ლალი დათაშვილი: სასტიკი აუცილებლობა და ადამიანური ღირსება (ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა”)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



1917 წლის რუსულმა რევოლუციამ მსოფლიოში შიში და უნდობლობა დათესა. რევოლუციონერთა ანტითეიზმი და არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარ მოსახლეობასთან სხვა ქვეყნებს სიფრთხილისა და რუსული აგრესიისაგან თავდაცვისკენ უბიძგებდა. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნები, რომელთა უმრავლესობაში ცარიზმის კოლონიური რეჟიმი მძვინვარებდა. მათ შორის იყო საქართველოც.

 

გალაკტიონ ტაბიძის "გემი დალანდი" საუკეთესოდ გამოხატავს იმ ეპოქის სულს. ეს ლექსი შიშის ზარით შეპყრობილი მამულიშვილის დაწერილია, რომელსაც ეშინია, აგრესორმა მეზობელმა არ გაანადგუროს აქაურობა და სამშობლო მხოლოდ სიზმრისეულ ოცნებად, გარდასულ ლანდად არ გადაექცეს:


"სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ...

და არ მახსოვდა, მქონდა იგი, თუ მომაგონდა..."


ლეო ქიაჩელის მოთხრობა "ჰაკი აძბა" რევოლუციური ეპოქის სირთულეებისა და რუსი ბოლშევიკების საქართველოსთან დამოკიდებულების ასახვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია მეოცე საუკუნის ქართულ პროზაში.

 

თუ დავაკვირდებით კუზმა კილგას, ვასკა პირატ-ხრიტანიუკსა და მიტკა გორბაჩს, ადვილად წარმოვიდგენთ, რატომ შესცქეროდა ამ ხალხს მსოფლიო თავზარდაცემული და რატომ უკანკალებდა გული პატარა საქართველოს მათი შიშით. მათთვის წმინდა არაფერი არსებობდა; მშობლებისა და ახლობლების ადგილი მათს გულებსა თუ მკერდზე ამოტვიფრულ ტატუებში ნამგალმა და ურომ დაიკავა; კაცობრიობისთვის მანამდე მიღებული და აქსიომატური ჭეშმარიტებანი მათთვის ცარიელი სიტყვებიც კი არ იყო. კუზმას წარბი არ შეუხრია, ისე დააპატიმრა სრულიად უდანაშაულო ბექირბი ჩაჩბა და არც კი დაფიქრდებოდა, ისე დახვრეტდა მას, თუ დროზე არ ჩაბარდებოდა ემხა. ამიტომაც ისმის ასე დრამატულად ჰაკის სიტყვები:


"ჯერ არ ყოფილა ქვეყანაზე ისეთი კანონი, რომ ნამდვილი დამნაშავის მაგიერ სრულიად უდანაშაულო კაცი დაესაჯათ. ეს მართალია, როგორც მზე, რომელიც დედამიწას ანათებს". თუმცა კუზმასა და ვასკას მსგავსთათვის მზეც სხვანაირად ანათებდა...


ქართველ მეცნიერთა აზრით, ლეო ქიაჩელმა, შესაძლოა, თავისი მოთხრობის სიუჟეტად გამოიყენა მაშინ მომხდარი რომელიმე ამბავი, ცხადია, გადამუშავებული და გადასხვაფერებული.

     
       

კრეისერი "დაკია" სოხუმში მისულა და მისი მეზღვაურები ნიკოლოზ ემუხვარს შესტაკებიან. მისთვის სამხრეების მოხსნის მცდელობისას თავადმა ერთი მატროსი მოკლა, მეორე დაჭრა და მიიმალა. "დაკიამ" გამოიძახა მეორე კრეისერი "დერზკი", რომელმაც სოხუმს ოცდაოთხსაათიანი ულტიმატუმი წაუყენა. ნიკოლოზ ემუხვარი და მისი უდანაშაულო ძიძიშვილი სმელ ბადია ჩაბარდნენ. მატროსებმა ემუხვარი აკუწეს, სმელი კი დახვრიტეს.


