, სულითაც უნდა დაიღუპო, — და დაიწყო საწყალმა ტირილი მწარეთ.— აი შე ლაჩარო, ჩემო თავო! შეგეშინდა? — ცოტა ხანს შემდეგ ისევ დაიწყო ლაპარაკი: — აბა, შენი გულის მკვლელი ჩაგივარდა ხელში, აბა, რა წვალებას მოუგონებ. იმის სიკვდილი? ცოტაა იმისთვის. დეე ეწვალოს ისე, როგორც მე ვეწვალე ამ ოც წელიწადში.

ვეზირს როგორც კი მოახსენეს ამ მკითხავის პასუხი, მაშინვე შეჯდა ცხენზე და შინაც აღარ მიბრუნდა, ისე პირდაპირ მივიდა ვარდუასთან.

— აბა, ჩემო საყვარელო, მიკითხე რა უნდა ვქნა?

— შენ ბრძანდები ვეზირი?— ჰკითხა იმას ვარდუამ.

— მე ვარ.

— აბა, თუ შენ ბრძანდები და პასუხის გებაც შენა გაქვს ბევრი. საწყალო ბატონო! რა ავ დროს გრგებია შენ ვეზირობა. ღმერთო! რას ვხედავ! წყეულნო უსჯულონო, სად მოდიხართ, რა გინდათ ჩვენი საწყალი საქართველოსაგან? ღმერთო! რა დავაშავეთ და შეგცოდეთ, რისთვისა გვსჯი ასე საშინლათ? ვაი, ვაი! რამტენი მოდიან! ღვთის მშობელო დედაო, შენ დაგვიხსენი. ღმერთო! ჰხოცენ, აი, დედებს ართმევენ შვილებს და ქათამივით ჰკვლენ, ნუ მისცემ, საწყალო ქალო! ნუ მისცემ შენ შვილს. ოჰ! წაართვა წყეულმა, უშველე, ბატონო, უშველე, თორემ დავიღუპებით!

— რა ვქნა, მითხარი!— ოცნებით უთხრა ვეზირმა.

— აი, ვხედავ, — განაგრძელა ვარდუამ: — უსჯულოთ ჯარი შემოეხვია ჭინჭველასავით სურამის ციხეს. ჩქარა, ჩქარა ააშენეთ, მხოლოდ ის დაიჭერს ჯარს. თუ რო ის არ არის, აქ მოვლენ. ღმერთო, რა მოგვივა მაშინ! შენი წვრილშვილი მაინც შეიბრალე, ბატონო, შენი წვრილშვილი, ნუ დაახოცინებ უსჯულოთ, — და ვარდუამ დაიწყო ტირილი.

მართლა ტიროდა თუ ტყულად, არ ვიცი. ოცდაერთ წელიწადში ისწავლა ისეთი აქტიორობა, რომ ღმერთმა შეარცხვინოს იმასთან ეხლანდელი განთქმული აქტიორები.

— რა ვქნა? რა უნდა ვქნა? მითხარი ჩქარა! — უთხრა ვეზირმა.

— უნდა როგორმე ააშენო სურამის ციხე.

— აკი ვაშენებ, მაგრამ გვექცევა და რა ვუყო?

— ამოყარე ის საძირკველი, რომელიც ჩაგიყრია, ორ ადლზე კიდევ მოთხარე, გაანათვლინე მღვდელს, მაგრამ... ამას რას ვხედავ? ღმერთო, შენ დამიხსენ! ბატონო! ჰოი, წყეული იყოს ის დღე, რა დღესაც მე მკითხაობა დავიწყე! ბატონო, ნუ გაიგონებ, რასაც გეტყვი. არა, გაიგონე, კარგა ყური დამიგდე, რასაც გეტყვი, საჭიროა, რომ იცოდე იმის ასრულებაზე ჰკიდია საქართველოს ხსნა, საქართველოს გამარჯვება!..

— მითხარი, შენი ღვთის გულისათვის, მითხარი ჩქარა!

— ციხეში, ხურდის მაგიერად, დედისერთა ვაჟი უნდა დაატანოთ: დურმიშხანის ვაჟი, ზურაბი.

— როგორ თუ ვაჟი? როგორ თუ ზურაბი? რას ამბობ, დედაკაცო?! — შეკრთომით ჰკითხა ვეზირმა.

