გურამ რჩეულიშვილი: უსახელო უფლისციხელი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



რამდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა. პირველადვე  წყაროების  სიმცირე მომხვდა თვალში, მაგრამ აღარ დამიხევია უკან.

    უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება ქ. გორის აღმოსავლეთით. ნარკვევი – პატარა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, ცხოვრებისეული ფაქტები. წყარო – აქ: მეცნიერული კვლევისთვის გამოყენებული წერილობითი საბუთი.
 

უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტი შეიქმნა დაახლოებით მეორე ათასწლეულში ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისი მიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. ციხე-ქალაქში სახლობს წარჩინებული უფალი, მდაბიონი კი – ქალაქის კედლებს გარეთ. უფლისციხეს სამხრეთიდან და დასავლეთიდან საზღვრავს უფსკრულები, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს – კლდეში გამოკვეთილი თხრილი, სიგანით ათ, ხოლო სიმაღლით ხუთ მეტრამდე. უზარმაზარი ქვაბები, პატარა საკნები, სამლოცველოებიც კი კლდეშია შეთხრილი და საიმედოდ დაცული.

ჩვენს ერამდე – ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ქრისტეს დაბადებამდე.
 

უფლისციხის დასაპატრონებლად ერთმანეთს ეცილებიან სომეხთა მეფე, აფხაზთა მეფე და არაბთა ცნობილი სარდალი აბულ-კასიმი. უფლისციხეს ახსოვს ძმათა შორის სისხლისმღვრელი ბრძოლებიც – გიორგი აფხაზთა მეფე თავისი ჯარით გარს შემოეწყო, მოიყვანა ტაოელი   მეფეები და მოადგნენ უფლისციხეს და „ბრძოდეს  მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა“. როგორც ჩანს, უფლისციხის აღება მხოლოდ მოტყუებით ან ურიცხვი სპით შეიძლებოდა.

ახლა, როდესაც გავეცანი უფლისციხის ისტორიას, მივდივარ მის სანახავად.

 

ტაო – საქართველოს ისტორიული მხარე, მესხეთის ნაწილი. ამჟამად შედის თურქეთის შემადგენლობაში
ბრძოდეს – ებრძოდნენ. სპა – ჯარი, ლაშქარი.
 

 
მატარებელი დილით გადის. ლიანდაგი გზას მიიკვლევს სახლებს შორის. მერე მთებზე საყდრები მოჩანს. ჯვარი, სვეტიცხოველი, შორს – სამთავრო, არმაზი, სარკინეთი, სადღაც მთებში გამოქვაბული და შიო მღვიმის მონასტერი. ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომ ქვა არ იყოს ქვაზე დადებული.

ჭიანჭველასავით მშრომელი და დაუზარელი ყოფილა ჩემი ხალხი.

ჯვარი – VI ს-ის ტაძარი. მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების –
მტკვრისა და არაგვის – შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. სვეტიცხოველი – XI ს-ის ტაძარი, მდებარეობს მცხეთაში. გადმოცემით, სვეტიცხოველში. დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სამთავრო – წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ქალაქ მცხეთის ცენტრში.
აქ IV ს-ში მირიან მეფეს აუგია ეკლესია. არმაზი – მცხეთის არმაზი, XII ს-ის წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. მცხეთასთან ახლოს, არმაზისხევში. სარკინეთი – მთა მცხეთის სიახლოვეს, სადაც VI ს-ში შიო მღვიმელმა, სირიიდან მოსულმა ბერმა, დააარსა მონასტერი. მან სიცოცხლის ბოლო წლები მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.
 

ქვახვრელში  ჩამოვდივარ. მტკვრის მარცხენა ნაპირიდან უფლისციხე გადმომყურებს.  

ქვახვრელი – სოფელი გორის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს.
 

ავდივარ ქვაბებში. ხელოვნურ თხრილს მივყვები. მისი სიმაღლე ოთხი მეტრია. ის კლდეშია ამოჭრილი. თხრილი ზევით მიდის, მერე უხვევს და იწყება უფსკრული. თუ არა გვირაბით, შეუძლებელი იყო ამ ქალაქში ასვლა. უფსკრული საშიშია. ფიქრებით ქალაქის ისტორიაში დავბორიალობ: რამდენიმე მთავრის თუ მეფის სახელი და მორჩა! საინტერესოა, რატომ არ შემორჩა ვინმე გმირის სახელი, გლეხი გმირის? თვალებს ვხუჭავ.

ქვაბი – გამოქვაბული.
 

მეჩვენება, რომ ღამეა და უფლისციხე გარშემოწყობილია. მეციხოვნეებს ცეცხლი უნთიათ. დიდ ქვაბებში ადუღებენ კუპრს კუპრს. თხრილებიდან ქვა გროვდება დასაშენად. თხრილს იქით კი მტრები დგანან. მხოლოდ უფსკრულის მხარეა ჩაბნელებული.

კუპრი – შავი ფისი (იღებენ ხის, ტორფის ან ქვანახშირის მშრალი გამოხდით).
 

აქ ყარაული არ არის საჭირო. აქ ამოსვლა შეუძლებელია ღამით. იმ წელს ადრე შემოდგომაზე მოდის თოვლი. ქარი თანდათან მატულობს. მეციხოვნენი თავს იბურავენ. ქარი საბურავებში შედის და ყურებს ყინავს.