არსებობს მეორე ამბავიც, რომ საბრძოლო გემის, "კაროლ-კარის" ყაჩაღი მატროსები (რომლებიც მძარცველები და მკვლელები იყვნენ, უამრავ ბოროტებას ჩადიოდნენ და პორუჩიკი ემუხვარიც გაგუდეს) იქ მომსახურე დავით მიქელაძემ, თავისი ასეულის დახმარებით, დააპატიმრა და ბათუმის მთავრობას გადასცა. მაგრამ ქართულმა მხარემ ვერ გაბედა გემის შენარჩუნება, ციხიდან გაუშვა მეზღვაურები, რომლებმაც ჯავშნოსანი რუსეთში წაიყვანეს.


თხრობა ექსპრესიულად იწყება. მწერალი მოთხრობის პირველივე ფრაზებით ხატავს 1918 წლის დრამატულ სურათს: "უსასტიკესი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა", "განსაკუთრებით სასტიკი და მძაფრი იყო ეს ომი სამხრეთ რუსეთში", "სისხლის თქეში იდგა კიდით-კიდემდე" და მკითხველიც ელის ომის საშინელ სურათს, აღსავსეს მოულოდნელობებით.


მოვლენებიც დრამატულად ვითარდება: სოხუმს მომდგარი კრეისერი, სავსე გულმხეცი ჯარისკაცებით, ქალაქისთვის დამიზნებული ქვემეხები, შიშით აცახცახებული მცხოვრებნი, ცარიელი ხელებითა და შეშინებული გულებით რომ უნდა შეეგებონ უცხო ქვეყნიდან შემოხეტებულ მდაბიო და მრისხანე მეზღვაურებს, საკუთარ სამშობლოში რომ არ დაედგომებათ, უვადო კატორღა რომ აქვთ მისჯილი და საშოვარზე გამოსულან დამშეული ნადირივით...
საქართველო კი საცოდავი და უქონელ-უპოვარი ქვეყანაა, უნიათო მთავრობითა და მხოლოდ საკუთარ ტყავზე მზრუნველი მოქალაქეებით. ამიტომაც ის ხდება, რაც ამ სიტუაციაში სრულიად მოსალოდნელი იყო – დათვი "ბაბაიას" აძახებინებს სოხუმელებს; ტყავში ძვრებიან, რომ როგორმე თავი მოაწონონ მოსულებს. ხაზგასმული პატივისცემით, საუკეთესო სუფრით, მიტინგით, ორკესტრითა და ყვავილებით ხვდებიან. სახელდახელოდ შეკერილი დროშებით იმდენად გაწითლებულია სოხუმი, რომ მეზღვაურებს თავი რევოლუციის ეპიცენტრში ჰგონიათ. ქართველები გაცილებით უფრო დახვეწილი რუსულით ლაპარაკობენ, ვიდრე რუსი მატროსები.


ლეო ქიაჩელი სოხუმელი მოსახლეობის ყველა ფენას გვიჩვენებს, თითქოს ეძებს მათ შორის ღირსეულ, სამშობლოზე მზრუნველ მამულიშვილს, ხავსს ეჭიდება. აქ არიან თავადებიც, არისტოკრატებიც, ქალაქის მმართველებიც, ვაჭრებიც, მუშებიც, გლეხებიც, ჯარისკაცებიც... თუმცა მათში ვერც ღირსების გრძნობას ვიპოვით და ვერც – პატრიოტულ სულისკვეთებას.

ხელისუფლების წარმომადგენლის პირველი მახასიათებელი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა იყოს დაკისრებული მოვალეობის წინაშე, თუმცა სამსონ დავანაძეს (და, ვაი რომ, თბილისის მთავრობასაც) არც ჭკუა ჰყოფნის ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად და არც – თანამემამულეთა სიყვარული. იგი დაძაბულად ფიქრობს, როგორ დაიბანოს ხელი და "მშრალი" როგორ გადაურჩეს ამ სიტუაციას:

     


"საგონებელში ჩავარდა ქალაქისთავი.

 

პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ყოველნაირი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ეს იყო თბილისში საიდუმლო დეპეშის გაგზავნა: ასეა საქმე და როგორ მოვიქცეთო, მაგრამ ეს იყო უფრო ფორმალობის დაცვა მისი მხრით. კარგად იცოდა, რომ დროზე არავინ უპასუხებდა, და თუ მიიღებდა მაინც რაიმე პასუხს, იგი სახელმძღვანელოდ უთუოდ არ გამოადგებოდა."