— ზურაბი! დიახ, ზურაბი უნდა დაატანო კედელში! უიმისოდ კედელს ვერ ააშენებ! ჰოი, დედამიწავ, გასკდი და ჩამიტანე, რომ ამისთანა სიტყვა ჩემი პირიდან ამოვიდა! შე საწყალო დედაჩემო, რათა მშობე ქვეყნის საწყევად?!

— რად, დედავ, შენ რასაც ხედავ, იმას ამბობ, შენი რა ბრალია, — დაღონებით უთხრა ვეზირმა და საშინლად ჩაფიქრებული გამოვიდა იქიდან და, შინაც აღარ მიჰხედა, ისე წავიდა უკან.

— კარგს ძღვენს არ მიუტანს ჩემს დურმიშხანს ვეზირი! ნეტავი იკითხოს მაინც, ვინ გაუგზავნა, დეე გაიგოს, რაც შეუძლია საწყალ გოგოს. სუ, ჩემო გულო! ოცი წელიწადი მეტია ღმერთს გავეყარე, რას მაშინებ მე მაგითი!
 
VII

მიდის ჩვენი ვეზირი სურამს საშინელი ჩაფიქრებული და დაღონებული. მზე-კი მხიარულად იყურება, თითქო იცინის კაცის მწუხარებაზე. ვითომც არაფერი კავშირი არ აქვს კაცთა ცხოვრებასთან. ვეზირი რომ მივიდა სურამს, იმავე დღეს გასცა ბრძანება, რომ იმავე დღეს ძველი საძირკველი ყოფილიყო სულ ამოყრილი და საძირკველი ამოთხრილიყო კიდევ ორ ადლზე. ბრძანება, რასაკვირველია, მაშინვე აასრულეს და მეორე დღეს, შემდგომ პარაკლისის გადახდისა, ჩაყარეს ახალი საძირკველი და ამოიყვანეს მიწის პირდაპირ. საქმე მივიდა იქამდის, როცა ვეზირს უნდა გამოეცხადებინა უკანასკნელი რჩევა მკითხავისა.

ძნელია ოდესმე ვალდებულება უპირატესთა ამა ქვეყნისათა! რა სიხარულით დაუტოვებდა საწყალი ვეზირი თანამდებობას, ოღონდ-კი იმას ნუ გამოაცხადებინებდნენ და ნუ გარევდნენ ამ საშინელ საქმეში! მაგრამ რა ქნას? მამული არის განსაცდელში. ჩუმად უნდა იყოს გული, სჯობს ერთი მოკვდეს მამულისთვის, სანამ დაიხოცნენ ათასნი. ამ ფიქრებით გამაგრებულმა ვეზირმა დაუძახა ოსტატებს.

— რასაც გიბრძანებთ, თქვენ ბერო, უნდა აასრულოთ დაუყოვნებლად, — უთხრა იმათ, — ვინც ჩაფიქრდება, ან აუკანკალდება ხელი ასრულების დროს, ის მაშინვე ჩემი ბიჭებისაგან მოიკვლება. გესმით?

— გვესმის, შენი ჭირიმე, — უთხრეს ოსტატებმა.

— წადით ახლა ამის მეტი სათქმელი არა მაქვს რა. შენ კი, ბერო, აქ მომიცადე — უთხრა ვეზირმა ოსტატების უფროსს.

— მიბრძანე, შენი ჭირიმე.

— სასიამოვნოს არას გეტყვი, ჩემო ბერო, — უთხრა მას ვეზირმა — რაც უნდა გითხრა, ისე საშინელია, რომ ვერც-კი მითქვამს.

— რა ვუყოთ, შენი ჭირიმე! სასიამოვნოა თუ არა, მიბრძანე, შენი ჭირიმე, და თუ მისი ასრულება ჩემზე ჰკიდია, კარგად მოგეხსენება, რომ თავს არ დავზოგავ.

— კედელში ცოცხალი კაცი უნდა დავატანოთ! — სიჩქარით სთქვა ვეზირმა.

— ნუ მიბრძანებ, შენი ჭირიმე! — შეკრთომით წამოიძახა ბერომ.

— რა ვქნა, ძმაო, მამულის კეთილმდგომარეობა მოითხოვს ამ მსხვერპლს, უიმისოდ ციხეს ვერ ავაშენებთ. ერთი სიტყვით, მზად იყავი! ახლა-კი წადი.

