მანანა ჩიტიშვილი: ყივჩაღის კიდევ ერთი გახსენება

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


  ქსანი - მინანქრის ლურჯი ტიხარი...
ალვაზე ბუდე, როგორც ბეჭედი...
ოღონდაც ახლა მაინც მითხარი -
მეტრფე იყავ თუ... ხიფათს ეძებდი?!
ნელ-ნელა ქრება მთებზე ნათელი...
შორით მოისმის აფთრის ხარხარი...
თუმც არასოდეს იყო ქართველი
მტრის უცაბედი და უნახავი,
მაგრამ სუყველა ჟამმა წახვეტა
და დავიწყების ნისლი დაჰხურა.
შენ ვინ იყავი ისეთი, ნეტავ,
რომ დრომ აქამდე ვერ გაგახუნა?!
ეგ გული ქართულ ხმალით დამიწდა,
ჩაუქრო ცეცხლი, სურვილ-ვნებანი
და მაინც... დღემდე ვერ დაავიწყა
ქართველს შუღლი და ჯიბრი შენდამი.
კიდევ ათას წლებს ლექსში დამიცდი,
თუმც, შენი ტრფობა, ალბათ, მეძრახვის,
მაგრამ მუხრანთან ვარ და არ ვიცი,
ქარი უსტვენს თუ... კვლავ შენ მეძახი...