 

ავტორი მის მეორე ნაბიჯს ირონიულად აფასებს, როგორც "სამსონ დავანაძის ჭკუამახვილობისა და ალღოს მაჩვენებელს" – ქალაქისთავი ცდილობს, "სახარებისეული" პილატესავით სხვას, კერძოდ, მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს, დააკისროს პასუხისმგებლობა. თუმცა, ქიაჩელი გაბიაბრუებულს დატოვებს მას, რადგან ამ საბჭოს თავმჯდომარე მასზე უფრო გაქნილი კაცია.


ავტორი "ფართო საზოგადოებრივი მუშაობის ასპარეზზე გამოსულ აფხაზ" ნარიქ ეშბასაც შეუფარავი ირონიით გვიხასიათებს, მისი "ღირსებების" ჩამოთვლისას მხოლოდ ციმბირში გადასახლებით რომ შემოიფარგლება: "ძველი რევოლუციონერი, ნაციმბირალი და სხვა მრავალი ღირსებით შემკული კაცი იყო". მას განსაკუთრებით ეხერხება "მიყუჩებულივით იყოს" და ნებისმიერი სიტუაციიდან თავისთვის უსაფრთხო გამოსავალი მოძებნოს. ახლაც მაშინვე მიხვდა ყოველივეს და დავანაძეს "მეგობრული" პასუხი გასცა:


"– პასუხისმგებლობას ან შენ რატომ იკისრებ, ძვირფასო სამსონ, ან რატომ გინდა, რომ მე მაკისრებინო მაინცდამაინც. ხომ იცი, რა მდგომარეობაა. თუ პასუხისმგებლობამდე მივიდა საქმე, სჯობია, მისი ტვირთი ისე განაწილდეს, ყოველი შემთხვევისათვის, რომ ბრალი ყველას და, ამავე დროს, არავის არ დაედოს..."


ქალაქისთავი შურითაც კი აივსო, ეშბამ ასეთი მოხერხებული გამოსავალი რომ იპოვა და თავი იმით დაიმშვიდა, ნარიქმა წარმომავლობით მაჯობაო:
"აფხაზები ბუნებით დიპლომატები არიან".


მთავრობამ ხელი დაიბანა, საკუთარ ტყავს გაუფრთხილდა და სამშობლო დაივიწყა ...


არისტოკრატია ყურსაც არ იბერტყავდა, რადგან სახლები შორს ჰქონდათ, სოხუმი კი არ ადარდებდათ. საქმეში მანამ არ ჩაერივნენ, ვიდრე კუზმამ ჩაჩბა არ დააპატიმრა და ერთი მათგანის – ცნობილი თავადის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა.


ვაჭრები კი განსაკუთრებით ღელავდნენ. რადგან მათი სახლებიცა და  დახლებიც სანაპიროზე იყო, ამიტომ კრეისერის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ძალიან დაზარალდებოდნენ.


მოქალაქენი მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ, "მეტწილად თავიანთ სახლებს უტრიალებდნენ და წითელი დროშებით ამკობდნენ. დიდი და პატარა ერთ სურვილს აეტანა: რაც შეიძლება მალე, საჩქაროდ, მეზობლებზე უფრო ადრე გამოეკიდა თავის სახლის წინ წითელი დროშა და ამით ყოველი ეჭვი თავიდან აეცილებინა. ვისაც შინ დროშა არ აღმოაჩნდებოდა, ბაზრისაკენ გარბოდა, წითელ ნარმას ყიდულობდა და უკან დაბრუნებული, გზადაგზა, დროს მოსაგებად, დროშას სახელდახელოდ ამზადებდა: ნარმას ჯოხზე ამაგრებდა."


პატარა, წყნარი და კოხტა სოხუმი უმალ გამოიცვალა, აურზაურიან ქალაქად გადაიქცა, ეტლებისა და ავტომანქანების ქროლით, ცხენების თქარათქურით, ხალხის ხმაურით. დაფეთებულ მოსახლეობას ათასი საშინელება ელანდებოდა, თავდაცვის უტყუარ გზას ეძებდა...