— ღმერთო! ცოცხალი კაცი კედელში! — ჩაფიქრებით სთქვა ოსტატმა, გამოდიოდა რა ვეზირის ბინიდან.

ვეზირმა კი დაიბარა, ვინც თავადიშვილები იყვნენ და გამოუცხადა რა ყოველივე, იმათაც უბრძანა რამდენსამე, რომ იმათ მოეყვანათ საცა უნდოდა ზურაბი, ხელი ეტაცნათ, შეეკრათ და მიეცათ კალატოზებისათვის. ხოლო სხვებს უთხრა, რომ ამ დროს ჯარი მზად ყოფილიყო და შემოხვეოდა იმ ადგილს, სადაც მოხდებოდა ეს საქმე.

შემდგომ რამოდენიმე ხნისა, ზურაბი მკვდარივით ყვითილი, ხელებშეკრული იდგა კედელში და კალატოზები სიჩქარით აშენებდნენ იმის გარშემო კედელს.

— ღმერთო! რა დავაშავე, რისთვის მმარხავთ ცოცხალს, — დროით და დროით ამოიძახებდა ხოლმე ზურაბი დაოსებულის ხმით.

კეთილი თქვით, თორემ ავი ხმა ჩქარა გავარდება ხოლმე ქვეყანაზე. ზურაბი არ ამოეშენებიათ მუხლებამდის, რომ იმის დედა მორბოდა ციხისაკენ თმაგაშლილი.

— არიქა, მაგრა შეკარით; არ დაანახოთ საწყალ დედაკაცს! — დაუძახეს ჯარს.

— გამიშვით, თქვენი ღვთის გულისათვის, გამიშვით! შვილო ზურაბ, სადა ხარ? ვის რა დაუშავე, რას გემართლებიან, გენაცვალოს დედა! გამიშვით, ქრისტიანი ვინა ხართ, ჩემ შვილთან! იმასთან დამმარხეთ, იმასთან მომკალით!

— ნუ გეშინიან, დედა, არ მოკლავენ; გულადობაში უნდა გამოსცადონ! — უთხრა ერთმა ჯარისკაცთაგანმა დაღონებით.

— გამიშვით ჩემ შვილთან! გამიშვით ჩემ ზურაბთან! — იძახოდა ზურაბის დედა და მიიწევდა იმისაკენ.

ზურაბმა გაიგო დედის ხმა:

— მიშველე დედი! შენს ზურაბს ცოცხლად მარხავენ! — დაუძახა დედას ზურაბმა.

— შვილო ზურაბ, სადამდის?

— ვაიმე, დედავ, მხრებამდის! — უპასუხა ზურაბმა.

— კარგი! არ ეყოფა? არ შეიტყვეთ იმისი გულადობა? მომეცით შვილი, მომეცით ჩემი ზურაბი! შვილო ზურაბ, სადამდის?

— ვაიმე, დედავ, გავთავ...— აღარ დაასრულებინეს და მსწრაფლ დააყარეს რამდენიმე თაბახი კირი.

— ვაიმე! — შეჰკივლა ზურაბის დედამ და მკვდარივით დაეცა დედამიწაზე.

გულშეწუხებული წაიღეს საწყალი შინ და თითქმის გამოვიდა სამი საათი, რო ძლივს მოაბრუნეს გულწუხილიდგან.

— ახ, ნეტავი-კი მომაგონა! რაღაც დამავიწყდა, ქა! — ჰსთქო საწყალმა ზურაბის დედამ, გულწუხილიდგან რო მობრუნდა, და გაიღიმა ერთი იმ ღიმილით, რომელიც ტირილს უფრო მიემზგავსება, სანამ სიცილს. საცოდავი შესცდა ჭკუაზე.

— შე საწყალო, რაღა უნდა მოგაგონდეს, შენი ზურაბი ცოცხალი დამარხეს! — დაიწყო ერთმა მოხუცებულმა დედა-კაცმა და მოაძახა ტირილით.

— ახ, ნეტავი-კი მომაგონა! — ჰსთქო ზურაბის დედამ და თავისი ამღვრეული თვალებით უაზროდ შეხედა იმ მოხუცს.