 

სამლოცველოში ქარი არ არის. აქ ქალები მუხლმოდრეკით ევედრებიან ღმერთს – უსაზღვროა მისი ძალა და უფლება. ქალები ლოცულობენ თავიანთი შვილებისათვის, შვილებს კი სძინავთ. ღრმა ქვაბებში თივა ყრია, თივაზე ხალიჩები აგია და იმაზე სძინავთ. მერე რომელიმე იღვიძებს. ტირის, უძახის დედას. დედა კი ფილაქან ზეა დაჩოქილი. ლოცულობს თავისი შვილისათვის. გარეთ ცივა. ქარი შრიალით ყრის ხევებში მიწას. თხრილის იქით მტრები დგანან და ემზადებიან. იერიში გათენებისას დაიწყება.მეციხოვნენი ცოტანი არიან, მტერი ბევრია. ბევრად მეტია. დიდი მთავარი მჭმუნვარეა. „გაუძლებს ციხე?..“ – არის მისი ფიქრი. იერიში დილით იწყება. შუაღამისას ქარი ღრუბლებს ფანტავს. ყინავს. უფსკრულზე ჭირხლი  ეკიდება. უფრო მატულობს ქარი.

მჭმუნვარე – მწუხარე. ჭირხლი – მცენარეზე ან სხვა საგნებზე წიწვივით შეყინული ნისლი, თოვლი.

 

უფსკრულში კაცი მიცოცავს. ის ფეხშიშველაა. ქალამნიანი ფეხის მოკიდება აქ არ შეიძლება, კაცის თვალები არ ჩანს, არც ტანი ჩანს, არც თავი, არც სისხლიანი ხელები. ის მიცოცავს. ყინვა იჭრება მის სხეულში, თითები უხევდება, ცერი – ყველაზე ადრე, მერე – ნეკი. სამ-სამი თითით მიცოცავს. უკვე ექვსი საათია, რაც მიცოცავს. ჯერ სწორზე მიფორთხავდა: მტრის ბანაკიდან გზა ვაკეა უფსკრულამდე.

ბანაკი კი გარშემორტყმულია. ის მისი შუაგულიდან მოფორთხავს. ის მტრის სარდლის მზარეული იყო. როდის გახდა მზარეული, აღარ ახსოვს. მხოლოდ ის იცის, რომ მისი სამშობლო ეს არის, უფლისციხე, ხოლო ის, ვისაც ემსახურებოდა, მტერია. მტერს მისი არ ეშინია. მტერი მისი თანდასწრებით ლაპარაკობს,

ადგენს გეგმებს. ის დიდი ხანია მთავარსარდლის მზარეულია და ენა არა აქვს, იმიტომ, რომ მოჰკვეთეს. მთავარსარდალს არ სჭირდება მეტყველი მსახური, ამიტომ მოჰკვეთა ენა. უენომ იცის, რომ ისინი, მისი ბატონები და მისი ხალხის მტრები, საიდუმლო გზით აპირებენ ასვლას ამაღამ, იცის უენომ და თქმა არ შეუძლია. ახლა ის უფსკრულის თავზე კიდია. ზევით ციხეა – იქ არის მისი ხალხი. ქვევით კი უფსკრულია და დგანან მტრები და მისი ბატონები.

ქარი მატულობს. ყინავს.

ეკლესიაში, სადაც დედები ლოცულობენ ბავშვებისთვის, ღრიალით იჭრება ქარი. კარი იღება და იხურება. უენო დგას შიგ. მის უკან კარი მიხურულია. ის დგას. მერე მუხლებზე ეცემა და ლოცულობს. კუთხეში მიყუჟული ქალები შიშისაგან კანკალებენ.

გადის ხუთი წუთი. გადის ათი წუთი. გადის ნახევარი საათი. წინ უენო მიდის. იგი ფრთხილად ადგამს ფეხს. უკან მეციხოვნენი მისდევენ. ის უენოა და ხელით ანიშნებს. ის უენოა და ვერა კვნესის, ტერფები კი დახეთქილი აქვს. დილით მზე ანათებს უფლისციხეს. მზის სხივი სალოცავში სარკმლიდან შედის და ძირს ეცემა. იქ კაცია დამხობილი მუხლებზე. ლოცულობს. სიტყვები არ ისმის. ის უენოა. ქალები მუხლისთავებით დგანან ფილაქანზე. ღმერთს მადლობას სწირავენ გადარჩენისათვის: ღმერთი დიდია და მოწყალე.

 

გარეთ მზე ანათებს. დღე წყნარია. ვიღაცა ჭიანურს აჟღერებს. დიდი მთავარი გაღიმებული დადის ტალანებში, მერე მხსნელს იბარებს. ის მეციხოვნეებს მოჰყავთ ხელით. მას ფეხები დაყინული აქვს და სიარული არ შეუძლია. მას სვამენ ტახტზე, კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას.

ჭიანური – ერთგვარი სიმებიანი საკრავი.
 

სთხოვენ: თქვას თავისი ვინაობა.

ის კი უენოა.

სთხოვენ: დაწეროს თავისი გვარი ან სახელი.

მან კი წერა არ იცის.

 

და გვერდზე საკანში ღვთისმოსავი კაცი ფურცლავს მატიანეს და წერს დიდი ასოებით: „ჟამსა ამასა და ამასა, წყალობითა ღვთისათა, დიდმა მთავარმა ვამეხმა სძლია მტერსა და უკუაქცია იგი კედლებიდან უფლისციხისა“.

* * *
მეჩვენება, რომ მე ვიცი იმ კაცის სახელი. ალბათ ვაჟა ერქვა, ან, უბრალოდ, წყალობა, ან მახარე, ან ქიტესა. ქართველებს უმეტესად ეს სახელები ჰქვიათ. იმასაც ეს ერქმეოდა. ჰო, უეჭველად რომელიმე მათგანია.
 

მატიანე – ისტორიული მოვლენების ჩანაწერი; ისტორია.