სოხუმი კი არავის ანაღვლებდა, არავინ ფიქრობდა, ქალაქი დაეცვა და არა მხოლოდ – საკუთარი სახლი. სამშობლოს ინტერესები ვიღას ახსოვდა...
მწერალი ამ მოთხრობით დააფიქრებს მკითხველს, თუ "სასტიკი აუცილებლობისას" (როგორც სამსონ დავანაძე აფასებს შექმნილ სიტუაციას) რამდენად ინარჩუნებს ადამიანი ღირსების გრძნობასა და ზნეობრივ პრინციპებს.


როგორც ცნობილია, სიცოცხლის საფრთხისას ფერმკრთალდება საკაცობრიო იდეალები და ადამიანი ისე იქცევა, რომ საფრთხის ჩავლის შემდეგ თვითონვე იწყებს სინანულს ხშირად ინსტინქტურად ჩადენილი საქციელის გამო. სინდისის ქენჯნა გაცილებით უფრო მწარეა, თუ მავანი გააზრებულად და შეგნებულად მიდის ზნეობრივ კომპრომისზე, რადგან თავი იმ მომენტისათვის მართალი ჰგონია.


ასე დაემართათ სოხუმელებსაც. ისინი არჩევანის წინაშე აღმოჩდნენ – კრეისერისთვის სიტყვით ან საქმით გაეწიათ წინააღმდეგობა (და, შესაბამისად, თავი და ქონება საფრთხეში ჩაეგდოთ), თუ საკუთარი ხელით მიერთმიათ კილგასთვის უჯუში, ამით, ცხადია, სასიკვდილოდ გაეწირათ იგი და ძმის მკვლელებად გადაქცეულიყვნენ.


კრეისერი მრისხანედ გამოიყურებოდა და შიშს ჰგვრიდა ქალაქს, "ჰაერში სამი თვალი შეემართა, ქალაქს დამიზნებული, – სამი შავი წრე, სამივე ბრმაც და მხედველიც ერთსა და იმავე დროს.  ეს იყო ყელმოღერებული ზარბაზნების თლილი ტუჩები, კვამლიან ჰაერში შეყირავებული."


დამფრთხალი და თავზარდაცემული სოხუმელები, სამწუხაროდ, არც დაფიქრებულან: სისხლის მსმელი მგლებივით ეძებდნენ უჯუშს; მზად იყვნენ, თავისი ხელით მოეღოთ მისთვის ბოლო, დაერბიათ მისი სახლ-კარი, ერთი სული ჰქონდათ, როდის მიუყვანდნენ კუზმას, რომ კრეისერი თავიდან მოეშორებინათ, მტრულად შესცქეროდნენ ემხას, თითქოს უნდოდათ აეკუწათ ან გადაეყლაპათ, "ძუძუძაღლებივით" მოიქცნენ, როდესაც და და დედა დაუპატიმრეს...

არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსვლია, ეკითხა, რატომ ჩაიდინა ეს უჯუშმა, რამდენად იყო დამნაშავე? ან უჯუში თუ იმ გადამთიელის მკვლელი იყო, კაცობისა და ღირსების შელახვას რომ უპირებდა, სოხუმელები ძმის მკვლელები ხდებოდნენ და ამას არც და ვერც აცნობიერებდნენ.


ნათესავები, დავანაძე, თვით დეიდაშვილი თოუხან მარშანიც კი, თვალებში უყურებდნენ და ურცხვად ატყუებდნენ უჯუშს, შემდეგ გამოგიხსნითო... ჰაკის თავგანწირვითაც ხელის მოთბობა გადაწყვიტეს, სხვის ხარჯზე გამოჩნდნენ კეთილშობილები, უჯუშს გაჩუმება და ამ მსხვერპლის მიღება ურჩიეს. სადღა იყო ქართველობა, ვაჟკაცობა, ზნეობა...


ორადორი ადამიანი დარჩა სოხუმში, რომელთაც ღირსების გრძნობა არ დაკარგეს, უზნეოდ არ მოიქცნენ, ვაჟკაცურ ტვირთს მხრები არ მოაშორეს: უჯუში და ჰაკი.