ამ დროს დურმიშხანი მოდიოდა შინ ფრიად დაღონებული და გულშეკრული, თუმცა-კი არა ჰქონდა იმას სწორე მიზეზი ჭმუნვისა. სასარგებლოთ გაათავა თავისი ვაჭრობა, ჯიბე აივსო ფულით, მოდიოდა ცოლ-შვილში, რომელიც ძლიერ უყვარდა, უმეტესად შვილი. ვგონებ, რო არა ჰქონდა მიზეზი ჭმუნვისა, მაგრამ ამბობენ, გული მისანიაო.

დურმიშხანი რო მოახლოვდა სურამს და დაინახა სურამის ციხე თითქმის გათავებული, ჰსთქო თავის გულში:

— ეტყობა, აღარ ხუმრობენ, შენმა მზემ! შეხედეთ, რამოტენი ციხე აუშენებიათ, ეტყობა, რო საშინელი ომი უნდა იყოს. ახლა თუ გინდ მთა-მთას ეხალოს, მე ჩემი საქმე გავათავე. ნეტავ ვინ იქნება ამ ციხის კეთებაზე ზედამხედველი? ნეტა ზურაბმა დაჰპატიჟა? უნდა ეთხოვნა ჩვენსა დამდგარიყო, შემდეგ გამოადგებოდა, მაგრამ უჩემოთ ვერ გაბედამდა. ჯერ ყმაწვილია, არ იცის ანგარიში. ეხლა მე რო მივალ, ჩემ მისვლაზე გავაკეთებ სადილს, დავპატიჟებ და გავიცნობ, ვინც გინდა იყოს. ერთი კარგი სტამბოლური ნივთი რამ რო მივართო ფეშქაშათ, მაშინ ხო სულ დავავალებ.

ამ ფიქრებით დურმიშხანი მიადგა თავის სახლს. მოსამსახურეებმა და რამტენთამე კაცთა იმ სოფლის მცხოვრებთა დაღონებით მიიღეს ის. რა არის ეს? უწინ რო მოვიდოდა ხოლმე, სულ ყველანი, დიდი და პატარა, მოეგებებოდნენ იმას მხიარულათ; არ იცოდნენ, ვის ცხენი გამოერთო, ვინ მიშველებიყო ცხენითგან ჩამოსვლის დროს. ახლა-კი თუმცა მიეგებნენ, მაგრამ რა არის ეს კაეშანი? დურმიშხანმა რო დაინახა ეს, თავზარი დაეცა, ის დარწმუნდა, რო სახლში მომხდარიყო უბედურება რამე.

— რა ანბავია, ხომ მშვიდობაა შინ? — ჰკითხა იმან მომგებთა შეკრთომით. — ჩემი დედაკაცი სად არის?

— მიბძანდით შინ. შინ გახლამსთ! — უპასუხეს მათ დაღონებით.

დურმიშხანი შევიდა შინ. სახლში დედამიწაზე გაშლილ საფენზე იჯდა რამდენიმე მოხუცებული დედაკაცი შავებით და შუაში იჯდა დურმიშხანის ცოლი. უკანასკნელი იყო გართული რაღაც აზრში, ჩანდა, რომ ცდილობდა რისღაც მოგონებას. აქეთკენ იდგა მღვდელი ოლარით და ჯვრით.

დურმიშხანმა რომ დაინახა ყოველივე ეს, გახდა მკვდარივით, საშინელმა სიყვითლემ გადაჰკრა პირისახეზე და დასუსტებული მიეშო ტახტზე.

— რა არის ჩემს თავს? მითხარით ჩქარა! — წამოიძახა ტირილით. — მითხარით ჩქარა, ნუ მიკლავთ გულს!

იმას კიდევ რისღასიც იმედი ჰქონდა. როგორღაც დარწმუნებული იყო, რომ ეს უბედურება არ ეკუთნოდა იმის ზურაბს...

დედაკაცებმა უთხრეს ტირილით ყოველივე სიმართლე და დურმიშხანი იმ წუთს მოხუცდა თითქოს ათი წლით.