უჯუშ ემხა გარეგნულადაც და შინაგანადაც მომხიბლავი ახალგაზრდა აფხაზია, თავადი, "მეფის დაშლილი ჯარის ოფიცერი, – შტაბს-როტმისტრი ჩერქეზთა რაზმის აფხაზური ასეულისა, რომელიც ომის დროს ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა."


ამ ვაჟკაცისთვის ღირსება და ავტორიტეტი უპირველესია, ის და შიში, ლაჩრობა ერთმანეთს არ იცნობენ, რაც ჩანს როგორც შინაურებთან, თავისიანებთან, ასევე მტერთან ურთიერთობისასაც. ამიტომაცაა, რომ ჯერ მეგობრებს არწმუნებს იმაში, რომ უშიშარია ("– მე და შიში ერთმანეთს არ ვიცნობთ. ვისაც არ სჯერა, შეიძლება გამომცადოს"), შემდეგ კი თავს იცავს მომხვდურისგან, თუმცა სამოქალაქო ომის ცეცხლშიც იტრიალა, "აჯანყებული ჯარისკაცების შურისძიების გუგუნიც" ახსოვს, მათგან თავს დატეხილი ათასი საფრთხე და განსაცდელიც და კარგად იცის, რას ნიშნავს ბოლშევიკებთან დაპირისპირება.
უჯუში ვერ ეგუება შერცხვენილ სიცოცხლეს და ღირსებას სიცოცხლის საფხრთხის მიუხედავად იცავს. საკუთარ ქალაქში, საკუთარ ქუჩაზე მშვიდად მოსეირნეს ვიღაც გადამთიელი ხრიტანიუკი მივარდა, "მარცხენა ხელი ემხას მარჯვენა მხარს ხმალივით შემოუქნია. კლანჭებად მომარჯვებული თითები ეპოლეტში ჩაასო და მოსაგლეჯად მოსწია." ვასკა პირტის თავხედობა ნებისმიერი კაცისგან საპასუხო რეაქციას, შეწინააღმდეგებას ითხოვდა, (თუ თეიმურაზ ხევისთავივით ნაკაცარივით არ მოიქცეოდა).


მით უმეტეს, ემხასათვის უძვირფასესი განძისკენ წაიღო ვასკამ ხელი, "სიცოცხლის გარდა ორი რამ განძი ჩამოჰყოლოდა, რომლებსაც სიცოცხლეზე უფრო აფასებდა და უფრთხილდებოდა. ეს იყო სიყრმიდანვე მისი საოცნებო ოფიცრის ეპოლეტები და ოფიცრისავე წმ. გიორგის ოქროს ორდენი." ამიტომაც უჯუშის მიერ ვასკას მკვლელობა პატივაყრისგან თავის დაცვის მცდელობა იყო.


ემხა არ გაურბის პასუხისმგებლობას ჩადენილის გამო, თავისი ნებით მიდის კრეისერზე, სასიკვდილოდ, და უშიშრად, შეუდრეკლად ეგებება სიკვდილს.
თავგასული მეზღვაურისა და უჯუშის სახით ქიაჩელი ერთმანეთს უპირისპირებს ძალადობასა და ვაჟკაცურ ღირსებას. ქართული ანდაზისა არ იყოს, ხშირად "ძალა აღმართს ხნავს" – უჯუშს სიკვდილით სჯიან, მაგრამ მკითხველის თვალში ღირსეულ ვაჟკაცად რჩება და განგვიმტკიცებს რწმენას, რომ არ შეიძლება უზნეო ყაჩაღებს გააქელვინო ყველაფერი ძვირფასი, რომ კაცმა სახელიანი სიკვდილი უნდა არჩიოს თავლაფდასხმულ სიცოცხლეს.
ნაწარმოების მთავარი გმირი (თუ სათაურის მიხედვით ვიმსჯელებთ) ჰაკი აძბაა, "აფხაზი გლეხი, რომელსაც მთელი აფხაზეთი იცნობდა როგორც ემხას ძიძიშვილს და მის განუყრელ მხლებელს. მორჩილი ტანის კაცი იყო, ხმელი, მაგრამ ნაკვთიანი, სწორად სხმული, – მარდი და მოქნილი, როგორც გარეული შავი კატა. თმაგადაპარსული თავი ზაფხულ-ზამთარ შიშველი დაჰქონდა, ყაბალახი მუდამ ცალ მხარზე ჰქონდა გადაგდებული. კუპრივით შავი წვერ-ულვაში თითქმის მთელ სახეს უფარავდა."