— დედაკაცო, რა უყავ შვილი? რა უყავ ჩემი ზურაბი? რატომ იმასთან არ მოკვდი, შენს საყვარელ ზურაბთან! ვაიმე, შვილო, ზურაბ! ჩემო იმედო, ჩემო სიცოცხლევ! იქნება ამხანაგებმა გიმტრეს, შვილო, შენ ისე სჯობდი იმათ, შვილო! რატომ არ უთხარი, რომ მოხუცებული მამაშენი მოეკლათ, შენთან რა უნდოდათ, ჩემო თვალის სინათლევ! ვაი, ჩემს დღეს!

— გამხნევდი, დურმიშხან,— დაიწყო დარიგება მღვდელმა, — შეხედე შენს მაცხოვარს, რამდენი ტანჯვა მიიღო შენთვის, მოიგონე, რომ არის სხვა სიცოცხლე, — სიცოცხლე საუკუნო, სადაც ნახავ და ყოველთვის ერთად იქნები შენს ზურაბთან.

— დედაკაცო! რა უყავ ჩემი ზურაბი? რატომ არ გაუფრთხილდი, მითხარი ჩქარა: სად არის ჩვენი ზურაბი? — ტირილით ჰკითხა ცოლს დურმიშხანმა და გამოსწია კაბის სახელო.

— ახ, ნეტავი მომაგონა! დამავიწყდა, რაღაც უნდა მეთქვა, — უპასუხა იმან და შეხედა თავის ამღვრეული თვალებით.

— ვაიმე, ოჯახო, დაქცეულო? — განაგრძობდა დურმიშხანი, — ეს რა მომსვლია! ვის რა ვაწყენინე, რატომ მე არ მომკლეს, რატომ მე არ წამართვეს ჩემი სიმდიდრე, იმან ვის რა დაუშავა, უმანკო მტრედმა. ვაიმე, შვილო ზურაბ! რად მოგადგა, შვილო, ეს დღე?! სწორე სიკვდილი არც კი გეღირსა, სწორე დამარხვა. ცოცხალი დაგმარხეს, შვილო? ვაიმე ჩემს სიცოცხლეს!

— კარგი, გეყოფა დურმიშხან, განა არ იცი, რომ მწუხარებით არას მოუმატებ! — ანუგეშებდა იმას რამდენიმე პირი.

— დაიცა, შვილო, თუ ცოცხალი ვარ, ვიპოვნი შენ მტერს, ვიპოვნი მას, ვინც ეგ დღე დაგაყენა შენ და ვაი იმის სიცოცხლეს...

— მაცხოვარი ჩვენ გვიწერს მტერთა მიტევებას, — უთხრა მღვდელმა, — თვითონ მოგვცა მისი მაგალითი; ის ჯვარზე ლოცულობდა თავის მტერთათვის.

მაგრამ მღვდლის სიტყვანი აქ იყვნენ ამაო. იმ დროს დურმიშხანმა დაიწყო ფიქრი, რომ ხვალვე უნდა წასულიყო იმ მკითხავის მოსაძებნად, რომელსაც მიეცა ის საშინელი დარიგება ვეზირისათვის, რომლისაც მსხვერპლი გახდა მისი ზურაბი და იმისათვის გამოეკითხა იმისი მიზეზი.

მართლა და არც იგლოვა ჩვეულებრივად, არც საყდარს გავიდა ჩვეულებრივ, როგორც ეკუთვნოდა დარბაისელი ოჯახის შვილს. არც წირვა უყო თავის ზურაბს! დურმიშხანი ისევ შეჯდა მეორე დღესავე ცხენზე და გამოსწია აქეთკენ. როგორც კი ჩამოვიდა ტფილისში, მაშინვე იკითხა ვარდუა მკითხავის სახლი. ვარდო იმ დროს ისე განთქმული იყო მთელ ქალაქში, რომ თითქმის პატარა ბავშვებმაც კი იცოდნენ იმის სახლი და ამიტომ, რასაკვირველია, პირველმავე შემხვედრმა ასწავლა დურმიშხანს იმის სახლი.

დურმიშხანი მივიდა.

— დაიწყო, ყმაწვილებო, ქუხილი, ჭექა, მეხი. მოემზადენით! — დაიძახა დაცინვით ალექსიმ.

— წყეული იყავ, მეფისტოფელო! — უთხრა იმას სიკომ, რომელიც ჩანდა დიდი გულისხმის მიმდევნებით უგდებდა ყურს, — თქვი კაცო!