იგი ნამდვილად არ გამოირჩევა გარეგნული ბრწყინვალებითა თუ განათლებით, თუმცა ზნეობრიობითა და ერთგული სიყვარულით გაცილებით აღემატება თავადური გვარის განსწავლულ არისტოკრატებს. მისი დაპირისპირებით თოუხან მარშანთან ავტორი გვიჩვენებს, რას ნიშნავს ჭეშმარიტი კეთილშობილება.


ჰაკი ერთადერთია, ვინც ბოლომდე ერთგულობს უჯუშს, ცდილობს, დაიცვას იგი, გაიყვანოს სოხუმიდან და თუნდ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინოს. როცა სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს, იბრალებს მეზღვაურის მკვლელობას, თვალთმაქცობს კუზმასთან, რომ გული მოულბოს და როგორმე დაიხსნას ძმა.


აძბას ძუძუმტისა უთქმელად ესმის. ამიტომ ზედმეტ სიტყვას არც კი დაახარჯვინებს მას, როდესაც უჯუში უხსნის, რომ თავს დაესხნენ, ჰაკის ისედაც სჯერა, რომ ტყუილუბრალოდ არ მოკლავდა კაცს, იმასაც გრძნობს, როგორ ღელავს, ამიტომ ერთადერთი სიტყვით დაამშვიდებს ემხას: "ვიცი".
ჰაკიმ ისიც იცის, რომ უჯუში არ გაჩუმდება, არ მისცემს ძიძიშვილს თავის ნაცვლად სიკვდილის უფლებას, ამიტომ საამისოდაც მზადაა: სიყვარული და უჯუშის ვაჟკაცობა აძლევს გამოსავლის პოვნის საშუალებას – იცის, ემხა არასოდეს უღალატებს მამამძუძის ხსოვნას, არც ძიძას მოექცევა უპატიოდ. ამიტომაც შეახსენებს:


"მე არ შემიძლია შენი თავი სიკვდილს დავუთმო, უჯუშ, სანამ ცოცხალი ვარ. შენმა გამზრდელმა მამაჩემმა მიანდერძა, როცა კვდებოდა: უჯუში შენი მზე არის, ეს იცოდეო. სიცოცხლე იმისათვის მომიცია, რომ იგი უჯუშს შესწირო, როცა ამის საჭიროება დადგებაო. დედაჩემმაც გაიგონა ეს სიტყვები და შენი ძიძა დღესაც ცოცხალია."


ჰაკი აძბას სახით ლეო ქიაჩელი ასახავს მამაპაპური ტრადიციების ერთგულ, ამაყ და ღირსეულ აფხაზს, რომელსაც ორი მიზანი ამოძრავებს: ემსახუროს ძმას და იყოს ღირსეული შვილი – არ შერცხვეს გარდაცვლილი მამის, პირნათლად მივიდეს მის საფლავთან და წასაყვედრებელი არ გაუხდეს დედის ხსენი, თუ ვერ შეასრულებს მამის ანდერძს.


მკითხველის თვალში ჰაკი მაშინაც კი ინარჩუნებს ღირსებას, კუზმას რომ ელაქუცება, ხან აქებს მას და ხან ტირის, რადგან ამას ძმის სიყვარულისათვის სჩადის.


ბოლოს კი, უჯუშის სიკვდილით გამწარებული ჰაკი, კილგასგან "მონად" შერაცხილი, თავის ნამდვილ სახეს აჩენს და იმ ადამიანთა სიმბოლო ხდება, ოქტომბრის რევოლუციის მესვეურთა ხელში მონურ და დამცირებულ ცხოვრებას სიკვდილი რომ ერჩიათ, თუმცა არც კუზმასნაირებს ეხატებოდათ ისინი გულზე და მათი განადგურება ან "აღზრდა" თავის მოვალეობად მიაჩნდათ.