დურმიშხანი მივიდა და იკითხა ვარდო. დურმიშხანს აჩვენეს ვარდუა. რასაკვირველია, ვერც ერთმა ვერ იცნო ერთმანეთი, ისე გამოცვლილიყვნენ ორივე შემდგომ გაყრისა.

— არ შეიძლება, ცალკე მოგახსენო რამე? — უთხრა იმას დურმიშხანმა.

— რატომ, აი, ახლავე გავათავებ და გეახლები, — უპასუხა ვარდუამ.

— თუ შეიძლება, დაითხოვე სუყველანი, მე ბევრი სალაპარაკო მაქვს შენთან, — უთხრა დურმიშხანმა ამღვრევით.

— ბატონი ბრძანდებით! — უპასუხა ვარდუამ. იმან არ უგდო ყური იმის ამღვრევას, იმიტომ, რომ ბევრჯელ შეხვედროდა იმას ნახვა იმისთანა მაგალითისა.

შემდგომ რამდენიმე წუთისა, ვარდო და დურმიშხანი შეიყარნენ ერთად ცალკე ოთახში.

— მიბრძანე, ბატონო, — დაიწყო დურმიშხანმა, — შენ უკითხე ვეზირს, რომ ჩემი შვილი დაეტანებიათ სურამის ციხეში?

ამ ლაპარაკში ვარდომ გააპარა ხელი და გამოიღო პატარა ხანჯალი მუთაქის ქვეშიდან.

— მე ვუკითხე, — უპასუხა ვარდომ სრულებით მშვიდად.

— რად?! შე წყეულო, რად! რა დაგიშავა?!

— დურმიშხან, აბა შემომხედე! ვერ მიცნობ? შენ მომიკალ გული, მე მოგიკალ შვილი! ახლა გავსწორდით!

— ოჰ, შე წყეულო გულისვარდო. შენ ხარ? — თქვა დურმიშხანმა. ჩუმად მივარდა და ყელში წაუჭირა ხელები. სიმწარით აღარ მოაგონდა მოეხმარა სხვა იარაღი.

— მოდი, ჩემო დურმიშხან, ოცი წელიწადია ამ დღეს ველი! — თქვა ვარდუამ, მოეხვია და ბეჭში ჩაურჭო ხანჯალი.

რამდენიმე საათს უკან მოსამსახურეთ ეპოვნათ ისინი მკვდარნი, მიწოლილნი ტახტზე, როგორც ორი საყვარელი მოხვეულნი ერთმანეთსა. ეტყობოდა, რომ არც ერთი მათგანი არ ცდილიყო სიკვდილისაგან დაცვას.

დურმიშხანის ცოლს, ზურაბის დედას, შემდგომ შეცდენისა, შეუყვარდა სურამის ციხესთან სიარული. მივიდოდა ხოლმე საწყალი, იდგა, ფიქრობდა რაღაცას და შემდგომ გულისმოსაკლავი დაღონებით იტყოდა: ახ, ნეტავი კი მომაგონა... დაღონებულივე წამოვიდოდა შინ. ესე გაიარა თითქმის სამმა წელიწადმა, შიშმაც გადაიარა ისევ, როგორც ხანდახან გადაივლის ხოლმე ქუხილი. ქუხილი ბევრი იყო, წვიმა სულ არა. ზურაბის დედამ ერთხელ, როდესაც ჩვეულებრივ იდგა სურამის ციხის წინ და ფიქრობდა, მსწრაფლ დაიძახა საშინელის ხმით: ვაიმე, შვილო, ზურაბ! — და შეუწუხდა გული. დასუსტებულმა სხეულმა ვეღარ აიტანა ის გულისწუხილი. საწყალი მოკვდა, რომლის შვილმაც ასე საშინლად შესწირა თავი მამულს.

ამბობენ, ვითომ იმ ადგილს, საცა დატანებული იყო საწყალი ზურაბი, სურამის ციხე არის ნოტიო და ცრემლივით ჩამოდის წვეთი და თითქმის აქამდის, მთვარიან ღამეში გამოდიოდა ერთი თმაგაშლილი დედაკაცი შავი ტანისამოსითა და ტირილით მოსძახდა:

სურამისა ციხე,

სურვილითა გნახე,

ჩემი ზურაბ მანდ არის,

კარგად შემინახე!