ამიტომაც არის, რომ ღირსების გრძნობით სავსე ადამიანები იღუპებიან. ამ საზოგადოებაში ჰაკისა და უჯუშის ადგილი არ არის.


გემის კაპიტანი – მეზღვაურთა "ორსახიანი და სამთვალიანი" მეთაური ყველა თანამებრძოლზე მახინჯი და სასტიკია. დანახვისთანავე ზარავს ადამიანს და მისგან მოშორების სურვილს უჩენს, რითაც ემსგავსება ბელადს ჯემალ ქარჩხაძის "იგიდან", ვის დანახვაზეც მხეცებიც კი გარბოდნენ.


კუზმა-მრისხანისთვის ცნებები: "თავგანწირულობა", "ერთგულება", "სამშობლოს სიყვარული" – ადამიანთა შეუგნებლობას გულისხმობს, რომელთა მიმართაც კაპიტანს მხოლოდ ზიზღი და სიბრალული აღეძვრის. თავის მისიად ამიტომაც მიიჩნევს გლეხთა თუ მეზღვაურთა ამ "მონობისაგან" განთავისუფლებას. როდესაც ხედავს, რომ ჰაკი იბრალებს თავადის დანაშაულს, მის "გამოსწორებას" ცდილობს:


"კუზმამ ერთ ხანს უცქირა ჰაკის. სახის მრისხანე გამომეტყველებაში წამით ზიზღი შეექსოვა, რომელიც მალე უნებლიე სიბრალულმა შესცვალა.


– შენ ხარ მონა, აფხაზო. კრეისერი "შმიდტის" სახელით განიჭებ თავისუფლებას, წადი და დაივიწყე შენი ბატონი."


იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ აღიქვამენ, ან ვერ აფასებენ მის "პატივისცემას", აღშფოთებული კილგა ნამდვილ მხეცს ემსგავსება. ამიტომაც შეჯიბრი გაუმართა ჰაკის შეგნებას.


მოთხრობაში ვკითხულობთ:

     
       

"საქმე ის არის, რომ კუზმა-მრისხანე თავიდანვე დიდად გააკვირვა ჰაკის ამბავმა. თავდაპირველად არც დაიჯერა მისი თავგანწირულება და თეთრგვარდიელი ოფიცრისადმი გამოჩენილი ერთგულება: ეგონა, რომ ეს იყო ძალდატანება და ჩაგონება თავადების მხრით, რომლებიც შეუგნებელსა და ერთგულ გლეხს ავალებდნენ საკუთარი სიცოცხლის განწირვით ბატონის დახსნას სიკვდილისაგან. მაგრამ როცა საქმის ნამდვილ ვითარებას გაეცნო, მისი რევოლუციური შეგნება ისე აღშფოთდა, რომ ჰაკის კლასობრივი სიბრმავე საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო და გულში გადაწყვიტა, ამ იშვიათ ტიპს ახლოს გაცნობოდა, რათა ეცადნა მისი "დამუშავება". კუზმას შეუძლებლად მიაჩნდა, რომ აფხაზი გლეხის შეგნებაში არ აღმოჩენილიყო სულ მცირე ნიადაგი მაინც ელემენტარული რევოლუციური იდეის შესათვისებლად. ძველი მეზღვაური და რევოლუციონერი ერთგვარი შეჯიბრების გრძნობამ მოიცვა."


ხოლო როდესაც ჰაკის გულში უჯუშის სიყვარული და მამის ანდერძის შესრულების სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ამ მახინჯი "ძაღლის" კაცთმოძულეობით სავსე ქადაგებანი ან მისგან მომდინარე სასჯელის შიში, დამარცხებულმა და ხელმოცარულმა კილგამ მოკლა აფხაზი გლეხი, თავიც გაიმართლა და გაიმხნევა:


"– სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა..."


ამით მწერლის მიზანი ამოიკითხება – ამ ტიპის ადამიანებს კეთროვანივით უნდა განერიდო, რომ ბოროტება არ გადაგდონ, სულიერად არ დაგამახინჯონ (რასაც ცდილობდა კუზმა ჰაკისთან შეხვედრის შემდეგ), ან თავი უნდა გაწირო, რომ მათნაირი არ გახდე.


ნაწარმოებში მწერლის შიშიც ამოიკითხება, რომ ამ ტიპის რევოლუციამ, ყველა ქვეყნის პროლეტარიატს რომ მოუწოდებს გაერთიანებისა და ერთგვაროვნობისაკენ, ცუდად გაგებული ინტერნაციონალიზმით შეიძლება გაანადგუროს ნაციონალური თავისებურებანი, მოშალოს, აღმოფხვრას ეროვნული ტრადიციები და ღირებულებანი. ამიტომაა, რომ ძუძუმტეობა, რომელიც ერთ-ერთი ქართული მოვლენაა, რუსი რევოლუციონერისათვის მხოლოდ მონობაა, ქედმაღალი ბატონის ურთიერთობაა დაშინებულ გლეხთან. სიყვარული, ურთიერთთავდადება მაღალ და დაბალ ფენებს შორის, საქართველოში ჩვეულებრივ, აუცილებელ მოვლენად რომ ითვლებოდა, ამბოხებულ მატროსთათვის ზიზღის მომგვრელი ურთიერთობაა, რომლის ფეხქვეშ გათელვასაც ყოველმხრივ ცდილობენ. არადა, მათ მხარესაა ძალა და მათთვის ტრიალებს ისტორიის ბორბალი...


მწერალს შეუცვლია ნაწარმოების ფინალიც, რაც სოციალისტური ეპოქის ზეგავლენით უნდა იყოს გამოწვეული. პირველ ვარიანტში ჰაკის კუზმა კლავდა, მაგრამ, რევოლუციონერს არ ეკადრებოდა გლეხის წინააღმდეგ მოქმედება, პირიქით, მათი თქმით, ჩაგრულთა კლასის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ, ამიტომ მეორე ვარიანტში ჰაკი თავს იკლავს, კილგა კი დანანებით ემშვიდობება მას. ჩვენი აზრით, ეს კონიუნქტურაა და ლეო ქიაჩელისთვის სასურველი იქნებოდა ფინალის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც, შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი დასჯდომოდა.


კრეისერმა მიზანს მიაღწია, ძვირფასი ნადავლი ჩაიგდო ხელში უჯუშისა და ჰაკის სახით. ძალადობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ შეილახა კაცობრივი და ეროვნული. ადამიანმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა უნიათობა და ზნეობრივ პრინციპებს თავლაფდასხმული სიცოცხლე ამჯობინა. სოხუმელთათვის კიდევ ერთხელ დარჩა უდაბნოში მღაღადებლის ხმად რუსთველის სწავლება:


"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი"...

 

თუმცა უფლის შვილებმა, რომელთა გამოც დედამიწა არსებობას განაგრძობს და მეორედ მოსვლამდე დარჩენილ დროს იხანგრძლივებს, შეინარჩუნეს ღირსება და დასძლიეს მოძალადის შიში. ამგვარი ადამიანები – ანუ სოფლის მარილნი თუ განქარდებიან, სამყაროს უფლის რისხვა დაატყდება თავს და მეყსეულად განადგურდება.


ნაწარმოების მთავარი სათქმელიც ესაა, რომ ძალადობასთან, უსამართლობასთან დაპირისპორება კაცთაგან მხოლოდ იშვითს ძალუძს, თუმცა ეს სოფელი მათს გულებზე დგას და მათია ცათა სასუფეველიც.


კიდევ ერთხელ გაიწირა საუკეთესო... კიდევ ერთხელ "ჩაიგდო ხელში სატანამ ლანგარზე დადებული თავი იოანე ნათლისმცემლისა"... თუმცა, კიდევ ერთხელ გაიხარა უფალმა, რომ "არ განქარვებულან მარილნი სოფლისანი" და გულში ჩაიკრა თავისი შვილები – ჰაკი და უჯუში, რომელთა "ღირსიც არა იყო სოფელი ესე"...

     
       

წყარო:

დათაშვილი, ლ. (ლალი) ჯალიაშვილი, მ. (მაია)

წერილები მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე / ლალი დათაშვილი, მაია ჯალიაშვილი ; რედ.: მარინა კუჭუხიძე, თამარ შუბლაძე. - თბილისი : მერიდიანი, 2014. - 278 გვ.